გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21053-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–---------–---–ი
მოპასუხეები - ი-----–----------ე, ს------–--------–ი, მ-----------–--–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ი-----–----------ეს, ს------–--------–სა და მ-----------–--–-–---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5596,22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3643,98 ლარი, პროცენტი - 737,24 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 1215 ლარი;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 12 დეკემბერს სს „ლ-------------ს“ და ი-----–----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე რიცხვში ბანკსა და ს------–--------–სა და მ-----------–--–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ი-----–----------ის სახელზე გაიცა სესხი - 9260 ლარი, 2018 წლის 3 დეკემბრამდე, წლიური 17% საპროცენტო განაკვეთის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით. თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა თითოეული თავდებისათვის 12742,41 ლარით.
საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 5596,22 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია.
წერილობითი შესაგებელი მოპასუხეებიდან მხოლოდ მარიამ ტყეშელაშვილმა წარადგინა, რომლის თანახმად, გამორიცხა მისი, როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, ბანკმა არ გამოიჩინა გულისხმიერება თავდები პირების მიმართ, მათთვის მოვალის მიერ გადახდის გადაცილების შესახებ დროულად შეეტყობინებინა. ვალდებულების დარღვევის შესახებ მან წარდგენილი სარჩელით შეიტყო.
ი-----–----------ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე განმარტა, რომ თანახმა იყო გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ბანკის მოთხოვნა არ ცნო. აღნიშნულ პირობას დაეთანხმა სოლიდარული თავდები მ-----------–--–-–---–იც.
რაც შეეხება ს------–--------–ს, მას არც წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადებულა.
(მტკიცებულება: შესაგებელი; სხდომის ოქმები).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ლ-------------ს“ და ი-----–----------ეს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9260 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე.
კრედიტისა და პროცენტის დაფარვა განხორციელდება გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომლის თანახმად ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 267,20 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.12.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.2. 12.12.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „ლ-------------ს“ და მეორეს მხრივ ს------–--------–ს და მ-----------–--–-–---–ს შორის იმავე რიცხვში დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, სადაც თავდებობის მაქსიმალური ზღვრული თანხის ოდენობა განისაზღვრა თითოეულისათვის 12742,41 ლარით.
თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თავდებობით უზრუნველყოფილია ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, გამომდინარე ბანკსა და მსესხებელს შორის 12.12.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის განაცხადები;
- 12.12.2014 წლის თავდებობის ხელშეკრულება;
3.1.3. თავდებობის ხელშეკრულებები შეიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, მხარეებმა ნებისმიერი შეტყობინება უნდა განახორციელონ წერილობით, შეტყობინება ითვლება სათანადოდ გაგზავნილად, თუ იგი გაგზავნილი დაზღვეული წერილით ან კურიერით ამ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (თუ მეორე მხარე ხუთი საბანკო დღით ადრე არ შეატყობინებს საკუთარი მისამართი შეცვლის შესახებ), ან ბანკის მიერ ჩაბარებულია ხელზე უშუალოდ თავდებისთვის, შეტყობინება აგრეთვე შეიძლება გაიგზავნოს ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით (6.1. პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.12.2014 წლის თავდებობის ხელშეკრულებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 12.12.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება არის ჯამში 5596,22 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 3643,98 ლარი, პროცენტი - 737,24 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1215 ლარი.
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქმის განხილვისას მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობა და ამ ნაწილში მოთხოვნა ცნეს. ხოლო პირგასამტეხლოს თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს. თუმცა მტკიცებულება, რომ მათ პირგასამტეხლოს თანხა არ აქვთ გადასახდელი, მათ არ წარმოუდგენიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.07.2019 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
- 06.02.2020 წლის სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლ-------------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 463-ე, 895-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სს „ლ-------------სა“ და ი-----–----------ეს შორის 2014 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადმა მსესხებელმა ი-----–----------ემ, ასევე სოლიდარულმა თავდებმა - მ-----------–--–-–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის - ჯამში 4381,22 ლარის ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ლ-------------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.
დადგენილია, რომ საკრედიტო დავალიანება ჯამში შეადგენს 5596,22 ლარს, საიდანაც პირგასამტეხლოს ოდენობა არის 1215 ლარი. პირგასამტეხლოს ოდენობა მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის წინაპირობა და პირგასამტეხლოს თანხა სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხე ი-----–----------ეს.
6.3. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა არ არის აბსტრაქტული უფლება, რადგან ამავდროულად იზღუდება განმცხადებლის ვალდებულებით დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სარჩელის განსახილველად მიღებისა თუ საქმის არსებითი განხილვისათვის. მოსარჩელე ვალდებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად უზრუნველყოს სარჩელის სასამართლოში წარდგენა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არამხოლოდ მოსარჩელეს ეკისრება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს მოსარჩელის სტადია, არამედ იგი ითვალისწინებს მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგინოს შესაგებელი.
წინამდებარე დავაში მოპასუხეებიდან სოლიდარულ თავდებს ს------–--------–ს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არ სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა. შესაბამისად, ს------–--------–ის მიმართებით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
თავდებობის ხელშეკრულებებით ს------–--------–ისა და მ-----------–--–-–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12742,41 ლარი. სოლიდარული თავდებების მიმართ ბანკის მოთხოვნა არ აღემატება აღნიშნულ ფარგლებს.
თავდებმა მ-----------–--–-–---–მა სადავოდ გახადა მისთვის ბანკის მოთხოვნა მისთვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მისთვის ცნობილი არ ყოფილა ძირითადი მოვალის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევა. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება კი ბანკის ვალდებულებას წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, კრედიტორის მხრიდან მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ჯეროვნად რომ შეესრულებინა (სუსგ ას-910-972-2014. 04.03.2015).
კონკრეტულ შემთხვევაში სოლიდარული თავდები მიუთითებს, რომ ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ წერილობითი შეტყობინება მას ბანკის მხრიდან არ მისვლია. მოპასუხე ამავდროულად ადასტურებს, რომ თავდებობის ხელშეკრულებაში მის მიერ მითითებული მისამართი დღეისათვის არ არის სწორი, ეს არის რეგისტრაციის მისამართი, რაც განსხვავდება მისი ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი მისამართისგან. მოპასუხე ასევე ადასტურებს, რომ მას მისამართის შეცვლის შესახებ ბანკისთვის არ უცნობებია, რის ვალდებულებაც მას თავდებობის ხელშეკრულებით გააჩნდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ბანკს თავად უნდა დაედგინა თავდების ახალი მისამართი. შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს გადახდისგან სოლიდარული თავდების გათავისუფლების საფუძველი და მას დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 1215 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 168 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა მოთხოვნა ცნეს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, სს „ლ-------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის პროპორციული სახ. ბაჟის თანხა - 131,55 ლარი. ხოლო დარჩენილი თანხის - 36,45 ლარის გადახდა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „ლ-------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ი-----–----------ეს, ს------–--------–ს და მ-----------–--–-–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 5596.22 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3643.98 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 737,24 ლარი, პირგასამტეხლო - 1215 ლარი.
3. მოპასუხეებს ი-----–----------ეს, ს------–--------–ს და მ-----------–--–-–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 36,45 ლარი.
4. მოსარჩელე სს „ლ-------------ი“-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 21.08.2019 წ. N---------- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (168 ლარიდან) - 131,55 (ასოცდათერთმეტი ლარი და 55 თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, (გადამხდელის ბანკი - სს „ლ-------------ი“-ს (ს/ნ 2--------), ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე