განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003378178
საქმეN1-1446/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.02.2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: აკ------------ა
დაცვის მხარე
ბრალდებული: ფა---------–-რ
მამის სახელი: ქე---–-
დაბადებული: 2--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა - არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, მა-----–---–------------
ბრალდებულის ადვოკატი - ლა–----------ძე
თარჯიმანი - ინ---------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფა--------–-რს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
1.2. ბრალდების არსი:
2019 წლის 09 დეკემბერს, ქ. ბათუმში, მაზ---–---–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფა--------–-რმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თავის მეუღლეს ლე--–--------------ას სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
1.3. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ფა--------–-რ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ფა--------–-რმა ჩაიდინა ძალადობა კერძოდ:
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 09 დეკემბერს ლე--–--------------ამ შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, რომლმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვის თანდასწრებით. (იხ. ს.ფ. 2);
2.2. საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ლე--–------------ვამ განაცხადა, რომ მეუღლის - ფა--------–-რის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი და მას მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მან მართალია შეატყობინა პოლიციის განყოფილებას და განაცხადა, მაგრამ იფიქრა, რომ გააფრთხილებდნენ და მსგავს ფაქტს ადგილი არ ექნებოდა; მას შემთხვევის დღეს ფა--------–-რის მოქმედებით რაიმე სახით ფიზიკური ტკივილი არ განუცდია; ის გამოიკითხა პოლიციის განყოფილებაში და მასთან ერთად მონაწილეობას კი იღებდა თარჯიმანი, მაგრამ მას ასეთი რამ არ უთქვამს და არც ჩვენება წაუკითხავს, არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, ხოლო რასაც საუბრობდა, ფიქრობდა, რომ თარჯიმანიც ასე თარგმნიდა; მას ასეთი რამ არ უთქვამს, რომ ფა--------–-რმა ან ცემა, ან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამ ნაწილში ჩვენებას არ ეთანხმება, მას ასეთი რამ არ უთქვამს; (იხ. ოქმი 31.01.2020წ)
ბრალდების მხარის სადავო სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარემ სრულად უდავოდ ცნო; (იხ ოქმი 31.01.2020წ)
2.3. უდავო მტკიცებულებებით მოწმეების გი---------------------------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ პოლიციის მესამე განყოფილებაში ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას; 2019 წლის 09 დეკემბერს ლე--–------------ვას შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე; გამოცხადდნენ ბათუში მა-----–---–----------ში და ბრალდებულის სახით დააკავეს ფა--------–-რი; ლე--–------------ვა აცხადებდა, რომ მას მეუღლემ ფა--------–-რმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;(იხ ს.ფ. 11-18);
2.4. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ფა--------–-რ დაკავებულია 2019 წლის 9 დეკემბერს 08:35 საათზე, ქ. ბათუმში, მა-----–---–-------------ის მდებარე საცხოვრებელ ბინაში; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.6-10) ;
2.5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით 10/12/2019 დადგენილია, რომ ლე--–--------------ას გამოკითხვის შემდეგ თანხმობა განაცხადა გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია დაედასტურებინა საგამოძიებო ექსპერიმენტით, ქ. ბათუმში, მა-----–---–-------------ში, საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, მისაღები ოთახის შუა ნაწილში, მდივნის გვერდით, სადაც მისი განმარტებით 2019 წლის 09 დეკემბერს, გამთენიისას მისმა მეუღლემ ფა--------–-რმა დაარტყა ხელი სახის არეში, ამ დროს მისი მცირეწლოვანი შვილი იყო ეტლში, რომელმაც დაიწყო ტირილი, აღნიშნულის შემდეგ წავიდა პოლიციაში. (იხ. ს/ფ 24-29)
2.6. შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ პოლიციის III განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა აღნიშნული ოქმი 2019 წლის 9 დეკემბერს, რომლის საფუძველზეც ფა--------–-რს აეკრძალა კომუნიკაცია დაზარალებულთან, ლე--–------------ვასთან (იხ შემაკავებელი ორდერი ოქმი, ს .ფ.34-37);
2.7. მოწმის სახით დაკითხვისას ზვ------------–-ძემ დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; (იხ ოქმი 31.01.2020წ)
2.8. ბრალდებულმა ფა--------–-რმა თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ მას მეუღლისთვის - ლე--–------------ვასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია; (იხ ოქმი 06.02. 2020წ );
2.9. ზემოთაღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია და მტკიცებულებები საკმარისია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;
2.10. საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, და შესაბამისად, პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.11. სასამართლო საქმის განხილვით, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით და ანალიზით მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ფა--------–-რს მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ფა--------–-რის მიერ 2019 წლის 09 დეკემბერს მეუღლის - ლე--–--------------ას ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები: ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები;
2.12. სასამართლო ამ სახის დასკვნას აკეთებს შემდეგ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:
მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2019 წლის 09 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის III განყოფილებაში შესული შეტყობინება 112 სამსახურიდან მასზედ, რომ მა-----–---–-------- ბინაში ლე--–--------------ას მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა; (იხ .ს.ფ.1);
შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით ირკვევა, რომ შეტყობინების ავტორი არის ლე--–------------ვა შეტყობინების მიხედვით ინციდენტის თარიღია 09.12.2019წ, 08:23:00; ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური ძალადობა; შეტყობინების პარამეტრებში, თუ ვის მიერ და ვის მიმართ ხორციელდება ძალადობა, - მითითებულია: მეუღლის მიმართ; ასევე შეტყობინების ინიციატორი აცხადებს, რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, მისმა მეუღლემ ბავშვის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
საქმის განხილვისას დაზარალებულ ლე--–------------ვა არ უარყოფს, რომ თავად შეატყობინა პოლიციის განყოფილებას შემთხვევის შესახებ, მაგრამ მას ფა--------–-რის ქმედებით არ განუცდია ფიზიკური ტკივილი, რადგან მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ამის თაობაზე მან პოლიციის თანამშრომლებს და გამომძიებელს გამოკითხვისას ასევე, რომ დაზიანების რაიმე კვალი არ ეტყობოდა; რაც შეეხება გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულს, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მისთვის გაურკვეველია რატომ არის მითითებული ოქმში, მას ასეთი რამ არ უთქვამს;
2019 წლის 09 დეკემბრის შემთხვევასთან დაკავშირებით საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ის აწვდიდა ინფორმაციას მომხდარის შესახებ და შესაბამისად ამ ეპიზოდში უკვე სახეზე არ არის არცერთი სახის პირდაპირი მტკიცებულება; დაზარალებული უარყოფს ფიზიკური ტკივილის განცდას; პოლიციის თანამშრომლებისთვის და გამომძიებლისთვის, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ინფორმაცია მიწოდებულია სწორედ დაზარალებულის მხრიდან, რომელიც უარყოფს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტს და ფიზიკური ტკივილის განცდას;
2.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.) ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ფა--------–-რის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას.
2.14. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის ფა--------–-რი და ლე--–--------------ა არიან ცოლ-ქმარი - ერთი ოჯახის წევრები; უშუალოდ ფაქტის შემსწრე და თვითმხილველმა პირი, - დაზარალებული ლე--–--------------ამ უარყო ფიზიკური დაზიანების მიყენების და ძალადობის ფაქტი; ბრალდებულმა კი უარყო წარდგენილი ბრალდება; დარჩენილი გამოკვლეული მოწმეები კი ირიბი, სხვა პირისაგან მიღებული ინფორმაციით აჩვენებენ, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე; კერძოდ, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები ემყარება დაზარალებულთან საუბრისას მოსმენილს. მოწმის სახით გამოკითხვისას პოლიციის თანამშრომლები - გი-------------------------ძე რომლებიც გამოცხადდნენ ფა--------–-რის სახლში 2019 წლის 19 დეკემბერს ლე--–--------------ას განცხადების საფუძველზე, ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილზე მისვლისას დახვდათ ფა--------–-რი, რომელიც ადგილზევე დააკავეს; არცერთი მათგანი არ არის ფაქტის შემსწრე პირი;
ამდენად, მოწმეების მხრიდან ის, რომ ლე--–------------ვა ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებლად ასახელებდა ფა--------–-რს, ფაქტის დასადგენად წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ეყრდნობა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას), რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, პირის მსჯავრდებისთვის არავარგის მტკიცებულებას წარმოადგენს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა დაზარალებულის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი; ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ფა--------–-რის მხრიდან ლე--–------------ვას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი - განხორციელებული 2019 წლის 09 დეკემბერს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის - ორსული მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით;
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში. სსკ-ს 1261-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი; ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ფა--------–-რის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.);
მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ფა--------–-რმა განახორციელა ძალადობა დაზარალებულ ლე--–------------ვაზე რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ფა--------–-რს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ფა--------–-რ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ფა--------–-რს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
მსჯავრდებულ ფა--------–-რის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ელ------–----ძეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–--------ის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ათასი ლარი (დასტურის №ა 0-----) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე