გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
0-02100-8002691878
2-4429/18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17/12/2019 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ჯ------– კ------ე, თ------ კ------ე და მ---- ბ-----ე
წარმომადგენელი - დ------------------ე
მოპასუხე - სს ,,ს--–-----ი“
წარმომადგენელი - ნ-----–------------–-–---–ი
დავის საგანი: უძრავი ქონებიდან გამოსახლება და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ჯ------– კ------ე, თ------ კ------ე და მ---- ბ-----ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ აღკვეთილი იქნას სს ,,ს--–-----ის“ მიერ მათი საკუთრების ხელყოფა და ამ მიზნით ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან გატანილი იქნას მოპასუხის საკომუნიკაციო ქსელი (ხაზობრივი ნაგებობა) და მიწის ნაკვეთი ჩაბარდეთ თავისუფალ მდგომარეობაში.
მოსარჩელეების წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.3-- და 0-.3-.0-.0--.0-.5--) მდებარე ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში, მოსარჩელეების საკუთრებაა. მიწის ნაკვეთში, მათი ნების საწინააღმდეგოდ მოწყობილია მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელები, რაც ხელს უშლის მიწის ნაკვეთის საკუთარი შეხედულებით გამოყენებაში. მოპასუხე წინააღმდეგია საკომუნიკაციო ქსელები გაიტანოს მიწის ნაკვეთიდან და გამოათავისუფლოს, რითაც უხეშად ირღვევა მისი საკუთრების უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) რეგისტრირებულია მოსარჩელეების საკუთრებად. ასევე ადასტურებს, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში განთავსებულია სს ,,ს--–-----ის“ კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელები, მაგრამ მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგანაც საკომუნიკაციო ნაგებობაზე სს ,,ს--–-----ის“ საკუთრების უფლება, მას უფლებას ანიჭებს მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთს ფლობდეს და სარგებლობდეს მათი თანხმობის გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) წარმოადგენს ჯ------– კ------ის, თ------ კ------ის და მ---- ბ-----ის (ასევე სხვა პირების) საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 15-20; 94-95
3.1.3. ჯ------– კ------ის, თ------ კ------ის და მ---- ბ-----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მისამართზე ქ. ბათუმი, მ-------------------–--–------------ (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) განთავსებულია სს ,,ს--–-----ის“ საკომუნიკაციო ქსელი (ხაზობრივი ნაგებობა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. მოსარჩელეები წინააღმდეგი არიან მიწის ნაკვეთში განთავსებული იყოს მოპასუხის საკომუნიკაციო ქსელები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტებები.
3.1.4. მოპასუხე წინააღმდეგია კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელები გაიტანოს მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ აქვთ. სადაოა მხოლოდ ერთი საკითხი - საკომუნიკაციო ქსელი გატანილი უნდა იქნას თუ არა მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან. აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების პროდუქტია, შესაბამისად მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფს მოსარჩელის საკუთრებას, რის გამოც აუცილებელია უკანონო ხელყოფის აღკვეთა. აღნიშნულის გამო სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, ისე ქვეყნის შიდა ნორმატიული აქტები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლში განმარტებულია, რომ ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ამავე პრინციპს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, აღიარებს საკუთრების ხელშეუხებლობას. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამდენად საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას იძლევა როგორც კანონი და კანონქვემდებარე აქტები ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები. მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას საკუთრების უფლება. ანუ იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) მათი საკუთრებაა. ნაკვეთში, მათი ნების საწინააღმდეგოდ განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელები, რაც ხელს უშლის მიწის ნაკვეთის საკუთარი შეხედულებით გამოყენებაში. ანუ ხელყოფს მათ საკუთრების უფლებას. მოითხოვენ აღიკვეთოს მათი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მართლმსაჯულების განხორციელება და დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართონ სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) მდებარე უძრავი ქონება, საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელეების საკუთრებადაა რეგისტრირებული.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. თუ მოსარჩელეს მისი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული აქვს საკუთრების შინაარსის ამსახველი რომელიმე უფლება (ფლობა, სარგებლობა ან განკარგვა), ითვლება, რომ მისი საკუთრების უფლება დარღვეულია. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს შეზღუდული აქვთ საკუთრების მფლობელობა და სარგებლობა. მიწის ნაკვეთში განთავსებულია მოპასუხის საკომუნიკაციო ქსელები, რაც ხელს უშლის მიწის ნაკვეთის საკუთარი შეხედულებით გამოყენებაში. საკომუნიკაციო ქსელების პირობებში მოსარჩელეები შეზღუდული არიან ახალი შენობის აღმართვაში ან მასში სხვა ტიპის სამუშაოების შესრულებაში. მოპასუხეს, მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება მესაკუთრისაგან მიღებული არ აქვს. მათ არ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელეებმა მას გადასცეს მიწის ნაკვეთი და ნება მისცეს მათ კუთვნილ ნაკვეთში მოეწყოთ საკომუნიკაციო ქსელები. მესაკუთრე წინააღმდეგია მოპასუხე ფლობდეს და სარგებლობდეს მის ქონებას.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე. მიუხედავად ამისა მათ მოსარჩელის ნაკვეთში განთავსებული აქვს საკომუნიკაციო ქსელები. მოსარჩელე წინააღმდეგია ნაკვეთში განთავსებული იყოს მოპასუხის კუთვნილი ქსელები. თავის მხრივ მოპასუხესაც არ აქვს ამ ნაკვეთის ფლობისა და გამოყენების უფლება. ის არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც ის ვალდებულია საკომუნიკაციო ქსელები გაიტანოს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან. საკომუნიკაციო ქსელების გატანისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებით აღსდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება.
6.8. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის ინტერესსაც. მას უფლება აქვს სამეწარმეო მიზნებისათვის მოაწყოს ხაზობრვი ნაგებობები. განსახილველ დავაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი მნიშვნელოვანი უფლება. ერთის მხრივ ეს უფლებაა საკუთრების უფლება, რომელსაც უპირისპირდება მოპასუხის კომერციული საქმიანობის უფლება. ასეთი ორი განსაკუთრებული უფლების კონკურენციისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. უძრავი ქონების მფლობელთან შედარებით, მესაკუთრეს ქონების ფლობისა და მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი ხელშეშლის აღკვეთისა და საკუთრების თავისუფლ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4 000 ლარით. სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით ბაჟი გაანგარიშებული უნდა იქნას 4000 ლარიდან, რომლის 3 % შეადგენს 120 ლარს, რაც საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უნდა განახევრდეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 120 ლარი, ანუ 60 ლარით ზედმეტი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს გადახდილი ბაჟის ნაწილი 60 ლარი.
7.3. ზედმეტად გადახდილი 60 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს უკან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ------– კ------ის, თ------ კ------ის და მ---- ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. აღკვეთილი იქნას სს ,,ს--–-----ის“ მიერ მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) გატანილი იქნას მოპასუხის საკომუნიკაციო ქსელი (ხაზობრივი ნაგებობა).
3. ქ. ბათუმში, მ-------------------–--–-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0-.3-.0-.3--.0-.50-; 0-.3-.0-.0-- და 0-.3-.0-.3--.0-.5--) მოსარჩელეებს ჩაბარდეთ სს ,,ს--–-----ის“ საკომუნიკაციო ქსელისაგან (ხაზობრივი ნაგებობა) თავისუფალ მდგომარეობაში.
4. სს ,,ს--–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 60 ლარის ანაზღაურება.
5. ჯ------– კ------ეს, თ------ კ------ეს და მ---- ბ-----ეს უკან დაუბრუნდეთ სახ. ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 60 ლარი (გადახდის თარიღი - 24/10/2018 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, სახაზინო კოდი - 300693150)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე