გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.03.2020
საქმის ნომერი
080210019003196065
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210019003196065

#2/2418-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.03.2020 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე- სს „მ---------------------ი'';

წარმომადგენელი- თ------------ე;

მოპასუხე- ა---------------ე;

დავის საგანი- თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ა---------------ეს დაეკისროს სესხის ძირი თანხის 10091.73 ლარის და სარგებლის 5414.82 ლარის გადახდა.

 

1.2. თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.

 

1.3. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 13 დეკემბერს, მოსარჩელეს და ვ-–----------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება. 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება, რომლის საფუძველზე სესხი 11500 ლარი მსესხებელს უნდა დაეფარა 36 თვის ვადაში, ყოველთვურად 5.4101% სარგებლის დარიცხვის პირობით. დავალიანების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი MERCEDES BENZ E 200 CDI. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

2016 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, ვ-–----------------ის მიერ შესასრულებელი ვალდებულები დამატებით, ასევე უზრუნველყოფილი იყო ა---------------ის სოლიდარული თავდებობით, რომლის თანახმად ვ-–----------------ის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა უზრუნველეყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 49 500 ლარით. სოლიდარული თავდები ვალდებულია მსესხებელთან ერთად სოლიდარულად შეასრულოს თანხის გადახდის ვალდებულება. მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო კომპანიას გადაეცა ავტომობილი მისი შემდგომი რეალიციის მიზნით. კომპანიამ გაფრთხილების წერილები გაუგზავნა მსეხებელს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო აღნიშნული დავალიანების დასაფარად. 2019 წლის 27 მარტს გირავნობის საგანი გაიყიდა 4000 ლარად, ავტომობილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იყო დავალიანების სრულად დასაფარად, ამიტომ სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს, რომლითაც განემარტა, რომ ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ვერ მოხდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. სესხის დარჩენილი თანხის დაფარვის მოთხოვნით წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს თუმცა უშედეგოდ. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ა---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ 6091 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ ავტომანქანის რეალიზაციის შესახებ არ იყო ინფორმირებული, ავტომანქანის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 4000 ლარი უნდა გამოკლდებოდა სესხის ძირ თანხას, ასევე არ დაეთანხმა საპროცენტო განაკვეთს (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 13 დეკემბერს, შპს მ---------------------ს და ვ-–----------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 16 500 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

 

3.2.2. 2017 წლის 13 ნოემბერს ვ-–----------------ეს და შპს მ---------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმებით დადგენილია, რომ შპს მ---------------------მა ვ-–----------------ეს გადასცა სესხი 11 500 ლარის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 36 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

-სესხის გადახდის გრაფიკი;

3.2.3. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა 64.9212%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

 

3.2.3. 2016 წლის 13 დეკემბერს სესხის უზრუნველყოფის მიზნით შპს მ---------------------ს და ა---------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

 

3.2.4. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიას გადაეცა გირავნობის საგანი.

 

გირავნობის საგნის, ავტომანქანა MERCEDES BENZ E 200-ის, საბაზრო ღირებულება 2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით განისაზღვრა 5400 ლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 3900 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მხარეთა ახსნა განმარტება;

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში;

 

3.2.5. კომპანიამ ვახტანგ კ-------- გაუგზავნა გაფრთხილების წერილი ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე. ეცნობა, რომ შესაძლო იყო ავტომანქანის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა ვერ უზრუნველყოფდა დარიცხული დავალიანების დაფარვას.

 

გაფრთხილების წერილი დავალიანების დაფარვის თაობაზე ასევე გაეგზავნა ა---------------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-გაფრთხილების წერილები;

 

3.2.6. 2019 წლის 27 მარტ სს მ--------------------- და გ---------–--ეს შორის გაფორმდა ავტომანქანის (MERCEDES BENZ E200 CDI, სახ. ნომერი KK 643 AA), ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 4000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-27.03.2019 წ ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.2.7. დადგენილია, რომ ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან დაიფარა სარგებელი - 807.59 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლო - 3192.41ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირითადი თანხა 10091.73 ლარს, ხოლო სარგებელი 5414.82 ლარს.

 

მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს, განმარტავს, რომ მისი გაფრთხილება ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე არ მომხდარა, არ იყო ინფორმირებული, ასევე განმარტა, რომ ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას;

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის პოზიციას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 891-ე, 892-ე, 463-ე, 464-ე, 895-ე, 361-ე, 54-ე, 62-ე, 276-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 13.12.2016წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს ვ-–----------------ეს და შპს მ---------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმებით დადგენილია, რომ შპს მ---------------------მა ვ-–----------------ეს გადასცა სესხი 11 500 ლარის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 36 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა 64.9212%-ის ოდენობით.

 

2016 წლის 13 დეკემბერს სესხის უზრუნველყოფის მიზნით შპს მ---------------------ს და ა---------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზრვრა 49 500 ლარით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, ვ-–----------------ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც ვ-–----------------ეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მსესხებელმა შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.

 

6.2. სს „მ---------------------ი„ ითხოვს დავალიანების დაკისრებას თავდებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამ ნორმის თანახმად, თავდები, წინასწარი შეთანხმებით, სოლიდარული თავდებობის კისრებით, უარს ამბობს წინასწარჩივლის შესაგებელზე და კრედიტორს შეუძლია პირდაპირ თავდებს მოსთხოვოს გადახდა, მას შემდეგ რაც ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია: http://www.gccc.ge).

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 36 თვის ვადაში. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

ა---------------ის ვალდებულება სს „მ---------------------ი„-ს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ა---------------ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 49500 ლარით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------------ეს ეკისრება პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის სახით მიღებული თანხა.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი.

 

13.12.2016 წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე თავდებობის ხელშეკრულება მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა კრედიტორისათვის არ გადაუხდია.

 

მოპასუხე მხარე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხის მტკიცებით მისი გაფრთხილება ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე არ მომხდარა, ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას.

 

მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ, ასევე წარმოდგენილია შეთანხმება სესხის გადაცემის თაობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 11500 ლარი და მსესხებელმა იგი მიიღო, წარმოდგენილია ასევე სესხის გადახდის გრაფიკი. მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხე მხარის მიერ სესხის ხელშეკრულებით და თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გაფრთხილების წერილი დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე. ასევე კომპანიამ მოპასუხეს გაუგზავნა შეტყობინება ავტომანქანის რეალიზაციის შესახებ და სთხოვა ჩართულიყო ა/მანქანის რეალიზაციის პროცესში. შპს „ჯი ეი ჯგუფის“ მიერ გაცემული - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში, რომლითაც მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრულია 5400 ლარით. ავტომანქანის ღირებულების შეფასებისას შემფასებლის მიერ გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებული ერთ ერთი მეთოდი - "შეფასების პირდაპირი გაყიდვების შედარების მეთოდი", შეფასება ეყრდნობა შესაფასებელი ობიექტის ძირითად მახასიათებლებსა და შემოწმების პროცესში ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდისათვის შეადგენდა 5400 ლარს (ლიკვიდური ფასი 3900 ლარი) და მისი რეალიზაცია მოსარჩელემ უზრუნველყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

6.4. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5.4101%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5.4101%-ს დარიცხვი სნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 2.70%, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება და გადახდილი თანხის ძირითად ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა. კერძოდ, დადგენილია რომ გირავნობის საგანი გაიყიდა 4000 ლარად. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან დაიფარა სარგებელი - 807.59 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლო - 3192.41 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული 807.59 ლარიდან 403.80 ლარი უნდა ჩაითვალოს საპროცენტო სარგებლის ანგარიშში, ხოლო დარჩენილი თანხა 403.80 ლარი უნდა გამოაკლდეს ძირითდ თანხას.

 

შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის მოცულობა უნდა განისაზღვროს 9687.95 ლარის ოდენობით. ასევე, დარჩენილი ძირითადი თანხის 2,70%-ის გაანგარიშებით მითითებულ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოცულობა 11 თვის და 24 კალენდარული დღის გათვალისწინებით განისაზღვრება 3086.57 ლარის ოდენობით.

 

6.5. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას მთელი თავისი ქონებით ეგო პასუხი ნებისმიერ ნაშთზე. მხარეთა შეთანხმებით, იგივე წესი ვრცელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილ ხარჯებსა და დანახარჯებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 6091 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 496,10 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ამიტომ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 213,64 ლარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 200,51 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. დანარჩენ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს მ---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ა---------------ეს - სს მ---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 9687 ლარის და 95 თეთრის გადახდა;

 

3. ა---------------ეს - სს მ---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებელის 3086 ლარის და 57 თეთრის გადახდა;

 

4. ა---------------ეს - სს მ---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 200 ლარის და 51 თეთრის ოდენობით.

 

5. ა---------------ეზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

6. სს მ---------------------ს (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 19 სექტემბერს სს 'თ----------ში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 213 ლარი და 64 თეთრი (საგადახდო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

7. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №2/2418-19) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

9. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე