გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 621210019002875486
№2/9-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.02.2020 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - ს.ს ,,ლიბერთი ბანკი“
წარმომადგენელი - ნი-------–-–---–ი
მოპასუხე - ნატ-----------ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს 2017 წლის 27 ოქტომბრის განვადების N17------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 2892.71 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2132.72 ლარს, 49.99 ლარი - საპროცენტო სარგებელს და 710 ლარი - ჯარიმას.
სარჩელის საფუძვლები:
2017 წლის 27 ოქტომბერს ს.ს ,,ლიბერთი ბანკსა“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა განვადების N17------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნატ-----------ძის სახელზე გაიცა სესხი 12 თვის ვადით, 2368 ლარის ოდეობით.
მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მის მიერ გადახდილი არ არის განვადების ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა. მოპასუხის დავალიანება განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2892.71 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2132.72 ლარს, 49.99 ლარი საპროცენტო სარგებელს და ჯარიმა 710 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ნატ-----------ძემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან განმარტა, რომ სესხად მიღებული ძირითადი თანხის ნაწილს 2132.72 ლარის დაკისრებას ეთანხმება, სხვა დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 27 ოქტომბერს სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და ნატ-----------ძეს შორის გაფორმდა განვადების N17------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნატ-----------ძის სახელზე გაიცა სესხი 12 თვის ვადით, 2368 ლარის ოდენობით. კრედიტის მომსახურების ყოველთვიურმა გადასახდელმა თანხამ შეადგინა 180.73 ლარი. ხელშეკრულების გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა 27.11.2017-ში შესაბამისად, დავალიანება ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან 2019 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.1.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ დაირღვა 2017 წლის 27 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.23)
- ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ.16)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.1.3. მსესხებლის დავალიანება სს ,,ლიბერთი ბანკის“ წინაშე შეადგენს 2892.71 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2132.72 ლარს, 49.99 ლარი არის საპროცენტო სარგებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ.16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 4-5; 60; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცა მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო განვადების ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს სს ,,ლიბერთი ბანკსა“ და ნატ-----------ძეს შორის გაფორმდა განვადების N17------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნატ-----------ძის სახელზე გაიცა სესხი 12 თვის ვადით, 2368 ლარის ოდენობით. კრედიტის მომსახურების ყოველთვიურმა გადასახდელმა თანხამ შეადგინა 180.73 ლარი. ხელშეკრულების გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა 27.11.2017 -ში შესაბამისად, დავალიანება ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან 2019 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
მოსარჩელის განმარტებით, სესხის ძირი თანხა შეადგენს 2132.72 ლარს, 49.99 ლარი საპროცენტო სარგებელს და ჯარიმა 710 ლარს.
მითითებული გარემოება ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ არის შესრულებული.
ამდენად, მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, მან გრაფიკით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გადაიხადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
ამდენად, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოტხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხე ნატ-----------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკის“ მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა მოსამზადებელ ეტაპზე.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს ნატ-----------ძეს სს "ლიბერთი ბანკის" სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 7.49 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლიბერთი ბანკი“-ს სარჩელი მოპასუხე ნატ-----------ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნატ-----------ძეს სს ,,ლიბერთი ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 2382.71 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 2132.72 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 49.99 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი.
3. სს ,,ლიბერთი ბანკს“ სახელმწიფო ბიჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 42.51 ლარი (გადახდის თარიღი: 27.02.2019 წ, საგადახდო დავალება N 5153120190, სახაზინო კოდი 300073150);
4. ნატ-----------ძეს სს ,,ლიბერთი ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 7.49 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე