განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
160100119002879314
დავის ტიპი
273
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002879314

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/98-19 7 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031230219002)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე,ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნონა ასლანიშვილი

 

ბრალდებული: რ----- ბ---------ი

დაბადებული: 1----–-–-----------–---

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, მ.კოსტავას ქუჩა N67

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ევგენია კარაპეტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. რ----- ბ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

რ----- ბ---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 8.9495 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანაშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. კერძოდ, რ----- ბ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, 18:55 საათზე ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩა N42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 8.1941 გრამი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქ. მარნეული რუსთაველის ქუჩა N42, ბინა 52-ში, 19:55 საათზე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0.7554 გრამი.

 

1.2. რ----- ბ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

რ----- ბ---------ს 2019 წლის 13 თებერვლის ბოლნისის რაიონული სასამართლოს დადგენილებით დაედო ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარებისათვის. იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული რ----- ბ---------მა კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და 2019 წლის 1 მარტს ჩატარებული შემოწმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარების ფაქტი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

2019 წლის 23 თებერვლის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ შ--–-ა ს-----------ის პატაკით დგინდება, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, რ----- ბ---------ი (მცხოვრები: მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N42 ბინა N52-ში ) უნდა ახდენდეს ნარკოტიკული საშულებების უკნონოდ შეძენასა და შენახვას. რ----- ბ---------ი ნარკოტიკულ საშუალებას შესაძლოა ინახავდეს პირადად და საცხოვრებელ სახლში.

 

მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი შ--–-ა ს-----------ე. მან დაადასტურა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს რ----- ბ---------თან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია.

 

2019 წლის 1 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა რ----- ბ---------ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად მისი უმკლავებო, შავი ფერის დუტის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული შავი ფერის პოლიეთელინის პარკში მოთავსებული სავარუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთიერება დაილუქა შესაბამისი წესით. ჩხრეკის ოქმი შედგენილია გამომძიებელ დ----- ბ------ძის მიერ. ჩხრეკას ესწრებოდა გამომძიებელი ბ---- თ---------ე და თარჯიმანი ვ----- პ------–ოვი.

 

2019 წლის 1 მარტის დაკავების ოქმის თანამხად, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 19:13 საათზე დაკავებული იქნა რ----- ბ---------ი. ბრალდებულის სახით რ----- ბ---------ი დააკავა დ----- ბ------ძემ. დაკავებას ესწრებოდნენ გამომძიებელი ბ---- თ---------ე და თარჯიმანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დ----- ბ------ძე. მან ჩვენებაში განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს გამოძიებელ შ--–-ა სოფორმაძისგან მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია - რ----- ბ---------ის მიერ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ფაქტზე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება და ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, 2019 წლის 1 მარტს მარნეული, რუსთაველის ქუჩა N42-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რ----- ბ---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს რ----- ბ---------ის უმკლაო დუტის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პოლიეთელინის პარკში ერთ წონაკად დაფასოებული ნივთიერება. ქურთუკის დალუქვა არ მომხდარა. პირადი ჩხრეკის შემდეგ მოხდა რ----- ბ---------ის დაკვება. ჩხრეკა ჩატარდა ასევე რ----- ბ---------ის დედის სახლში და რ----- ბ---------ის საცხოვრებელ სახლში. ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა რ----- ბ---------ის საცხოვრებელი სახლიდანაც. ამოღებულ ნივთიერებაზე მოხდა ექსპერტიზის დანიშვნა. ასევე აღებული იქნა ანაწმენდები, ხოლო დნმ-ის ნიმუშის ამოღება არ მომხდარა, რადგან რ----- ბ---------ამა განაცხდა უარი. დ----- ბ------ძემ მიუთითა, რომ არ ახსოვს რ----- ბ---------ი უწევდათ თუ არა წინააღმდეგობას და ყვიროდა თუ არა იგი დაკავებისას. რ----- ბ---------მა განაცხადა, რომ ამოღებული ნარკოტიკი არ ეკუთვნოდა მას.

 

მოწმის სახით დაიკითხა ბ---- თ---------ე. მოწმემ განმარტა რომ, მუშაობდა მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. საქმეზე მონაწილოებას იღებდა რ----- ბ---------ის პირად ჩხრეკაში. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლის ეზოში. ჩხრეკის დროს, რ----- ბ---------ის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკი. რ----- ბ---------ი ჩხრეკის დროს წინაღმდეგობას უწევდა მათ. კერძოდ, ყვიროდა და ითხოვდა შველას. ამოღებული ნარკოტიკი დაილუქა ადგილზე, რაზეც მოაწერა ხელი, ხოლო ბრალდებულმა უარი განცხადა ხელმოწერაზე. პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა დ----- ბ------ძის მიერ.

 

2019 წლის 1 მარტის რ----- ბ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა N42, ბინა N52 მდებარე რ----- ბ---------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის დროს საძინებელ ოთხაში მდებარე კარადის პირველ უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული პოლიეთელინის პარკის მონახევში გახვეული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ე-–----- ბ---–----ე. მისი განმარტებით, მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. საქმეზე ჩაატარა რ----- ბ---------ის ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. რ----- ბ---------ის ავტომანქანის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინაღმდეგო არ ამოუღიათ. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საძინებელ ოთხაში მდგარი ტუმბოდან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული ნივთიერება. ჩხრეკა ჩატარდა რ----- ბ---------ის მეუღლის - ნ------- გ-------ას თანდასწრებით. ნ------- გ-------ამ განმარტა, რომ აღნიშნული ტუმბოთი სარგებლობდა მისი მეუღლე. ასევე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ მ------ მ-----–---–ი, ვანო მაისურაძე და თარჯიმანი.

 

2019 წლის 1 მარტს, რ----- ბ---------ის დედის-ზ----- ბ---------ას საცხოვრებლ სახლსა (მდებარე ქ. მარნეული, გამსახურდიას ქუჩა N3, ბინა 58) და რ----- ბ---------ის ავტომანქანაში (NY-001-VR) ჩატარდა ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ამოღება არ მომხდარა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ მ-----–---–მა დაადასტურა, რომ მონაწილეობდა რ----- ბ---------ის სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკაში. ჩხრეკას ესწრებოდა რ----- ბ---------ის მეუღლე.

 

მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებლი რ----- ბ---–----ე. მან სასამართლოს მოახსენა, რომ ჩაატარა რ----- ბ---------ის დედის ზ----- ბ---------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. აღნიშნული ჩხრეკის შედგად რაიმე კანონსაწინააღნმდეგოს ამოღება არ მომხდარა.

 

2019 წლის 2 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N881/სქ-N1020/ქრ დასკვნის თანახმად, რ----- ბ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული -თერმულად დამუშავებული შავი პოილიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით -13.01 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება -ჰეროინს 8,1941 გრამის ოდენობით.

რ----- ბ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული- თერმულად დამუშავებული თეთრი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით- 1,2184 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ჰეროინს 0,7554 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ქიმიური ექსპერტიზის ჩამატრებელი ექსპერტები ნანა ლომსაძე და ალექსანდრე დადიანიძე. მათ დაადასტურეს გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ნივთიერ მტკიცებულებანი, რომელიც დალუქული იყო კანონით დადგენილი წესით და აღინიშნებოდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

მოწმის სახით დაიკითხა ნ------- გ-------ა. მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე N42-ში, მეუღლესთან-რ----- ბ---------თან და შვილთან ერთად. მათ ზემოაღნიშნულ სახლში ჰქონდათ რემონტი, რის გამოც დასაძინებლად რჩებოდნენ დედამთილთან. შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გაუშვეს ხელოსნები და ემზადებოდნენ წასასვლელად. წამოსვლამდე რ-----ს დაურეკა დედამისმა და შეატყობინა ბიძამისის გარდაცვალების ამბავი. რ----- ბ---------ი სახლიდან გავიდა, თავად კი ალაგებდა სახლს, როდესაც მეზობლებმა დაუძახეს და შეატყობინეს რ----- ბ---------ის დაჭერის შესახებ. ნ------- გ-------ა ჩავიდა დაბლა. პოლიციელებმა სადარბაზოსთან გადაუკეტეს გზა, მკლავი დაუჭირეს და აიყვანეს უკან სახლის გასაჩხრეკად. მოწმის განმარტებით, სახლში მას დახვდნენ პოლიციელები. მათი საცხოვრებელი ბინა შედგება ოთხი ოთხისაგან. თითოეულში იყო სხვადასხვა ადამიანი და ჩხრეკდნენ ყველაფერს. პოლიციელებმა გახსნენ სახლში არსებული სეიფი, სადაც იყო სამაჯური, ბეჭედი, საბუთები და წვრილმანი ფული. ნ------- გ-------ასთან მივიდა პოლიციელი, რომელსაც ხელში ეჭირა ბავშვის პატარა ჩანთა, საიდანაც ამოიღო პატარა ცელოფანი და ეკითხებოდა, თუ ვისი იყო და რა იყო ცელოფანში. პოლიციამ ნ------- გ-------ას უთხრა, რომ ეს იყო წამალი. თარჯიმანი ქალის მეშვეობით მას განუმარტეს, რომ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, შედგა ოქმი, რომელზეც მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით დაკითხეს პოლიციაშიც, სადაც დაადასტურა, რომ დაინახა წამალი. თუმცა ამოღებული ნივთი წამალი რომ იყო, ამის თაობაზე გაიგო პოლიციისგან. ნ------- გ-------ას თქმით, პოლიციელებისათვის არ უთქვამს, რომ რ----- ბ---------ს ეკუთვნოდა წამალი. ნ------- გ-------ამ მიუთითა, რომ რ----- ბ---------ი არის ნარკოტიკის მომხმარებელი. მოწმემ თავის ჩვენებაში დამატებით აღნიშნა, რ----- ბ---------ის დაკავების მომენტი არ დაუნახავს. მათი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთიერება კი არ ეკუთვნის მის მეუღლეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული რ----- ბ---------ი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა შემდეგი: 2019 წლის 1 მარტს, მშობლების სახლში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად. დაახლოებით სამ საათზე დაბრუნდენ თავის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს რუსთაველის ქუჩა N42-ში. იქ, იმყოფებოდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ამ დროს დაურეკეს და შეატყობინეს ბიძამისის გარდაცვალების შესახებ. რ----- ბ---------მა გადაწყვიტა წასულიყო, რისთვისაც გავიდა სახლიდან. როდესაც მიემართებოდა თავისი ავტომანქანისკენ, მიახლოვდა ორი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი და უთხრეს, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში. ერთს ჰქონდა იარაღი. რ----- ბ---------მა მანქანაში ჩაჯდომზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ გაეჩხრიკათ ადგილზე, შემდეგ კი წაჰყვებოდა, სადაც ეტყოდნენ. მთლიანობაში ადგილზე იმყოფებოდა ათამდე ადამიანი. მოგვიანებით მივიდა სოსო სიგუა, რომელმაც რ----- ბ---------ს უთხრა: ,,რას თამაშობო“ და დანარჩებს მოუწოდა ჩაესვათ მანქანაში. რ----- ბიარამოვს ამოუდგნენ მარჯვენა და მარცხენა მხარეს და ჩასვევს ავტომანქანის უკანა სალონში. ავტომანქანაში, წინა მარჯვენა მხრიდან იჯდა დ----- ბ------ძე. მან მარჯვენა ხელი, რ----- ბ---------ს ჩაუყო მარცხენა ჯიბეში და სიგუას დაუძახა ,,ვიპოვეო“. ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ერთი საათი. რ----- ბ---------ის განმარტებით, ჰკითხეს თუ სად იმყოფებოდა დედამისი. რაზეც უპასუხა, რომ ის იყო დაკრძალვაზე. პოლიციელებმა წაიღეს დედამისის გასაღები. რ----- ბ---------ს მისცეს ნებართვა დაერეკა დედასთან და შეეტყობინებინა, რომ იმყოფებოდა განყოფილებაში. ბრალდებულის განმარტებით დ----- ბ------ძემ მას აუღო დნმ-ი. რ----- ბ---------მა მიუთითა, რომ ნარკოტიკი არ ჰქონია. დაკავებმადე უთვალთვალებდნენ სამი დღე. მისი თვალთავლი ხდებოდა ავტომანქანა თეთრი ჰონდათი, ნომრით 508. ერთხელ იყო დაჭერილი იარაღზე და გაუშვეს.

 

ბრალდებულმა რ----- ბ---------მა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ ნარკოტიკთან, რომელიც იპოვეს მის საცხოვრებველ სახლში და ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას, შეხება არ ჰქონია.

 

სასამართლომ შეაფასა სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები, მათი ურთიერთშესაბამისობა და შემხებლობა კონკრეტულ საქმესთან. სასამართლო სრულად იზიარებს გამომძიებელ დ----- ბ------ძის და ბ---- თ---------ის ჩვენებებს, ასევე რ----- ბ---------ის პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს და ადგენს, რომ მისი პირადი ჩხრეკისას და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წარმოადგენდა რ----- ბ---------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ რ----- ბ---------ის და მისი მეუღლის ნ------- გ-------ას ჩვენებებს, შემდეგ გარემოებათა გამო: დ----- ბ------ძე და ბ---- თ---------ე არიან შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და ასრულებენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, მათ რ----- ბ---------ის პირადი ჩხრეკა ჩაატარეს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე. განჩინების გაცემის საფუძველი კი გახდა სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაცია, რომ რ----- ბ---------ი შესაძლოა პირადად, საცხოვრებელ სახლში ან ავტომანქანაში ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას. ნ------- გ-------ამ განმარტა, რომ მას რ----- ბ---------ის პირადი ჩხრეკა არ დაუნახავს და პოლიციელებმა მას არ მისცეს სადარბაზოდან გასვლის საშუალება, მოკიდეს მკლავში ხელი და აიყვანეს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად. მოწმემ განმარტა, რომ უკან ასვლისას მას სახლში დახვდნენ პოლიციელები, რომლებიც იყვნენ ყველა ოთახში და ატარებდნენ ჩხრეკას. ნ------- გ-------ას ჩვენება ამ ნაწილში შეუსაბამოა მის მიერვე ჩვენებაში აღნიშნულ გარემოებასთან და სასამართლო თვლის, რომ განპირობებულია მეუღლისათვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით.

 

ბრალდებულის ჩვენებაც არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის უდანაშაულობაში. ასევე სხდომაზე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომ პოლიციელთა ჩვენებები იყო მიკერძოებული და განპირობებული რაიმე პირადი მოტივით ბრალდებულ რ----- ბ---------ის მიმართ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრალდებული იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებს სასამართლოს შეკრებილი მტკიცებულებების უტყუარობაში. შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულებებით სასამართლო ადგენს, რომ ბრალდებული რ----- ბ---------ი პირადად და საცხოვრებელ სახლში ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.

 

დანაშაული გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რ----- ბ---------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით (პირადი ჩხრეკის ოქმის გარდა, რომელზეც არ არის ბრალდებულის ხელმოწერა). გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშესაბამისობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეძლო დაედასტურებინა რ----- ბ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. სასამართლო განხილვისას დაიკითხნენ რ----- ბ---------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელები. სასამართლომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

დაცვის მხარე აპელირებდა განცხადებაზე, რომელიც წარმოდგენილია საქმეში. განცხადებაში რ----- ბ---------ის მეზობლები მიუთითებენ, რომ გაიგონეს რ----- ბ---------ის ყვირილი ,,ადგილზე გამჩხრიკეთო" და დაინახეს როგორ ჩასვეს მანქანაში. სასამართლოზე აღნიშნული პირების გამოკითხვა არ მომხდარა. გარდა ამისა დაცვის მხარე მიუთითებს, რომ საქმეზე ბრალდებამ არ ჩაატარა დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს მოწმის ჩვენება და მეზობელთა განცხადება, როგორც მტკიცებულება ვერ იქნება განხილული. სათანადო საფუძვლის არსებობისას დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა მოწმეთა დაკითხვა. კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო მიიჩნევს საკმარისად პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

შესაბამისად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას რ----- ბ---------ის უდანაშულობასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას რაიმე გარემოება, რაც ბრალდებულის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა არ გამოვლენილა. ბრალდებული საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნოდა მას, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ამგვარი პოზიცია მიმართულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობისაკენ.

 

2.2. ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ქიმიური ექსპერტიზის N881/სქ-N1020/ქრ დასკვნის თანახმად, რ----- ბ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული-თერმულად დამუშავებული შავი პოილიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით -13.01 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება -ჰეროინს 8,1941 გრამის ოდენობით. რ----- ბ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული-თერმულად დამუშავებული თეთრი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით- 1,2184 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ჰეროინს 0,7554 გრამის ოდენობით. აღნიშნული ოდენობა კი ცალსახად წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ რ----- ბ---------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

2.3. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისიწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

2019 წლის 1 მარტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702680 დასკვნის თანხმად, რ----- ბ---------ს ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მეტადონისა და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.

 

მოწმის სახით დაიკითხა შსს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტი ლაშა ხუფუნია. მან დაადასტურა, რომ ჩაატარა რ----- ბაირმოვის კლინიკურ- ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედგადაც რ----- ბ---------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა მეტადონისა და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. აღნიშულის თაობაზე გაიცა შესაბამისი დასკვნა, რაც ხელმოწერით დადასტურებულია ლაშა ხუფუნიას მიერ.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებით, რ----- ბ---------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისნმ 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმინისტარციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

რ----- ბ---------ი 2019 წლის 1 მარტისათვის ითვლებოდა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირად, რადგანაც თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 39-ე მუხლისა თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. კონკრეტულ შემთხვევაში კი რ----- ბ---------ს ნარკოტიკული საშაულების ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 2019 წლის 1 მარტს ანუ სახდელის დადებიდან ერთი წლის გასვლამდე.

 

სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ 2019 წლის 13 თებერვალს რ----- ბ---------ი იყო რა ადმინისტრაციულსახდელდადებული ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდების ამ ნაწილში რ----- ბ---------მა თავი დამნაშავედ სცნო.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ბ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ----- ბ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

2019 წლის 23 თებერვლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, რომ რ----- ბ---------ი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის N2510/01 განკარგულების თანახმად, გათვისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელისგან და მოეხსნა ნასამართლეობა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით რ----- ბ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით და საბოლოდ, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრა ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი 2015 წლის 22 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამრთლოს განაჩენით დარჩა უცვლელი. სისხლის სამართლის საქმის მასალებში რაიმე დოკუმეტი, რომ რ----- ბ---------ს არ აქვს გადახდილი დაკისრებული ჯარიმა არ არის წარმოდგენილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში ნასამართლეობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 1 წლის გასვლის შემდგომ. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ბ---------ი მიიჩნევა ნასამართლეობის არ მქონედ.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, 273-მუხლი კი სხვა სასჯელებთან ერთად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის (8,1941 გრამი და 0,7554 გრამი) გათვალისწინებით, რ----- ბ---------ისათვის მინინალური სასჯელის დანიშნვა არ იქნება გამართლებული. ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება რ----- ბ---------ის მიმართ საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 9(ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, რ----- ბ---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.

 

საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რ----- ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9(ცხრა) წლის ვადით.

 

რ----- ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ----- ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

 

რ----- ბ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, რ----- ბ---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

რ----- ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე