განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
330100119003012226
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2357-19

(0------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ფატიმა გოგიშვილის მდივნობით,ბრალმდებლის მ--------------ის,ადვოკატის მ------------–---–ის,ბრალდებულ ი--------------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი--------------–---–ის (---------------- დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, გუ--------------------------------- ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ი--------------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით ი--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 8 თვის ვადით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ი--------------–---–ი გათავისუფლდა 2016 წლის 17 მარტს.

2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 15:14 საათზე, ქ. თბილისში, ფორე მოსულიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით ნასამართლევი ი--------------–---–ი მა----–---------–---–ის ტანთცმული ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ,,LG“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს თავისივე შალითით, საერთო ჯამში ღირებულს 201 (ორას ერთ) ლარად, რის შემდეგაც იგი შემჩნეულ და დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ. ი--------------–---–ის აღნიშნული ქმედებით მა----–---------–---–ს მიადგა 201 (ორას ერთი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ი--------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, კერძოდ:

დაზარალებულმა მა----–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 27 აპრილს იმყოფებოდა ქ. თბილისში, მოსულიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე აგრარულ ბაზარში სურსათის შესაძენად. მას ბაზარში ყოფნისას ეცვა ჟილეტი, რომლის ჯიბეშიც ედო ვერცხლიფერი ,,LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა წითელი დამცავი. ამ დროს მან იგრძნო ჯიბესთან გარკვეული შეხება. ცოტა ხანში, როდესაც მოიძია ტელეფონი, აღმოჩნდა, რომ ჯიბეში ტელეფონი აღარ ედო. მან ამის გამო ინერვიულა, თუმცა მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ დაკავებული ჰყავთან პიროვნება, რომელმაც მისი ტელეფონი მოიპარა. მან გამოძიებისას პოლიციაში წარადგინა საკუთარი ტელეფონის ყუთი და დოკუმენტები. ამ ფაქტის გამო შვიდი თვეა უტელეფონოდ არის, რითაც იგი თავს დასჯილად გრძნობს.

პოლიციის ოფიცერმა გ--------–---–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 27 აპრილს, თავის თანამშრომლებთან - გ------------–---–თან და ნ-----–----------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, მოსულიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე აგრარულ ბაზარში და ისინი მოძრაობდნენ დახლებს შუა. მათ ამ დროს შენიშნეს ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ერთად გადაადგილდებოდნენ. როდესაც ქალბატონი შეჩერდა, ხსენებული ახალგაზრდა მამაკაცი საეჭვოდ უყურებდა ქალბატონს. როდესაც ხსენებულ მამაკაცს აკვირდებოდნენ, მამაკაცმა ქალბატონს ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი და შეეცადა ადგილიდან მიმალვას, თუმცა გ------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა დააკავეს იგი, ხოლო თავად დაზარალებულთან მივიდა, რომ აეხსნა შექმნილი ვითარება. ხსენებული მამაკაცი აღმოჩნდა ი--------------–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის დამცავ ჩიხოლში მოთავსებული ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი, რომელიც ეკუთვნოდა ქალბატონ მა----–---------–---–ს.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის ოფიცრებმა გ------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა.

მოწმე ნ-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

გამომძიებლებმა ზ--------------–---–მა, ზ-------–----–---–მა და რ--------–-----ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 27 აპრილს, 15:14 საათზე, ქ. თბილისში, მოსულიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ქურდობის ბრალდებით დაკავებული იქნა ი--------------–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ,,LG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმ-ბარათით. მობილური ტელეფონი მოთავსებულია წითელი ფერის ჩასადებში (ს.ფ. 4-11).

2019 წლის 27 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა იმედა ი--------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,LG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი. დათვალიერების პროცესში გამომძიებლის კუთვნილი ნომრიდან დარეკვა განხორციელდა მა----–---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ და კუთვნილ ,,LG”-ის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5------------ რა დროსაც გამომძიებლის ნომრიდან ზარი შევიდა აღნიშნულ ,,LG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე (ს.ფ. 28-29).

2019 წლის 1 მაისის ამოღების ოქმის მიხედვით, მა----–---------–---–ისგან ამოღებული იქნა მომწვანო ყუთი, რომელსაც აქვს ასევე მუყაოს თეთრი ფერის ხუფი, აღნიშნულ ხუფს ზედა წინა მხარეს აღენიშნება წარწერა ,,G5”, ხოლო მის მარცხენა გვერდზე დაკრულია თეთრი ფერის ქაღალდი, ზედ არსებული წარწერებით, კერძოდ განთავსებულია შტრიხკოდი, მის ქვევით არსებული წარწერით ,,---------------------- S-------------- ასევე ყუთის ხუფს უკანა მხარეს აღენიშნება წარწერა ,,LG”, ხოლო მარჯვენა გვერდითა მხარეს ლათინური ასოებით წარწერა ,,Verizon” (ს.ფ. 147-152).

ბრალდებულმა ი--------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენებისგან თავი შეიკავა.

გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის) გათვალისწინებული ქმედება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი--------------–---–ის ბრალეულობა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ი--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. კერძოდ:

პოლიციის ოფიცრების გ--------–---–-----ის, გ------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 აპრილს, მოსულიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე აგრარულ ბაზარში დაინახეს, რომ ი--------------–---–მა მა----–---------–---–ს ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი და შეეცადა მიმალვას, რა დროსაც იგი გ------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა დააკავეს. დაზარალებულ მა----–---------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი 2019 წლის 27 აპრილს იმყოფებოდა მოსულიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე აგრარულ ბაზარში, სადაც მას ჟილეტის ჯიბიდან ფარულად ამოაცალეს მისი კუთვნილი ,,LG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა წითელი დამცავი. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 27 აპრილს, 15:14 საათზე, მოსულიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ი--------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ,,LG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებულია წითელი ფერის ჩასადებში. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს თავად დაკავებული ი--------------–---–ი. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ი--------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი ეკუთვნის მა----–---------–---–ს.

სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, ი--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელი გარემოებები, კერძოდ:

2019 წლის 8 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,LG”, მოდელი ,,G5VS987 (Verizon) საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, 27 აპრილის და დღეის მდგომარეობით შეადგენს - 200 (ორას) ლარს; მობილური ტელეფონის შალითის საბაზრო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 27 აპრილის და დღეის მდგომარეობით შეადგენს - 1 (ერთ) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მობილური ტელეფონის და შალითის საბაზრო ღირებულებათა ჯამი შეადგენს - 201 (ორას ერთ) ლარს (ს.ფ. 114-120).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-–----–--–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი--------------–---–ის ქმედებით, მა----–---------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

რაც შეეხება მეორე მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით დასტურდება, რომ ი--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 8 თვის ვადით (ს.ფ. 82-85).

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ი--------------–---–ი გათავისუფლდა 2016 წლის 17 მარტს (ს.ფ. 91).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს, წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე - 186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული, რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

ი--------------–---–ი ნასამართლევი პირია საქართველოს სსკ 179-ე მუხლით და სასჯელის მოხდიდან - 2016 წლის 17 მარტიდან, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2019 წლის 27 აპრილის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (იგი ნასამართლევი პირია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, რომლისთვისაც საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდიდან ნასამართლობა გაქარწყლდებოდა რვა წლის შემდეგ). ამდენად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს მსჯავრდებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი--------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში ი--------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მართალია იგი წარსულში ნასამართლევია, მაგრამ ნასამართლობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, რის გამოც სასამართლო მას დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილავს. ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის საგანი - მობილური ტელეფონი საქმეზე ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულების სახით, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდება დაზარალებულს.

შესაბამისად, სასამართლოს ი--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ი--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 აპრილიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

1) ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათით და შალითით, - დაუბრუნდეს მა----–---------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

2) ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათით, საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და პირადი დოკუმენტებით, - დაუბრუნდეს ი--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

3) ი--------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ,,LG”-ის ფირმის მობილური ტელეფონიდან და შალითიდან აღებული ანაწმენდები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი