გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1602100190030-90-4
საქმე N 2/5-9-19
გადაწყვეტილება
საქართველოსსახელით
შესავალი ნაწილი
17 მარტი, 2020 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე, ცაცა ებრალიძე, ელენე თაგაური
მოსარჩელე - ვალი მა-------ი
წარმომადგენელი – მა----ა ქო----–---
მოპასუხე - ხა----–ა მუ----ი
წარმომადგენელი - ნა---- ბე----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
თარჯიმანი - სუ---ა მარ----–---–ი
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ხა----–ა მუ----ისათვის მოსარჩელე ვალი მა-------ის სასარგებლოდ 4000 ლარის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დაახლოებით ათი წლის წინ ვალი მა-------მა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით თანასოფლელ ხა----–ა მუ----ს გადასცა 4 000 ლარი. გადაცემული თანხის სანაცვლოდ ხა----–ა მუ----ს ვალი მა-------ისათვის უნდა გადაეცა მიწის ნაკვეთი (სკ 0-.0--04.0-1) და დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში მის სახელზე, რაც მან არ განახორციელა და მიითვისა აღნიშნული თანხა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ხა----–ა მუ----ი ვალი მა-------ს არ უბრუნებს თანხას.
2.მოპასუხისპოზიცია
მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მას არანაირი ვალდებულება არ აქვს შესასრულებელი ვალი მა-------ის მიმართ. მოსარჩელეს არ მიუთითებია იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომლის სფუძველზეც ის ითხოვს ვალდებულების შესრულებას. ამასთან, ვალი მა-------მა დაახლოებით ერთი წლის წინ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა, ხანდაზმულობის ვადის გასვლა.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ვალი მა-------ის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010-2011 წლებში, ვალი მა-------ს და ხა----–ა მუ----ს შორის შედგა მოლაპარაკება ხა----–ა მუ----ის და მისი ოჯახის წევრთა საკუთრებაში, ბოლნისის რაიონის სოფელ ცუ------ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნასყიდობასთან დაკავშირებით. ნასყიდობის საფასური შეადგენდა 45-0 ლარს. თანხის ნაწილი 4000 ლარის ოდენობით გადახდილი იქნა ვალი მა-------ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
3.1.2. ხა----–ა მუ----მა 2016 წლის 4 აპრილს წერილობით აღიარა, რომ ვალი მა-------ისაგან მიიღო თანხა 4 000 ლარის ოდენობით, უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ, თუმცა მას უძრავი ქონება არ გადაუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გამოკითხვის ოქმი.
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. ხა----–ა მუ----ს ვალი მა-------ისათვის, მათ შორის არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გადაცემული თანხა 4000 ლარი, არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე, 979-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
6.3. სს კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები.
არასახელშეკრულებო ვალდებულებები წარმოიშობა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვალდებული პირის სურვილისაგან დამოუკიდებლად. უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.
უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას). უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონება დაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2010-2011 წლებში შეთანხმდნენ უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე. მოსარჩელემ მოპასუხეს ამ მიზნით გადასცა 4000 ლარი. მხარეებს შორის ხელშეკრულება არ შედგა. მოპასუხემ არ დაუბრუნა მოსარჩელეს გადაცემული თანხა - 4000 ლარი. აღნიშნული გარემოებები დადგენილია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი მასალებით. ამდენად მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრება.
მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის (იხ. სუსგ # ას-368-349-2012, 05.04.2012წ).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის სამართლებრივი საფუძველია კონდიქციური ვალდებულება, მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.
ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ფულადი თანხა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადასცა 2010-2011 წლებში. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზე იყო წარმოადგენდა უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნიდან წარმოშობილი დავა, რომლის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს. ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავის სამართლებრივი საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრება, რომლის შემთხვევაშიც როგორც ზემოთ აღინიშნა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს.
სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამდენად, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესოხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ;
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის მოცულობაა 4000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5-00 ლარს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამდენად მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟს ოდენობა შეადგენს 60 ლარს. მოსარჩელე ვალი მა-------ს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე ხა----–ა მუ----ს მოსარჩელე ვალი მა-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა 60 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე ვალი მა-------ს.
სარეზოლუციონაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 39-ე, 53-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ვალი მა-------ის სარჩელი ხა----–ა მუ----ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ხა----–ა მუ----ს ვალი მა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4 000 ლარის გადახდა.
3. ხა----–ა მუ----ს ვალი მა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ანაზღაურება.
4. მოსარჩელე ვალი მა-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 3 ივლისს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხიდან -120 ლარიდან 60 ლარი (საგადახდო დავალება N 8139013290, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 30009315-);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე