გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8340-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ე-–-–------------------ა
წარმომადგენელი - მ-------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - ს-----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე-–-–------------------ას უცხოეთში - ,,მ-----------------------------------------------–-----------------ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ე-–-–------------------ამ N5----- და N7----- განცხადებებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა.
განცხადებას თან დაურთო: პირადობის მოწმობის ასლი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების განსახილველად გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, უმაღლესი განათლების ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „მ-----------------------------------------------–-----------------ის“ მიერ 2018 წლის 12 ოქტომბერს გაცემული დიპლომი N1------------- და დანართი, რომლის თანახმად, ე-–-–------------------ამ აითვისა ბაკალავრიატის პროგრამა მომზადების შემდეგი განხრით - 44.03.01 პედაგოგიური განათლება, წარმატებით გაიარა სახელმწიფო საბოლოო ატესტაცია და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მიენიჭა ბაკალავრის კვალიფიკაცია: ბაკალავრის/სპეციალობის დასწრებული ფორმით სწავლების დაძლევის ვადა - 4 წელი, სწავლების ფორმა - დაუსწრებელი, საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულება (პროფილი): სკოლამდელი პედაგოგიკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ. 43-59).
3.2. საქმისწარმოების ფარგლებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2019 წლის 3 ივნისს M---------------- წერილით მიმართა განმცხადებელს და მოითხოვა მის მიერ უცხოეთში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნულის პასუხად, ე-–-–------------------ამ წარადგინა N7----- განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მის მიერ სწავლის მიღების პროცესი მიმდინარეობდა დისტანციურად და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, სწავლის პერიოდში.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2019 წლის 14 ივნისს M---------------- წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება: 1. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ; 2. დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით აღიარების შესახებ; 3. სწავლების ფორმის შესახებ (დასწრებული, დაუსწრებელი, დისტანციური და სხვ.). დაუსწრებელი ან დისტანციური სწავლების ფორმის შემთხვევაში, მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობისა და პერიოდის შესახებ; 4. სწავლების პერიოდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ; 5. განათლების საფეხურის შესახებ რუსეთის ფედერაციის განათლების სისტემის მიხედვით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ N0------- (ცენტრში რეგისტრაციის N1------) კორესპონდენციებით წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ე-–-–------------------ა განათლებას იღებდა სწავლის დაუსწრებელი ფორმით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 3 ივნისის M---------------- წერილი (ს.ფ. 60);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 14 ივნისის M---------------- წერილი (ს.ფ. 70);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-13).
3.3. უმაღლესი განათლების ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „მ-----------------------------------------------–-----------------ის“ მიერ 2020 წლის 20 იანვარს ე-–-–------------------ას სახელზე გაცემული N1--- ცნობის თანახმად, უმაღლესი განათლების ააო „მ-----------------------------------------------–-----------------ი“ ადასტურებს აზერბაიჯანის მოქალაქის - ე-–-–-------------------–---------------ას, დაბადებული: 23.01.1---–., სწავლების ფაქტს 03.09.2018 წლიდან 08.10.2018 წლამდე პერიოდში დაუსწრებელი ფორმის პედაგოგიური განათლების მიმართულებით, აგრეთვე განათლების შესახებ დიპლომის მიღებას სარეგისტრაციო N1----ით, გაც. 2018 წლის 12 ოქტომბერს (ბლანკის სერია და ნომერი - 1-------------). ცნობის თანახმად, ე-–-–-------------------–---------------ა ჩარიცხულია უმაღლესი განათლების ააო „მ-----------------------------------------------–-----------------ში“ 03.09.2018 წლის NO----- ბრძანებით უმაღლესი განათლების ააო „ღ------------------–---------------------------------დან“ გადმოყვანის წესით, ბრძანება ამორიცხვის შესახებ განათლების დასრულებასთან დაკავშირებით N0-----, გაცემული 08.10.2018 წელს. ე-–-–------------------ას ეცნობა, რომ მისი დოკუმენტი განათლების შესახებ გაფორმებულია (გაცემულია) რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 13.02.2014 წლის N--- ბრძანების „უმაღლესი განათლების შესახებ დოკუმენტების შევსების, აღრიცხვისა და გაცემის წესის და კვალიფიკაციის და მათი დუბლიკატების დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე-–-–------------------ას ყოფნის დროის (პერიოდის) და მის მიერ სასწავლო დატვირთვის შესრულების შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „მ------------------------------------------------–------------------“ წარმოადგენს საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ახდენს საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზებას ელექტრონული სწავლებისა და სწავლების დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებით. ცნობაში მითითებულია რუსეთის ფედერაციაში განათლების შესახებ კანონმდებლობის დებულებები და აღნიშნულის საფუძველზე, განმარტებულია შემდეგი: მითითებული საკანონმდებლო ნორმებით ე-–-–------------------ას საშუალება ჰქონდა არ ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სასწავლო - მეცადინეობების ჩატარების პერიოდში, აგრეთვე, მიმდინარე კონტროლისა და შუალედური ატესტაციის დროს, ხოლო მისი პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, რაც ისედაც კეთდებოდა, ჩატარებულიყო მოცემული ღონისძიებები შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მისი სწავლების ნორმატიული ვადები დაცული იქნა სრული მოცულობით რუსეთის ფედერაციის მოქმედი საგანმანათლებლო კანონმდებლობის ჩარჩოებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უმაღლესი განათლების ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „მ-----------------------------------------------–-----------------ის“ 2020 წლის 20 იანვრის N1--- ცნობა (ს.ფ. 97-101).
3.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წლის 7 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება M----------------, რომლის თანახმად, ე-–-–------------------ას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე. მოპასუხემ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ე-–-–------------------ას მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის ფაქტი. ამასთან, არ დგინდება ე-–-–------------------ას სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობა სასწავლო პროცესში, საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში მონაწილეობის მიღების ფაქტი. შესაბამისად, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეღიარებინა ე-–-–------------------ას მიერ ,,მ-----------------------------------------------–-----------------ში მიღებული განათლება, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-13).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია (ლისაბონი 1997წ); საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-–-–------------------ამ N5----- და N7----- განცხადებებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წლის 7 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება M----------------, რომლითაც ე-–-–------------------ას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილებით, ე-–-–------------------ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.
ამავე კანონის 474-ე მუხლის მიხედვით, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისათვის. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების გამოყენებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
აღნიშნული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.
სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს 2016 წლის 3 ნოემბრამდე არსებულ რეგულაციაზე, რომლის პირობებში მოსარჩელე უკვე სწავლობდა დისტანციური ფორმით.
2016 წლის 3 ნოემბრამდე არსებული რეგულაციით მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.
ამავე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას; მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას, ხოლო მე-7 პუნქტის მიხედვით, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სასამართლო მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.
უმაღლესი განათლების ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „მ-----------------------------------------------–-----------------ის“ მიერ 2018 წლის 12 ოქტომბერს გაცემული დიპლომი N1------------- და დანართი, რომლის თანახმად, ე-–-–------------------ამ აითვისა ბაკალავრიატის პროგრამა მომზადების შემდეგი განხრით - 44.03.01 პედაგოგიური განათლება, წარმატებით გაიარა სახელმწიფო საბოლოო ატესტაცია და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მიენიჭა ბაკალავრის კვალიფიკაცია: ბაკალავრის/სპეციალობის დასწრებული ფორმით სწავლების დაძლევის ვადა - 4 წელი, სწავლების ფორმა - დაუსწრებელი, საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულება (პროფილი): სკოლამდელი პედაგოგიკა.
განსახილველ შემთხვევაში, ე-–-–------------------ას მიერ სასწავლებლის არჩევისა და სწავლის პროცესში მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას ადგენდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ უმაღლესი განათლების ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „მ-----------------------------------------------–-----------------ში“ დისტანციურად სწავლა დაასრულა 2018 წელს, შედეგად, მასზე უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომი გაცემული იქნა 2018 წლის 12 ოქტომბერს, ამდენად, მოსარჩელემ აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა დაიწყო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით ახალი წესის დადგენამდე, რომლითაც მოსარჩელეს ჰქონდა უფლება მის მიერ მიღებული განათლება აღიარებული ყოფილიყო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ახალი მოწესრიგების მოსარჩელის მიმართ გავრცელება ავტომატურად აუარესებს მის მდგომარეობას, ზემოქმედებს უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
6.4. სასამართლო მიუთითებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებში ასახულ პრინციპებზე. კერძოდ: უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის მოპოვება უნდა დაეფუძნოს და შენარჩუნებული იქნას ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც იძლევიან იმის გარანტიას, რომ პროგრამები კარგად იქნება შექმნილი, რეგულარულად მოხდება მათი მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება. პროგრამებისა და დიპლომების ხარისხის უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: სწავლების დაგეგმილი შედეგების შემუშავება და გამოქვეყნება, კურიკულუმებისა და პროგრამების შედგენისა და მათი შინაარსის მიმართ ყურადღებით მოპყრობა, სხვადასხვა სახის მიწოდების სპეციფიკური საჭიროებანი (მაგ. სრული დრო, ნახევარი დრო, დისტანციური სწავლება, ელექტრონული სწავლება) და უმაღლესი განათლების ტიპები (მაგ. აკადემიური, პროფესიული, პროფესიულ-ტექნიკური); სასწავლო რესურსების მისაწვდომობა, პროგრამების ოფიციალურად დამტკიცების პროცედურები იმ ორგანოს მიერ, რომელიც განსხვავდება იმისგან, ვინც ამ პროგრამით ასწავლის; სტუდენტების პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგი, პროგრამების პერიოდული შემოწმება (გარეშე წევრების გუნდის ჩათვლით), დამსაქმებელთა, შრომის ბაზრის წარმომადგენელთა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან რეგულარული რეაგირება. ცალკე ინიციატივა იქნა შემუშავებული ერთობლივად OECD-ს და UNUNESCO-ს მიერ. მათ შეიმუშავეს ხარისხის შეთავაზების სახელმძღვანელო პრინციპები საზღვრის იქითა უმაღლეს განათლებაში. ეს პრინციპები საბოლოო სახეს მიიღებს 2005 წელს, თუმცა მისი შექმნის პროცესში გამოიკვეთა სხვაობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის დარეგულირების საჭიროებისა იმ ფაქტთან, რომ არსებული ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფა აქცენტირებულია მხოლოდ შიდა მიწოდებაზე შიდა ინსტიტუტების მიერ. ამდენად, არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ განავითარონ შესაფერისი მეთოდოლოგიები და მექანიზმები, რომლებიც ეროვნულ მომწოდებლებსა და პროგრამებთან ერთად მოიცავს უცხოელ მომწოდებლებს და უცხოურ პროგრამებს იმ მიზნით, რომ მოხდეს სარგებლიანობის მაქსიმალიზაცია და შეიზღუდოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციით მიღებული პოტენციური ზარალი. OECD-UNESCO-ს სახელმძღვანელო პრინციპები ითვალისწინებენ, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა უზრუნველყონ, რომ მათი ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობა ითვალისწინებდეს უცხოურ და სარგებელზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს/ მომწოდებლებს, და აგრეთვე დისტანციურ სწავლებას და განათლების მიწოდების სხვა არატრადიციულ მოდელებს. თუმცა, სახელმძღვანელო პრინციპების შექმნის პროცესი აცნობიერებს, რომ უცხოელი მომწოდებლების მონაწილეობა, ნაციონალური სააგენტოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად, უმრავლეს შემთხვევაში მოითხოვს ეროვნულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებს.
აქვე, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ არჩეული სწავლების ფორმა - დისტანციური სწავლება აღიარებულია უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. თუმცა უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძვანელო პრინციპები ასევე ითვალისწინებენ გარე მომწოდებლისათვის გარკვეული ნორმატიული ჩარჩოების დადგენას, მაგრამ ამგვარი შეზღუდვა უკვე მიმდინარე ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, განათლების მიღების დაწყებისას არ არსებობდა. შესაბამისად, უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, დღეს მოქმედი ნორმატიული დანაწესის გავრცელება, რაც ფაქტობრივად მიღებული განათლების უფლების შეზღუდვას (საქართველოს ფარგლებში) იწვევს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–-–------------------ას სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე-–-–------------------ას უცხოეთში - ,,მ-----------------------------------------------–-----------------ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–-–------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება;
3. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე-–-–------------------ას უცხოეთში - ,,მ-----------------------------------------------–-----------------ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ;
4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელე - ე-–-–------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე