გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(2/69–19) 090210019003061525
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე – გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი – იამზე მურუსიძე
მოსარჩელე - ს---------------–----------
წარმომადგენელი - მ-----------------
მოპასუხეები - გ-------------
წარმომადგენლები - დ-----------–---
დავის საგანი - ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. გ-------------ს ს--------------–------------ სასარგებლოდ დაეკისროს, ძირი თანხა– 10,791.45 ლარი, სარგებელი– 1843.98 ლარი, პირგასამტეხლო– 1500 ლარი და საკომისიო –144 ლარი.
1.2. გ-------------ს ს--------------–------------ სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან– გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირ თანხაზე 10,791.45 ლარზე, დაეკისროს 14.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.28 ლარს.
1.3. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღასრულებლად;
1.4. გ-------------ს ს--------------–------------ სასარგებლოდ დაეკისროს, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 724 ლარისა და გამარტივებული საქმის წარმოების ფარგლებში გადახდილი სააპლიკაციო საფასური –100 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 4 ოქტომბერს ს----------------–----------- და გ-------------ს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, როლის თანახმადაც, მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა– 15000 ლარის ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური 14.5% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით, მხარეთა მიერ, გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო –ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე– 0.5%–ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო– 8 ლარის ოდენობით, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი, საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
ს--------------–----------–ის მიერ, საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად–მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებლის სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში, მოპასუხე არღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და ვადებს. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, 2017 წლის 6 დეკემბრის შემდეგ, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, ნაკისრი ფულადი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან, არ შესრულებულა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. ამასთან, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.
სარჩელის შეტანის მომენტისათვის, ს---------------–----------- მიმართ, გ-------------ს საკრედიტო ხელშეკრულებაზე ერიცხება დავალიანება –10,791.45 ლარი, სარგებელი– 1843.98 ლარი, პირგასამტეხლო –1500 ლარი და საკომისიო –144 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე გ-------------მ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის 2017 წლის 6 დეკემბრიდან იყო ცნობილი, მისი ფინანსური პრობლემების შესახებ. ასევე ცნობილი იყო, რომ მას გადახდის საშუალება არ ჰქონდა. სამოქალაქო კოდექსის 405–ე მუხლი ასეთ დროს განსაზღვრავს მოვალესთვის ვალდებულების შესრულების მიზნით, 14– დღიანი ვადის მიცემას, რის შემდგომაც, მხარეს უფლება აქვს დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. განსახილველ შემთხვევაში, მხარებ ფაქტიურად 2 წლის შემდგომ, დაიწყო სამართლებრივი პროცედურები, რაც ემსახურებოდა მისი მხრიდან, უსაფუძვლო გამდიდრების მოლოდინს. კერძოდ, მთელი ამ დროის განმავლობაში ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადგადაცილებულ დღეზე ისე, რომ დანამდვილებით იცოდა მისი მხრიდან, ვალდებულების შეუსრულებლობის პატივსადები მიზეზების შესახებ. ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში, რომ მიემართა სასამართლოსათვის, უსაფუძვლოდ პირგასამტეხლოს დაკისრებასაც აიცილებდა თავიდან. თუ მხარეს უნდოდა პატიოსანი და მორალურად გამართლებული ურთიერთობა მსესხებელთან, მას ვადაგადაცილებიდან –60 დღის განმავლობაში, უნდა დაეწყო სამართლებრივი პროცედურები, რაც მისი ისედაც განადგურებული ფინანსური მდგომარეობის კიდევ გაუარესება არ მოყვებოდა და ეტაპობრივად გადახდასაც დაიწყებდა. გამომდინარე აქედან, ჯარიმის ნაწილში აღიარებს ორი თვის ჯარიმას.
მოპასუხე აღიარებს სარჩელს ნაწილობრივ, კერძოდ, ეთანხმება ძირ თანხას 10791.45 ლარს, სარგებელს 1559.03 ლარს, ჯარიმას 210 ლარს და საკომისიოს 144 ლარს, ჯამში –12704.48 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 4 ოქტომბერს, ს----------------–----------- და გ-------------ს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი– 15000 ლარის ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური–14.5% სარგებლის დარიცხვით.
საკრედიტო ხელშეკრულებით, მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე–0.5%–ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა, დაზღვევის მართვის საკომისიო– 8 ლარის ოდენობით, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 4 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე გ-------------მ დაარღვია ს---------------–------------- დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, გაცემული სესხის და საპროცენტო სარგებლის, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად შესრულების თაობაზე. შესაბამისად, გ------------ის მიერ, ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს: ძირი თანხა–10,791.45 ლარს, სარგებელი– 1843.98 ლარს, პირგასამტეხლო –1500 ლარსა და საკომისიო– 144 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრედიტის დაფარვის გრაფიკები
- შეტყობინება, საფოსტო კორესპონდენცია
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან
- ინფორმაცია დავალიანების შესახებ
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2 მოპასუხეს გაეგზავნათ შეტყობინება სესხის დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხეს განესაზღვრა ვადა და გაფრთხილებული იქნა დავალიანების გადაუხდელობის შესაძლო შედეგებზე. დავალიანება მოპასუხეს არ დაუფარავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–გაფრთხილების წერილები,შეტყობინებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---------------–---------ი“-ს სარჩელი გ------------ის მიმართ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო და სარგებელი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 411–412–ე, 417-ე, 420-ე, 463-ე 867-ე, 868-ე, 891-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის, შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება - მოვალეობათა განსაზღვრა.
2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, გ-------------მ მიიღო სესხი– 15000 ლარის ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური–14.5% სარგებლის დარიცხვით და წარმოეშვა სესხის დაბრუნების ვალდებულება შეთანხმებული წესით, გრაფიკის მიხედვით. ამდენად, მხარეთა შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი, ხოლო მოპასუხეს წარმოეშვა შეთანხმებული წესით და ვადაში, სესხის დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
ს--------------–--------ს“ და გ-------------ს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ-------------ს სასარგებლოდ გაიცა სესხი . მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვადის დარღვევისათვის, მსესხებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის –0.5 %-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში, ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან, კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
გ-------------მ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოითხოვოს თანხის დაბრუნება, რის შესახებაც მოპასუხე ინფორმირებული იყო.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ, სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. ს---------------–---------- ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს.
დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს ძირ თანხას– 10,791.45 ლარს, სარგებელი –1843.98 ლარს, პირგასამტეხლო 1500 ლარსა და საკომისიოს –144 ლარს.
მოპასუხე შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით ფაქტობრივად ადასტურებს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე, 361-ე მუხლებისა, არსებობს სესხის ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების საფუძველი. მოპასუხის მითითება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ, გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელს ერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე –0.5 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას და იწვევდეს უსაფუძვლო გამდიდრებას, მით უფრო, რომ მოსარჩელე მოითხოვს ასევე, საპროცენტო სარგებლის გადახდასაც.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს– 10791,45 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში, არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოპასუხე გ-------------ს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 210 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი ანუ, რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს, მისი დადგომის შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით, კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის, საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის, მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში, საბანკო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან, ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში, ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას, გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს, არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას, ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ, არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. საკრედიტო დაწესებულების საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, მხარის მოთხოვნას წარმოადგენს სარგებლის –1843.98 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს, მოსარჩელე მხარის მოსაზრების თანახმად, წარმოადგენს ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულებით, მოპასუხე გ-------------ზე სესხის თანხა გაიცა წლიური საპროცენტო თანხის დარიცხვით. მხარის მითითებით, იმ მომენტიდან, როცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარე არ აბრუნებს თანხას, მხარეს ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, ვინაიდან მას მიეცემოდა შესაძლებლობა სხვაგვარად განეკარგა ეს თანხა - თავიდან გაეცა კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიეღო მოგება. არსებული საჯარო ინფორმაციის, შეთავაზებების ურთიერთშეჯერების შედეგად საპროცენტო სარგებლის ოდენობა და განაკვეთები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან (სამომხმარებლო, იპოთეკური, თუ სხვაგვარი სესხის შეთავაზებების მიხედვით). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოპასუხე მხარეს სარგებელი დაეკისროს შემცირებული სახით–1559,03 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ს---------------–----------- სარგებლის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარგებელი დაეკისროს შემცირებული სახით–1559,03 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ –12704,48 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს ს--------------–------------ სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი–381,13 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში, მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად, ან ნაწილობრივ, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც, მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც, შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს, გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის, ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით, ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრით, მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ, რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის, ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო, როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---------------–-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ-------------ს ს--------------–------------ სასარგებლოდ, დაეკისროს– 12704,48 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის– 10 791,45 ლარი, სარგებელი - 1559,03 ლარი, პირგასამტეხლო - 210 ლარი და საკომისიო –144 ლარი.
3. გ-------------ს, ს--------------–------------ სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის– 724 ლარიდან – 381,13 ლარის ანაზღაურება;
4. არ დაკმაყოფილდეს ს---------------–-----------ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;
5. ს---------------–-----------ს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს–20 და არა უგვიანეს–30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან –30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე