გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019003129073
საქმე №2-2587/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე ი-–--------–--ე
წარმომადგენელი ა-------–-–--–--ე
მოპასუხე სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი დ----- გ---------
მოპასუხე თ------ ქ------ე
მესამე პირი სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი ჯ---------–----–---
მესამე პირი სს „თ-------–------ი“
წარმომადგენელი თ-------- გ-----–--
დავის საგანი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ი-–--------–--ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი HONDA CIVIC HYBRID, სედანი, გამოშვების წელი - 2008 წელი, სახელმწიფო ნომერი - A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - JHMFA36219S010974.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე სს “ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.2. მოპასუხე თ------ ქ------ემ სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს „თ-------–------ს“ და თ------ ქ------ეს შორის გაფორმებული იყო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თ------ ქ------ეს გადაცემული ქონდა სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი HONDA CIVIC HYBRID, სედანი, გამოშვების წელი - 2008 წელი, სახელმწიფო ნომერი - A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - JHMFA36219S010974.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება.
- 1-LA-75366 ავტო ლიზინგის ხელშეკრულება.
3.2.2. 2018 წლის 31 დეკემბერს თ------ ქ------ის მიერ მოხდა ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც სს „თ-------–------მა“ განახორციელა ლიზინგის საგნის სახელმწიფო რეგისტრაცია თ------ ქ------ის სახელზე დისტანციურად. თავის მხრივ იმავე დღეს თ------ ქ------ე ახორციელებდა სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას ი-–--------–--ის სახელზე.
დადგენილია, რომ ლიზინგის მიმღები იმ დროისათვის იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ხოლო სს „თ-------–------ის“ წარმომადგენელი ქ. თბილისში. სატრანსპორტო საშუალების გადაფორმება განხორციელდა დისტანციურად.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ზ/აღნიშნულ პროცესში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, სატრანსპორტო საშუალება გადაფორმდა და სარეგისტრაციო მოწმობა გაიცა ი-–--------–--ეზე, ხოლო დარეგისტრირდა თ------ ქ------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება.
- სს „თ-------–------ის“ წერილი N4997/19.
- სარეგისტრაციო მოწმობა.
- 31.12.2018წ. ერთობლივი განცხადება N05906749.
- 31.12.2018წ. ერთობლივი განცხადება N05906708.
- სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილი.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია NA19085510 სააღსრულებო საქმე, აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ 2019 წლის 10 მაისს გაცემული N190335161/580814 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის მიხედვით მოვალე თ------ ქ------ეს კრედიტორ სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7909,06 ლარის გადახდა. აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო თ------ ქ------ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი HONDA CIVIC HYBRID, სედანი, გამოშვების წელი - 2008 წელი, სახელმწიფო ნომერი - A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - JHMFA36219S010974.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სააღსრულებო ბიუროს 03.07.2019წ. წერილი NA19085510-011/001.
- სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3.2.4. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ი-–--------–--ის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა თ------ ქ------ისაგან სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი HONDA CIVIC HYBRID, სედანი, გამოშვების წელი - 2008 წელი, სახელმწიფო ნომერი - A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - JHMFA36219S010974 შეძენა და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადაო ავტომანქანა წარმოადგენს არა მოვალე თ------ ქ------ის, არამედ მოსარჩელე ი-–--------–--ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება.
- სს „თ-------–------ის“ წერილი N4997/19.
- სარეგისტრაციო მოწმობა.
- 31.12.2018წ. ერთობლივი განცხადება N05906749.
- 31.12.2018წ. ერთობლივი განცხადება N05906708.
- სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილი.
- სააღსრულებო ბიუროს 03.07.2019წ. წერილი NA19085510-011/001.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა—განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი-–--------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ყადაღისაგან უნდა განთავისუფლდეს ი-–--------–--ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი HONDA CIVIC HYBRID, სედანი, გამოშვების წელი - 2008 წელი, სახელმწიფო ნომერი - A------, საიდენტიფიკაციო ნომერი - JHMFA36219S010974.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2, 186-ე, 327-ე, 158-ე, 159-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით, ასევე “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე ნორმის თანახმად კი ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტიცებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა თ------ ქ------ისაგან სადაო ავტომანქანის შეძენა. მართალია სადაო ავტომანქანის რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოში განხორციელდა თ------ ქ------ის სახელზე, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას, მან გადაიხადა ავტომანქანის საფასური, აიღო საკუთრების მოწმობა და იგი, როგორც საკუთარს ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მოძრავი ქონებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ასეთ პირობად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების დადების ფორმა, საგანი, ფასი და ნასყიდობის საგნის გადაცემის წესი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, სადაო ავტომანქანას მესაკუთრესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 31 დეკემბრიდან ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე, იგი შეძენილია მის მიერ და მოვალე თ------ ქ------ეს უკვე არანაირი შეხება აღარ გააჩნია მასთან. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაო ავტომანქანა წარმოადგენს ი-–--------–--ის საკუთრებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამდენად სხვა პირის უკანონო მოქმედებისაგან საკუთრების დაცვა, მესაკუთრის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი თანხების გადახდა დაეკისრა მოვალე თ------ ქ------ეს და მისი აღსრულებაც უნდა განხორციელდეს მისგან ან აღსრულება მიქცეული იქნას მისი ქონების მიმართ და არა მესამე პირის ქონების მიმართ.
6.4. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
მოცემულ შეთხვევაში მოვალეს წარმოადგენს თ------ ქ------ე, ხოლო კრედიტორს სს „ს----------–--------ი“, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი სწორად არის მიმართული.
6.5. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება რომ ნივთები რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.
ამ ნორმიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დასაშვებია აღიწეროს და დაყადაღდეს მოვალის ქონება და არა სხვა მესამე პირის ქონება. ამ შემთხვევაში კი დაყადაღებულია მოსარჩელე ი-–--------–--ის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული ნივთი. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–--------–--ის კეთილსინდისიერ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული სადაო ავტომანქანა უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 315 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი 315 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-მე-8, მე-10, 52-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ი-–--------–--ის სასარჩელო განცხადება;
1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღისაგან განთავისუფლდეს ი-–--------–--ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი HONDA CIVIC HYBRID, სედანი, გამოშვების წელი - 2008 წელი, სახელმწიფო ნომერი - A------, საიდენტიფიკაციო ნომერი - JHMFA36219S010974.
2. მოპასუხეებს თ------ ქ------ეს და სს „ს----------–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 315 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე