გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2019
საქმის ნომერი
010210118002721389
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210118002721389

2-4687/18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25/12/2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

 

მოსარჩელე - შ–----------------------ე

მხარდამჭერი - ნ--–- ქ-------ე

წარმომადგენელი - თ---------ე

მოპასუხე - შ------ ქ-------ე, მ-----–- ქ-------ე

წარმომადგენელი - მ------ მ-----–---–ი

დავის საგანი: უძრავი ქონებიდან გამოსახლება და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ---- ქ-------ის მ------------------ი ნ--–- ქ-------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აღკვეთილი იქნას მ---- ქ-------ის საკუთრების ხელყოფა და ამ მიზნით შ------ ქ-------ე და მ-----–- ქ-------ე გამოსახლებული იქნან ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან და გამოსახლების შემდეგ ფართი ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში, მოსარჩელის საკუთრებაა. აღნიშნულ ბინას მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს და სარგებლობს შ------ ქ-------ე და მ-----–- ქ-------ე. არაერთი სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ფართს და ხელს უშლიან მის სარგებლობაში.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. ასევე ადასტურებს, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ფართში ცხოვრობენ მოპასუხეები, მაგრამ მოითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, რადგანაც მოპასუხეები უძრავ ქონებაში ცხოვრობენ კანონიერი საფუძვლით, რაც გამორიცხავს უძრავი ქონებიდან მათ გამოსახლებას. გარდა ამისა ისინი აპირებენ სადაო გახადონ როგორც მოსარჩელის საკუთრების უფლება, ასევე მ---- ქ-------ის მხარდამჭერად ნ--–- ქ-------ის დანიშნვა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე უძრავი ქონება, წარმოადგენდა თ--- ქ-------ის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 21.

 

3.1.2. თ--- ქ-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 26 აპრილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა. ს.ფ. 15

 

3.1.3. თ--- ქ-------ის მემკვიდრეობა მიიღო მ---- ქ-------ემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი. ს.ფ. 22-23.

- სამკვიდრო მოწმობა. ს.ფ. 41-42

 

3.1.4. საქმის განხილვის მომენტისათვის ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე უძრავი ქონება, წარმოადგენს მ---- ქ-------ის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 65-66.

 

3.1.5. მ---- ქ-------ის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მისამართზე ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) ცხოვრობენ შ------ და მ-----–- ქ-------ეები. მოსარჩელე, ბინაში მოპასუხეების ცხოვრების წინააღმდეგია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს სადაო ფაქტობრივი გარემოება არ აქვთ. სადაოა მხოლოდ ერთი საკითხი - მოპასუხეები უნდა გამოსახლდნენ თუ არა იმ ქონებიდან, რომელიც რეგისტრირებულია მ---- ქ-------ის საკუთრებად. აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების პროდუქტია, შესაბამისად მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეები მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრებას, რის გამოც აუცილებელია უკანონო ხელყოფის აღკვეთა. აღნიშნულის გამო სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, ისე ქვეყნის შიდა ნორმატიული აქტები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლში განმარტებულია, რომ ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

6.2. ამავე პრინციპს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, აღიარებს საკუთრების ხელშეუხებლობას. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამდენად საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას იძლევა როგორც კანონი და კანონქვემდებარე აქტები ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები. მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას საკუთრების უფლება. ანუ იხემძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე უძრავი ქონება, მისი საკუთრებაა. ფართს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები და არ აძლევენ მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფენ მისი საკუთრების უფლებას. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე უძრავი ქონება, საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის საკუთრებადაა რეგისტრირებული.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. თუ მოსარჩელეს მისი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული აქვს საკუთრების შინაარსის ამსახველი რომელიმე უფლება (ფლობა, სარგებლობა ან განკარგვა), ითვლება, რომ მისი საკუთრების უფლება დარღვეულია. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს შეზღუდული აქვს საკუთრების მფლობელობა და სარგებლობა. მას ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები, ვისაც ფლობისა და სარგებლობის უფლება მესაკუთრისაგან მიღებული არ აქვთ. მართალია მათი მფლობელობა და სარგებლობა გარკვეული პერიოდის წინ კანონიერი იყო, მაგრამ საქმის განხილვის ამ მომენტისათვის ისინი მესაკუთრეები არ არიან და მათ მფლობელობას მესაკუთრის თანხმობა სჭირდება. მათ მესაკუთრის თანხმობა არ აქვთ. უფრო მეტიც, მესაკუთრე წინააღმდეგია მოპასუხეები ფლობდნენ და სარგებლობდნენ მის ქონებას.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხეები არ არიან ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები. ფართში მათი ცხოვრების წინააღმდეგია მოსარჩელე, რომელსაც მოპასუხეების გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეებსაც არ აქვთ ამ ბინის ფლობის უფლება. ისინი არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც ისინი გამოსახლებული უნდა იქნან მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან. მათი გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

6.8. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხეების ინტერესსაც. მათ აქვთ საცხოვრისის უფლება. საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება ორი მნიშვნელოვანი უფლება. ერთის მხრივ ეს უფლებაა საკუთრების უფლება, რომელსაც უპირისპირდება მოპასუხეთა საცხოვრისის უფლება. მისი დაცვა საქართველოს სახელმწიფოს ნაკისრი აქვს მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (მაგალითად ,,ევროპული სოციალური ქარტია“, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების შესახებ საერთაშორისო აქტი“, ,,ევროპული კავშირის ძირითად თავისუფლებათა ქარტია“ და სხვა). საცხოვრისზე უფლება ასევე აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებსა და რეკომენდაციებში, რომლებსაც საქართველოსათვის სავალდებულო ძალა აქვს. საცხოვრისის უფლება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით გულისხმობს ყველა ადამიანის უფლებას ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც ადეკვატურია მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, მათ შორის საცხოვრისის ჩათვლით. საცხოვრისი გულისხმობს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც უსაფრთხოა სანიტარული და ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აქვს საბაზო კეთილმოწყობა, შეესატყვისება მცხოვრებთა რაოდენობასა და შემადგენლობას. სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის განმარტებით პირის კონკრეტულ ადგილას ცხოვრებას, უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი. თუმცა ასეთი კანონიერი საფუძველის არარსებობის დროს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები სახელმწიფოს ავალდებულებს დაიცვას პირის საცხოვრისის უფლება და მიიღოს ზომები მათი უსახლკარობის თავიდან ასაცილებლად. გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა ზოგად კომენტარებში განმარტა, რომ იძულებითი გამოსახლება შეუთავსებელია პაქტის მოთხოვნებთან და შეიძლება გამართლდეს მხოლოდ ყველაზე გამონაკლის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი პრინციპების შესაბამისად. ასეთი ორი განსაკუთრებული უფლების კონკურენციისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. უძრავი ქონების მფლობელთან შედარებით, მესაკუთრეს ქონების ფლობისა და მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. თავის მხრივ გამოსახლებულ პირებს უფლება აქვთ სახელმწიფოსაგან მოითხოვონ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალიწინებული საცხოვრისის უფლების დაცვა, რაც არ ანიჭებს უფლებას სარგებლობდეს და ფლობდეს სხვის საკუთრებას დ ამ გზით არღვევდეს სხვის საკუთრების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი ხელშეშლის აღკვეთისა და საკუთრების თავისუფლ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს მას, რომ თითოეული მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ისარგებლონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძოდ, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება: ალიმენტის მიკუთვნებას; პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას; მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვებას; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია თამასუქისა და ჩეკის თაობაზე. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ გადაწყვეტილებათა სანიმუშო ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გადაეცეს დაუყონებლივ აღსრულებისათვის. დასახელებული ნორმა უნდა განიმარტოს შეზღუდვითი განმარტების ფორმით. მის შინაარსში არ იგულისხმება ყველა იმ გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის სავალდებულოობა, რომელიც სსკ-ის 268-ე მუხლშია მითითებული. ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. სასამართლომ, გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად არ უნდა მიაქციოს თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გადაწყვეტილების დაყოვნებით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის მოსალოდნელობა ან/და აღსრულების დაყოვნებით გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა.

 

სასამართლომ შეამოწმა დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის აუცილებლობა. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარე დაუყონებლივ აღსრულებას. მართალია გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყდა მოპასუხის ფართიდან გამოსახლება და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების საკითხი. მაგრამ გადაწყვეტილების დაყოვნება მოსარჩელეს მიაყენებს არსებით ზიანს. ის ვერ ახერხებს დასახელებული ფართის სარგებლობას და ამით მის კანონიერ ინტერესს ადგება ზიანი. ამ ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელია გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. მითუმეტეს საქ. სსკ-ის 268-ე მუხლი, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვებისას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეების უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის და მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა არის 60 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის რომლითაც ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე ქ. ქობულეთი, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--). შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით, რომლის მიხედვითაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ყადაღა გამოყენებული იქნა უძრავი ქონების საკუთრების უფლებაზე დავის გამო. ამ ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. სარჩელის განუხილველად დატოვება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ---- ქ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. აღკვეთილი იქნას შ------ ქ-------ის და მ-----–- ქ-------ის მიერ, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულნი იქნან უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. ქობულეთში, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--). გამოთავისუფლებული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მ---- ქ-------ეს.

3. შ------ ქ-------ეს და მ-----–- ქ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად იქნას მიქცეული და ამ მიზნით მასზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმდეს და ქ. ქობულეთი, რ---------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე უძრავი ქონება გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

6. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

7. გადაწყვეტილება სხვა ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე