გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2020
საქმის ნომერი
330310019003341264
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9701-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი თამარ ბარნოვი

 

მოსარჩელე - ნ---------–---

წარმომადგენელი - ი-----–--------

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - დ---------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ---------–--ისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 06 მაისის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილება.

 

1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ნ---------–--ისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების, 100 000 ლარის ოდენობით გადაცემა.

 

სარჩელის არსი

 

მოსარჩელის მეუღლე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, კ-------–----–------------–--- მოკლეს 1995 წლის 2 მარტს, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, თავისსავე სამუშაო ოთახში. სადავო გარემოება არაა და სამინისტროს 2015 წლის 13 ნოემბრის #2------ ცნობით დადასტურებულია, რომ პოლიციის პოლკოვნიკი, კ-------–----–------------–---, დაბადებული 11.04.1--- წელს, გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას. 2015 წლის 3 ივლისს, ოჯახს დაენიშნა ყოველთვიური კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ერთჯერადი ფულადი დახმარების, 100 000 ლარის ოდენობით, მიღების მიზნით. 2019 წლის 6 მაისს ეთქვა უარის ერთჯერად დახმარებაზე, იმ მოტივით, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 100 000 ლარის ოდენობით ძალაში შევიდა 2015 წლის 3 ივლისს და იგი არ ვრცელდება 2015 წლის 3 ივლისამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთბებზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე კ-------–----–------------–--- (დაბადებული 11.04.1--- წ.), გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 13 ნოემბრის # 2------ ცნობით, კ-------–----–------------–--- გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

 

მოსარჩელე ნ---------–--- არის კ-------–----–------------–--ის მეუღლე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 13 ნოემბრის ცნობა (ს.ფ. 24);

 

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. მოსარჩელე ნ---------–---მ, 2019 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის M---------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ნ---------–---ს უარი ეთქვა კომპენსაციის ანაზღაურებაზე და განემარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონის აღნიშნული ნორმა ძალაში შევიდა 2015 წლის 3 ივლისიდან და იგი არ ვრცელდება 2015 წლის 3 ივლისამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთბებზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 29 ოქტომბერს გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის №M---------------- წერილობითი მიმართით, მოსარჩელე ნ---------–---ს ეცნობა, რომ შს სამინისტროს პოზიცია ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით ეცნობა შსს ეკონომიკური დეპარტამენტის 2019 წლის 6 მაისის #1------ წერილით და მისი უფლების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.

 

მოსარჩელე ნ---------–---მ 2019 წლის 18 დეკემბერს, სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 06 მაისის №M---------------- და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება ნ---------–--ისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების, 100 000 ლარის ოდენობით გადაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 26);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის №M---------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 27);

- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 28-33);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის №M---------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 34);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნორმატიული აქტების შესახებ„ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნ---------–--ისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი მიმართვები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელე ნ---------–--ის მოთხოვნა მის სასარგებლოდ კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

6.3 . „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.

 

პოლიციელის სოციალური დაცვის საკითხები განსაზღვრულია აღნიშნული კანონის მე-7 თავით, რომლის შესაბამისად, პოლიციელის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. უზრუნველყოფილია პოლიციელის სავალდებულო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სახელმწიფო დაზღვევა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მიღებული ჭრილობების შედეგად დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის სოციალური დაცვის პირობები განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში, რომლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ხოლო ამავე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, ხოლო მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია პირები, ვისაც ამ კანონის შესაბამისად აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ანუ განსაზღვრულია ამ კანონის სუბიექტები, ასევე მითითებულია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდგომ პერიოდზე (კანონის უკუძალა), „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 221 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ---------–--ის მეუღლე კო-----–----–------------–--- გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და იგი წარმოადგენს აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარების სუბიექტს. არამედ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ ნ---------–---ს, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი კ-------–----–------------–---- ოჯახის წევრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გაცემული აქტის საფუძველზე ეკუთვნის თუ არა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---------–---მ, 2019 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის M---------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ნ---------–---ს უარი ეთქვა კომპენსაციის ანაზღაურებაზე და განემარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონის აღნიშნული ნორმა ძალაში შევიდა 2015 წლის 3 ივლისიდან და იგი არ ვრცელდება 2015 წლის 3 ივლისამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთბებზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 29 ოქტომბერს გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის №M---------------- წერილობითი მიმართით, მოსარჩელე ნ---------–---ს ეცნობა, რომ შს სამინისტროს პოზიცია ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით ეცნობა შსს ეკონომიკური დეპარტამენტის 2019 წლის 6 მაისის #1------ წერილით და მისი უფლების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.

 

მოსარჩელე ნ---------–---მ 2019 წლის 18 დეკემბერს, სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 06 მაისის №M---------------- და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება ნ---------–--ისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების, 100 000 ლარის ოდენობით გადაცემის თაობაზე.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს კანონისთვის ნამდვილი უკუძალის მინიჭებას, წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ ურთიერთობებზე ზემოქმედებას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას ერთჯერადი ფულადი დახმარების 100 000 ლარის გაცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული დანაწესი, კერძოდ კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი, მიღებული იქნა 2015 წლის 3 ივლისს და ვინაიდან კანონში არაა მითითებული მოცემული ნორმის უკუძალის შესახებ, შესაბამისად მისი მოქმედება ვრცელდება მისი მიღების შემდგომ პერიოდში წარმოშობილ ურთიერთობებზე და არა მანამდე არსებულზე.

 

სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებაზე (#ბს-1040-1034 (კ-17), სადაც უზენაესმა სასამართლოს განმარტა, რომ“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული 100 000 ლარი წარმოადგენს ერთჯერად კომპენსაციას, რომელთან დაკავშირებითაც კანონი უკუძალას არ ადგენს, ის ძველ ურთიერთობაზე ვერ გამოიყენება“.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლების და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ნ---------–--ისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი და ასევე არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მოსარჩელე ნ---------–--ის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების 100 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 331-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ---------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე