განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003122938
საქმე №1-663/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ან---------–---–ის
ბრალდებულის - ო----- გ-------ს
ადვოკატის - მ-----–--------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171030719014 საქმე:
ბრალდებულ ო----- კ----–--- ძე გ-------ს მიმართ
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ოჯახური მსგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-------------–-----------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, მ---–--------------------------ს მიმდებარედ, ო----- გ------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ლ--- გ-------ს.
2. ო----- გ-------ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ო----- გ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ო----- გ-------მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში :
4. დაზარალებულმა ლ--- გ-------მ საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ 2019 წლის 3 ივლისს შვილი ო----- გ-------, რომელიც სახლში ნასვამი მივიდა და დედისგან საყვედურების მოსმენა მოუწია, დაემუქრა, რომ წავიდოდა და კიდევ დალევდა. სსსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით, სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის შემდეგ, ლ--- გ-------მ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული გარემოებების სისწორე შვილის მხრიდან სიტყვიერი მუქარის თაობაზე, თუმცა ჯვარედინი დაკითხვისას დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხად ისევ განმარტა, რომ ო----- გ------- მას დასალევად წასვლით დაემუქრა.
5. მოწმე გ------ გ-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ძირითადად ასრულებს განყოფილების ოპერატიული მორიგის ფუნქციებს. 2019 წლის 3 ივლისს, შუადღის საათებში განყოფილების სამორიგეო ნაწილში მივიდა მოხუცი ქალბატონი ლ--- გ-------, რომელმაც განაცხადა, რომ შვილი - ო----- გ------- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ითხოვა პოლიციის დახმარება. ამ განცხადების საფუძველზე დაარეგისტრირა შეტყობინება ლ--- გ-------ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებული მუქარის თაობაზე, რის საფუძველზეც საქმეზე დაიწყო გამოძიება.
6. საქმეში წარმოდგენილია ლ--- გ-------ს მიერ 2019 წლის 03 ივლისს, 15:08 საათზე პოლიციის მე-4 განყოფილებაში დაფიქსირებული N1735406 შეტყობინება, რომლითაც ლ--- გ-------მ განაცხადა თავისი შვილის - ო----- გ-------ს მხრიდან მასზე განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე.
7. 2019 წლის 03 ივლისს ო----- გ-------ს სახელზე შედგენილი N019718 შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ორდერის გაცემა განაპირობა ლ--- გ-------ს მიმართ ჩადენილმა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ.
8. მითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
10. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
11. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
12. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმე მ----- გ-------ს და ბრალდებულ ო----- გ-------ს ჩვენებები.
13. მოწმე მ----- გ-------მ სასამართლოს განუმარტა, რომ ო----- გ------- მისი ძმა, ლ--- გ------- კი მისი დედაა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონია, თავისებური ხასიათი აქვს და ხშირად უსაფუძვლო პრეტენზიებით მიმართავს შვილებს, მაგ: ღამით ტელევიზორის ყურების, სახლში მეზობლების სტუმრობის და მსგავსი მიზეზების გამო. 2019 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა სახლში, ო-----სა და დედას შორის არ შესწრებია რაიმე სერიოზულ უთანხმოებას და მუქარას. დედა წავიდა საზოგადოებრივ სასადილოში სადილის მოსატანად, ცოტა შეაგვიანდა, ამასობაში ძმები სახლში ისხდნენ და საუბრობდნენ. დედამ მოიტანა სადილი, რის შემდეგ ო-----ი სახლიდან გავიდა. რამდენიმე დღეში კი დააკავეს დედის მიმართ მუქარის გამო, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს 2019 წლის 3 ივლისს ო-----ის მხრიდან დედის მიმართ ყველანაირ მუქარას. მთელი დღე იმყოფებოდა სახლში და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
14. ბრალდებულმა ო----- გ-------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დედა - ლ--- გ------- ხშირად უსაფუძვლოდ საყვედურობს. ასე მოხდა 2019 წლის 3 ივლისსაც, ნასვამი ხარო და საყვედურებით აავსო, თუმცა არ იყო ნასვამი და იგივე უთხრა დედასაც. შემდეგ ძმასთან ერთად იჯდა და საუბრობდა, დედა სადილის მოსატანად იყო წასული საზოგადოებრივ სასადილოში, სახლში რომ დაბრუნდა, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სახლიდან. არანაირ მუქარას მისი მხრიდან დედის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
15. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენiთ პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
17. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
18. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებების ასეთი ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს ო----- გ-------ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ლ--- გ-------მ საკმაოდ არადამაჯერებლად ისაუბრა დაკითხვისას და ერთი და იგივე გარემოებასთან დაკავშირებით განსხვავებული პასუხები გასცა დაცვის და ბრალდების მხარეებს. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელ გ-----ის ჩვენებას, ის არ არის ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირი, მისი ჩვენება თავისი არსით ირიბი ჩვენებაა, რომელიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
19. მოწმეების ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.
20. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლის ჩვენება, რომელიც არ შესწრებია მუქარის ფაქტს, დაზარალებულის წინააღმდეგობრივ ჩვენებასთან ერთად, ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დამადასტურებელ ინფორმაციად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მოწმე, ბრალდებულის და დაზარალებულის ოჯახის კიდევ ერთი წევრი - მ----- გ-------, რომელიც 2019 წლის 3 ივლისს მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა (არის უსინათლო და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს), არ ადასტურებს ო----- გ-------ს მხრიდან დედის მისამართით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. განმარტავს, რომ ო-----ი დედის სახლში დაბრუნების შემდეგ გავიდა სახლიდან, შესაბამისად, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ის ვერ იქნებოდა დედასთან ერთად მარტო და ვერ დაემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული.
21. ამდენად, განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ არის მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებაში ო----- გ-------ს დამნაშავედ ცნობისთვის. ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს წარდგენილ ბრალდებას, დაზარალებულმა წინააღმდეგობრივი ჩვენება მისცა სასამართლოს. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე გამორიცხავს ო----- გ-------ს მხრიდან დედის მისამართით დამუქრების ფაქტს, მოწმე პოლიციელები არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
22. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".
23. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
24. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობრივია, რაც მისი, როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას არ იძლევა, ამასთან არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ო----- გ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.
25. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
27. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
28. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ო----- გ-------ს ბრალდების დადასტურება.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება:
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ო----- გ-------ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ო----- გ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ო----- კ----–--- ძე გ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ო----- გ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, გენადი ქათამაძეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ ო----- გ-------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი