გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2020
საქმის ნომერი
330210019003188789
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/22989-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს „ფი----------------ო“

წარმომადგენელი - ნინო ცინაძე

 

მოპასუხე - მა----–-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე შპს „ფი----------------ოს“ სასარგებლოდ მოპასუხე მა----–-------–---–ს დაეკისროს 2 794.90 ლარის (2016 წლის 10 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ძირი თანხა - 1 250 ლარი და საკომისიო - 959.90 ლარი და 2016 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ძირი თანხა - 450 ლარი, საკომისიო - 85 ლარის და პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა.

 

2.1 სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2.1.1 2016 წლის 10 აგვისტოს მოპასუხე მა----–-------–---–მა შპს „ტ-----ს“ ერთ-ერთ ვებგვერდზე შეავსო სასესხო განაცხადი. მა----–-------–---–ის იდენტიფიცირების შემდეგ შპს „ტ-----მ“ მოპასუხეს პირად საბანკო ანგარიშზე სესხის სახით გადაურიცხა 1 250 ლარი. შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა იკისრა მიღებული თანხის და საკომისიოს, ჯამში 2 964 ლარის, დაბრუნების ვალდებულება ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში. მოპასუხეს დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო, ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 %-ის ოდენობით.

 

2016 წლის 19 აგვისტოს მოპასუხემ შპს „ფრ-----–--------------------ა“-სთან, მისი ვებგვერდის მეშვეობით, გააფორმა 450 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულება, ერთი თვის ვადაში საკომისიოსთან ერთად 535 ლარის დაფარვის პირობით. სასესხო ვალდებულების დასაფარად, 2018 წლის 13 ნოემბრის შემდეგ მოპასუხეს არცერთხელ შეუსრულებია გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 %, სულ 683.18 ლარი.

 

შპს „ტ-----მ“ და შპს „ფრ-----–--------------------ამ“ მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმეს მოსარჩელეს - შპს „ფი-----------------ს“.

 

შპს „ფი-------------------მ“ სარჩელით მოითხოვა ორივე სესხიდან წარმოშობილი დავალიანებების, სულ 5 933.43 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება, სასამართლო სხდომაზე კი შეამცირა მოთხოვნა და 2016 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე უარი თქვა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს, 2 505.35 ლარის, დაკისრების მოთხოვნაზე, ხოლო 2016 წლის 19 აგვისტოს სესხთან დაკავშირებით დარიცხული პირგასამტეხლო შეამცირა 50 ლარამდე და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისთვის 2 794.90 ლარის დაკისრება.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია:

2.2.1 მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო.

 

სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის აგვისტოში დაკარგა პირადობის მოწმობა. საქმეში მითითებული სესხები აღებულია მისი თანხმობის გარეშე, თაღლითური გზით, მისი პირადობის მოწმობის უნებართვოდ გამოყენების შედეგად.

 

ფაქტის შესახებ განაცხადი მის მიერ წარდგენილია პოლიციის განყოფილებაში, რის საფუძველზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოება

3.1.1. შპს „ტ-----მ“ და შპს „ფრ-----–--------------------ამ“ მოთხოვნის უფლებები მა----–-------–---–ს მიმართ დაუთმეს შპს „ფი-----------------ს“; ამასთან შპს „ფრ-----–--------------------ამ“ ჯერ, შპს „პრ----–-----------------ს ბ-------ს“, შემდეგ კი შპს „პრ----–-----------------ს ბ-------მ“ – შპს „ფი-----------------ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ (ს.ფ. 19);

- შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე (ს.ფ. 20);

- შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე (ს.ფ. 21);

- ცნობა შპს „ტ-----ს“ მიერ მა----–-------–---–ისთვის შეტყობინების გაგზავნის შესახებ (ს.ფ. 23).

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სადავო გახადა სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს შემდეგ სადავო გარემოებებს.

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას მასედ, რომ სადავო სესხი მას არ აუღია და საქმეში მითითებული სესხები აღებულია მისი თანხმობის გარეშე, თაღლითური გზით, მისი პირადობის მოწმობის უნებართვოდ გამოყენების შედეგად.

 

სასამართლო მიუთითებს მტკიცებულების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპზე.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრისა და დავის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით გაამყაროს სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხე _ შესაბამისად გააქარწყლოს მოთხოვნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროცესში მხარის აქტიურობა განსაზღვრავს იმას, თუ რა შედეგით დასრულდება დავა, ამიტომ როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს ეკისრებათ თანაბარი ტვირთი თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად წარმოადგინონ სათანადო მტკიცებულებები. სასამართლო აქვე მიუთითებს საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით: „სამოქალაქო სამართალწარმოება, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამოდინარე, აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადპროცესუალური სტანდარტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმატებულობას თავად მხარე განაპირობებს, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს იგი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას, მისი წარმატების ხარისხიც მაღალია. ამ თვალსაზრისით საპროცესო სამართლისათვის აქსიომატურია 103-ე (1) მუხლის დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.“ (იხ. მაგ.: სუსგ №ას-852-2019, §63, 01/10/2019; სუსგ №619-619-2018, §1.3.7. , 12/09/2018).

 

საკუთარი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოპასუხემ წარმოადგინა საქართველოს შსს ქ. თბ--–---------–-–--------------------------------------–--ს სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების მიერ გაცემული ცნობა M---------------, 06/12/2019, რომლის მიხედვით, პოლიციის განყოფილება აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე მა----–-------–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის კომპიუტერული სისტემის გამოყენებით დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცნობა ვერ გახდება იმ გარემოების გამომრიცხველი, რომ სესხები მა----–-------–---–ის მიერ იყო გაფორმებული, რადგან მა----–-------–---–ი მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ 2016 წლის აგვისტოში დაკარგა პირადობის მოწმობა და სესხები გაცემული და აღებულია თაღლითური გზით, მისი ნებართვის გარეშე. მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ცნობაში კი მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მა----–-------–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის კომპიუტერული სისტემის გამოყენებით დაუფლების ფაქტზე და არა პირადობის მოწმობის დაკარგვის გამო და ამ მოწმობის უნებართვოდ გამოყენების შედეგად სესხის გაცემასთან დაკავშირებით. ამასთან, მოპასუხეს არც შესაგებელში და, არც ზეპირი განმარტებების ჩამოყალიბებისას არ დაუსაბუთებია, როგორ შეიძლებოდა სხვა პირის მიერ მომხდარიყო მა----–-------–---–ის იმგვარი იდენტიფიცირება, რომ პირად მონაცემებთან ერთად, რაც პირადობის მოწმობაშია აღნიშნული, სესხის განაცხადის შევსებისას მიეთითებინა მოპასუხის მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოპასუხეს ასევე არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შპს „ტ-----მ“ და შპს „ფრ-----–--------------------ამ“ მართებულად მოახდინეს პირის იდენტიფიცირება და სესხები ნამდვილად გაიცა მოპასუხე მა----–-------–---–ზე, პ/ნ 01025019001.

 

3.2.2. 2016 წლის 10 აგვისტოს მა----–-------–---–მა შპს „ტ-----ს“ ვებგვერდის - mo------e-საშუალებით წარადგინა 1 250 ლარის ოდენობით სესხის მოთხოვნის განაცხადი.

 

იმავე დღეს განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე მა----–-------–---–ს გადაერიცხა 1 250 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-20);

- ცნობა მომხმარებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შესახებ (ს.ფ. 24);

- საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები (ს.ფ. 25-26).

 

3.2.3. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა იკისრა სესხის, სარგებელთან (საკომისიოსთან) ერთად, 2 964 ლარის ოდენობით დაბრუნების ვალდებულება.

 

სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლით გათვალისწინებული სესხის გადახდის პირობების თანახმად, მსესხებელი კისრულობდა სესხის თანხისა და პროცენტის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულებას, თვის იმ დღეს, რა დღესაც მოხდა სესხის გაცემა.

 

ხელშეკრულების 7.4. მუხლის თანახმად, გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბოლოოდ, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ უარი თქვა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-33);

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 26);

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (13.02.2020 სხდომის ოქმი).

 

3.2.4. 2016 წლის 19 აგვისტოს შპს „ფრ-----–--------------------ას“ ვებგვერდის - my--------e-ს მეშვეობით მა----–-------–---–მა შპს „ფრ-----–--------------------ას“-თან, გააფორმა 450 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი თვით, მოპასუხისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, სესხის გადახდის ბოლო ვადად მოითითებული იყო 2016 წლის 19 სექტემბერი.

 

სესხის მომსახურების საკომისიო შეადგენდა 85 ლარს, რომლის გაანგარიშების წესი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სტანდარტული ხელშეკრულების 1 (კ) მუხლის თანახმად, განისაზღვრებოდა სესხის თანხისა და ვადის მიხედვით და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებული პირობით უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.

 

სტანდარტული ხელშეკრულების 7.4. მუხლის თანახმად, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო სესხის თანხის და სესხის მომსახურების საკომისიოს ჯამური ოდენობის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 13 ნოემბრის შემდეგ ვალდებულების დასაფარად გადახდა არ განუხორციელებია და 2018 წლის შემდეგ არ მომხდარა ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება და მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო, 683.18 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენდა: სესხის ძირის სახით - 450 ლარს, საკომისიოს – 85 ლარს და პირგასამტეხლოს – 683.18 ლარს. საბოლოოდ, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში 50 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- ელექტრონული წერილი (ს.ფ. 36);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 37-45);

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (13.02.2020 სხდომის ოქმი).

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებებზე მხარეებს არ მიუთითებიათ და სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფი----------------ოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მა----–-------–---–ს შპს „ფი----------------ოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2 794.90 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 419-ე, 623-ე 625-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო პირველ რიგში შეეხება სათანადო მოსარჩელის საკითხს და აღნიშნავს, რომ შპს „ფი----------------ო“ წარმოადგენს მა----–-------–---–ის მიმართ სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

ამავე კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ შპს „ტ-----მ“ მოპასუხის მიმართ 2016 წლის 10 აგვისტოს სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „ფი-----------------ს“, ხოლო შპს „ფრ-----–--------------------ამ“ 2016 წლის 19 აგვისტოს სესხიდან გამომდინარე ვალდებულება დაუთმო ჯერ შპს „პრ----–-----------------ს ბ-------ს“, შემდეგ კი, შპს „პრ----–-----------------ს ბ-------მ“ – შპს „ფი-----------------ს“.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ტ-----ს“ და შპს „ფრ-----–--------------------ას“ მიერ მოთხოვნის ამგვარი დათმობა არ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების არსს, ასევე, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრედიტორები რაიმე სახელშეკრულებო დათქმით შეზღუდული იყვნენ, განეხორციელებინათ მოთხოვნის დათმობის უფლება; მოთხოვნის დათმობა ასევე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ფი----------------ო“ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს საქმეზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა, რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის მხარეები არიან გამსესხებელი და მსესხებელი. არსებითი პირობები განისაზღვრება ამგვარად: გამსესხებლია მოვალეობაა, ხელშეკრულების საგნის, როგორც წესი, ფულის, გარკვეული ვადით მსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მსესხებელის მოვალეობაა იგივე რაოდენობის ნივთის დაბრუნება.

 

სესხის ხელშეკრულების გასაფორმებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, არ მოითხოვება წერილობითი ფორმა. მის გასაფორმებლად მხარეთა ზეპირი შეთანხმებაც საკმარისია, თუმცა, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზეც.

 

ამასთან, უმეტესად სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი, გარკვეული ნამეტი სესხის საგანზე. შესაბამისად პროცენტიანი სესხის შემთხვევაში, მსესხებელმა სესხად გადაცემული ნივთი, უმეტესად ფული, უნდა დააბრუნოს ამ ნამეტთან ერთად. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ პროცენტის გადახდის სხვადასხვაგვარ ფორმასა და წესზე.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეები, ასევე, შეიძლება შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებაზე, როგორც მოთხოვნის შესრულების გარანტირების პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამგვარად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით ფორმას. მისი მიზანია ხელშეკრულების დროული და ჯეროვანი შესრულების სტიმულირება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს დაკისრებისთვის აწესებს სავალდებულო წერილობით ფორმას.

 

მოცემულ საქმეში მხარეთა შორის გაფორმებული იყო ფულადი სესხის პროცენტიანი ხელშეკრულებები, რომლის პირობებზე შეთანხმება განხორციელდა კომუნიკაციის არხის, ინტერნეტის საშუალებით. გამსესხებლების: შპს „ტ-----ს“ და შპს „ფრ-----–--------------------ას“ საკუთარ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ პირობებზე, მსესხებლის - მა----–-------–---–ის თანხმობა, გამოიხატა მის მიერ ინტერნეტის მეშვეობით სესხის განაცხადის შევსებით. რის შემდეგაც გამსესხებელმა საბანკო ანგარიშის გამოყენებით მსესხებელს გადაურიცხა ფული. შესაბამისად, მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 723-ე მუხლის თანახმად, შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობის თანახმად, პირგსამტეხლოს შესაძლო დაკისრებაზე.

 

მა----–-------–---–ს წარმოეშვა სესხად გადაცემული ფულის სარგებელთან ერთად დაბრუნების ვალდებულება; 2016 წლის 10 აგვისტოს გაცემული სესხი, პროცენტთან ერთად, უნდა დაებრუნებინა ერთი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიური პერიოდულობით. 2016 წლის 19 აგვისტოს გაცემული სესხის ხელშეკრულების ვადა იყო ერთი თვე და შესაბამისად, მსესხებელს ფული უნდა დაებრუნებინა ამ ვადაში, პროცენტის ერთ-ერთ სახესთან - საკომისიოსთან ერთად. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამსესხებელს ასევე, შეეძლო მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები არ შეუსრულებია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2 794.90 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ (2016 წლის 10 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ძირი -1 250 ლარი და საკომისიო 959.90 ლარი, 2016 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ძირი - 450 ლარი, საკომისიო - 85 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი) საფუძვლიანი და კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც მან შეამცირა მოთხოვნა, რაც შესაბამისად შეადგენს 94 ლარს, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ფი----------------ოს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მა----–-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს, მა----–-------–---–ს შპს „ფი----------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2 794.90 ლარის გადახდა, საიდანაც:

- 2016 წლის 10 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ძირი თანხაა 1 250 ლარი და საკომისიო 959.90 ლარი,- 2016 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისიო - 85 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი.

 

2. მა----–-------–---–ს შპს „ფი----------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 84 ლარი.

 

3. შპს „ფი----------------ოს“ დაუბრუნდეს 30.07.2019-ს სს „საქართველოს ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 178 ლარიდან (რაც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება N726) 94 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე