გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210019003280991
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/28486-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ პოღოსოვი

 

მოსარჩელე - მ------–-------–---

 

მოპასუხე - გ------------ე

წარმომადგენელი - ვ-–--–--–-----ი

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ------------ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული გ-----------------ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრება.

 

მ------–-------–--- და გ------------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძითან ერთი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული გ-----------------ე. თავდაპირველად, მხარეები ცხოვრობდნენ მოსარჩელის მამის სახლში - ქ. თბილისში, ა-------------------ში. დაოჯახების შემდეგ, მ------–-------–--- განიცდიდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან. გ------------ე ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. მის მიმართ 2019 წლის 5 სექტემბერს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. მხარეები, ამჟამად, ერთად აღარ ცხოვრობენ. გ-----------------ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან - მ------–-------–---სთან. ბავშვს, პერიოდულად, ესაჭიროება ნევროლოგის კონსულტაცია, მედიკამენტები. რეკომენდირებული აქვს ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაცია და მართვა. მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილისთვის ასევე სჭირდება საკვები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები და ა.შ.

 

(სარჩელი, 12.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თანხმობა განაცხადა 150 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე და განმარტა, რომ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი იყო უკანონო, თუმცა, იგი მის მიერ არ გასაჩივრებულა. მოპასუხე არის უმუშევარი და არ აქვს 500 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა.

 

(შესაგებელი, 12.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ------–-------–---სა და მოპასუხე გ------------ეს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული გ-----------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18).

 

3.1.2. გ-----------------ის დიაგნოზია: დაუზუსტებელი ბავშვთა ემოციური აშლილობა, დანიშნული აქვს მედიკამენტები და რეკომენდირებული აქვს ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაცია და მართვა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 06 ნოემბრის N2--- ცნობა სს „ე---------–------ი“ - მ---–------------–---–----ის მიერ (ს.ფ. 20).

 

3.1.3. გ-----------------ე სწავლობს თეატრალურ სტუდია შპს „თ--------“-ში და მისი სწავლების საფასური, ყოველთვიურად, შეადგენს 190 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 22 ოქტომბრის ცნობა შპს „თ--------“-დან (ს.ფ. 21).

 

3.1.4. გ------------ის მიმართ, 2019 წლის 5 სექტემბერს, გამოცემულ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 17 სექტემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის N M---------------- მიმართვა (ს.ფ. 22).

 

3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ნოემბრამდე გ------------ეს უფიქსირდება ხელფასისა და მომსახურების შესრულების სახით მიღებული შემდეგი შემოსავლები: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1871.25 ლარი, მარტის თვეში - 3008.97 ლარი და 2500 ლარი, მაისის თვეში - 3750 ლარი, ივლისის თვეში - 3078.82 ლარი, აგვისტოს თვეში - 1151.25 ლარი, სექტემბრის თვეში - 4445 ლარი. ოქტომბრის თვეში - 4366.81 ლარი, ნოემბრის თვეში - 4371.25 ლარი, დეკემბრის თვეში - 5618.75 ლარი, 2019 წლის იანვრის თვეში - 4260 ლარი, თებერვლის თვეში - 3570.87 ლარი, მარტის თვეში - 27.65 ლარი და 1344.8 ლარი, ივნისის თვეში - 1833.82 ლარი, სექტემბრის თვეში - 1177 ლარი, ოქტომბრის თვეში - 1058.67 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 42-44).

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ნოემბრამდე მ------–-------–---ს უფიქსირდება ხელფასის სახით მიღებული შემდეგი შემოსავლები: 2018 წლის აგვისტოს თვეში - 450 ლარი, სექტემბრის თვეში - 1237.5 ლარი, ოქტომბრის თვეში - 1000 ლარი, ნოემბრის თვეში - 1000 ლარი, დეკემბრის თვეში - 1000 ლარი, 2019 წლის თებერვლის თვეში - 980 ლარი, მარტის თვეში - 980 ლარი და აპრილის თვეში - 980 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 42-46).

 

3.1.7. გ-----------------ე დადის ა(ა)იპ „მ---–---–------–------------------------–-------–-ში“ კალათბურთის წრეზე, რომლის ღირებულებაც, ყოველთვიურად შეადგენს 50 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2020 წლის 6 თებერვლის N4--- ხელშეკრულება ა(ა)იპ „მ---–---–------–------------------------–-------–-სა“ და მ------–-------–---ს შორის (ს.ფ. 56-57).

 

3.1.8. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე 2019 წლის აპრილის თვიდანრ. არასრულწლოვანი გ-----------------ე ცხოვრობს დედასთან - მ------–-------–---სთან ერთად. სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე გ------------ის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ------------ე არის შრომისუნარიანი პირი. არ აქვს სტაბილური სამსახური და შემოსავალი. იგი არის ხელოსანი და, საჭიროებისას, აქვს ფირმებთან ურთიერთობა. ასულებს გარკვეულ სამუშაოებს, როგორც საათობრივად, ისე დღიურად და, დაკვეთით, სამუშაოს შესრულებამდე. 2018-2019 წლების გარკვეულ თვეებში უფიქსირდებოდა მაღალი შემოსავლის მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 42-44).

 

3.2.2. გ------------ე, სისტემატურად, არ მონაწილეობს ფინანსურად შვილის რჩენა-აღზრდაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, საქმეში არ მოიპოვება გ------------ის მიერ შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. 12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, და არასრულწლოვნის საუკუთესო ინტერესი და მისი საჭიროებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

ამდენად, მართალია სამართალწარმოება საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ინკვიზიციური პრინციპით წარმოებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ, აღნიშნული პრინციპი არ უგულებელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის 1000 ლარის ოდენობით თანხის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მ------–-------–---მ 500 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული გ-----------------ე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე მ------–-------–---სა და მოპასუხე გ------------ეს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული გ-----------------ე. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს და იზრდება დედასთან - მ------–-------–---სთან, ხოლო მამის მხრიდან შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).

 

ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და დაადგინა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ნოემბრამდე გ------------ეს უფიქსირდება ხელფასის სახით მიღებული შემდეგი შემოსავლები: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1871.25 ლარი, მარტის თვეში - 3008.97 ლარი და 2500 ლარი, მაისის თვეში - 3750 ლარი, ივლისის თვეში - 3078.82 ლარი, აგვისტოს თვეში - 1151.25 ლარი, სექტემბრის თვეში - 4445 ლარი. ოქტომბრის თვეში - 4366.81 ლარი, ნოემბრის თვეში - 4371.25 ლარი, დეკემბრის თვეში - 5618.75 ლარი, 2019 წლის იანვრის თვეში - 4260 ლარი, თებერვლის თვეში - 3570.87 ლარი, მარტის თვეში - 27.65 ლარი და 1344.8 ლარი, ივნისის თვეში - 1833.82 ლარი, სექტემბრის თვეში - 1177 ლარი, ოქტომბრის თვეში - 1058.67 ლარი, მ------–-------–---ს უფიქსირდება ხელფასის სახით მიღებული შემდეგი შემოსავლები: 2018 წლის აგვისტოს თვეში - 450 ლარი, სექტემბრის თვეში - 1237.5 ლარი, ოქტომბრის თვეში - 1000 ლარი, ნოემბრის თვეში - 1000 ლარი, დეკემბრის თვეში - 1000 ლარი, 2019 წლის თებერვლის თვეში - 980 ლარი, მარტის თვეში - 980 ლარი და აპრილის თვეში - 980 ლარი. ასევე დადგენილ იქნა, რომ გ------------ეს არ აქვს სტაბილური სამსახური და შემოსავალი, რასაც ადასტურებს კიდეც წყვეტა შემოსავლების შესახებ.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას, ალიმენტის მოცულობის თაობაზე, მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში, მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს.

 

აღსანიშნავია, რომ მხარეთა კმაყოფაზე არ იმყოფებიან სხვა პირები, არ გააჩნიათ ვალდებულებები სხვათა მიმართ. მართალია, გ------------ეს, ამჟამად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უდასტურდება, მაგრამ იგი არის შრომისუნარიანი პირი, ხელოსანი, აქვს მუშაობის შესაძლებლობა, მიღებული აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავლები 2018-2019 წლებში. მოპასუხე თანახმაა, თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის სახით გ-----------------ის სასარგებლოდ გადაიხადოს თვეში 150 ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი უზრუნველყოს მისი საჭიროებები და აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მამის მხრიდან ბავშვისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გ-----------------ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 220 ლარით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------–-------–---ს მოთხოვნა - გ------------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ------–-------–--- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხე გ------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ------–-------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ------------ეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გ-----------------ის (დაბადებული 2----–-–-------------ს, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე გ------------ეს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა