გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2020
საქმის ნომერი
080210017001940788
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210017001940788

საქმე №2/1292-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.03.2020 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე

მოსარჩელე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი - თეა ა-----ე;

მოპასუხე - ი---------ვნიშვილი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხე ი---------ვნიშვილს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოპასუხე ი---------ვნიშვილს 2016 წლის განმავლობაში გაეწია 2016 წლის 13 მაისის #1003626416 განცხადებისა და #2000512616 ხელშეკრულების საფუძველზე, საინჟინრო საექსპერტო მომსახურება, რაც გათვალისწინებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით. გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი. მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხე ი---------ვნიშვილს გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდა, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, დაკვეთის მომენტისათვის მოქმედი ტარიფის შესაბამისად.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ი---------ვნიშვილმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, მაგრამ საქმის განხილვისათვის გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე შეცვალა პოზიცია, კერძოდ, არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მისი მითითებით, მოსარჩელემ დაარღვია დასკვნის მომზადების 30 დღიანი ვადა. ამასთან, გაეცნო რა სარჩელზე დართულ დასკვნას, მიაჩნია, რომ იგი არასწორადაა შედგენილი და არ პასუხობს იმ კითხვებს, რაც მან დასვა ექსპერტების წინაშე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 მაისს ი---------ვნიშვილმა მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №1003626416 განცხადებით და ითხოვა დადგინდეს მის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ფართების რაოდენობა. ასევე, საჯარო რეესტრის 2007 წლის ამონაწერში არსებული ფართების რაოდენობა შეესაბამება თუ არა 2009 წლის 09 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მერიის #-------------ის შედეგად, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ფართების რაოდენობას, არის თუ არა აღნიშნულ ფართებს შორის სხვაობა და დადებით შემთხვევაში, რამდენ კვ.მ-ს შედაგენს ის.

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ №2000512616 ხელშეკრულების (საექსპერტო მომსახურების შესახებ) საფუძველზე 2016 წლის 03 ოქტომბერს მომზადდა №005864116 ექსპერტიზის დასკვნა. ასევე უდავოდ არის დადგენილი, რომ საექსპერტო მომსახურების ღირებულებაა 150 ლარი, რომელიც ი---------ვნიშვილს არ გადაუხდია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი---------ვნიშვილის 2016 წლის 13 მაისის განცხადება (იხ. ს/ფ. 20).

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ი---------ვნიშვილს შორის გაფორმებული 2016 წლის 13 მაისის №2000512616 ხელშეკრულება (ტ.1.ს/ფ. 21-23).

- 2016 წლის 03 ოქტომბრის №005864116 ექსპერტის დასკვნა.(ტ.1.ს/ფ. 25-30).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ დარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, დადგენილ 30 დღიან ვადაში მას ექსპერტიზის დასკვნა არ მოუმზადებია და არც მოპასუხისათვის მოუთხოვია დამატებითი დოკუმენტის წარდგენა. მიუხედავად ამისა, თავის მხრივ, მოპასუხეს არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტა და მეტიც, 2016 წლის 20 სექტემბერს ექსპერტიზის ბიუროს დამატებით წარუდგინა დოკუმენტი - კერძოდ, ნახაზი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი (ტ.1.ს/ფ. 24 );

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის შესახებ, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1.სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე, 405-ე, 630-ე, 629-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 629-ე მუხლით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 13 მაისს ი---------ვნიშვილმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №1003626416 განცხადებით და ითხოვა საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ №2000512616 ხელშეკრულების (საექსპერტო მომსახურების შესახებ) საფუძველზე 2016 წლის 03 ოქტომბერს მომზადდა №005864116 ექსპერტიზის დასკვნა, სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 150 ლარი, რაც შემკვეთს არ გადაუხდია. მისი განმარტებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის ნაცვლად, ექსპერტიზის ბიურომ თითქმის ხუთი თვის შემდეგ მოამზადა დასკვნა, ამასთან იგი არ გადაუცია მისთვის, შესაბამისად, შესრულებამ აზრი დაკარგა და მას არ უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვილი თანხა. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებას მისი, როგორც დამკვეთის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიუთითებს მხარეთა შორის 2016 წლის 13 მაისს გაფორმებულ №2000512616 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ან უარი განაცხადონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

 

ხელშეკრულების მითითებული მუხლი სრულ თანხვედრაშია სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის დანაწესთან, კერძოდ, მითითებული მუხლით - ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, მსგავსი კატეგორიის საქმეზე, რომ ,,შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება. (იხ. სუსგ-ები: № ას-697-663-2015,15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.;№ას-399-383-2016,15.07.2016 წ.).

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს იმ პირობებს და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ესენია- ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადის გასვლა და ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა.

 

კერძოდ, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 13 მაისს გაფორმებული №200051216 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მესამე პუნქტი, მხარეებს უფლებას ანიჭებს ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ან უარი განაცხადონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამდენად მითითებული ხელშეკრულებით და სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე, ი---------ვნიშვილს უფლება ჰქონდა ცალმხრივად ეთქვა ხელშეკრულებაზე, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი იყო მეორე მხარისათვის შეტყობინება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებისას ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ- ჩვეულებრივი ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმაა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მის მიერ შესრულებული საექსპერტო მომსახურების ტარიფი წინასწარ არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის 08.05.2012 წლის №171 დადგენილების შესაბამისად და ბუნებრივია განსახილველ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოსარჩელეს ჰქონდა ანაზღაურების მიღების ღირსი ინტერესი. ამასთან, მოპასუხესაც არ გაუხდია სადავოდ მოთხოვნილი თანხის ოდენობა, შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244ე, 247-250-ე, 257.1, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ი---------ვნიშვილს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

3. ი---------ვნიშვილს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. ადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე