გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/32403-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ი----- ჯ------
წარმომადგენელი - თ---------- ბ--------
მოპასუხე - სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’
წარმომადგენელი - ა------- ფ------–---–-
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 18 597.04 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შრომის ანაზღაურების ვადის გადაცილებისათვის 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო - 6 889.13 ლარის ოდენობით, 2019 წლის წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი ყოველდღიურად 13.02 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ი----- ჯ------ (შემდგომში მოსარჩელე/დასაქმებული) 2013 წლის 24 სექტემბრიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ში (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი) ექიმი-რადიოლოგის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება იყო ნარდობლივი და განისაზღვრებოდა საანგარიშო თვეში მოპასუხის პაციენტებისათვის გაწეული ს------–---- მომსახურების ჯამური ღირებულებიდან.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასასუხის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 18 597.04 ლარს, საიდანაც მიმდინარე წლის სახელფასო დავალიანებაა - 3 320.82 ლარი, მაისის თვის - 2 440 ლარი, ივნისის თვის - 2 740 ლარი, ივლისის თვის - 2 802.46 ლარი, აგისტოს თვის - 4 073.76 ლარი, სექტემბრის თვის - 2 180 ლარი, ხოლო ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანებაა 1 040 ლარი. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მათ შორის შრომითი ურთირთობა შეწყდა 2019 წლის 29 ოქტომბრიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე უარს აცხადებს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 6 889.13 ლარი, საიდანაც დაგვიანებით გადახდილი ხელფასის გაცემისთვის დარიცხული პირგასამტეხლოა 5 686.52 ლარი, ხოლო არსებული დავალიანებისთვის - 1 202.61 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო, თუმცა არ განუხორციელებია არსებითი შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების ოდენობასთან მიმართებით.
მოპასუხის განმარტებით, კლინიკა ამჟამად საპარტნიორო ფონდის დაქვემდებარებაშია და მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის პროცესი, რის გამოც რამდენიმე თვეა კლინიკა იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვერ გასცემს ხელფასებს და არ ჰყავს საკმარისი პაციენტები. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ჯარიმა არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს ათმაგ ოდენობამდე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი----- ჯ------ 2013 წლის 24 სექტემბრიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით დასაქმებული იყო მოპასუხე კლინიკაში ექიმი-რადიოლოგის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა საანგარიშო თვეში მოპასუხის პაციენტებისათვის გაწეული ს------–---- მომსახურების ჯამური ღირებულებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები (ს.ფ. 15-22);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ასანაზღაურებელი აქვს სახელფასო დავალიანება - 18 597.04 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის ცნობა (ს.ფ. 15), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება სახელფასო დავალიანება - 20 179.48 ლარი. მხარეთა განმარტებით, აღნიშნული ცნობის შემდეგ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ანაზღაურებულია დავალიანების ნაწილი, რის შედეგადაც დავალიანება შეადგენს
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე თავადვე ეთანხმება დავალიანების არსებობის ფაქტს და განხორციელებული შედავების ფარგლებში იგი მხოლოდ მიუთითებს თანხის გადახდის შეუძლებლობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 21-ე, 34-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი და ის გარემოება, რომ მოპასუხეს ყოველთვიურად ევალებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების გაცემა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების წარმოშობიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების თანახმად (ს.ფ. 23) 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს - 6 889.13 ლარს, ხოლო 2019 წლის წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი ოდენობა ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს 13.02 ლარით.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. მართალია მხარეთა შორის შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა და ისინი აღარ ასრულებენ შრომით მოვალეობებს, თუმცა აუნაზღაურებელი სახელფასო დავალიანების პირობებში, მოსარჩელე წარმოადგენს შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. აღნიშნული კი განაპირობებს დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებას და მისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.07% წარმოადგენს არა მხარეთა შეთანხმებულ, არამედ ე.წ. ,,კანონისმიერ პირგასამტეხლოს’’, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი სსკ-ის 420-ე მუხლის ფარგლებში გამოიყენოს ,,სასამართლო შესაგებელი’’ და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობასა და მისი შემცირების აუცილებლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არსებობს მოპასუხის მიმართ სახელფასო და საშვებულებო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 192.29 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ი----- ჯ------- სარჩელი მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს მოსარჩელე ი----- ჯ------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 18 597.04 ლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს მოსარჩელე ი----- ჯ------- სასარგებლოდ დაეკისროს შრომის ანაზღაურების ვადის გადაცილებისათვის 2019 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო - 6 889.13 ლარის ოდენობით, 2019 წლის წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი ყოველდღიურად 13.02 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე სს ,,უ---------–----- ს------–---- ც-------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 192.29 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია