გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180210019003029553 (2/364-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ზაზა შველიძე
მოსარჩელე - ო-–----------–---–ი
წარმომადგენელი - ს------------------ი
მოპასუხე - მ-------------–---–ი
წარმომადგენელი - თ--------–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მ-------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2.555.75 ევროს გადახდა სარჩელის აღძვრის დროს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (1 ევრო = 3.1110 ლარი), ჯამში 7950.96 ლარის ოდენობით;
სარჩელის საფუძვლები:
ო-–----------–---–მა, საზღვარგარეთ ყოფნის დროს, ინტელ ექსპრესით, მოპასუხეს გამოუგზავნა 2575.76 ევრო, რომელიც უნდა შეენახა და მოსარჩელის საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაებრუნებინა მისთვის. მოსარჩელის განმარტებით, მან ერთი წლის წინ მხოლოდ 20 ევრო მიიღო, დანარჩენი თანხის დაბრუნებაზე მოპასუხემ განაცხადა უარი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი, იმ საფუძვლით, რომ თანხა გადაცემული იყო სესხის სახით, რომელიც 2011 წელს მოპასუხემ სრულად დაუბრუნა მოსარჩელის მეუღლეს. მანვე შესაგებლით სადავო გახადა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ 20 ევროს გადახდის თაობაზე, ასევე მიუთითა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1 2009 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს გამოუგზავნა 2575.75 ევრო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინტელექსპრესის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. მ-------------–---–მა მოსარჩელეს გადასცა მხოლოდ 20 ევრო, დარჩენილი თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის ეს ფაქტობრივი გარემოება არ არის გამყარებული სხვა სახის უტყუარი მტკიცებულებით, გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა; თავის მხრივ, მოპასუხე სადავოდ ხდის, როგორც 20 ევროს გადახდის, ასევე თანხის დაუბრუნებლობის ფაქტობრივ გარემოებას. მისი განმარტებით, სარჩელში მითითებული თანხა 2011 წელს სრულად დაუბრუნა ო-–----------–---–ის მეუღლეს, შესაბამისად, არანაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. ასეც რომ იყოს, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.4. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
3.5. ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 763-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ორმხრივი ნების გამოვლენის კლასიკური მაგალითია ხელშეკრულება, რომელიც წარმოიშობა ორი ურთიერთმფარავის ნების გამოვლენის საფუძველზე. ამასთან, დაცული უნდა იყოს, როგორც გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილი ზოგადი წესები, ასევე, ნორმები, რომლებიც კონკრეტულ ხელშეკრულებას არეგულირებენ. ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს, მხარეები სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეთანხმდნენ არსებით პირობებზე.
6.2. განსახილველ დავაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა. მოპასუხეს, ასევე, სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვის ფაქტობრივი გარემოება. როგორც მხარეების ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მ-------------–---–ს გადაცემული თანხა უნდა დაებრუნებინა მოსარჩელის საქართველოში დაბრუნებისთანავე.
საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება. პირობითი გარიგების ცნება მოცემულია სკ-ის 90-ე მუხლში, კერძოდ, ასეთად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ მოცემული ნორმის დანაწესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა სამომავლო და უცნობი მოვლენაა ხელშეკრულების თითოეული მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში გარიგების მონაწილეებისათვის წინასწარვე ცნობილი იყო მოსარჩელის საქართველოში სამომავლო დაბრუნების ფაქტი, რაც გამორიცხავს ამ გარემოების პირობითად მიჩნევას. ისეთ მოვლენაზე მითითება, რომელიც უეჭველად დადგება, მაგრამ უცნობია მისი დადგომის დრო, უნდა ჩაითვალოს არა პირობად, არამედ ვადის დათქმად. შესაბამისად, მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ ვალდებულების შესრულების ვადა. ამ უკანასკნელის ზუსტად დადგენა კი საჭიროა იმის დასადგენად, განხორციელებადია თუ არა სასარჩელო მოთხოვნა.
თუმცა, პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე. განსახილველ დავაში მხარეები მიუთითებენ სხვადასხვა ნორმას, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.
6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც.
დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით. შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა მოსამართლეს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც _ ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება, თუმცა ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება აქვს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. შემნახველმა უნდა გამოიჩინოს ყურადღება ამ ნივთის მიმართ და დააბრუნოს უნაკლოდ, მოთხოვნისთანავე. ეს ურთიერთობა შესაძლოა იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება განსაზღვრულია სკ-ის 623-ე მუხლით, რომელიც გვაროვნულ ნივთზე საკუთრების გადასვლაზე მიუთითებს. მსესხებელი ნივთის მიღების შემდგომ თავისი სურვილისამებრ განკარგავს მას და ვალდებულების შესრულების დროისათვის უკან აბრუნებს იმავე რაოდენობის, ზომის, წონის და ა.შ. ნივთს; კანონმდებელი მიბარების გარიგების არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელს ხდის სესხის მარეგულირებელი ნორმების გამოყენებას, კერძოდ, სკ-ის 777-ე მუხლის შესაბამისად, თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები. მოცემული ნორმა აღწერს შემთხვევებს, რომლებიც გვარონული ნივთების თავისებურებებს ასახავს, შეიცავს მიბარების და სესხის ხელშეკრულების ელემენტებს.
6.5. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეებს შეთანხმება არ ჰქონდათ მიბარებულ ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლის თაობაზე. როგორც მხარეები განმარტავენ, შემნახველი ვალდებული იყო ხელუხლებლად შეენახა მისთვის მიბარებული ნივთი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა განზრახვაზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო ურთიერთობაზე მიბარების ნორმების გამოყენებაზე. მიბარება, თუნდაც ის ეხებოდეს გვაროვნულ ნივთებს, სრულდება მიმბარებლის ინტერესში, რათა მისი ნივთი იყოს შენახული. სესხის შემთხვევაში კი სახეზეა ორივე მხარის ინტერესი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსხვავება არსებობს მაშინ, როდესაც მიბარების ხელშეკრულება ატარებს უსასყიდლო ხასიათს.
ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სადავო სამართალურთიერთობაზე სესხის ხელშეკრულების ნორმების გავრცელების თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სკ-ის 763-ე და მომდევნო მუხლები.
6.6. ასევე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება უსაფუძვლო გამდიდრებაზე. საქართველოს სკ-ის 976-ე მუხლი შეეხება შესრულების კონდიქციას. მოცემული მუხლის დანაწესი გულისხმობს იმგვარ შესრულებას, რომელიც სხვისი ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ ზრდას გულისხმობს. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შდრ. სუსგ-ები Nას-1193-1122-2015, 31.05.2016; Nას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016).
6.7. მტკიცებულებათა ერთობლიობისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთერთშეჯერება/გაანალიზების საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2575.76 ევროს მიბარების ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით დაიდო. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი და მისი ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა)ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე Nას-547-515-2012).
6.8. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები ხშირად ვადითაა შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ'', ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს: ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმეო ან არასრული იყოს.
ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვევის შესახებ; საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).
6.9. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე;
6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა გამორიცხავს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით. სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ საქმის არსებითი განხილვით, ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს, ხანდაზმულია თუ არა სასარჩელო მოთხოვნა. სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის დანაწესებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობაზე მოპასუხის მიერ შესაგებელსა თუ სასამართლო სხდომაზე მიუთითებლობის შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით გამოიყენოს ხანდაზმულობის ვადების მომწესრიგებელი ნორმები. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისათვის აუცილებელია ვალდებული პირის შედავება. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან, რაც ორივე მხარეს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
6.11. სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, იგი იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ასეთად კი ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეებმა გარიგების დადებისას დათქვეს ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. წინამდებარე გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში განვითარებული მსჯელობის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2011 წელს ე.ი. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში და მისთვის ცნობილი გახდა თავისი უფლების დარღვევის და მოპასუხის მიერ მიბარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. ამასთან, საყურადღებოა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მართალია ყოველ წელს ბრუნდებოდა საქართველოში, თუმცა პრეტენზია მიბარებული თანხის დაბრუნების შესახებ პირველად მოპასუხეს წაუყენა 2013 თუ 2014 წელს, თუმცა უარი მიიღო, იმ საფუძვლით, რომ მიბარებული თანხა უკვე დაბრუნებული ჰქონდა ამ უკანასკნელის მეუღლისთვის. ამ ნაწილშიც მოსარჩელის პოზიცია, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, თუმცა როგორც 2011 წელს, ასევე 2013 და 2014 წელს პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაშიც წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები;
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 239 ლარი. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო-–----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა