განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003267233
საქმე №1/960-19წ.
განაჩენი
საქართველოს სახელით
26.02.2020 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: რე----------------ა
დაცვის მხარე
ადვოკატი: გი------------–-–---–ი
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული - და----ი ცა------ა
მამის სახელი: ნუ------ი
დაბადების თარიღი: 02.08.1979 წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები რეგისტრაციის მიხედვით: სე---ის რაიონი, სოფელი ძველი სე---ი.
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუ-----ი, გა----ს ქუჩა №--;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუ-----ში, გა----ს ქუჩის პირველ შესახვევ №---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა და---- ცა------ამ, მეუღლეს თ------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გაშლილი ხელი სამჯერ დაარტყა სახის არეში და თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა კარადაზე. ძალადობის შედეგად თ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
2. სასამართლომ დაადგინა.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და----ი ცა------ა ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა 8.8 ქვეპუნქტისა (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად წარმოდგენილი იქნა დაზარალებული თ------–---–ი რომელმაც გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ. (იხ. სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი ფორმა №1, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად - ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 31 აგვისტოს ქუ-----ში, გა----ს ქუჩა №---ში თ------–---–ის მიმართ მეუღლის, და---- ცა------ას მიერ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე (იხ. ს/ფ 1).
საქმეში წარმოდგენილი №2------ 01/09/2019 10:24 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად - 2019 წლის 01 სექტემბერს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შევიდა თ------–---–ის განცხადება (იხ. ს/ფ 2).
თ------–---–ის 2019 წლის 1 სექტემბრის განცხადების თანახმად - ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებას განცხადებით მიმართა დაზარალებულმა თ------–---–მა და განმარტა რომ 2019 წლის 31 აგვისტოს, ქუ-----ში, გა----ს ქუჩა №---ში მეუღლე და---- ცა------ამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (იხ. ს/ფ 3).
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - 01.09.2019 წელს 12:20 – 12:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ------–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში წარმოდგენილი №0----- შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ: 2019 წლის 31 აგვისტოს თ------–---–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და---- ცა------ამ. 2019 წლის 1 სექტემბერს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, ორდერის თანახმად და---- ცა------ას 30 დღის ვადით აეკრძალა თ------–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 58-64).
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 18 ოქტომბერს 13:30 საათზე ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ხვ--------------ის მიერ და----ი ცა------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
აღნიშნული მოწმის და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
5. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და----ი ცა------ამ (ბრალდებული) წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ - 2019 წლის 31 აგვისტოს იმყოფებოდა ქ.ქუ-----ში გა----ს ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ამ დროს სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლე თ------–---–ი, ხოლო მეორე ოთახში იმყოფებოდა მეუღლის ბებია - ქს--------–---–ი. ბრალდებულმა განმარტა, რომ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან თ------–---–თან, რაც გადაიზარდა კამათში. კამათმა გასტანა 10-15 წუთი, შემდეგ კი გამოვიდა სახლიდან და წავიდა სოფელ სე---ში. ბრალდებულმა კატეგორიულად უარყო მეუღლის მიმართ რაიმე სახის ფიზიკური შეუარცხყოფისა და ძალადობის განხორციელების ფაქტი. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას (იხ. სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
6. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.
საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ და----ი ცა------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის მე-49 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
მოცემულ შემთხვევაში, თავად დაზარალებულს არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მან კანონიერი საფუძვლით განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა და----ი ცა------ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა და---- ცა------ას მხრიდან თ------–---–ზე ძალადობის განხორციელების ფაქტს.
ბრალდების მხარის მიერ გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნუსხაში დასახელებული არც ერთი მოწმე, რომელიც მხარეებმა უდავოდ გახადეს საქმის განხილვის დროს, არ არიან შემთხვევის ფაქტის თვითმხილველები და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. ასევე წერილობითი მტკიცებულებები: დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები არ იძლევიან უტყუარ ინფორმაციას ბრალად შერაცხული მუქარის ფაქტის არსებობის შესახებ, არამედ შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მოწოდებულ ინფორმაციას მასზე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გამოძიების პროცესი, მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არაერთგზის ჩადენა.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა. თუ მსხვერპლს ასეთი ტკივილის განცდა არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი (ამ შემთხვევაში ძალადობის განხორციელებისას), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
ბრალდების მხარის მიერ დასახელებული არც ერთი მოწმე არ არის პირდაპირი შემსწრე დანაშაულის ფაქტისა. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დადასტურებულია დაზარალებულის სხეულზე გარეგნულად მიყენებული დაზიანებების კვალი. მოცემული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა. ამასთან, თავად დაზარალებულს სასამართლო განხილვის დროს არ მიუცია ჩვენება და არ დაუდასტურებია, რომ ეს დაზიანებები მან მიიღო მეუღლის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს, ხოლო თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტის პირდაპირი თვითმხილველი მოწმე წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ან/და მოწმის ჩვენება, რომელიც ამ დაზიანებათა წარმოშობას ბრალდებულის ქმედებას დაუკავშირებდა, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
ოჯახური ძალადობა არ წარმოადგენს ისეთი ტიპის დანაშაულს, რომელიც თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით გამოირჩევა, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
საქმეზე მტკიცებულებითი ძალა მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს და სწორედ იგი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად. ამასთან, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა.
საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებები, არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ და----ი ცა------ამ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
7. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და----ი ცა------ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და----ი ცა------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2. გაუქმდეს და----ი ცა------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს შემტანს სა-–---ე ცა------ას (პ/ნ 3----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარი.
3. და----ი ცა------ას განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯოხაძე