გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2020
საქმის ნომერი
080210118002734005
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3809-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ანა რობაქიძე

მოსარჩელე - შპს ,,ი----–-“

წარმომადგენელი - ს--–---- ზ---------ი

მოპასუხე - რ----- ყ---–---ა

წარმომადგენელი - ხ------- ხ----–--–--ა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რ----- ყ---–---ას შპს ,,ი----–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 23 000 ლარის ოდენობით.

 

1.2. რ----- ყ---–---ას შპს ,,ი----–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 690 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე რ----- ყ---–---ა 2017 წლის 01 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს ,,ი----–ში“ დისტრიბუტორის შემცვლელის პოზიციაზე. როგორც გამოძიებით დადგინდა 2017 წლის 7 დეკემბერს რ----- ყ---–---ა კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით (რომელიც დასაქმებულს გადაცემული ჰქონდა დამსაქმებლისაგან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად) დაახლოებით 02:10 საათზე გადაადგილდებოდა მთვრალ მდგომარეობაში, რასაც შედეგად მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. რ----- ყ---–---ა 2017 წლის 09 დეკემბრიდან მოვალეობათა უხეში დარღვევის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა რ----- ყ---–---ას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ, კერძოდ, მის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების უგულვებელყოფამ, რის შედეგადაც დაზიანდა შპს ,,ი----–-ს“ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება L--------, რომელიც კომპანიამ შეიძინა 2017 წლის 10 ოქტომბერს 34 700 ლარად. ავარიის შედეგად მიღებული მექანიკური დაზიანებების გამო ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოუსადეგარია დანიშნულებისამებრ სარგებლობისათვის, რის გამოც განხორციელდა მისი ჩამოწერა, ვინაიდან კომპანიისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 23 000 ლარი, მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რ----- ყ---–---ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ 10 000 ლარის ოდენობით და განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია როგორ განისაზღვრა ზარალის ოდენობა, მაშინ როდესაც არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავდა დაზიანების ხარისხს და ზარალით გამოწვეულ მატერიალურ ზიანის ოდენობას. პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ მიაჩნია, რომ მოთხოვნა გაზვიადებული და უსამართლოა. ავარიის შედეგად ავტომანქანას დაუზიანდა წინა ნაწილი და იმ შემთხვევაში თუ დაავალებენ მის აღდგენას, ფიქრობს რომ შეძლებს კიდეც 3-4 ათასი ლარის ფარგლებში. ასევე სამართლიანი იქნებოდა თუ მოსარჩელე დაზიანებულ ავტომანქანას გადასცემდა მოპასუხეს ასეთივე ავტომანქანის სანაცვლოდ, ასე რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია და უსამართლოა.

 

სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, უსამართლოა მოსარჩელის ქმედება, რადგან მანქანა მას დარჩა, არ იციან სად წაიყვანა მოსარჩელემ ის, მაშინ როდესაც ეს მანქანა არის საკმაოდ ძვირადღირებული, რომლის ერთი საბურავიც კი 3000 ლარამდე ღირს. მათთვის უცნობია საიდან არის თანხა გამოანგარიშებული, რადგან მოსარჩელეს არ უცნობებია, რომ ის აპირებდა დავის დაწყებას მის მიმართ. მას შეეძლო დაებარებინა მოპასუხე და აეხსნა, რომ მოეხდინა ამ მანქანის ან გადაცემა ან ჩაეყენებიათ საქმის კურსში, რომ ამ მანქანის შეკეთება დაჯდებოდა ამდენი, მაშინ როდესაც მისი მარწმუნებელი მივიდა მათთან ამბის მოსაკითხად, მაგრამ მოსარჩელეს არაფერი უთქვამს. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ რ----- ყ---–---ა არის აფხაზეთიდან დევნილი და ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩა N53, ბინა N113-ში, რომელიც ლტოლვილთა სამინისტრომ გადაცა წლების მოლოდინის მერე. ამჟამად ის არის უმუშევარი და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. ის მზად არის დაზარალებულ კომპანიაში იმუშაოს და ზიანი დაექვითოს ხელფასიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რ----- ყ---–---ა 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა შპს ,,ი----–ში“ დისტრიბუტორის შემცვლელის პოზიციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 01 ოქტომბრის გამოსაცდელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 18-22);

 

3.1.2. 2017 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,ი----–მა“ გიორგი კაპანაძისაგან 34 700 ლარად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES-BENZ SPRINTER, თეთრი ფურგონი, გამოშვების წელი: 2011.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარიგება N1317803 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 26-29);

- რეგისტრაციის მოწმობა (იხ. ს.ფ 30);

 

3.1.3. რ----- ყ---–---ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დააზიანა სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალება, შეეჯახა გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს. როგორც ირკვევა იგი იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმდების ქვეშ, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა და ჩამოერთვა მართვის მოწმობა, რის გამოც 2017 წლის 09 დეკემბერს შპს ,,ი----–-ს“ კომპანიის გაყიდვების უფროსმა მენეჯერმა პაატა ჯაფოშვილმა ითხოვა რ----- ყ---–---ას გათავისუფლება სამსახურიდან დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევისა და სამუშაოს შემდგომში შესრულების შეუძლებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ი----–-ს“ კომპანიის გაყიდვების უფროსი მენეჯერის პაატა ჯაფოშვილის 2017 წლის 09 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი (იხ. ს.ფ. 32);

 

3.1.4. 2017 წლის 09 დეკემბერს შპს ,,ი----–-ს“ დირექტორის N09/12-2 ბრძანების საფუძველზე რ----- ყ---–---ა შრომის ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის (მოვალეობების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულების ვალდებულება), 2.2.4 პუნქტის (მისთვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილების ვალდებულება, ავტომანქანის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვის ვალდებულება), 2.2.15 პუნქტის (ისეთი ქმედების დაუშვებლობა, რაც აფერხებს დასაქმებულის სამუშაო პროცესს) 2.2.25 (სამუშაოს შესრულებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის დაუშვებლობა) დარღვევის გამო 2017 წლის 09 დეკემბრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ი----–-ს“ დირექტორის 2017 წლის 09 დეკემბერს N09/12-2 ბრძანება (იხ. ს.ფ. 31);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 7 დეკემბერს ქ. თბილისში, ფ-------ის ქუჩაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რ----- ყ---–---ამ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 02:10 საათზე ქ. თბილისში ფ-------ის ქუჩაზე გლდანის დასახლების მხრიდან ქსნის ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ,,მერსედესი სპრინტერი“ სახელმწიფო ნომრით L--------, რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მართავდა რ----- ყ---–---ა. მან ვერ უზრუნველყო მანქანის უსაფრთხოდ მართვა და ყოველგავრი ხელისშემშლელი პირობების გარეშე შეეჯახა სავალი ნაწილის გზის მარჯვენა ნაწილში გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე რ----- ყ---–---ას მიღებული აქვს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს: MERCEDES-BENZ SPRINTER 313CDI” სა. N L-------- -23 000 ლარს;

 

დადგენილია, რომ რ----- ყ---–---ას ქმედებაში შეინიშნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რ----- ყ---–---ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

 

3.2.2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 23 მარტის დადგენილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 23 მარტის დადგენილება (იხ. ს.ფ. 23-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. 2018 წლის 07 ივნისის ძირითადი საშუალების ჩამოწერის აქტით დადგენილია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული შპს ,,ი----–-ს“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით L--------, შემდგომი ექსპლუატაციისათვის გამოუდეგარია და ექვემდებარება ბუღალტრულ ჩამოწერას.

 

ავტომობილი შპს ,,ი----–-ს“ მიერ შეძენილია 2017 წლის 10 ოქტომბერს 34 700 ლარად, შეძენის ღირებულებას დამატებულია განბაჟებისას არსებული ხარჯი 475.59 ლარი და საბოლოო ღირებულება განსაზღვრულია 35 175.59 ლარის ოდენობით. საექსპლუატაციო პერიოდში დარიცხული ცვეთა არის 1 758.78 ლარი, შესაბაისად მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს 33 416.81 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 07 ივნისის ძირითადი საშუალების ჩამოწერის აქტი (იხ. ს.ფ. 33);

 

3.2.4. შპს „ი----–-ს“ დირექტორის 2018 წლის 07 ივნისის N07/06-4 ბრძანებით, შემდგომი ექსპლუატაციისთვის უვარგისობის გამო ჩამოწერილ იქნა კომპანიის საკუთრებაში არსებული სადისტრიბუციო ა/სატრანსპორტო საშუალება, სახ. ნომრითL--------.

 

3.2.5. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ ავტომანქანა MERCEDES-BENZ SPRINTER, სახ. ნომრით L--------, ჩამოიწერა 21.06.2018 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 07 ივნისის ბრძანება N07/06-4 ძირითადი საშუალების, სადისტრიბუციო ა/მანქანის, L--------, ჩამოწერის შესახებ (იხ. ს.ფ. 34).

- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აქტი (იხ.ს.ფ. 35).

3.2.6. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მიყენებული ზიანის ოდენობა, მაგრამ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებები ამ გარემოებების გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე სადავოდ ხდის კანონიერ ძალაში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 23 მარტის დადგენილებას, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს არ უარყოფს. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რ----- ყ---–---ას მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტს, რითაც შპს ,,ი----–-ს“ მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი ზიანის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

 

როგორც აღინიშნა, განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა გამოძიების ეტაპზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

 

სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017).

 

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

 

განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ზიანის ოდენობის დასტურად არ წარმოუდგენია რაიმე სახის სხვა ალტერნატიული მტკიცებულება. მხოლოდ მითითება იმაზე, რომ იგი როგორც მოწინააღმდეგე მხარე, არ ეთანხმება წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას, ვერ განიხილება ამ მტკიცებულების გაუზიარებლობის სათანადო საფუძვლად. შესაბამისად, სასამართლო ზიანის ოდენობის დასტურად არსებითად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 23 მარტის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს: MERCEDES-BENZ SPRINTER 313CDI” სა. N L-------- - 23 000 ლარს;

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილზე (MERCEDES-BENZ SPRINTER, სახელმწიფო ნომერი L--------) მოპასუხე რ----- ყ---–---ას მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 23 000 ლარს.

 

3.2.6. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გადარჩენილი ნივთების ღირებულებას შეადგენს სხვაობა ავტომანქანის თავდაპირველ ღირებულებასა და მიყენებულ ზიანს შორის (34700 – 23000), რაც შეადგენს 11700 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები და კითხვა-პასუხი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 408-ე, 409-ე, 326-ე, 992-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად’’ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუ ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა. ასევე დადგენილია მიყენებული ზიანის ოდენობა. შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე რ----- ყ---–---ამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში და ის თანახმაა აუნაზღაუროს მოსარჩელეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი 10 000 ლარის ფარგლებში, რადგან მისი აზრით, მეტი ზიანი მას საწარმოსთვის არ მიუყენებია. მაგრამ მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა) მასზედ, რომ სწორედ 10000 ლარის ოდენობით მიადგა ზიანი კომპანიას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 690 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ 10 000 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, კერძოდ - 300 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, მოპასუხე რ----- ყ---–---ას მოსარჩელე შპს ,,ი----–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 390 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო რ----- ყ---–---ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავი ქონების წილს, მდებარეს: ქ. ქუთაისი, გიორგი შ-----–--ის ქ. N59, ბინა N113, საკადასტრო კოდით: 0------------------.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ი----–-ს” წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე რ----- ყ---–---ას მოსარჩელე შპს ,,ი----–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით.

3. მოპასუხე რ----- ყ---–---ას მოსარჩელე შპს ,,ი----–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 390 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე შპს ,,ი----–-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (690.00 ლარი, საგადახდო დავალება №1-------, თარიღი: 20/11/2018, გადამხდელი: ს--–---- ზ---------ი, გადამხდელის ბანკი: სს ,,ლიბერთი ბანკი“).

5. სარჩელის უზრუნელყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე