გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2020
საქმის ნომერი
010310018002348740
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/122-2018(010310018002348740)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.03.2020 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - ე----------–---

წარმომადგენელი - ა-----------–---–-

 

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 თებერვლის №701 ბრძანება გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების განხილვაზე უარის თქმის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა);

 

1.2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმის ამონაწერის დადასტურებასთან დაკავშირებით (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა);

 

1993 წლის 05 ივნისს ე----------–---მ მიმართა გონიოს კოოპერაციული მეურნეობის კომისიას, 0.15 ჰექტარი მიწის ფართობის საკარმიდამოდ გამოყოფის მოთხოვნით. გონიოს კოოპერაციული მეურნეობის დათვალიერება-შერჩევის აქტის მიხედვით, დაკმაყოფილდა ე----------–---ს მოთხოვნა გონიოს მეურნეობის ფერმის წინ, მდინარე პატარა ჭოროხის გვერდით არსებული თავისუფალი ფართის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნულ აქტში მითითებული იქნა, რომ ის უნდა დამტკიცებულიყო გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრებაზე. 1994 წლის 08 ივლისის გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების №1 ოქმიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ე----------–---ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა 1993 წლის 05 ივნისის დათვალიერება-შერჩევის აქტით გამოყოფილი 0.15 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 03 ივნისს მიღებულ იქნა კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომლის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ლეგალიზებულად ჩაითვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

შესაბამისად, 2016 წლის 5 აგვისტოს ე----------–---მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტარციო სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტაცია მოითხოვა. 2016 წლის 13 აგვისტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხოლო 2016 წლის 28 აგვისტოს მიმართა ქ. ბათუმის მერიას, ე----------–---ს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დამოწმების მიზნით.

 

ქალაქ ბათუმის მერიამ 2016 წლის 1-ელ სექტემბერს უპასუხა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართვას და უარი განუცხადა ე----------–---ს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებაზე, მოსარჩელე მხარემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერიის 2016 წლის 1-ლი სექტემბრის N№25/14734 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებაზე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის (საქმე #3-92/17) გადწყვეტილებით ე----------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნას ცნობილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-ლი სექტემბრის №25/14734 გადაწყვეტილება, გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში თავიდან განხილვა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა, გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმის ამონაწერის დადასტურებასთან დაკავშირებით; თუმცა მოსარჩელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 თებერვლის №701 ბრძანებით უარი ეთქვა გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურებაზე. (იხ სარჩელი)

 

2. მხარეთა პოზოცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს და განმარტა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი“.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მე-16 მუხლით განისაზღვრება სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ლეგალიზებულად ჩაითვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მსგავს დანაწესს შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული აჭარის ავტიონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დადასტურებად ასევე ჩაითვლება შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იგულისხმება მიწის რეფორმის პერიოდში გამოცემული აქტი, რომლითაც დადასტურდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, კერძოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესითა და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1998 წლის 22 მარტამდე. აღნიშნულის შემდეგ, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლელებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 1999 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაფორმებულიყო 1999 წლის 1-ელ თებერვლამდე.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით ჩამოყალიბებული, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხვოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწის რეფორმა გაგრძელდა 2006 წლის 31 დეკემბრამდე. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ დადასტურების შესახებ ადგილობრივი თვითმნმართვეობის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეიძლება ჩაითვალოს, 2006 წლის 31 დეკემბრამდე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონის გამოყენების ვალდებულებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების თაობაზე. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1993 წლის 05 ივნისს ე----------–---მ მიმართა გონიოს კოოპერაციული მეურნეობის კომისიას, 0.15 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ფართის გამოყოფის მოთხოვნით. გონიოს კოოპერაციული მეურნეობის დათვალიერება-შერჩევის აქტის მიხედვით, დაკმაყოფილდა ე----------–---ს მოთხოვნა გონიოს მეურნეობის ფერმის წინ, მდინარე პატარა ჭოროხის გვერდით არსებული თავისუფალი ფართის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნულ აქტში მითითებული იქნა, რომ იგი უნდა დამტკიცებულიყო გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრებაზე. ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2009 წლის 11 აგვისტოს გაცემული №80-ა საარქივო ცნობის თანახმად, დასტურდება, რომ ე----------–---ს კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი ამ წლებში შეადგენს 0,06 ჰექტარს, ხოლო გონიოს კოოპერაციული მეურნეობის 1994 წლის 8 ივლისის №1 ოქმის ამონაწერში მითითებულია, რომ ე----------–---ს აწერია 0,06 ჰექტარი, ასევე, დათვალიერება-შერჩევის აქტით ე----------–---ს საკარმიდამო ნაკვეთის შევსების მიზნით გამოეყო 0,15 ჰექტარი და სულ გაუხდა 0,21 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-1993 წლის 05 ივნისის კოოპერაციული მეურნეობის დათვალიერება-შერჩევის აქტი, და 1994 წლის 08 ივლისის გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების #1 ოქმიდან ამონაწერი. ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2009 წლის 11 აგვისტოს გაცემული №80-ა საარქივო ცნობა.

 

3.1.2. 2016 წლის 5 აგვისტოს ე----------–---მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტარციო სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, გონიოს დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტაცია მოითხოვა, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარადგინა ხოლო გონიოს კოოპერაციული მეურნეობის 1994 წლის 8 ივლისის №1 ოქმის ამონაწერი. 2016 წლის 5 აგვისტოს ე----------–---ს №882016498663 განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის 2016 წლის 28 აგვისტოს №209023 წერილით ქ. ბათუმის მერიაში გადაგზავნილი იქნა ე----------–---ს მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მერიას ეთხოვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ე----------–---ს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დამოწმების (დადასტურების) მიზნით. ასეთის დადასტურების შემთხვევაში სარეგისტარციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნა ე----------–---ს სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო/აზომვით ნახაზზე გამოსახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. ქალაქ ბათუმის მერიამ 2016 წლის 1-ელ სექტემბერს №25/14734 წერილით უპასუხა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართვას და უარი განაცხადა ე----------–---ს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებაზე, შესაბამისი უფლებამოსილების არარსებობის გამო. კერძოდ, წერილში მითითებული იქნა, რომ მერია არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების თაობაზე. ამასთან, მერიამ მიიჩნია, რომ დადასტურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის აქტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე გამოცემული აქტი, რაშიც იგულისხმება მიწის რეფორმის პერიოდში გამოცემული აქტი, რომლითაც დადასტურდა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 05 აგვისტოს #882016498663 განცხადება, საჯარო რეესტრის 2016 წლის 28 აგვისტოს №209023 წერილი; ქალაქ ბათუმის მერიის 2016 წლის 1-ელი სექტემბრის №25/14734 წერილი;

 

3.1.3. მოსარჩელე მხარემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მერიის 2016 წლის 1-ლი სექტემბრის N№25/14734 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის (საქმე #3-92/17) კანანიერ ძალაში გადაწყვეტილებით ე----------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნას ცნობილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1-ლი სექტემბრის №25/14734 გადაწყვეტილება, გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში თავიდან განხილვა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა, გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა 1994 წლის 08 ივლისის №1 ოქმის ამონაწერის დადასტურებასთან დაკავშირებით; თუმცა მოსარჩელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 თებერვლის №701 ბრძანებით უარი ეთქვა გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის (საქმე #3-92/17) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე----------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ წესი“; - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 თებერვლის №701 ბრძანება გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების განხილვაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

 

აღნიშნული წესის მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ 1994 წლის 08 ივლისის გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების №1 ოქმიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ე----------–---ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა 1993 წლის 05 ივნისის დათვალიერება-შერჩევის აქტით გამოყოფილი 0.15 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2009 წლის 11 აგვისტოს გაცემული №80-ა საარქივო ცნობის თანახმად, დასტურდება, რომ ე----------–---ს კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი ამ წლებში შეადგენს 0,06 ჰექტარს, ხოლო გონიოს კოოპარაციული მეურნეობის 1994 წლის 8 ივლისის №1 ოქმის ამონაწერში მითითებულია, რომ ე----------–---ს აწერია 0,06 ჰექტარი, ასევე, დათვალიერება-შერჩევის აქტით ე----------–---ს საკარმიდამო ნაკვეთის შევსების მიზნით გამოეყო 0,15 ჰექტარი და სულ გაუხდა 0,21 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს სადაო აქტით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი არ არის გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების თაობაზე. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ დადასტურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის აქტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაშიც იგულისხმება მიწის რეფორმის პერიოდში გამოცემული აქტი, რომლითაც დადასტურდა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებები.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რეგულაციის მიხედვით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში განსაზღვრული იყო მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკასდასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/ თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

მითითებული კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლებს: 1. ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები: ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია წიგნაკის გაცემის წელი, მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელსაც აქვს მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ე) „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე – თუ არ დგინდება სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიწების განაწილების სიის დამტკიცების ფაქტი.

 

6.5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ წესი“; - (რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 01 იანვრიდან 12/13/2019 წლის #87 ბრძანებით) განსაზღვრავდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეები განსხვავებულად განმარტავენ მითითებული კანონებითა და ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რეგულაციებს, რომელიც შეეხება სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. კერძოდ, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის უფლებამოსილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სარეგისტრაციო დოკუმენტების დადასტურებაზე და ამ კანონთან მიმართებით მის ფუნქციებში შედის მხოლოდ დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე მიწის ნაკვეთების (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის) იდენტურობის დადგენა. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 15 თებერვლის N701 ბრძანებით უპასუხა მოსარჩელს და უარი განაცხადა მისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებაზე, შესაბამისი უფლებამოსილების არარსებობის მოტივით. კერძოდ, წერილში მითითებული იქნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი არ არის გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების თაობაზე. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ დადასტურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის აქტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაშიც იგულისხმება მიწის რეფორმის პერიოდში გამოცემული აქტი, რომლითაც დადასტურდა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ (სადაოა ურთიერთობის დროს მოქმედი) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფუნქციას მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა წარმოადგენს, თუმცა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ამით არ შემოიფარგლება და 1-ლი პუნქტის გ) პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსაც. ამასთან, ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად სხვა დოკუმენტებთან ერთად ითვლება ასევე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დადასტურებად ასევე ჩაითვლება შესაბამისი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უფლებამოსილია, განმარტოს კანონი მაშინ, როდესაც ამისი საჭიროება არსებობს და საკანონმდებლო დანაწესით დასარეგულირებელი საკითხის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა ვერ ხდება. როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევის სავალდებულო წესს ადგენს, ამით იგულისხმება განსაზღვრული მიზნის მიღწევის სურვილი. კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ ქცევის სავალდებულო წესის დადგენაში იგულისხმება, სამართლებრივი რეგულაციის გზით კონკრეტული მიზნის მიღწევის სურვილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება და ახალი რეგულაციების განსაზღვრა უკავშირდება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზანს, რაც ასევე გულისხმობს ამისათვის მოქნილი და გამარტივებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას. კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო პროექტი განმარტებულია, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, საპილოტო პროექტი არის სახელმწიფო პროექტის კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას და ხორციელდება გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულ საქართველოს 12 დასახლებაში;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მხრივ კანონის განსაკუთრებული მიდგომა შეეხება იმ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, რომლებზეც წლების განმავლობაში ვერ ხდება სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზება იმ ნიშნით, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ჩაითვალოს. სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმები სწორედ ამ სამართლებრივ წესს ადგენს, რომლის რეალიზების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტს და მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რომელსაც მოეპოვება მეტი ინფორმაცია, კონკრეტული მიწის ნაკვეთის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ფუნქციაში შედის როგორც დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა, ისე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სარეგისტრაციო დოკუმენტების ავთენტურობის დადგენა და დადასტურებაც, რადგანაც საჯარო რეესტრის სამსახური არ არის ის ორგანო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აღჭურვილი იქნება ასეთი უფლებამოსილებით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სარეგისტრაციო დოკუმენტების დადასტურების განსაზღვრის გარეშე, შეუძლებელი გახდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების განხორციელება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის საკითხი გადაუჭრელი დარჩება.

 

ასე განხორციელდა ამ სადავო შემთხვევაშიც, როდესაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი არ არის გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების თაობაზე. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ დადასტურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის აქტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაშიც იგულისხმება მიწის რეფორმის პერიოდში გამოცემული აქტი, რომლითაც დადასტურდა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებები.

 

სასამართლოს მოპასუხის ასეთი პოზიცია არ მიაჩნია დასაბუთებულად, რამდენადაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია სწორედ მიმდინარე პერიოდისთვის (ამჟამინდელ) დადასტურებას მიიჩნევს შესაძლებლად, იმ სარეგისტრაციო დოკუმენტისა, რომელიც თავისი შინაარსისა და ხასიათის გამო ამას საჭიროებს და ამასთან, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სწორედ აღნიშნული მიზნით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რადგან სურდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, თუმცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ თავისი მოქმედებით, მოსარჩელის სარეგისტრაციო დოკუმენტის, გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 საოქმო გადაწყვეტილების ლეგალიზების საკითხი ფაქტობრივად სამართლებრივი შეფასებისა და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა, ანუ საკითხი არსებითად არ განიხილა, რაც მის კომპეტენციას წარმოადგენდა.

 

სასამართლო არ იზიარებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის სადაო ბრძანებაში მოყვანილ განმარტებას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს 2006 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ მიწის რეფორმის პერიოდში თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 საოქმო გადაწყვეტილება იყო დადასტურებული, რამდენადაც სწორედ ასეთი აქტის არარსებობის გამო მიმართა მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა შემდგომში მოეხდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 ოქმის დადასტურებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობა, კანონმდებლობის მოთხოვნებთან წინააღმდეგობის მოტივით, სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას მოკლებულად მიაჩნია სასამართლოს. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არსებითად უნდა განეხილა საკითხი, გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 საოქმო გადაწყვეტილების დადასტურებასთან დაკავშირებით, უნდა გამოეკვლია ამისათვის საჭირო ყველა გარემოება და მათი სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნა უნდა მიეღო, ან უნდა დაედასტურებინა 1994 წლის 08 ივლისის #1 ოქმი და შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი იდენტიფიცირება, ანუ ლეგალიზება, ან სათანადო ფაქტობრივი, თუ სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დასაბუთებული და მოტივირებული გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვა რწმუნებულთა კრების საოქმო გადაწყვეტილების დადასტურებაზე.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ იმგვარი განმარტება, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შესთავაზა მოსარჩელეს სადავო ურთიერთობის ანალიზისას, ეწინააღმდეგება თავად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითად პრინციპებს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკითხი არსებითი გადაწყვეტის გარეშე დატოვა, ხოლო სხვა მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული რეგულაციების გამოყენებით საკითხი ვერ გადაწყდება.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 თებერვლის №701 ბრძანება გადაწყვეტილება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო რეესტრის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც უნდა განიხილოს გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის #1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურებასთან დაკავშირებული საკითხი, არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ე----------–---ს სასარჩელო მოთხოვნა სწორედ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას შეეხება, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე და მოპასუხის დავალებას, საკითხის თავიდან განხილვისა და შესაბამისი აქტის გამოცემის შესახებ.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 თებერვლის №701 ბრძანება გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად თავიდან უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმის ამონაწერის დადასტურების შესახებ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე----------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 თებერვლის №701 ბრძანება გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმიდან ამონაწერის დადასტურების განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გონიოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1994 წლის 08 ივლისის N1 ოქმის ამონაწერის დადასტურებასთან დაკავშირებით.

 

4. მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე - ე----------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე Mკობა გოცირიძე