გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24098-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ნინო ლობჟანიძე
მოსარჩელე - ქ------- ა------ე
წარმომადგენელი - მ----- ს-------–---–ი
მოპასუხე - მ----- მ------–---–ი
წარმომადგენელი - გ--–- ტ--–--–-–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ----- მ------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემშეიძინა მშენებარე ბინა, მისამართზე: ქ-------–----------------–-–--------------------.
ბინის შეძენა მოხდა სს „თ----------ის“ მიერ გაცემული სესხის საფუძველზე და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნასყიდობის საგანი. ბინა იყო შავი კარკასის მდგომარეობაში და საჭიროებდა გარემონტებას, რის გამოც მოსარჩელემ კვლავ აიღო სს „თ----------ისაგან“ სესხი.
მოსარჩელე 2019 წლის 27 და 28 აგვისტოს არ იმყოფებოდა სახლში და 29 აგვისტოს საღამოს სამსახურის შემდეგ დაბრუნებულს დახვდა წყლის გუბეები, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ წყალი ზედა სართულიდან იყო ჩამოსული. წყალმა დააზიანა ყველა ოთახის იატაკი, ჭერი და კედლები, სამზარეულოს ავეჯი, მაგიდა და ოთახში გასასვლელი კარი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და შედგა ოქმი.
ჩამოსული წყლის შედეგად ლამინატი და კედლები დაობდა და ზიანის ოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა ზეპირსიტყვიერად კატეგორიული უარი მიიღო.
აღნიშნულის შემდეგ კვლავ გაგრძელდა ბინაში წყლის ჩამოსვლა და დაზიანდა ასევე სააბაზანო ოთახიც, რაზეც კვლავ შედგა საპატრულო პოლიციის მიერ ოქმი.
ზიანის ოდენობის დასადგენად მოსარჩელემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც პასუხს გასცემდა, არის თუ არა დაზიანება სახეზე და რა მიზეზითაა გამოწვეული ზიანი. მოსარჩელის ბინაში მხოლოდ ერთ კუთხეში ჩანდა ლაქა, მაგრამ რა იყო ეს ლაქა და რისგან იყო გამოწვეული, იყო გაუგებარი მაშინაც და დღესაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ნივთი, რომლის მისამართი და მახასიათებლებია ქ-------–----------------–-–-------------------------–----------------------------------------------- ეკუთვნის ქ------- ა------ეს (მოსარჩელეს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.21-22).
3.1.2. ამავე მისამართზე მდებარე ბ-------- (ს/კ 0-------------------------) წარმოადგენს მ----- მ------–---–ის (მოპასუხის) საკუთრებას. ბინა მდებარეობს მეორე სართულზე, ქ------- ა------ის კუთვნილი ბინის ზემოთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მ----- მ------–---–ის კუთვნილი ბინიდან წყლის ჩამოსვლის შედეგად ქ------- ა------ეს მიადგა 3572.21 ლარის ზიანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება არ არის დამოკიდებული მხარის საპროცესო როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე.
დელიქტიდან გამომდინარე სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, კერძოდ:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სკ-ის მე-1000 და არა 992-ე მუხლი, ამდენად, ნაცვლად ზემომითითებული ფორმულისა, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მიადგა ზიანი და ეს ზიანი მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა. ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები (სკ-ის მე-1000 მუხლის მე-3 ნაწილი).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხემ - ვერა.
საქმეში წარმოდგენილია ფოტოილუსტრაცია, სადაც ასახულია მოსარჩელის ბინის მდგომარეობა წყლის ჩამოსვლის შემდეგ (ს.ფ. 55-60). მოსარჩელის განმარტებით და ფოტოებით ირკვევა, რომ დაზიანებულია ჭერი, კედლები და იატაკი. სარჩელს ერთვის ასევე 04.09.2019 წლის პატრულ-ინსპექტორის რეაგირების ოქმი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქ------- ა------ის ბინაში დაზიანებული იყო სამზარეულოს ზედაპირი და გვერდები.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 24.10.2019 წლის დასკვნის თანახმად ბინა N102-ის დათვალიერების დროს ბინაში შეინიშნებოდა ზემოდან წყლის ჩამოდინების კვალი, რა დროსაც დაზიანებული იყო ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშოები, კერძოდ, დაზიანებული იყო კედლებზე მოწყობილი შპალერი, ლამინატის იატაკი და ერთი მდფ-ის კარი, აღნიშნულ ბინაში შეიგრძნობოდა სინესტისათვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი, კედლებს აღენიშნებოდა სინესტისათვის დამახასიათებელი მუქი ფერის ლაქები (ობები), ლამინატის პარკეტის იატაკს და კარს აღენიშნებოდა დეფორმაციები.
ბინა N102-ში წყლის ჩამოსვლის მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტმა მოახდინა მოსარჩელის ბინის თავზე, მეორე სართულზე განთავსებული ბინის ვიზუალური შესწავლა, რა დროსაც დადგინა, რომ ბინაში ჩატარებული იყო სარემონტო სამუშოები, ხოლო ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის ბინაში არსებულ წყალ-კანალიზაციის სისტემებზე რაიმე სახის გარეგანი დაზიანების კვალი არ დაფიქსირდა, თუმცა კორპუსის პირველ სართულზე არსებულ განმცხადებლის ბინაში არსებული დაზიანებების ძირითადი ნაწილი დაფიქსირებულია მეორე სართულზე განთავსებული მეზობლის ბინის სამზარეულოს ონკანის ზუსტად ქვემოთ, ამასთან მეორე სართულზე განთავსებული მეზობლის ბინის სამზარეულოს წყალდამხარჯავი ონკანის დრეკად მილებს არ გააჩნია ჩამკეტი ვენტილები, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ადგილზე განმარტებული გარემოება, რომ მის ბინაში წყლის ჩასვლა და იატაკის დატბორვა გამოიწვია მეორე სართულზე განთავსებული მეზობლის ბინის სამზარეულოს წყალდამხარჯი ონკანის დრეკად მილებზე ჩამკეტი ვენტილების არარსებობამ, სხვა შესაძლო მიზეზებთან ერთად სავსებით შესაძლებელია, თუმცა იმ ეტაპზე ექსპერტიზამ ვერ იმსჯელა ზუსტ მიზეზებზე (ს.ფ. 126-127).
ამრიგად, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ექსპერტმა დაადგინა შემდეგი გარემოებები:
1. მოსარჩელის ბინაში არის წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანების კვალი;
2. მოსარჩელის ბინაში წყალი ჩამოსულია ზევიდან;
3. დაზიანებები აღინიშნება მოსარჩელის ზემოთ, მოპასუხის ბინაში არსებული სამზარეულოს ონკანის ზუსტად ქვეშ;
4. ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის მოპასუხის ბინაში ჩატარებული იყო სარემონტო სამუშაოები;
5. მოპასუხის ბინაში წყლის გაჟონვის რამე კვალი არ დაფიქსირდა;
6. ექსპერტმა ვერ დაადგინა წყლის ჩასვლის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ასევე ვერ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მოსარჩელესთან წყლის ჩასვლა სამზარეულოს წყალდამხარჯი ონკანის დრეკად მილებზე ჩამკეტი ვენტილების არარსებობამ გამოიწვია.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეფასდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ბინაში წყლის მოპასუხის ბინიდან ჩასვლის ფაქტი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მოწმის ჩვენებით დასტურდება.
მოწმე მ-----–- ბ-–---ის განმარტებით, ის მოსარჩელის კარის მეზობელია. მოწმე აღნიშნავს, რომ როცა 27 აგვისტოს საღამოს მივიდა სახლში, მის სააბაზანოში გამწოვიდან მოდიოდა წყლის ძლიერი ნაკადი. მის ზემოთ ცხოვრობს ჩინელი ეროვნების პირი. ეგონა, მისგან ჩამოვიდა წყალი. ავიდა მეორე სართულზე და გადაკეტა გარეთ არსებული წლის ჩამკეტი ონკანები, როგორც მოპასუხის ბინის, ისე მის გვერდით მცხოვრები ჩინელი ეროვნების პირის. მოწმე ასევე განმარტავს, რომ შემოწმების მიზნით, როგორც კი გახსნა მოპასუხის კუთვნილი ბინის ონკანი, მას სააბაზანოში ისევ წამოვიდა ძლიერი წყალი, ხოლო როცა გახსნა ჩინელი ეროვნების პირის კუთვნილი ბინის ჩამკეტი ონკანი, წყალი არ წამოსულა (06.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 11:29:12). მოწმის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მასთან წყალი ჩამოსულია მოსარჩელის ბინასთან არსებული საერთო კედლის იქით მდებარე სააბაზანოში. მოწმის განმარტებით, წყალი ჩამოვიდა მოსარჩელესთან და მისგან გამოჟონა მისი კუთვნილი ბინის სააბაზანოს გამწოვის საშუალებით. მოწმე აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან ერთად იყო ასული მოპასუხის ბინაში, იქ დახვდათ მოპასუხის და, რომელმაც ბოდიში მოიხადა, რომ წყალი დარჩა მათთან მოშვებული და მოპასუხე აანაზღაურებდა ზიანს (იქვე, 11:32:11).
სასამართლო დამატებით ასევე მიუთითებს მოწმე გ------- ა------ის ჩვენებაზე, რომელიც მოსარჩელის ძმაა. ისიც აღნიშნავს, რომ წყლის გაშვებით შეამოწმეს თუ საიდან მოდიოდა წყალი. მოპასუხის მხარეს წყლის გაშვების შემდეგ წყალი წამოვიდა, რის შემდეგაც მოპასუხის დამ განაცხადა, რომ აუნაზღაურებდნენ ზიანს მოსარჩელეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები ვერ დგინდება.
მოპასუხემ წარმოადგინა 19.11.2019 წლის დასკვნა. დასკვნა იმავე ექსპერტის მიერაა მომზადებული. მასში აღნიშნულია, რომ მოპასუხის ბინაში შეინიშნებოდა ჭერიდან იატაკამდე ზემოდან მესამე სართულიდან წყლის ჩამოდინების კვალი, დასველებული იყო კედლები, ხოლო დასველების ადგილმდებარეობა დაფიქსირდა პირველ სართულზე არსებულ N102-ე ბინაში დასველებული კედლის ზემოთ. N122 ბინაში განთავსებული სველი წერტილების ადგილზე შემოწმებით, წყალდამხარჯ ონკანებზე და გარეგან გაყვანილობაზე რაიმე სახის დაზიანება არ დაფიქსირდა. ვინაიდან კორპუსის მეორე სართულზე განთავსებული N122 ბინაში წყლის ჩამოდინების კვალი დაფიქსირდა ზემოდან - მოხდა მესამე სართულზე აღნიშნული ბინის ზემოთ არსებული მდგომარეობის შესწავლა, რა დაროსაც დადგინდა, რომ მესამე სართულის კორიდორში მოწყობილ წყლის მილებზე დაფიქსირდა წყლის გამოჟონვა, სადაც კორიდორის კედლებთან ერთად დაზიანებულია კიბის უჯრედის კედლებიც. ამასთან, N122 ბინის ზემოთ მესამე სართულზე განთავსებული ბინის კარი იყო დაკეტილი, სადაც ვერ მოხდა ბინაში არსებული მდგომარეობის ვიზუალური შესწავლა. ბინა N122-ში, რომელიც განთავსებულია ბინა N102-ის თავზე, დაზიანებები გამოწვეულია მესამე სართულის კორიდორში მოწყობილ წყლის მილებზე არსებული დაზიანებით, საიდანაც ხდება იატაკში და კედლებში წყლის გაჟონვა, რომელიც შემდგომ ხვდება კორპუსის მეორე სართულზე არსებულ ბინა N122-ში.
მართალია, დასკვნაში არასწორადაა მითითებული მოპასუხის ბინის ნომერი, მაგრამ მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ ნამდვილად იმავე ბინაზეა საუბარი.
ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან წინა საექსპერტო დასკვნის მომზადების პერიოდისათვის კორპუსის მეორე სართულზე განთავსებულ N122 ბინაში არ იყო კედლები სველი, ხოლო პირველ სართულზე განთავსებულ N102-ე ბინაში დაფიქსირდა კედლის სისველე, შეუძლებელია იმის დადგენა, რომ კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ბინაში დაზიანებები გამოწვეულია მესამე სართულის კორიდორში მოწყობილ წყლის მილებზე არსებული დაზიანებით.
ექსპერტმა სასამართლო სხდომაზეც განმარტა, რომ პირველ შემთხვევაში მოპასუხის ბინაში არ აღინიშნებოდა რაიმე სახის დაზიანების კვალი არც სველ წერტილში და არც სამზარეულოში, შესაბამისად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. მეორე შემთხვევაში მოპასუხის ბინაში კედელზე შეინიშნებოდა წყლის კვალი. ვინაიდან წყლის ჩამოდინება ხდებოდა ზემოდან შემოწმდა მესამე სართულის კორიდორიც, სადაც მრიცხველებთან იყო იატაკი სველი და ჟონავდა წყალი, რომელიც შემდეგ ჩადიოდა ქვედა სართულებზე, თუმცა ექსპერტიზა ვერ დაადგენს იმ გარემოებას, რომ პირველ სართულზე არსებული დაზიანებები არის მესამე სართულიდან წყლის ჩამოდინების ბრალი. მეორე სართულზე არსებულ ონკანებს არ აქვთ ჩამკეტები და თუ რაიმე დაზიანება მოხდა შესაძლებელია წყლის გაჟონვა. პირველი სართულზე არსებული ბინის დაზიანება შესაძლოა გამოეწვია სხვადასხვა და არა კონკრეტულ მიზეზებს.
მოსარჩელე უარყოფს, რომ მის ბინაში სადავო შემთხვევის შემდეგ კიდევ ჩავიდა წყალი (გარდა 24.01.2020 წლის სხდომაზე მითითებული შემთხვევისა, რასაც დავასთან კავშირი არ აქვს). ამრიგად, ის, რომ 2019 წლის ნოემბერში მოპასუხის ბინაში წყალი ჩავიდა მესამე სართულიდან, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ამავე წლის აგვისტოშიც იმავე გზით მოხვდა წყალი მოსარჩელის ბინაში, მით უმეტეს, რომ ექსპერტი ასეთ შესაძლებლობას ვერ ადგენს, ვინაიდან წინა ექსპერტიზის ჩატარების დროს მოპასუხის ბინაში ზედა სართულიდან წყლის ჩამოსვლის კვალი არ ფიქსირდებოდა.
მოპასუხის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად საკმარისი არ არის მის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები.
მოწმე მ------ კ------–--ე (მოპასუხის და) აღნიშნავს, რომ ხელოსნები შეუშვა მოპასუხის ბინაში, რა დროსაც ნახა მოსარჩელე, რომელიც აცხადება, რომ მასთან წყალი იყო ჩასული. მისი განმარტებით, ეს მოხდა შემოდგომაზე. ზუსტი დრო არ ახსოვს. მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, რძალი (მოწმე ნ----- წ---–----–---–ი) და ხელოსნები. მოწმემ განმარტა, რომ ბინაში არც შესულა და არ იცის რამე დაზიანება თუ იყო. შემდეგ ჩამოვიდა მოპასუხე, შევიდნენ ბინაში და ნახეს, რომ მოპასუხის ბინაში წყალი იყო ჩამოსული მესამე სართულიდან მისი დის ბინაში (24.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 14:55-14:58).
ნ----- წ---–----–---–ის ჩვენებით ხელოსანს დახვდნენ და ასწავლეს მოპასუხის ბინა. ხელოსანი რომ შევიდა, ბინაში შუქი არ იყო, ელაგა ქვიშის და ცემენტის ტომრები. რადგან ბავშვმა დაიწყო ტირილი, თვითონ გამოვიდა გარეთ და გარეთ იდგა დედამთილთან ერთად. ცოტა ხნის მერე გამოვიდა მეზობელი და უთხრა წყალია ჩამოსულიო. ამოსულები იყვნენ, რომ გაერკვიათ წყალი თუ იყო ჩამოსული და ბინიდან გამოსვლის მერე თქვა, რომ წყალიაო. თავად ბინაში რომ შეიხედა, წყალი არ უნახავს (იქვე, 15:11). მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმყოფებოდა მოსარჩელის ბინაში და წყლის ჩამოსვლის კვალი ვერ ნახა (იქვე, 15:20:06).
იმავეს ამტკიცებს მოწმე თ------ ა-------ი (ხელოსანი). მისი განმარტებით, მოპასუხის ბინაში არ იყო წლის კვალი. მოპასუხის ბინაში რომ წყალი მდგარიყო, ქვედა მეზობელს ჩამოეშლებოდა თაბაშირმუყაო. მოსარჩელის ბინას ჰქონდა ფრჩხილისოდენა ლაქები.
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დავობს მის ბინაში აგვისტოს ბოლოს (27-28 აგვისტო) წყლის ჩასვლის ფაქტზე. მოწმეთა ჩვენებიდან გამომდინარე, ისინი მოპასუხის ბინაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ. თარიღები მათ არ ახსოვს, მაგრამ ერთმა მოწმემ აღნიშნა, რომ შემოდგომა იყო, მეორემ სკოლის დაწყების პერიოდს დაუკავშირა ეს ვიზიტი, ამდენად, დაახლოებთ სექტემბრის შუა რიცხვებზეა საუბარი. ის ფაქტი, რომ ამ დროისათვის მოპასუხის ბინა გამშრალი იყო, არ გამორიცხავს წლის ჩასვლის შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით სასამართლო არ იზიარებს მოწმე თ------ ა-------ის განმარტებას, რომ წყალი აუცილებლად დატოვებოდა ყვითელ ლაქებს. ამის საპირისპიროდ ექსპერტმა სხდომაზე განმარტა, რომ კვალი შეიძლებოდა არც დარჩენილიყო ბინაში.
რაც შეეხება მოწმეთა იმ განმარტებას, რომ მოსარჩელესთან წყლის დაზიანების კვალი არ უნახავთ, საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია ფოტოილუსტრაცია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა იმავე ფოტოების ელექტრონული ვერსიები CD- დისკზე ჩაწერილი. დისკზე არსებული ფაილების ნაწილი არაიდენტიფიცირებადია (სადაა გადაღებული), ხოლო ნაწილი შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ ფოტოებს (ს.ფ. 55-60). ფაილებიდან ირკვევა, რომ ფოტოების გადაღების თარიღია 28-29 აგვისტო 2018 წელი. წარმოდგენილ დისკს სასამართლო მხოლოდ ამ ნაწილში ეყრდნობა.
ასევე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელის ბინაში იყო წყლის დაზიანების კვალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებები, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ წყალი არ ჩასულა მისი ბინიდან.
ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
დავის საგანი არ არის 2020 წლის 22 იანვარს წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქმისთვის მნიშვნელობა არ აქვს და მათ სასამართლო არ შეაფასებს.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს 10 000 ლარის გადახდა დაეკისროს, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ოდენობით ზიანის მიყენებას არ ადასტურებს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბინა N102-ში განთავსებულ საცხოვრებელ ბინაში, ზემოდან ჩამოსული წყლისაგან მიყენებული ზიანის ღირებულებამ პირდაპირი დანახარჯებით საორიენტაციოდ შეადგინა 2632.21 ლარი, ხოლო ნორმატიული დარიცხვებით და დღგ-ს ჩათვლით (გადასახადის გადამხდელთათვის) საორიენტაციოდ შეადგინა 3689.94 ლარი.
ასევე 2019 წლის 1 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მოქალაქე ქ------- ა------ის ბინაში წყლით დასველების შედეგად სამზარეულოს კარადაზე და ჟურნალების მაგიდაზე, მიყენებული მთლიანი ზარალის ოდენობამ საორიენტაციოდ შეადგინა 940 ლარი (ს.ფ. 141).
ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება იმის საფუძველს არ იძლევა, რომ ზიანის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს გადასახადის გადამხდელთათვის დადგენილი წესით, დღგ-ს ჩათვლით, შესაბამისად, მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს პირდაპირი დანახარჯების - 2632.21 ლარისა და ავეჯის დაზიანების ხარჯის - 940 ლარის ჯამით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, მე-1000, 326-ე, 408-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი
ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები, კერძოდ, თავად ზიანი, ზიანი მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა და ზიანის მიმყენებლის ბრალის დადასტურება. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი არ განსაზღვრავს ბრალის ფორმას და ზიანის ანაზღაურების საფუძველია როგორც განზრახ ისე, გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. რაც შეეხება ბრალს, თუ პირმა განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ივარაუდებოდა, რომ ეს ქმედება იყო ბრალეული და მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება არ იყო განზრახი ან გაუფრთხილებლობის შედეგი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს დელიქტური პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სპეციალური ნორმა კონკრეტული სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ეს მუხლი არ გამოიყენება.
განსახილველ შემთხვევაში ზიანის მიყენება გამოწვეულია მოსარჩელის ზემოთ მდებარე ბინიდან წყლის ჩამოსვლით, ამდენად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 და არა 992-ე მუხლი.
სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
„წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლია, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა“ (იხ. სუსგ ას-90-90-2018).
სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი განამტკიცებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობაში არსებული მომეტებული საფრთხის წყაროთი გამოწვეულ ზიანზე შენობა-ნაგებობის მესაკუთრე ნებისმიერ შემთხვევაშია პასუხისმგებელი, ბრალის მიუხედავად.
უძრავი ნივთის მესაკუთრე პასუხისმგებელია აღნიშნული ნივთის შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე იმგვარად, რომ სხვა პირებს მისი ნივთიდან ზიანი არ მიადგეს. მათ შორის, მესაკუთრე ვალდებულია ბინაში გამავალი წყალგაყვანილობა იქონიოს უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში და თავისი ბინით სარგებლობის პროცესში არ დააზიანოს სხვა პირის საკუთრება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში ჩავიდა წყალი, რამაც მოსარჩელის კუთვნილი ბინა და ინვენტარი დააზიანა. იმ პირობებში, როდესაც ნათლად დასტურდება წყლის მოპასუხის ბინიდან ჩამოსვლის ფაქტი, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ წყალი მოსარჩელის ბინაში სხვაგვარად მოხვდა, მაგალითად, მესამე სართულიდან მოპასუხის ბინის გავლით და სხვა.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი მტკიცებულებები.
სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ზიანი არის სხვაობა „არის“ და „იქნებოდა“ მდგომარეობას შორის. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ამ დავის ფარგლებში გულისხმობს ბინის წყლის ჩამოსვლამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანას. ამასთან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება არ ნიშნავს იმას, რომ მოპასუხემ უშუალოდ სარემონტო სამუშაოები უნდა შეასრულოს, პირადად ან სხვა პირების მეშვეობით, არამედ უნდა გასწიოს ბინის აღდგენისათვის საჭირო ხარჯები.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 2632.21 ლარს, ხოლო ინვენტარის დაზიანების ხარჯი - 940 ლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს პროცესის ხარჯების ანაზღაურებას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ გადაიხადა აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი და ექსპერტიზის ჩატარებისათვის - 301 ლარი, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 37-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ------- ა------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მ----- მ------–---–ს ქ------- ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს 3572.21 ლარის ანაზღაურება.
3. მ----- მ------–---–ს ქ------- ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და ექსპერტიზის ჩატარებაზე გაწეული ხარჯის - 301 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია