გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4572-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - სს „თ--–---“
წარმომადგენელი - ზ------------
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - რ------------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ბ-----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანება.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს” წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქ. თბილისში, ზ--------ის ქ. N3-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის. N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით. აღნიშნული დანართის მე-11 პუნქტის თანახმად, ბ-----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილება და შესაბამისად №2 დანართი მიღებულია სააგენტოს მიერ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (სხვა შესაბამისი პირობებით), ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
მითითებული ნორმებიდან ცხადია, რომ გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილი უნდა იქნას თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), კანონის თანახმად, დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობა კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით, გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში.
2018 წლის 21 მარტს, მოსარჩელე მხარის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანებით, სს თ--–---ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანება კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს სს „თ--–---ს“ კანონიერ უფლებებს და ინტერესს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს ,,თ--–--მა’’ Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ზ--------ის ქ. N3-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა მოითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ზ--------ის ქ. N3-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის აღდგენა განისაზღვრა სამუშაოს დაწყებიდან 10-10 (ათ-ათი) დღის ვადაში, 2 ეტაპად. ხოლო გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით დადგინდა, რომ ბ-----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-27).
3.2. 2018 წლის 21 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სს „თ--–---ს“ წარმომადგენელმა წარადგინა N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების დანართი 2-ის მე-11 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ზეპირი მოსმენა გაიმართა 2018 წლის 19 აპრილს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანებით სს „თ--–---ს“ 2018 წლის 21 მარტის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების დანართი 2-ის მე-11 პუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „თ--–---ს“N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 102-108);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ 124-125);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანება (ს.ფ. 35-41).
3.4. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის ახალი მიერთებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის 2018 წლის 16 მარტის N0---------- წერილის თანახმად, პროექტი N-------ის მიხედვით, ბ----------ის ქუჩაზე (თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით) ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (60მ) - შეადგენს 758,41 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით, ხოლო ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ბ----------ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (60მ) - შეადგენს 5119.26 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 4360.86 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის ახალი მიერთებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის 2018 წლის 16 მარტის N0---------- წერილი (ს.ფ. 29).
3.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყლამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის N1----------- წერილის თანახმად, კომუნალური ქსელი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კვეთს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ნაკვეთს ან/და გზას, რის გამოც შეუძლებელი ხდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთი სარკმლის პრინციპის დაცვა, რის გამოც იზრდება სამუშაოს შესრულების ვადები და ხარჯები, ასევე ფერხდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და მათის განხორციელება. კომუნალური ქსელების მშენებლობის ადმინისტრაცულ ორგანოებთან შეთანხმება პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით და სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური მომარაგებისა და ახალი შესბამის ქსელზე დროულ მიერთებასთან. ამასთან, ქსელზე მიერთების საკითხები იმყოფება საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად საქართველოს სახელმწიფო სტაბიურობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყლამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის N1----------- წერილი (ს.ფ. 43-44).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სს „თ--–---ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების)’’ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილება; ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
ამავე დადგენილების 2.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა, ხოლო ,,შ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“, რომლის 1.1 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით გასაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ასევე დადგენილია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამასთან, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ--–--მა’’ Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ზ--------ის ქ. N3-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა მოითხოვა.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ზ--------ის ქ. N3-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის აღდგენა განისაზღვრა სამუშაოს დაწყებიდან 10-10 (ათ-ათი) დღის ვადაში, 2 ეტაპად; ხოლო გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით დადგინდა, რომ ბ-----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისში, ზ--------ის ქუჩა N3-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით, თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, როგორც აღინიშნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–---’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული განმცხადებისათვის კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისობაშია თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან. ამასთან, არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმის გარკვევა, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად, სს ,,თ--–---ს“ მიერ დავალებული სამუშაოების შესრულებისას (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც სს ,,თ--–---ს“ მიერ გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.
სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნდა უფლებამოსილება ქ. თბილისში, ზ--------ის ქუჩა N3-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობით სს ,,თ--–---სათვის“ მიეცა შესაბამისი თანხმობა, თუმცა სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა აუცილებლობით იქნა გამოწვეული განმცხადებლისათვის (სს „თ--–---“) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), ამასთან, სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და დადგენილი პირობა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენა გამოიწვევს ახალი ასფალტის დაზიანებას, რაც ზიანის მომტანი იქნება როგორ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, ასევე მოსახლეობისთვის, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ამდენად, ცალსახაა, რომ მითითებული დადგენილება დასაშვებად მიიჩნევს, ტროტუარის ასფალტის საფარის აღდგენას მხოლოდ ამოღებული თხრილის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს განმცხადებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ ზოგადი მითითება ასფალტის საფარის დაზიანების შესაძლებლობის თაობაზე, ვერ გახდება სადავო აქტის მე-11 პუნქტის ჩანაწერის კანონიერად მიჩნევის საფუძველი.
6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისში, ბ----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სს „თ--–---ს“ წარმომადგენელმა წარადგინა N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების დანართი 2-ის მე-11 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანებით სს „თ--–---ს“ 2018 წლის 21 მარტის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების დანართი 2-ის მე-11 პუნქტი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტი, გასაჩივრებული - 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანების (სს „თ--–---ს“ 2018 წლის 21 მარტის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) კანონშეუსაბამობაც ამ ნაწილში სახეზეა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „თ--–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ბ-----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის N--- ბრძანება;
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსარჩელე - სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე