გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.02.2020
საქმის ნომერი
180210119003133430
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #180210119003133430 (2/568-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 თებერვალი, 2020 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი - ზაზა შველიძე

მოსარჩელეები - ლ-----------–-–---–ი, დ-------------–-–---–ი

ლ-----------–-–---–ის წარმომადგენელი - თ--------–--–---–ი

მოპასუხეები - თ----------–------ი

კ----–----------–-–---–- (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ----–---------–---–-ს მიერ 2019 წლის 17 ივლისს შედგენილი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი ,,SHARP"-ი, თეთრი ფერის მაცივარი ,,ვესტელი", გაზსქურა ,,ვესტელი", თეთრი ფერის სარეცხის მანქანა ,,ინდეზიტი" და 10 ცალი ხის სკამი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შიდა ქართლისა მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ----–---------–---–-ს მიერ 2019 წლის 17 ივლისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში, დაყადაღებულ იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი ,,SHARP"-ი, თეთრი ფერის მაცივარი ,,ვესტელი", გაზსქურა ,,ვესტელი", თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,ინდეზიტი", 10 ცალი ხის სკამი, ჯამში 1300 ლარის ღირებულების. მოსარჩელეთა განმარტებით, ზემოაღნიშნული ნივთები შეძენილია მათ მიერ და შესაბამისად, წარმოადგენს მათ საკუთრებას, რის გამოც არსებობს დასახელებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი;

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

2.1. თ----------–------ს (კრედიტორი) შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა სარჩელში დასახელებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას. (ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი)

 

2.2. მოპასუხე კ----–----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სრულად ცნო, სადაც აღნიშნულია, რომ მართალია იგი რეგისტრირებულია მცხეთაში, საგურამოს მე-2 ქუჩა, ბინა 29-ში, თუმცა სააღსრულებო სამსახურის მიერ არასწორად მოხდა ამ მისამართზე განთავსებული მოძრავი ნივთების დაყადაღება, რადგან სარჩელში მითითებული საოჯახო ნივთები შეძენილია დ----- და ლ-----------–-–---–ების მიერ და მას რაიმე ფინანსური მონაწილეობა ამ ნივთების შეძენაში არ მიუღია (იხ. შესაგებელი).

მოპასუხე კ----–----------–-–---–- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუს მ--------------–-ს მიერ გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კ----–----------–-–---–ს თ----------–------ის სასარგებლოს დაეკისრა თანხის გადახდა; ამდენად, კრედიტორია თ----------–------ი, ხოლო მოვალე - კ----–----------–-–---–-.

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ----–---------–---–-ს მიერ 2019 წლის 17 ივლისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, მცხეთა სოფელ საგურამოში მდებარე, მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: ,,SHARP"-ის ფირმის ტელევიზორი, თეთრი ფერის ,,ვესტელის" ფირმის მაცივარი, ,,ვესტელის" ფირმის გაზქურა, თეთრი ფერის ,,ინდეზიტის" ფირმის სარეცხის მანქანა, 10 ცალი ხის კრემისფერი სკამი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 17 ივლისის მოვალის ქონების დაყადაღების (და აღწერის) შესახებ აქტი. (იხ. ს. ფ. 14-16).

 

3.2. 2018 წლის 19 სექტემბერს სს ,,თიბისი ბანკსა’’ და ლ-----------–-–---–ს შორის დაიდო სწრაფი განვადების ხელშეკრულება და შეძენილ იქნა სარეცხი მანქანა ,,INDESIT”.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19/09/2018 წლის ხელშეკრულება, საგარანტიო ტალონი (იხ. ს. ფ. 17-20).

- ლ-----------–-–---–ის ახსნა-განმარტება.

3.3. კ----–----------–-–---–-ს საცხოვრებელ მისამართზე მცხეთა, სოფელი საგურამო, 2019 წლის 17 ივლისს აღწერილ და დაყადაღებულ მოძრავ ქონებაზე აუქციონი არ არის დანიშნული;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 16 აგვისტოს წერილი ს.ფ. 38;

3.4. მხარეებს შორის სადავოდ არის გამხდარი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა ქართლისა მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ----–---------–---–-ს მიერ 2019 წლის 17 ივლისს შედგენილ მოვალის ქონების დაყადაღების (და აღწერის) შესახებ აქტში შეტანილი და დაყადაღებული იქნა მოსარჩელეების მიერ შეძენილი მოძრავი ნივთები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.5. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა მოწმე ლ--–------------–---–-, რომელმაც სარწმუნოდ დაადასტურა მოსარჩელეების მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების შეძენისა და კუთვნილების ფაქტი. მოწმის განმარტებით, არის მოსარჩელეების ახლო მეზობელი და ხშირად სტუმრობს მათ ოჯახში; მოწმემ დეტალურად აღწერა მოსარჩელეთა სახლის ოთახების განლაგება და იქ არსებული ინვენტარის მდებარეობა. მისი განმარტებით, კ----–----------–-–---–- დაახლოებით 6 წელია მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში არ ცხოვრობს, თავიდან ცხოვრობდა თბილისში ქირით, შემდეგ კი გადავიდა რუსთავში და იქ ცხოვრობს ამჟამად ცოლშვილთან ერთად. რაც შეეხება ლ-----------–-–---–ს, ის ცხოვრობს მშობლების სახლში. მოწმის განმარტებით, მან დაზუსტებით იცის, რომ სადავო მოძრავი ნივთები ოჯახის წევრებმა, კერძოდ, დ----- და ლ-----------–-–---–ებმა შეიძინეს, კერძოდ, ტელევიზორი მოსარჩელე დ-------------–-–---–ის დის მეზობლისგან შეიძინეს, რომელიც საზღვარგარეთ მიდიოდა. ,,ინდეზიტის’’ ფირმის სარეცხი მანქანა კი შეძენილია ლ-----------–-–---–ის მიერ, სკამები შეიძინეს ლამინატთან ერთად, რაც შეეხება გაზქურას და მაცივარს, დ----- უნდილაშვილმა და მისმა მეუღლემ შეიძინეს ერთად. მოწმის განმარტებით, ახსოვს რომ ტელევიზორი ,,SHARP"-ის ფირმისაა, ხოლო სარეცხი მანქანა ,,ინდეზიტის’’ ფირმის, რომელიც მისი რჩევით შეიძინეს, რადგან თავადაც ასეთი ჰქონდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

3.7. ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158, 159-ე, 161-ე მუხლები

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე და 44-ე მუხლები,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით ითვლება საკუთვნებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი.

 

საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ, მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

6.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სადავო ნივთები მოსარჩელეთა მიერ იქნა შეძენილი და მოვალე კ----–----------–-–---–ს არანაირი ფინანსური რესუსრი არ გაუღია მათ შესაძენად; ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადაო მოძრავი ნივთების მესაკუთრეებს. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე (მოვალე) კ----–----------–-–---–- და მოსარჩელე მხარე არ ცხოვრობს ერთ ოჯახად იმ სახლში, სადაც მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება; აღნიშნული დასტურდება, როგორც მოწმის ჩვენებით, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, სადაც კ----–----------–-–---–-ს ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ს--------ს მუნიციპალიტეტი, ს. ვ------; შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ამ უკანასკნელსა და მოსარჩელე მხარეს აქვთ გამიჯნული ქონება;

 

სხვა პირის უკანონო მოქმედებისაგან საკუთრების დაცვა, მესაკუთრის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი თანხის გადახდა თ----------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოვალე კ----–----------–-–---–ს, რისი აღსრულებაც უნდა განხორციელდეს ამ უკანასკნელის მიერ ან აღსრულება მიქცეული იქნას მისი ქონების მიმართ და არა მესამე პირის ქონების მიმართ.

 

6.3. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

მოსარჩელეების დ----- და ლ-----------–-–---–ების, როგორც სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების კ----–----------–-–---–-სადმი კუთვნილების ფაქტის მტკიცება მოპასუხე მხარეს - კრედიტორს ევალებოდა, რაც არ განხორციელებულა.

 

6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.

 

ამ ნორმიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დასაშვებია აღიწეროს და დაყადაღდეს მოვალის ქონება და არა სხვა მესამე პირის ქონება. ამ შემთხვევაში კი დაყადაღებულია მოსარჩელეების კუთვნილი მოძრავი ნივთები. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოვალის ქონების დაყადაღების აქტს, სადაც დამსწრის და მოვალე კ----–----------–-–---–-ს დედის ციცინო სინაძის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომლის თანახმად, კ----–----------–-–---–- დაახლოებით 4 წელია არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, შესაბამისად, იქ განთავსებული მოძრავი ნივთები მას არ ეკუთვნის; ასევე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე კ----–----------–-–---–მა სრულად ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხე თ----------–------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არც რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის პოზიციის გასაქარწყლებად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელე მხარის საკუთრება. ლ--- და დ-------------–-–---–ები არ არიან მოვალეები, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. მოვალე კ----–----------–-–---–-ს ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სადავო მოძრავი ნივთები უნდა განთავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილი ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს შემდეგნაირად. ვინაიდან, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, მოპასუხე კ----–----------–-–---–მა შესაგებლით სრულად ცნო სარჩელი, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისგან. მოპასუხე თ----------–------ს კი მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ-----------–-–---–ის და დ-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ----–---------–---–-ს მიერ 2019 წლის 17 ივლისს შედგენილი მოვალის ქონების დაყადაღების (და აღწერის) შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ,,SHARP"-ის ფირმის ტელევიზორი, თეთრი ფერის ,,ვესტელის" ფირმის მაცივარი, ,,ვესტელის" ფირმის გაზქურა, თეთრი ფერის ,,ინდეზიტის" ფირმის სარეცხი მანქანა და 10 ცალი ხის კრემისფერი სკამი.

 

2. მოპასუხე თ----------–------ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს, მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა