გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119003103426
#2/1789-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.03.2020 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შ------–---------–---ი;
მოპასუხე - ნ-------------–-–---–ი;
წარმომადგენელი - ხ-------------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-------------–-–---–ს- შ------–---------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 3500 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე ნ-------------–-–---–ისგან სურდა ავტომობილის შეძენა, რის საფუძველზეც მას გადასცა ავტომობილის ღირებულება სრულად. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ავტომობილის ღირებულება სრულად გადასცა, მოპასუხის მხრიდან მოხდა ავტომობილის რეგისტრაციიდან მოხსნა. მოპასუხის მხრიდან სრულიად უკანონოდ გაცხადებული იქნა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში, რომ თითოქოს მოსარჩელე უკანონოდ მართავდა მის კუთვნილ ავტომობილს და მოხსნა ავტომანქანა რეგისტრაციიდან. მოპასუხეს გადასცა პირველ ეტაპზე 2000 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომ 1500 აშშ დოლარი. მოპასუხეს რამდენჯერმე სთხოვა გადაეცა კუთვნილი თანხა 3500 აშშ დოლარი, მაგრამ მოპასუხე უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ნ-------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. აქვს მცირე ბიზნესი, ამარაგებს ყველით და სხვა პროდუქტებით მყიდველს. დაახლოებით 2010 წლიდან შ------–---------–---ისგან იღებდა ყველს და თანამშრომლობდა. წლების განმავლობაში მათ შორის ჩამოყალიბდა ნდობა. შ------–---------–---ს არ ჰყავდა ავტომანქანა და ამ დროს აპირებდა თავისი ავტომანქანის გაყიდვას. მოსარჩელემ თხოვა ეტაპობრივად გადაუხდიდა თანხას 3500 აშშ დოლარს და მისთვის მიეყიდა. ავტომანქანა წაიყვანა შ------–---------–---მა და ამით მუშაობდა.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ერთად მუშაობდნენ, მოსარჩელის მიმართ ჰქონდა ნდობა, გადასცა ავტომანქანა და განუსაზღვრა ვადა თანხის გადასახდელად. თანხის გადახდა სრულად უნდა მომხდარიყო 2017 წლის ბოლომდე. მოსარჩელემ გადაუხადა მხოლოდ 2000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი გადაუხადა 2015 წლის 26 აგვისტოს, ხოლო 1500 აშშ დოლარის გაქვითვა მოხდა ყველის მიწოდებით 2016 წელს, სწორედ მაშინ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ თუ 2017 წლის ბოლომდე არ მოხდებოდა სრულად დარჩენილი 1500 აშშ დოლარის დაფარვა, მაშინ მოსარჩელე დააბრუნებდა ავტომობილს, ხოლო გადახდილი 2000 აშშ დოლარი უკან აღარ დაუბრუნდებოდა და ჩაითვლებოდა ავტომანქანის ცვეთის თანხად. შ------–---------–---მა შეთანხმებულ ვადაში თანხა არ გადაიხადა, და აგრძელებდა ავტომანქანის ფლობას უკანონოდ, რის გამოც მიმართა პოლიციას. ავტომანქანა დაბრუნების შემდეგ იყო ძალიან დაზიანებული, მისი რემონტისთვის დაჭირდა 2000 აშშ დოლარზე მეტი თანხა, მოპასუხის სარგებლობაში ყოფნის დროს, ჯარიმის თანხა გადაიხადა მოპასუხემ, ხოლო ავტომანქანის ჩამორთმევის დროს საჯარიმო სადგომზე ყოფნის პერიოდში ასევე თანხა გადაიხადა მოპასუხემ, რითაც მოსარჩელემ მას მიაყენა ზიანი. (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შ------–---------–---მა ნ-------------–-–---–ისგან 2015 წელს შეიძინა ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტი VVM 218„, 3500 აშშ დოლარად, მყიდველს თანხა გამყიდველისთვის უნდა გადაეხადა ეტაპობრივად 2017 წლის ბოლომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. მოსარჩელის მტკიცებით, ავტომანქანის ნასყიდობის ღირებულება მოპასუხის მიმართ სრულად იქნა გადახდილი, ამის მიუხედავად ნ-------------–-–---–მა მოახდინა ავტომანქანის რეგისტრაციიდან მოხსნა, და ავტომანქანა დაუბრუნდა მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.3. დადგენილია, რომ ავტომანქანა შ------–---------–---ის საკუთრებაში ან მფლობელობაში არ იმყოფება. ავტომანქანა დაიბრუნა მოპასუხემ და გაასხვისა მესამე პირზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა- განმარტება;
3.2.4. მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ მათ შორის ნამდვილად დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ავტომანქანა გადაეცა შ------–---------–---ს მფლობელობაში. მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს ნასყიდობის საფასურის გადახდა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ გადაუხადა მხოლოდ 2000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი გადაუხადა 2015 წლის 26 აგვისტოს, ხოლო 1500 აშშ დოლარის გაქვითვა მოხდა ყველის მიწოდებით 2016 წელს. 1500 აშშ დოლარი მოსარჩელს არ გადაუხდია, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ თუ 2017 წლის ბოლომდე არ მოხდებოდა სრულად დარჩენილი 1500 აშშ დოლარის დაფარვა, მაშინ მოსარჩელე დააბრუნებდა ავტომობილს, ხოლო გადახდილი 2000 აშშ დოლარი უკან აღარ დაუბრუნდებოდა და ჩაითვლებოდა ავტომანქანის ცვეთის თანხად. შ------–---------–---მა შეთანხმებულ ვადაში თანხა არ გადაიხადა, და აგრძელებდა ავტომანქანის ფლობას, რის გამოც მოპასუხემ მიმართა შესაბამის სამსახურს და განახორციელა ავტომანქანის რეგისტრაციიდან მოხსნა.
ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტი VVM 218„ იმყოფებოდა საჯარიმო ავტოსადგომ გორი სიტზე, საჯარიმო ავტოსადგომის მომსახურების საფასური გადაიხადა ნ-------------–-–---–მა. აღნიშნულ ავტომანქანაზე 2015-2017 წწ დაფიქსირებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები.
სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ შ------–---------–---მა ნ-------------–-–---–ს გადაუხადა 2000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი საბანკო დაწესებულების საშულებით, ხოლო 1500 აშშ დოლარი გაიქვითა საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მხარეებიც ადასტურებენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ე----------------ემ და ლ-----------–-–---–მა ასევე დაადასტურეს, რომ შ------–---------–---მა ნ-------------–-–---–ისგან ავტომანქანა შეიძინა 3500 აშშ დოლარად, საიდანაც 2000 დოლარი შ------–---------–---მა გადასცა, 1500 აშშ დოლარი არ გადაუხდია. მოგვიანებით მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ შ------–---------–---ი 3 თევში გადაუხდიდა აღნიშნულ თანხას და ნ-------------–-–---–ი შემდეგ გადაუფორმებდა ავტომანქანას.
საქმის მასალებში წარმოდგენლია, წყალტუბოს რაონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში ნ-------------–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით არსებული საქმის მასალების ასლები. განცხადებების და გასაუბრების ოქმების თანახმად, შ------–---------–---მა ნ-------------–-–---–ისგან შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება 3500 აშშ დოლარად. შ------–---------–---ი 2017 წლის 29 ივნისის გასაუბრების ოქმში აღნიშნავს, რომ 2000 აშშ დოლარი ნ-------------–-–---–ს გადაურიცხა საბანკო ანგარიშზე, მომდევნო თვეში ობიექტიდან გატანილი პროდუქტის თანხიდან ნ-------------–-–---–მა 1500 აშშ დოლარი გამოაკლო და დარჩენილი თანხა გადასცა.
სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, იმის შესახებ, რომ 2000 აშშ დოლარი ნ-------------–-–---–ს გადაურიცხა საბანკო ანგარიშზე გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
საქმის შინაარსიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ დავაში უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შეფასება იურიდიული მართებულობის გადასაწყვეტად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო-სამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს (კვალიფიკაცია), იგი არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული მხარეთა მითითებებზე. სწორედ ამიტომ, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე სასამართლო განსაზღვრავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები დგინდება მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების ფარგლებში და რა არის სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ------–---------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 186-ე, 188-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წელს მხარეებს შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების გადასვლის საფუძველს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმად (477.1.) ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხვრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის კანონი რაიმე სპეციალურ ფორმას არ ადგენს. იგი შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ზეპირ გარიგებასთან გვაქვს საქმე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ ნიშნავს საკუთრების გადასვლას მყიდველზე.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: ნამდვილი უფლება და ნივთის ფაქტობრივი გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში ფორმალურად, განსახილველ შემთხვევაში ორივე წინაპირობა არსებობს – მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხემ ავტომანქანა მფლობელობაში გადასცა მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში. ამასთან, ნივთის ფაქტობრივი გადაცემა მიზნად უნდა ისახავდეს საკუთრებაში ამ ნივთის გადაცემას.
სასამართლოს აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ავტომანქანაზე საკუთრება წარმოეშობოდა მას შემდეგ, რაც იგი სრულად გადაიხდიდა ავტომანქანის ღირებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188.1. მუხლის თანახმად, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.
სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, შემძენისათვის გადაცემული ნივთი, მისი საფასურის სრულად გადახდამდე, გამსხვისებლის საკუთრებაა.
სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ნივთის გადაცემა შემძენისათვის (მყიდველისათვის) ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისთვის საკუთრების უფლების გადაცემას.
მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს თავის ახსნა განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ ავტომანაქანის ნასყიდობის თანხა სრულად აქვს გადახდილი მოპასუხის მიმართ. მოპასუხე აღიარებს მხოლოდ 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს.
მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხისათვის 3500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტის დადასტურება, რაც მან განახორციელა ნაწილობრივ, კერძოდ 2000 აშშ დოლარის გადაცემის ნაწილში. ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ასევე გასაუბრების შესახებ ოქმები და საბანკო გადარიცხვის ქვითარი.
მოცემულ საქმეზე არსებობს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, მოპასუხემ (გამსხვისებელმა) უარი თქვა ხელშეკრულებაზე, ვინაიდან შ------–---------–---მა სრულად არ გადაუხადა თანხა, ავტომანქანა მოხსნა რეგისტრაციიდან, დაიბრუნა თავად და გაასხვისა მესამე პირზე. ავტომანქანა დაუბრუნდა გამყიდველს ნ-------------–-–---–ს, ხოლო მყიდველის მიერ განხორციელებული შესრულება 2000 აშშ დოლარის ოდენობით, მყიდველისთვის არ დაუბრუნებია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს, მყიდველისაგან ჯამში მიღებული აქვს 2000 აშშ დოლარი, რომელიც არ დაუბრუნებია მყიდველისათვის. ამიტომ, ავტომანქანის საფასურში მიღებული 2000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 350,40 ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე). ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დავის საგის ღირებულების 3%- 171,60 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრვი არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შ------–---------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნ-------------–-–---–ს - შ------–---------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 2000 (ორიათასი) აშშ დოლარის გადახდა.
3. ნ-------------–-–---–ს - შ------–---------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 221,60 ლარის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 171,60 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე