განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
080100119003344580
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003344580

საქმე №1/1115-19 წ.

განაჩენი

საქართველოს სახელით

21.02.2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

შესავალი ნაწილი

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე:

სტაჟიორი - პროკურორი - კა-------------ა;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ირ---–--–-----–-ა

ბრალდებული: დე-------–--–-----ი

მამის სახელი: ბი---ო

დაბადების თარიღი: 18.05.1959წ.

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუ-----ი, გ--------–-----ის ქუჩა №30

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ა---–-------–ის ქუჩა №32.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა

 

2017 წლის 11 მაისის ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი დე-------–--–-----ი 2019 წლის 05 ოქტომბერს, დაახლოებით 14:21 საათზე ქუ-----ში, ილ-----------ის გამზირის №55-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თეთრი ფერის "ფორდ ტრანზიტის" მარკისა და მოდელის მიკროავტობუსიდან, სახელმწიფო ნომრით "IIJ-273" მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზა---------------ის კუთვნილ შავი ტყავის 35 ლარად ღირებულ ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო: ვერცხლის 100 ლარიანი ბეჭედი, 400 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი კულონით, 15 ლარად ღირებული მეხსიერების ბარათი, 15 ლარად ღირებული საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო 88 ლარი, 23 ლარად ღირებული საფულე რომელშიც მოთავსებული იყო ID და საპენსიო ბარათები, 80 ლარად ღირებული ინტერნეტის მოდემი და 300 ლარად ღირებული 2 ცალი ქარვის ქვა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზა---------------ეს მიადგა 1056 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

2.1. 2019 წლის 26 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ დე-------–--–-----ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა დე-------–--–-----მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დე-------–--–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დე-------–--–-----ის ბრალეულობას, კერძოდ ესენია: მოწმეების: ზა---------------ის, მუ---------------ის, ია------–-–---ს, და----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, საფინანსო ორგანიზაცია "ე-–-----------ისა" და მაღაზია "ორ--------ის" ვიდეო მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმები, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენი და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დე-------–--–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

დე-------–--–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დე-------–--–-----ის ნასამართლობა.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დე-------–--–-----მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ნასამართლევია იგივე ხასიათის დანაშაულისათვის.

 

საქმის მასალებში არის ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენი, რომლის თანახმადაც დე-------–--–-----ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობით მსჯავრი.

 

ამდენად, დე-------–--–-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დე-------–--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე, 41-ე, 42-ე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე და 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დე-------–--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

1.1 საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობით მსჯავრი.

 

1.2 საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დე-------–--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. გაუქმდეს დე-------–--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

4. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დე-------–--–-----ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

5.1 შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის ორი კვალი; DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ორ--------იდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერი; DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ე-–-----------იდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერი - რომლებიც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5.2 მეხსიერების ბარათი, რომელზეც ჩაწერილია ორ--------იდან და ე-–-----------იდან გამოთხოვილი ჩანაწერები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე