განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-927-19
(№012121019004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი 2020 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,ბრალდებული: მ---------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------------------;
ადვოკატი: დარეჯან ბუცხრიკიძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, ქალაქ რ-------–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მ---------–-–---–ი მეუღლეს, ზ---------–-–---–ს, დაემუქრა გაგუდვით, რა დროსაც ზ---------–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან მ---------–-–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ვერ აკონტროლებდა თავს, იყო აგრესიული და ცდილობდა იმ ოთახის კარის შემტვრევას სადაც ის იმყოფებოდა.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ---------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მ---------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს სსკ-ის 111151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა ზ---------–-–---–მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლე) მ---------–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე დ------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მათში მონაწილეობა. დ------------–---–ის განმარტებით, 2019 წლის 12 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, გამოცხადნენ მისამართზე, სადაც დახვდათ ბრალდებული, მისი მეუღლე და შვილი. ზ---------–-–---–მა განაცხადა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მეუღლე ემუქრებოდა მოკვლით. მათ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც კრიმინალურ პოლიციას დაუკავშირდნენ და ისინი გამოცხადნენ ადგილზე. მ---------–-–---–ი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
4. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობა უშუალო კავშირშია სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ განხორციელებასთან და დაცულია ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებულია ცხადყოს თუ რა დაედო საფუძვლად მის გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს თითოეული არგუმენტის დეტალურ განმარტებას. ამდენად, გადაწყვეტილება საერთო ჯამში უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული, რაც გარკვეულწილად დამოკიდებულია თავად გადაწყვეტილების შინაარსსა და ყოველი საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმარისობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ასევე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თითოეულ გამოკვლეულ მტკიცებულებასთან მიმართებით იმსჯელებს თუ რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას ემსახურება და დანაშაულის რომელ ნიშანთან არის ის კავშირში:
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან. მუქარა მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ და არის საფრთხის შემცველი ქმედება. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი და ფუნდამენტური უფლებაა, სწორედ ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, ისე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი დანაშაულები. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, წარსულში არსებული უთანხმოება და კონფლიქტის მიზეზი, საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს. გასათვალისწინებელია აგრეთვე მტკიცებულებათა სახეობის საკითხიც. როგორც წესი მუქარის ბრალდებისთვის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებული და მის მიერ გადმოცემული ფაქტების სიზუსტე. ამასთან სასამართლომ უტყუარად უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მუქარას ადგილი და თუ ჰქონდა შეეძლო თუ არა გამოეწვია საფუძვლიანი შიში. ანუ მუქარის დასადგენად სასამართლომ უნდა შეაფასოს როგორც დაზარალებულის ჩვენება და მისი დამოკიდებულება მუქარის მიმართ, აგრეთვე ის მტკიცებულებები, რომელიც მუქარის ფაქტს ადასტურებს ან პირიქით, გამორიცხავს მას.
სსკ-ს 151-ე მუხლის საფუძველზე, მუქარა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასჯადი თუ მას 1) რეალურად ჰქონდა ადგილი - სიტყვიერად, აგრესიული განწყობით და სიცოცხლისათვის საშიში საგნების დემონსტრირებით, და 2) ამგვარი ქმედების საფუძველზე მას, ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის საფუძვლიანი შიში. ვინაიდან დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულოა დადგინდეს გაუჩნდა თუ არა პირს მუქარის საფუძვლიანი შიში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობით ვერ დგინდება ჰქონდა თუ არა მუქარას რეალურად ადგილი.
ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და შეტყობინება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.
რაც შეეხება მოწმე დავით ნანობაშვილის ჩვენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი არის მოწმე, რომელიც გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და გამოსცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია და მისი ჩვენება სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მოწმის სახით სასამართლოში იკითხება პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა ან ინახავდა დოკუმენტს სასამართლოში წარდგენამდე და დოკუმენტი მხარის მოთხოვნით საქმეზე მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცა 78-ე მუხლით მოწმეთა დაკითხვა და მათი მხრიდან იმ გარემოებების დადგენა, რომელიც სცილდება დოკუმენტის ფარგლებს ან ანაცვლებს იმ დოკუმენტს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ვერ ჩაითვლება ფაქტის დამდგენ მტკიცებულებად. სსსკ-ს 76-ე მუხლის პირველი ნაწილით ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მითითებული ნორმების ანალიზით, დავით ნანობაშვილის ჩვენება უნდა შეფასდეს სსკ-ს 78-ე მუხლის ფარგლებში, ანუ დასტურდება თუ არა იმ დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც მათ შექმნეს. დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ (მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, რომ საპროცესო მოქმედება ჩატარდა უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით), სასამართლოს წინაშე დგას საკითხი შეაფასოს რა გარემოებების დადგენას ემსახურება მითითებული დოკუმენტი და რამდენად უტყუარია მასში გადმოცემული გარემოებები. შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა/დადასტურება არ ქმნის მასში გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობის საფუძველს, თუ იგი არ არის გამყარებული და არ ქმნის ერთობლიობას ინფორმაციის წყაროს შემოწმებით, მისი იდენტიფიცირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ინფორმაციის წყაროს ვინაიდან წარმოადგენს ზ---------–-–---–ი, მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების უტყუარობა ვერ დადგინდება, სასამართლოში მიცემული ჩვენების გარეშე.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ იმ პირის ჩვენება, რომელმაც საქმეზე ჩაატარა გარკვეული საპროცესო მოქმედება და ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მხარს დაუჭერს მისავე პოზიციას, ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება არღვევს შეფასების ობიექტურობის ბალანსს, იმდენად რამდენადაც სახეზე გვაქვს პირის ჩვენება, რომელიც იმავდროულად არის მხარე სასამართლოში, შესაბამისად, მაღალია რისკი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს არა ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ იმ პირთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც გამოძიების მწარმოებელი პირები არიან. ასეთ პირობებში კი როდესაც ფაქტის დადგენის პროცესში წარმოიშობა ეჭვი მისი უტყუარობის თვალსაზრისით, იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება ფაქტობრივად არის ირიბი ჩვენება. ირიბი ჩვენებები არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს, რომლის შეფასებისას რთულია დადგინდეს რამდენად სანდო ან სარწმუნოა თუნდაც ზ.გალაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე.
დაზარალებულ ზ---------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.
როგორც სასამართლომ განმარტა, მუქარის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მუქარის განხორციელების საშიშროება და გაუჩნდა თუ არა მუქარის საფუძვლიანი შიში იმას, ვისაც ემუქრებიან. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ვერ დადგინდა გაუჩნდა თუ არა მას მუქარის საფუძვლიანი შიში და ბრალდების ფორმულირების მიხედვით მ.გალაშვილს არ გამოუყენებია ისეთი საშუალება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მ---------–-–---–ის ბრალეულობაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ---------–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
მ---------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ---------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ---------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
მ---------–-–---–ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე