გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31457-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ნინო ლობჟანიძე
მოსარჩელე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ე------–--ე
მოპასუხე - სს „ს----------–-------------ა“
წარმომადგენელი - ნ-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ს----------–-------------ას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 21 636.46 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე------------ს“ გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის სს „ს----------–-------------ის“ დავალიანების 21 636.46 ლარის მოთხოვნის უფლება.
21 636.46 ლარის დავალიანება სს „ს----------–-------------ას“ წარმოეშვა სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათითა და ქვითრით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი და მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მისი მითითებით, მოთხოვნა ხანდაზმულია. მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებას წარმოშობილია 2005-2007 წლებში, გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და არის ხანდაზმული.
მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ სს „ს----------–-------------ას“ ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ წინაშე რაიმე სახის ვალდებულება არ გააჩნია.
რ-------ის სადგური, რომელიც მდებარეობს წ---–-----ოში, რ-------ის შვილობილი კომპანისს შპს „რ---–------------------------------ის“ მიერ ჩუქების ფორმით გადაეცა წ---–-----ოს მუნიციპალიტეტს. ამდენად, იგი აღარ წარმოადგენს სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს რ-------ის პასუხისმგებლობას წ---–-----ოში მდებარე რ-------ის სადგურის რაიმე სახის ვალდებულების მიმართ. აღნიშნულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს წ---–-----ოს მუნიციპალოტეტი და არასათანადო მოპასუხე სს „ს----------–-------------ა“ უნდა შეიცვალოს სათანადო მოპასუხით. რაც შეეხება 19 397.47 ლარის დავალიანების ნაწილს - სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2017 წლის 16 აგვისტოს 1-3/572 ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, რ-------ის კაპიტალიდან არის ამოღებული სამტრედიის რაიონის სოფელ ბ----–----–-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც რ-------ა არის არასათანადო მოპასუხე და ის უნდა შეიცვალოს სათანადო მოპასუხით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–-------------ა“ იყო სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ აბონენტი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 22);
- აბონენტის ინფორმაცია (ს.ფ. 24);
- ქვითარი - 13-464392, ქვითარი -13-464393 (ს.ფ.23; 25).
3.1.2. სს „ს----------–-------------ას“ სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იისათვის“ არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ მისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 22);
- აბონენტის ინფორმაცია (ს.ფ. 24);
- ქვითარი - 13-464392, ქვითარი -13-464393 (ს.ფ.23; 25).
3.1.3. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N 1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რ-------ის“, სს „გ---------ების კ------ის“, სს „ლ------------ის“, სს „ძ-------–---ის“, სს „შ--------ის“, შპს „ა–---ის“, სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ და შპს „ა----------------------იის“ შერწყმა, შეიქმნა სს „ე-----------", რომელიც წარმოადგენს დასახელებული საწარმოების სამართალმემკვიდრეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 10.10.2007 წლის N 1-3/736 ბრძანება (ს.ფ.26-27);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 28-33).
3.1.4. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე------------ს“ გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან, მათ შორის სს „ს----------–-------------ის“ დავალიანების მოთხოვნის უფლება, რაც მოპასუხეს გააჩნდა სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ მიმართ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-36);
- სს „ე------------ის“ დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორული საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 39-41).
3.1.5 მოთხოვნის უფლება მოიცავს სს „ს----------–-------------ის“ (სააბონენტო ნომერი 1--------- და 1---------) მიერ 2005-2007 წლებში მიწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებას, რომელსაც აბონენტი მოიხმარდა ქალაქ წ---–-----ოს ტერიტორიაზე.
N 1--------- აბონენტის მიერ მოხმარებულია 19 397.47 ლარის ელ. ენერგია. აბონენტის დასახელებაა რ-------ის ადმინისტრაცია, მისამართი კი - წ---–-----ო, ბ----–----–-ს დასახლება.
N1--------- აბონენტის მიერ მოხმარებულია 2238,99 ლარის ელ. ენერგია. აბონენტის დასახელებაა რ-------ის სადგური, მისამართი კი, წ---–-----ო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 34-36);
- მიღება-ჩაბარების აქტი (37-38);
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 22);
- აბონენტის ინფორმაცია (ს.ფ. 24)
3.1.6. დავალიანების გადახდის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 13 დეკემბრამდე სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე სს „ს----------–-------------ა“, დავალიანების - 2238.99 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ხოლო 19 397.47 ლარის გადახდის ნაწილში - სათანადო მოპასუხეა.
სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით (იხ. სუსგ საქმე №ას-1085-1042-2016, 2017 წლის 10 მაისი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 85-ე მუხლი).
ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.
მოპასუხის მტკიცებით, რკინიგზის სადგური, რომელიც მდებარეობს წ---–-----ოში, რ-------ის შვილობილი კომპანიის შპს „რ---–------------------------------ის“ მიერ ჩუქების ფორმით გადაეცა წ---–-----ოს მუნიციპალიტეტს. ამდენად, იგი აღარ წარმოადგენს სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სს „ს----------–-------------ის“ პასუხისმგებლობას წ---–-----ოში მდებარე რ-------ის სადგურის მიმართ ვალდებულების არსებობასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნულის გამო მოპასუხემ მოითხოვა არასათანადო მოპასუხე სს „ს----------–-------------ა“ შეიცვალოს სათანადო მოპასუხით - წ---–-----ოს მუნიციპალიტეტით.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი არ დაეთანხმა შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების თანახმად, ხელშეკრულების დადება ხდება მომხმარებელთან და არა უძრავი ქონების მესაკუთრესთან. თუ მაინც მოხდებოდა აღნიშნული ხელშეკრულების დადება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად აღნიშნულისათვის საჭირო იყო მოსარჩელის თანხმობა, რასაც მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით და მისი დანართით დასტურდება, რომ ცვლილება შევიდა შპს „ს----------–-------------ის“ საწესდებო კაპიტალში და ამოღებულ იქნა როგორც წ---–-----ოში ბ----–----–-ს დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ისე წ---–-----ოს რ-------ის სადგური. შპს „ს----------–-------------ის“ N333 ბრძანებისა და 19.04.2012 წლის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ წ---–-----ოს რ-------ის სადგური გადაეცა შპს „რ---–------------------------------ს“, ამასთან უძრავი ქონება გადაეცა მასზე არსებულ უფლება-მოვალეობებთან ერთად, ასევე დადასტურებულია, რომ საქართველოს წ---–-----ოს მუნიციპალიტეტმა 13.06.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შპს „რ---–------------------------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს----------–-------------ა“, დავალიანების - 2238.99 ლარის დაკისრების ნაწილში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან ვალი გადაკისრებულია და სათანადო მოპასუხეა წ---–-----ოს მუნიციპალიტეტის მერია.
რა შეეხება დავალიანების მეორე ნაწილს: მართალია, შპს „ს----------–-------------ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა წ---–-----ოში ბ----–----–-ს დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი სახლები, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ, რომელიც სათანადო მოპასუხეთი ჩანაცვლებას ითხოვს, ზუსტად უნდა მიუთითოს ის სუბიექტი, ვინც, მისი მოსაზრებით, ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელია. განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება ქონების მიმღები, ამასთან დავალიანების წარმოშობის დროისათვის აბონენტი ს----------–-------------ა იყო და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ წარმოშობილი დავალიანება ასევე სხვა პირს დაეკისრა.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 19 397.47 ლარის გადახდის ნაწილში ვალი სხვა პირისთვის გადაკისრებული არ ყოფილა და ამ ნაწილში სს „ს----------–-------------აა“ მოთხოვნაზე პასუხისმგებელი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 198-ე, 199-ე, 204-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ მოპასუხე იყო ელექტროენერგიის მომხმარებელი, რომელსაც სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------ია 2005-2207 წლებში აწვდიდა ელექტროენერგიას. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური კი მოპასუხეს არ გადაუხდია.
დადგენილია ასევე, რომ ელექტროენერგია მოპასუხეს ორ სხვადასხვა ობიექტზე მიეწოდებოდა და დავალიანება მოიცავს წ---–-----ოს რ-------ის სადგურისათვის მიწოდებული ელ. ენერგიის საფასურს - 2238.99 ლარს, ასევე წ---–-----ოში, ბ----–----–-ს დასახლებაში რ-------ის ადმინისტრაციისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს - 19 397.47 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცესიის საფუძველზე გახდა სამართალურთიერთობის კრედიტორი, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე მას გადაეცა სს „ს----------–-------------ის“ მიმართ მოთხოვნის უფლება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ახალ კრედიტორზე გადადის იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო თავდაპირველ კრედიტორთან.
სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი ითვალისწინებს მოალის მიერ ვალის მესამე პირისათვის გადაკისრებას.
ვინაიდან სს „ს----------–-------------ამ“ უძრავი ქონება, მასზე არსებული ვალდებულებებით გადასცა მესამე პირს, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო ეს ქონება მასზე არსებულ ვალდებულებებთან ერთად და შემდეგში გადასცა წ---–-----ოს მუნიციპალიტეტს, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2238,99 ლარის მოთხოვნის ნაწილში სათანადო მოპასუხე იყო წ---–-----ოს მუნიციპალიტეტის მერია.
მოსარჩელე არ დაეთანხმა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე 2238,99 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება დავალიანების მეორე ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით დადგენილია, რომ სს „ს----------–-------------ა“ იყო სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ აბონენტი. ეს უკანასკნელი მას აწვდიდა ელექტროენერგიას, რომლის საფასურიც აბონენტს უნდა დაეფარა.
სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოქმედი „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურების“ თანახმად, აბონენტს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად უნდა დაეფარა.
სადავო დავალიანება მოიცავს 30.12.2005 წლიდან 2007 წლის 15 ივნისამდე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს.
სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
როგორც აღინიშნა, აბონენტს ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად უნდა გადაეხადა, ანუ სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრება. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მოცემულ შემთხვევაში, ბოლო დარიცხვისთვისაც კი ხანდაზმულობის ვადის დენა 2007 წლის ივლისიდან დაიწყო და 2010 წლის ივლისში ამოიწურა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში კრედიტორს მოთხოვნის უფლება არ გამოუყენებია, მოვალე კი უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა განუხორციელებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო აქვე განმარტავს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევდა, რომ 2238,99 ლარის ვალის გადაკისრება არ იყო ნამდვილი, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის კრედიტორის თანხმობა და გადაკისრება არც შემდგომში ყოფილა მოწონებული, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მაინც არ იარსებებდა.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ეს დავალიანებაც 2005-2007 წლებშია წარმოშობილი, მოთხოვნა კი, კრედიტორმა მხოლოდ სარჩელის აღძვრით წარადგინა.
სამოქალაქო კოდექსის 129.2, 130-ე, და 144-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილშიც ხანდაზმულია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამო ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 242-243-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე სს „ს----------–-------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია