გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე
მოსარჩელე- შ------–-----
წარმომადგენელი-თ---------------–---–-
მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი- ა------------–---
დავის საგანი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–------------------------------ გადაწყვეტილება ,,შ------–-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-9).
1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ-------–------------ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-9).
მოსარჩელის განმარტებით, 2019წლის 20 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. 2019 წლის 21აგვისტოს დაუდგინდა ხარვეზი, მოითხოვეს დამატებით ორი დოკუმენტი: 1. შპს ,-----------–------------------------------ წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და 2. ამავე კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია, კომპანიაში გაფორმებული უცხოელების რაოდენობის შესახებ. ვადად განესაზღვრა 2019წლის 30 აგვისტო. მოსარჩელემ დაიწყო აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება. ვინაიდან კომპანიის ბრუნვის ცნობის აღებას სსიპ შემოსავლების სამსახურიდან სჭირდება 10 დღე, 2019წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ კომპანიის ბრუნვის ცნობის წარსადგენად ითხოვა დამატებითი ვადა, რადგან მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა 2019 წლის 30 აგვისტომდე მისი აღება, ხოლო ცნობა კომპანიიდან თუ რამდენი უცხოელი მუშაობდა დაურთო საქმეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 30აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2019 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით. 2019წლის 03 სექტემბერს, მოსარჩელემ წარადგინა მოთხოვნილი ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან შპს ,,----------–-------------ს“ წლიური ბრუნვის შესახებ, რომლის მიხედვით 2019წლის 16 მაისიდან 2019 წლის 29აგვისტომდე ბრუნვა შეადგენს 96611.5 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 96611.5 ლარს. აღნიშნული ბრუნვა მოიცავს მხოლოდ 3 თვეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია არის მზარდი და შესაბამისად მისი ბრუნვაც იქნება მზარდი წლის განმავლობაში. მოსარჩელის განმარტებით, კომპანიაში დასაქმებულია 9 უცხოელი, აქედან მხოლოდ მოსარჩელე არის შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველი, ვინაიდან უმეტესობას უკვე აქვს სხვადასხვა კატეგორიის ბინადრობის ნებართვები. შესაბამისად 96611.5 ლარის ბრუნვა სრულიად საკმარისია ბინადრობის გასაცემად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2----–-–------------------------------ გადაწყვეტილებით შ------–-----ის განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით დატოვა განუხილველი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ითხოვს მის ბათილად ცნობას და მოპასუხე მხარეზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შ------–-----(დაბადებული 19--–-–----------------ი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეროვნული პასპორტი(ს.ფ. 33)
3.1.2. 2019 წლის 15 მაისს, ერთის მხრივ შპს „----------–--------------“(ს/ნ 445557175, შემდგომში დამსაქმებელი, წარმოდგენილი მისი დირექტორებით: ჯ--------------------------------------------------–----------–-------------------) მიერ) და მეორეს მხრივ შ------–-----ს(დასაქმებული) შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ დასაქმებულის თანამდებობა არის სპარსულენოვანი გიდი. ხელშეკრულების თანახმად, შ------–-----ის დარიცხული ხელფასი შეადგენს 500 აშშ დოლარს. ხელშეკრულება მოქმედებს 24 თვის განმავლობაში, 2019 წლის 15 მაისიდან 2021წლის 15 მაისამდე, ხელშეკრულების გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 15 მაისის შრომითი ხელშეკრულება(ს.ფ. 24-30)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,----------–-------------ს“ მიერ 2019წლის 20აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შ------–-----ი მუშაობს შპს ,,----------–-------------ში“ გიდის პოზიციაზე 2019 წლის 15 მაისიდან 2021წლის 15მაისამდე და მისი ხელფასი საშემოსავლოს გარეშე შეადგენს 500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,----------–-------------ს“ 2019წლის 20 აგვისტოს ცნობა (ს.ფ.31)
3.1.4. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 2019წლის 01 მაისს გაცემული N------------ ნასამართლეობის ცნობით ირკვევა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს 2----------–-–----------- ნასამართლეობის ცნობის დანახმად და საელჩოს მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე შ------–-----(პასპორტის NZ-------) ცნობის გაცემის თარიღამდე არ არის ნასამართლევი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გაცემული ნასამართლეობის ცნობა N------------(ს.ფ. 32)
3.1.5. 2019წლის 20 აგვისტოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე შ------–-----მა N1--------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------–-----ის 2019წლის 20 აგვისტოს N1--------- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 81-84)
3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019წლის 21 აგვისტოს №1---------/7 წერილით, შ------–-----ს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, საქმეზე წარმოსადგენი იყო შემოსავლების სამსახურიდან, უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის შპს ,,----------–-------------ს“(ს/ნ 4--------- წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს(გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; 2 შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის სესახებ. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014წლის 1სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლისა და მე-13 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, შ------–-----ს დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა 2019წლის 30 აგვისტომდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
ამავე წერილით დადგენილი იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს №1---------/7 წერილი(ს.ფ. 11)
3.1.7. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,----------–-------------ს“ მიერ 2019წლის 26აგვისტოს წერილი, რომლითაც შპს ,,----------–-------------მ“ ინფორმაციის სახით აცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომ კომპანიაში 2019წლის 26აგვისტოს მდგომარეობით დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთო რაოდენობა შეადგენს ცხრა კაცს, რომელთა შორის არის შ------–-----იც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,----------–-------------ს“ 2019წლის 26 აგვისტოს წერილი(ს.ფ.31)
3.1.8. 2019წლის 29 აგვისტოს, შ------–-----მა N17---- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 21 აგვისტოს №1---------/7 წერილით დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება ათი დღით, რადგანაც შემოსავლების სამსახურიდან ცნობის აღებისათვის ზუსტად ეს დრო იყო საჭირო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა განიხილა შ------–-----ის 2019წლის 29 აგვისტოს N17---- განცხადება 21 აგვისტოს №1---------/7 განცხადებასთან დაკავშირებით, დამატებითი დოკუმენტის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების თაობაზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 21 აგვისტოს №1---------/7 განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019წლის 30 აგვისტოს მიიღო №1---------/7 გადაწყვეტილება, რომლითაც შ------–-----ს დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად გაუგრძელდა ვადა 2019წლის 06სექტემბრის ჩათვლით. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------–-----ის 2019 წლის 29 აგვისტოს N17---- განცხადება(ს.ფ. 15)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 30 აგვისტოს №1---------/7 გადაწყვეტილება ,,შ------–-----ის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა/გადაწყვეტისთვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე“(ს.ფ. 17-18)
3.1.9. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 20--–-–------------------------------ წერილით ირკვევა, რომ შპს „----------–--------------“(ს/კ4---------მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 16.05.2019 წლიდან (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან)- 29.08. 2019 წლამდე პერიოდში ბრუნვა შეადგენს 96611.5 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 96611.5 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2---–-–------------------------------- წერილი(ს.ფ. 20-21)
3.1.10. 2019წლის 03 სექტემბერს, შ------–-----მა N1----- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და 2019წლის 21 აგვისტოს №1---------/7 განცხადებაზე დასართავად წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გაცემული ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შ------–-----ის 2019 წლის 03 სექტემბრის N1----- განცხადება(ს.ფ.75)
3.1.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–------------------------------ გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული შ------–-----ის განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–------------------------------ გადაწყვეტილება ,,შ------–-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე’’(ს.ფ. 22-23)
3.1.12. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2---–-–--------------------------------- წერილი, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს შ------–-----ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2----–-–----------------------------------- წერილი(ს.ფ. 95)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–------------------------------ გადაწყვეტილება ,,შ------–-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------–-----ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–------------------------------ გადაწყვეტილება ,,შ------–-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის სახეებს. აღნიშნული მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს(გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019წლის 20 აგვისტოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე შ------–-----მა N1--------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. დასახელებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში.
საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის’’ მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ)საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (10.11.2015 N 574 მოქმედება გავრცელდეს 2015წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე) დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი(შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; (30.07.2019 N352 ამოქმედდეს 2019 წლის 5 ივლისიდან); დ1) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; (30.07.2019 N352 ამოქმედდეს 2019 წლის 5 ივლისიდან); ე)ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ------–-----მა შრომითი ბინადრობის მინიჭების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განცხადება 2019წლის 20 აგვისტოს წარადგინა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლზე, რომელიც შეეხება ადმინისტრაციულ ორგანოში დამატებითი ინფორმაციის წარდგენასა და განცხადების განუხილველად დატოვების საკითხებს. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
დასახელებული მუხლის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს გარკვეულ დისკრეციას, თავად განსაზღვროს ხარვეზის შესავსებად კონკრეტული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 05დღეზე ნაკლები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს და მოითხოვოს მისი გაგრძელებას გონივრულ ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ გააგრძელოს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა მაქსიმუმ 15დღით.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს N1---------/7 წერილით, შ------–-----ს მის მიერ სააგენტოში 2019 წლის 20 აგვისტოს წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. მას განემარტა, რომ საქმეზე წარმოსადგენი იყო შემოსავლების სამსახურიდან, უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის შპს ,-----------–------------------------------ წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს(გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; 2 შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის სესახებ. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014წლის 1სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლისა და მე-13 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, შ------–-----ს დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა 2019წლის 30 აგვისტომდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 30 აგვისტოს N1---------/7 გადაწყვეტილებით, შ------–-----ს 2019წლის 20 აგვისტოს N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად გაუგრძელდა ვადა 2019წლის 06სექტემბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ- 2019წლის 03 სექტემბერს, შ------–-----მა განცხადებით(რეგისტრაციის 1-----) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და N1--------- საქმეზე წარუდგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ კომპანიის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 16.05.2019წლიდან(დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან)- 29.08. 2019წლამდე პერიოდში ბრუნვა შეადგენს 96611.5ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 96611.5 ლარს.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 09 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილებით, შ------–-----ის 2019წლის 20 აგვისტოს N-------- განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ დარჩა განუხილველი.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შ------–-----ის მიერ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. კერძოდ, როგორც აღინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 21აგვისტოს N1---------/7 წერილით, შ------–-----ს მის მიერ სააგენტოში 2019წლის 20აგვისტოს წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. მას განემარტა, რომ საქმეზე წარმოსადგენი იყო შემოსავლების სამსახურიდან, უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის შპს ,-----------–------------------------------ წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს(გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; 2 შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014წლის 1სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლისა და მე-13 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, შ------–-----ს დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა 2019წლის 30 აგვისტომდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 30 აგვისტოს N1---------/7 გადაწყვეტილებით კი, შ------–-----ს 2019წლის 20 აგვისტოს N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად გაუგრძელდა ვადა 2019წლის 06სექტემბრამდე. აღნიშნულის საფუძველზე, 2019წლის 03 სექტემბერს, შ------–-----მა განცხადებით(რეგისტრაციის 1-----) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და N1--------- საქმეზე, მათ მოთხოვნისამებრ წარუდგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 09 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული 2019წლის 20აგვისტოს N1--------- განცხადება შ------–-----ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლოს მოსაზრებით გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული, თუ რა შეფასება მიეცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის 2---–-–------------------------------- წერილს, რომლითაც ირკვევა, რომ შპს,,----------–-------------ს“ მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 16.05.2019წლიდან(დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან)- 29.08.2019წლამდე პერიოდში ბრუნვა შეადგენს 96611.5ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 96611.5 ლარს. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული აღნიშნული წერილი რატომ არ იქნა მიჩნეული ხარვეზით დადგენილი გარემოების აღმოფხვრის საკმარის მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ კომპანიაში დასაქმებულია 9 უცხოელი, აქედან მხოლოდ მოსარჩელე არის შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველი, ვინაიდან უმეტესობას უკვე აქვთ სხვადასხვა კატეგორიის ბინადრობის ნებართვები. ასეთ პირობებში, სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შ------–-----ის მიერ 2019წლის 20 აგვისტოს წარდგენილი N1--------- განცხადება დაეტოვებინა განუხილველი, რამეთუ აღნიშნული დაუსაბუთებლად ზღუდავს მოსარჩელე მხარის კანონით დაცულ უფლებებს.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 09 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილება ,,შ------–-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------–-----ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ- სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე- შ------–-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ------–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–------------------------------ გადაწყვეტილება ,,შ------–-----ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე’’.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------–-----ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე- შ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი