გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
200210117001895756
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/243-17

№200210117001895756

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - მაია ხუციშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ს------ ჯ-------- გ----"

წარმომადგენელი - ნ---- ხ----ე

მოპასუხე - შპს ,,ნ--------- ჯ-----ი"

დირექტორი - დ----- მ–------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს მოპასუხე შპს ,,ნ--------- ჯ-----ს" დაეკისროს პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე, ანუ 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 14 ივლისამდე, დავალიანების თანხის 0.08 %-ის ოდენობით დარიცხული თანხების პროპორციულად, სულ 23 728.88 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის თანახმად, სასამართლოში დავის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ 2017 წლის 14 ივლისს სარჩელის შეტანის დროისათვის არსებული დავალიანების თანხა 82 567.15 ლარი დაფარა სრულად. შესაბამისად ამ ნაწილში მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვება. 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. ასევე ამავე სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე, ანუ 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 14 ივლისამდე, დავალიანების თანხის 0.08 %-ის ოდენობით დარიცხული თანხების პროპორციულად, სულ 23 728.88 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა).მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე წარმოადგენს ბუნებრივი გ----ს მომხმარებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიატებისაგან მიეწოდება ბუნებრივი გაზი. მოპასუხე ბილინგის ბაზაში ირიცხება აბონენტის №2---------. ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში, 2015 წლის მაისის თვიდან მოპასუხეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. ამდენად, მხარეთა შორის განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები დადასტურებულია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, მოპასუხის მიერ მოხმარებული (შესყიდული) გაზის ოდენობის და ღირებულების მიხედვით მოპასუხეზე განხორციელებულია თანხის დარიცხვა და მისი აღრიცხვა საბილინგო მონაცემთა ბაზაში. ამდენად, გაზის შესყიდვის ფაქტი, კერძოდ მოპასუხის მიერ შესყიდული (მოხმარებული) გაზის ოდენობა და ღირებულება, ასევე გადახდები ასახულია ბილინგის ბაზაში და აბონენტის პირად ბარათში. მოპასუხეს პირად ბარათზე დავალიანების სახით ერიცხებოდა 82567.1 ლარი. სასამართლოში დავის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ 2017 წლის 14 ივლისს სარჩელის შეტანის დროისათვის არსებული დავალიანების თანხა 82 567.15 ლარი დაფარა სრულად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-10 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად) ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო მოხმარებული გაზის თანხის გადახდის ბოლო ვადა, ქვითრის გამოწერის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს, ამდენად ქვითრის მიღების რა პერიოდიც არ უნდა იყოს განსაზღვრული გაზის მიმწოდებლის მიერ, თანხის გადახდის ვადა მომხმარებლის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, იმავე დადგენილების იმავე მუხლის მე-4 პუნქტის ანალიზის საფუძველზე განისზღვრება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ამდენად, მოპასუხეს შესყიდული გაზის ღირებულების გადახდის ვალდებულება გააჩნდა ყოველთვიურად მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანების თანხის 62176,19 ლარის დღიურმა პირგასამტეხლომ შეადგინა (62176,19 ლარის 0.08%) 49,74 ლარი, რომლის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს 16 აგვისტოდან, ე.ი 15 დღის გათვალისწინებით პირველ სექტემბრამდე, მორიგ დარიცხვამდე, აღნიშნული შეადგენს (49.74*15 დღეზე=746.10) 746,10 ლარს.2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით დავალიანების თანხის 82343.71 ლარის 0.08% -ის გათვალისწინებით დღიური პირგასამტეხლო შეადგენს 65.88 ლარს, რომლის გადახდაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მომდევნო დარიცხვამდე ანუ 2016 წლის 1 დეკემბრამდე, აღნიშნული შეადგენს (65.88*91დღეზე=5 995.08) 5 995,08 ლარს. 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების თანხის 82567.15 ლარის 0.08%-ის გათვალისწინებით დღიური პირგასამტეხლო შეადგენს 66.10 ლარს, რომლის გადახდაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადახდამდე. აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხა სარჩელის შეტანის დროისათვის 2017 წლის 24 აპრილისათვის შეადგენდა (66.10*176დღეზე=11 633.60) 11633.60 ლარს, ამდენად პირგასამტეხლოს თანხა ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის შეტანამდე შეადგენს (746.10+5995.08+11633.60=18374.78) 18 374.78 ლარს, ხოლო სარჩელის შეტანიდან თანხის გადახდამდე, ანუ ვალდებულების შესრულებამდე 2017 წლის 14 ივლისამდე შეადგენს (66.10*81=5354.10) 5 354.10 ლარს, სულ პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 23 728.88 ლარს. ამდენად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული პირგასამტეხლო სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ დაზუსტებული სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხე წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს რომელსაც განაწილების ლიცენზიატისაგან მიეწოდება ბუნებრივი გაზი. მოპასუხე ბილინგის ბაზაში ირიცხება აბონენტის N2---------. ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში, 2015 წლის მაისის თვიდან მოპასუხეს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიეწოდება ბუნებრივი გაზი, მხარეთა შორის განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები დადასტურებულია სპეცილური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, მოპასუხის მიერ მოხმარებული (შესყიდული) გაზის ოდენობის და ღირებულების მიხედვით მოპასუხეზე განხორციელებულია თანხის დარიცხვა და მისი აღრიცხვა საბილინგო მონაცემთა ბაზაშია აღრიცხული. გაზის შესყიდვის ფაქტი, კერძოდ მოპასუხის მიერ შესყიდული (მოხმარებული) გაზის ოდენობა და ღირებულება, ასევე გადახდები ასახულია ბილინგის ბაზაში და აბონენტის პირად ბარათში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 4 იანვრის ხელშეკრულება ბუნებრივი გზის მიწოდების შესახებ S--------, ამონაწერი ბილინგის ბაზიდან (აბონენტის პირიდი ბარათის ბრუნვის ისტორია) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სერია ე--------------; სერია ე-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ს.ფ. 29-42)

 

3.2.2. მოპასუხეს პირად ბარათზე, ერიცხებოდა 82 567,15 ლარი დავალიანების თანხა,რომელიც დაფარული იქნა მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, რის გამოც მოსარჩელე მხარემ გაიხმო სარჩელი დავალიანების 82 567,15 ლარის მოთხოვნის ნაწილში, 2019 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომაზე. სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-2019 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინება(ს.ფ.139-140)

- ამონაწერი ბილინგის ბაზიდან (აბონენტის პირადი ბარათის ბრუნვის ისტორია) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სერია ე------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; და გამომდინარეობს კანონიდან (ს.ფ. 34-42)

 

3.2.3. მოპასუხემ დაარღვია მიწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდის ვადები საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესების „ მე-10 მუხლის მე-3 , მე-4 და მე-5 პუნქტები", რომლის თანახმად საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად), ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი ბილინგის ბაზიდან (აბონენტის პირადი ბარათის ბრუნვის ისტორია) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სერია ე------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; 2016 წლის 4 იანვრის ხელშეკრულება ბუნებრივი გ----ს მიწოდების შესახებ SGG-LS-N-2017-3-2/01 SGG-LS-LT-2017-3-2/19 გამომდინარეობს კანონიდან (ს.ფ. 34-42);

 

3.2.4. მოპასუხის მხრიდან დარღვეულია მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდის ვადები. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რომელიც მხარეთა შორის 2016 წლის 4 იანვარს დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით არის განსაზღვრული; კერძოდ მხარეთა მიერ განსაზღვრულია რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მყიდველს დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,08% ოდენობით ყოველდღიურად ვალდებულების დარღვევის მომენტიდან. “ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ სემეკის N12 დადგენილების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით აბონენტს გააჩნდა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე აღნიშნულის გათვალისწინებით. მოპასუხეს ბუნებრივი გაზი მიეწოდა 2016 წლის აგვისტოს თვეში, გადახდის ვალდებულება წარმოეშვა მომდევნო თვიდან, შესაბამისად ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2016 წლის 15 სექტემბერი, რადგან ვალდებულება ამ დროში არ შესრულდა, პირგასამტეხლოს ათვლა მოსარჩელემ დაიწყო ამ დროიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი ბილინგის ბაზიდან (აბონენტის პირადი ბარათის ბრუნვის ისტორია) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები N S-------- ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ და გამომდინარეობს კანონიდან (ს.ფ. 29-33);

-

3.2.5. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო. 2016 წლის აგვისტოს თვეში დავალიანების თანხის ოდენობა, შეადგენდა 82176. 19 ლარი. რომლის დღიური პირგასამტეხლო შეადგენს 65. 74 ლარს, ხოლო 2016 წლის დეკემბრისათვის მოხმარებული გაზის ღირებულების გადაუხდელი თანხის ოდენობამ (რაც სარჩელის აღძვრის დროისთვის) შეადგინა 82 567.15 ლარი, რომლის დღიური პირგასამტეხლო შეადგენს 66.05 ლარს.

სარჩელის შეტანის დროისათვის პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 11 982.97 (65.74X123 დღე = 8086.02ლარს + 66.05X59დღე=3896.95ლარი=11982.97) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი ბილინგის ბაზიდან (აბონენტის პირადი ბარათის ბრუნვის ისტორია) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები N S-------- ხელშეკრულება ბუნებრივი გ----ს მიწოდების შესახებ და გამომდინარეობს კანონიდან (ს.ფ. 34-42);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე, 361-ე, მე-400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეს შორის დადებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით 2016 წლის 04 იანვარს ხელშეკრულება, რომლის 6.2. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,ხელშეკრულებით ,,მომხმარებლის“ (შპს ,,ნ--------- ჯ-----ის“) მიერ საბოლოო ანგარიშსწორების პირობებისა და ვადების დარღვევის შეთხვევაში ,,მიმწოდებელი“(შპს,,ს------ ჯ-------- გ----“) უფლებამოსილია ,,მომხმარებელს“ დაარიცხოს პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული დავალიანების (გადაუხდელი თანხის)0.08%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარღვევის დღიდან“.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და მოსარჩელეს არ ჩაურიცხა მოხმარებული გაზის ღირებულება, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო. მხარეებს შორის სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ საქმის განხილვის დაწყებამდე მოხდა ძირითადი დავალიანების დაფარვა, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 11864.44 ლარი, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და სამართლიანი ოდენობაა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

დადგენილია რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას 2017 წლის 19 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 4646,75 ლარი.

მოსარჩელე მხარეს 2019 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით სარჩელი გამოხმობის გამო 82567,15 ლარის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი და მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4646,75 ლარიდან დაუბრუნდა 2477 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დარჩენილი 2187,75 ლარიდან მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმტად გადახდილი ბაჟის თანხა 1457,88 ლარის ოდენობით.ხოლო შპს ,, ნ--------- ჯ-----ს“ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა, 355.93 ლარის ოდენობით შპს ,,ს------ ჯ--------ს“ სასარგებლოდ .

ასევე შპს ,,ს------ ჯ--------ს“ უნდა ჩაეთვალოს გადახდილად 355.93 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე,ლ 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ს------ ჯ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. შპს ,,ნ--------- ჯ-----ს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, 11864.44 ლარის ოდენობით.

2. შპს ,,ნ--------- ჯ-----ს დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა, 355.93 ლარის ოდენობით შპს ს------ ჯ--------ს სასარგებლოდ.

შპს ,,ს------ ჯ--------ს" ჩაეთვალოს გადახდილად 355.93 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შპს ,,ს------ ჯ--------ს" დაუბრუნდეს მის მიერ ზედმტად გადახდილი ბაჟის თანხა 1457,88 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე