გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2020
საქმის ნომერი
190210018002290172
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/417-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი 2020 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი ლოლა კალაძე

მოპასუხე კ------ მ-–---ი

ა---- რ------ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

კ------ მ-–---ის და ა----ა რიაზევისათვის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 6 463,52 ლარის დაკისრება:

 

სარჩელის საფუძვლები

 

2015 წლის 6 აპრილს დეკემბერს სს „თ----------სა“ და კ------ მ-–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 3658197-7921140 მინი-აგროსესხი, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 4000 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 38%, ვადა 12 თვე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირველი 6 თვე საშეღავათო პერიოდი, შესაბამისად პირველი შენატანი უნდა გადაეხადა სესხის აღებიდან 6 თვის შემდეგ. ყოველთვიური შენატანია 891,18 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 10 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2015 წლის 6 აპრილს სს თ----------სა და ა---- რ------ს შორის დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული თავდების პასუხისმგებლობის კ------ მ-–---ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში ძირითადი მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაა 5200 ლარი.

 

მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი, ბოლო გადახდა ფიქსირდება 2015 წლის 7 დეკემბერს. მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 1105,88 ლარი, საიდანაც პროცენტია 943,12 ლარი ხოლო ჯარიმა 162, 76 ლარი. საკრედიტო დავალიანებაა 6463,52 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4000 ლარი, პროცენტი 933,36 ლარი, ჯარიმა 1530,16 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. კ------ მ-–---ს სარჩელის შინაარსი და სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.

ა---- რ------მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განცხადა ძირითადი თანხის 4000 ლარის გადახდაზე, რადგან მეტი თანხის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს. თანხა მას საერთოდ არ დაუხარჯავს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 6 აპრილს დეკემბერს სს „თ----------სა“ და კ------ მ-–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 3658197-7921140 მინი-აგროსესხი რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 4000 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 38%, ვადა 12 თვე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირველი 6 თვე საშეღავათო პერიოდი, შესაბამისად პირველი შენატანი უნდა გადაეხადა სესხის აღებიდან 6 თვის შემდეგ. ყოველთვიური შენატანია 891,18 ლარი, ხოლო გათვალისწინებულია სულ 6 შენატანის გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 10 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-24. ტომი 1)

 

3.1.2. 2015 წლის 6 აპრილს სს თ----------სა და ა---- რ------ს შორის წერილობით დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული თავდების პასუხისმგებლობა კ------ მ-–---ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში ძირითადი მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაა 5200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-25 ტომი 1)

 

3.1.3. მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, პერიოდულად არღვევდა გრაფიკით დადგენილ გადახდის დროს, ბოლო შენატანი გადაიხადა 2015 წლის 7 დეკემბერს, რის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 1105,88 ლარი, საიდანაც პროცენტია 943,12 ლარი ხოლო ჯარიმა 162, 76 ლარი. მოპასუხეების დავალიანებაა 6463,52 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4000 ლარი, პროცენტი 933,36 ლარი, ჯარიმა 1530,16 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 27. ტომი 1)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 26. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საკრედიო ხელშეკრულების ვადს გასვლის შემდგომ პერიოდის სარგებლის დაკისრებაზე, რადგან მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას არ ითხოვს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე,6. სამართლებრივი შეფასება

 

მოპასუხე კ------ მ-–---ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია, რის გამოც სსსკ 78-ე მუხლის საფუძველზე მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხე კ------ მ-–---ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, რადგან დავის საგნის გათვალისწინებით მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს. განსახილველი სარჩელით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია სესხის სოლიდარულად დაკისრება. ამდენად, მოპასუხეების მიმართ მოთხოვნას აქვს საერთო საფუძველი და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

 

მხარეებს შორის სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება. ბანკსა და კ------ მ-–---ს შორის დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება. ბანკსა და მოპასუხეებს შორის 2015 წლის 6 აპრილს დადებული საკრედიტო და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია, რადგან ა---- რ------მა ბანკის წინაშე სოლიდარული თავდებობა იკისრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა.

 

სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს აღარ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა, იგი უფლებამოსილია უშუალოდ თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, თავდებს მოვალესთან ერთად ეკისრება სოლიდარული ვალდებულება და ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს სსკ-ის 463-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. კრედიტორს შეუძლია თავისი არჩევანით მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

 

მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2015 წლის 6 აპრილს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოიშვა, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო 4000 ლარი, სესხის სარგებელია წლიური 38%. ხელშეკრულებით შეთანხმებულია თანხის დაბრუნების გრაფიკი, რომლითაც განსაზღვრულია გადასახდელი ძირითადი თანხის, სარგებლის და სხვა ხარჯების ოდენობა. კრედიტი გაიცა 12 თვის ვადით და იგი მსესხებელს სრულად უნდა დაებრუნებინა 2016 წლის აპრილის თვეში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის დავალიანების გადახდა, რადგან მოპასუხემ ეს ვალდებულება სრულად არ შეასრულა, მან გადაიხადა კრედიტის თანხის ნაწილი, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ნაწილია, ხოლო ძირითადი თანხა არ გადაუხდია .

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებისათვის პროცენტის დაკისრების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელე უსაფუძვლოდ მოითხოვს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომი პერიოდის პროცენტს.

 

მხარეებს შორის შორის დაიდო ვადიანი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შესრულების ვადა ამოიწურა 2016 წლის 6 აპრილს. სესხის სარგებელია ძირითადი თანხის 38%, რაც შეადგენს 1520 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თითოეული შენატანის ოდენობა 891,18 ლარი, ჯამში 6 გადახდით, რის გამოც სულ გადასახდელი თანხა შეადგენს 5347,08 ლარს. შესაბამისად, გადასახდელი პროცენტია 1347,08 ლარი.

მსესხებელს ბანკისთვის გადახდილი აქვს პროცენტი 943,12 ლარი. სარჩელით მოთხოვნილია პროცენტის 933,36 ლარის დაკისრება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბანკი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებს პროცენტს 1876,8 ლარს, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტის თანხაზე მეტია. ამდენად, ბანკი მოითხოვს პროცენტს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომი პერიოდისთვისაც.

 

ბანკის განმარტებით სესხის ძირითადი დავალიანების სრულად ღმოფხვრამდე ძირითადი თანხის დავალიანებას ერიცხება პროცენტი, რის საფუძვლად მიუთითებს სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებზე. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, რის გამოც ძირითადი თანხის არასრულად გადახდის გამო სესხს ერიცხება პროცენტი ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

 

მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 6,2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ საბანკო ოპერაციების წარმოების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით. ამ დებულების მიხედვით, ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია ბანკის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე.

 

სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების 16-ე თავით გათვალისწინებულია საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები, ხოლო 17-ე თავით გათვალისწინებულია საკრედიტო ურთიერთობის ან ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. ხელშეკრულების 16.4 პუნქტის მიხედვით, საკრედიტო პროდუქტის მიღების შემდეგ კლიენტი ვალდებულია იქნება დააბრუნოს ის და გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

 

16,11 პუნქტის მიხედვით, კლიენტის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის, საპრცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს ან სადაზღვევო პრემიის დროულად გადაუხდელობის ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედება და მოსთხოვოს კლიენტს საკრედიტო პროდუქტის დაბრუნება მისთვის დარიცხულ გადასახდელებთან (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა) ერთად.

 

17,1 პუნქტის მიხედვით. ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტი სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 17,3 პუნქტის მიხედვით, 17.1 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში მიხედავად კლიენტის ბრალისა ამ ხელშეკრულების 17.1 პუნტის ჩამოთვილილი ნებისმიერგარემოების დადომაში), კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ ან ბანკის მითითებულ ვადაში დაუბრუნოს ბანკს კრედიტის ძირითადი თანხა მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ამ პირობებიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულება ძალაშია მის სრულ შესრულებამდე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოვალის ვალდებულება ძალაშია იმ დრომდე, ვიდრე იგი კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და ზუსტად არ შეასრულებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის სამართლებრივად საფუძვლიან მოთხოვნას, ვიდრე ვალდებულება არ შეწყდება შესრულებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულებამდე ხელშეკრულების ძალაში ყოფნა და ვალდებულების შესრულების ვადა ერთმანეთთან გაიგივებული არ უნდა იყოს. სამართლებრივი შედეგების მხრივ, ვალდებულების შესრულების ვადა არის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის დრო, მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადა, რომლის განმავლობაში მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს. ვალდებულების შესრულების დრო არის დროის მონაკვეთი, რაც ვალდებულების შესრულებისათვის არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრულია ხელშეკრულებით გრაფიკით თვის კონკრეტულ რიცხვში თანხის გადახდით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ვადაა დროის დენადი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს ვალდებულების შესრულება.

 

ვალდებულების შესრულების დრო კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნას წარმოუშობს, ხოლო მოვალეს – აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოვალეობას შეთანხმებულ დროში. ვალდებულების შესრულების ვადის გასვლამდე კრედიტორს უფლება არა აქვს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. დათქმულ დროს ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას იწვევს, ხოლო შესრულების მიუღებლობა – კრედიტორის მიერ შესრულების მიღების გადაგადაცილებას.

 

ვალდებულების შესრულების ვადა დროის იმ პერიოდს მოიცავს, რა ვადაშიც ვალდებულების სრულად უნდა შესრულდეს. შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, ამ ვადაში შეასრულოს ვალდებულება, ხოლო კრედიტორი უფლებამოსილი არ არის, ვადის ამოწურვამდე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად აღნიშნულ ვადაში მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადამცილებლად არ მიიჩნევა.

 

საკრედიტო ურთიერთობაში პროცენტი არის სარგებელი, რომელიც კრედიტორმა უპირობოდ უნდა მიიღოს და ძირითად თანხასთან ერთად პროცენტის გადახდა მოვალის მთავარი ვალდებულებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელსაც კრედიტორი ვერ იღებს მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ვადა ამოიწურა 2016 წლის აპრილში. მოპასუხემ კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა 2015 წლის დეკემბერში, ხოლო ამ ვადაში მან გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის თანხის ნაწილი. მოვალემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, კრედიტი სრულად არ დააბრუნა, რაც მისთვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი. ბანკის განმარტებით, იგი მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად არ მოითხოვს სარჩელით მოთხოვნილ სარგებელს და მისი გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პროცენტის თანხის ნაწილი არის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდში გადასახდელი პროცენტი, რომლის საფუძველი ზიანის ანაზღაურება შეიძლება იყოს, რადგან სარგებელი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი სარგებელი.

 

ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით ან ხელშეკრულებით მხარეთა შეთანხმებით ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული ზიანი.

 

ბანკის მიერ შეთავაზებულ სტანდარტული სახელშეკრულებო პირობა არ ითვალისწინებს დებულებას იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა გრძელდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, ვიდრე კრედიტის დაბრუნების ვალდებულება სრულად არ შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

ხელშეკრულების ზემოთაღნიშნული დებულებებით გათვალისწინებულია მსესხებლის ვალდებულება ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაიხადოს კრედიტის ძირითადი თანხა მისთვის დარიცხულ საპროცენტი სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად, რაც არ ნიშნავს იმაზე შეთანხმებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგაც გრძელდება პროცენტი დარიცხვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ეს დებულება ბუნდოვანია, რის გამოც იგი ბანკის კლიენტის, ბანკის მსესხებლის საწინააღმდეგოდ ვერ განიმარტება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. ამ ნორმის საფუძველზე ბუნდოვანი სახელშეკრულებო პირობა არ განიმარტება ამ პირობის შემთავაზებელი მხარის სასარგებლოდ. ხელშეკრულების ეს დებულება რომ ზიანის ანაზღაურებაზე შეთანხმებად განიმარტოს, მასში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც გრძელდება ხელშეკრულების გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვა ან სხვა წესით ანაზღაურდება ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანი.

 

ამდენად, სს "თ----------ის" ხელშეკრულების სტანდარტული პირობა არ ითვალისწინებს წესს, რომლის მიხედვით, კრედიტორს ენიჭება უფლება მოითხოვოს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი ვიდრე კრედიტი სრულად არ დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ . საკასაციო სასამართლო განმარტებით, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია წერილობითი შეთანხმება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე დასაშვებია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების შეთანხმების სტანდარტული პირობის განმარტება. (იხ სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ; საქმეზე №ას-1385-1307-2012 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება; 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმე №ას-681-652-2016; საქმეზე №ას-1381-2018 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; სუსგ #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.),მსესხებლის მიერ გადახდილია პროცენტი 943,12 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 1520 ლარს, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტიდან გადასახდელია 576,88 ლარი.

 

248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამ ნორმით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს, ხოლო დავის საგანია არა მარტო სასარჩელო მოთხოვნა, არამედ მისი მნიშვნელოვანი ელემენტია დავის ფაქტობრივი საფუძველი, საიდანაც მომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა. დავის ფაქტობრივი საფუძველი არის ის მოვლენა, ქცევა, ხდომილება, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლების დარღვევა ან მისი ინტერესის ხელყოფა. მოსარჩელემ სადაო თანხის დაკისრების საფუძვლად არ მიუთითა მის მიერ განცდილი ზიანი, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური დანაკარგის ასანაზღაურებლად თანხის დაკისრება არ მოუთხოვია. მისი განმარტებით, მოითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ვალდებულების შესრულების დაკისრებას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფაქტობრივი საფუძვლით მოპასუხისათვის ვალდებულების დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სარგებლის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

პირგასამტეხლოს გააჩნია სანქციის და პრევენციის ფუნქცია. ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს განსაზღვრით მიზნად დასახულია ერთგვარად მოვალეზე ზეწოლის მოხდენა, რათა ფულადი სანქციის დაკისრების შიშით თავიდან იქნას აცილებული მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, მოვალემ ფინანსური სანქციის შიშით მიიღოს ზომები ვალდებულების შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლოს პრევენციის მნიშვნელობა არა აქვს და მისი მიზანია მოვალისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, რა დროსაც პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქცია.

 

მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 1530,16 ლარის დაკისრებას, რაც სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საშეღავათო პერიოდი კრედიტის დაბრუნებისათვის, მსესხებელს თანხის დაბრუნება კრედიტის დაბრუნებიდან 6 თვის შემდეგ უნდა დაეწყო, რაც არ შესრულდა და მან დააბრუნა მხოლოდ პროცენტის ნაწილი ვადის გადაცილებით. მოპასუხე ა---- რიზევი სარჩელს მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში ცნობს, თუმცა არ მიუთითებია არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, რაც პროცენტის ან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. მოპასუხის განმარტებით, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მხოლოდ ძირითადი თანხის გადახდა, თუმცა კონკრეტულად არ მიითითებია რაში მდგომარეობის მისი მატერიალური მდგომარეობის სირთულე, რა შემოსავალი აქვს მას, რა არის მისი შემოსავლის წყარო და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბანკმა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მართლზომიერი ინტერესების უგულებელყოფა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპების საფუძველზე, პირგასამტეხლოს შემცირების ფარგლები მოპასუხის შესაგებელში მითითებული ფაქტების საფუძველზე უნდა დადგინდეს. მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს და პროცენტის დაკისრების მოთხოვნას, თუმცა არ მიუთითების კონკრეტული ფაქტები, რომლის საფუძველზეც მისი მატერიალური მდგომარეობის გამო გამართლებულია პირგასამტეხლოს შემცირება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ვალდებულების ძირითადი თანხის დავალიანებაა 4000 ლარი, რაც გადაუხდელია თითქმის სამი წელია, რის გამოც 1500 ლარის ფარგლებში (დავალიანების 30%-მდე) მოთხოვნილი თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარად არაგონივრულად გადაჭარბებულ თანხად, რაც სამართლიანობის პრინციპების აშკარა უგულუბლყოფად შეიძლება შეფასდეს და ამართლებდეს 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობის გამოყენებას სასამართლოს ინიციატივით.

 

ამდენად, მოპასუხეების მიერ გადასახდელი თანხაა ძირითადი თანხა 4000 ლარი, პირგასამტეხლო 1530,16 ლარი და პროცენტი 576,88 ლარი., ჯამურად 6107,04 ლარი. თავდების პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს 5200 ლარით, რადგან თავდებობის ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური მოცულობა ამ თანხით არის შეზღუდული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სარჩელის ფასია 6463,52 ლარი, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 6107,62 ლარის გადახდა (საერთო მოთხოვნის 94%). სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 193,95 ლარი, რომლის 94% არის 185,13 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 4000 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილებისას და მხარეები ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

მოპასუხემ ცნო სარჩელი 4000 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის გადასახდელი თანხის 67%, რის გამოც 185,13 ლარიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 67% - 124,03 ლარი, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს "თ----------ისათვის" სახელმწიფო ბაჟის 57,1 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 258,54 ლარის დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელის მიერ შპს ტრიბასაგან იურიდიული მომსახურების მისაღებად გადახდილია 258,54 ლარი. მოპასუხეს დაეკისრა 6107,04 ლარის გადახდა, რომლის 4% არის 244,28 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული ხარჯის ანაზღაურება ამ ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

1.1. კ------ მ-–---ს და ა---- რ------ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ 6107,04 ლარის გადახდა;

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 329,48 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. კ------ მ-–---ს და ა---- რ------ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 57,1 ლარის გადახდა; ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის 244,28 ლარის გადახდა.

 

3. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 29 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 124,03 ლარი (საგადასახადო დავალება N 59), რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300036150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი