გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3403845-3/3-20წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 მარტი, 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ნ-----–---- ტ-----–--ე
წარმომადგენელი - მ-----ი ჩ----–---–ი
მოპასუხე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---–-------ის საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - ი-----–---------ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი: სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნეს ნ-----–---- ტ-----–--ის მიერ 1998 წელს ადიგენის რაიონის სოფელი ბ---–-------ის საშუალო სკოლაში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1996-1998 წლებში მოსარჩელე ნ-----–---- ტ-----–--ე სწავლობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---–-------ის საშუალო სკოლაში და მასზე გაცემულია ატესტატი. ატესტატის მისაღებად მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს ადიგენის სამსახურს, რომელმაც უარი უთხრა ატესტატის გაცემაზე. ასევე მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, სადაც ასევე უარი ეთქვა განმეორებით ატესტატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოიძებნა მისი კლასიდან კლასში გადაყვანის და დამთავრების ბრძანებები. იგი აპირებს სწავლის გაგრძელებას, ასევე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) თანამდებობაზე, ესაჭიროება ატესტატის წარდგენა სამუშაოს და სწავლის გასაგრძლებელად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---–-------ის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაეთანხმა ნ-----–---- ტ-----–--ის მიერ ბ---–-------ის საშუალო სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 1998 წლის 25 მაისის ბ---–-------ის საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N4 ოქმით დადგენილია, რომ XI კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვებულ იქნა 17 მოსწავლე, მათ შორის სიაში მე-7 ნომრად მითითებულია ნ-----–---- ტ-----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პედაგოგიური საბჭოს სხდომის N4 ოქმი (იხ. ს.ფ. 12-23);
4.2. ადიგენის რაიონის სოფელ ბ---–-------ის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში დაცულია კურსდამთავრებულებზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატის ჩასაწერი წიგნი, სადაც მე-7 ნომრად მითითებულია ნ-----–---- ტ-----–--ის სახელზე გაცემული ატესტატის რეკვიზიტები: ატესტატის N - 2-----, გაცემის თარიღი - 13.07.1989წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საშუალო განათლების ატესტატების ჩასაწერი წიგნი (იხ. ს.ფ. 29-31);
4.3. ნ-----–---- ტ-----–--ემ 2019 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზეც ნ-----–---- ტ-----–--ეს ეთქვა უარი, ვინაიდან შესაბამისი დოკუმენტები არ ინახებოდა არც სკოლაში და არც საქართველოს ეროვნულ არქივში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №62/237/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-25);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–---- ტ-----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის მოსარჩელის მიერ 1998 წელს ადიგენის რაიონის სოფელი ბ---–-------ის საშუალო სკოლაში ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია სწავლის და სამსახურის გაგრძელება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - 1998 წლის 25 მაისის ბ---–-------ის საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N4 ოქმით და ადიგენის რაიონის სოფელ ბ---–-------ის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში დაცული კურსდამთავრებულებზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატის ჩასაწერი წიგნით, სადაც ნ-----–---- ტ-----–--ე მითითებულია მე-7 ნომრად, დასტურდება, რომ ნ-----–---- ტ-----–--ემ 1998 წელს დაამთავრა სოფელ ბ---–-------ის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის სრული კურსი და მასზე გაიცა ატესტატი №2-----.
მოწმე ჯ----–-----–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ იყო ნ-----–---- ტ-----–--ის თანაკლასელი. მათ 1998 წელს დაამთავრეს სოფელ ბ---–-------ის საშუალო სკოლა და ერთად აიღეს ატესტატი.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ ნ-----–---- ტ-----–--ის სახელზე 1998 წელს გაიცა ბ---–-------ის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ზოგადი განათლების ატესტატი, ნომრით №2-----.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–---- ტ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს ნ-----–---- ტ-----–--ის (პ/ნ 0----------) მიერ 1998 წელს ადიგენის რაიონის სოფელი ბ---–-------ის საშუალო სკოლაში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---–-------ის საჯარო სკოლას დაეკისროს მოსარჩელე ნ-----–---- ტ-----–--ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე ლუიზა თოდუა