გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #621210019003026196
საქმე #2/36-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ნაწილი I (შესავალი)
31 მარტი, 2020 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა დისტანციური ჩართვით
მოსარჩელე - ოლ---------–--ლი;
წარმომადგენელი - ჯო---------–-ძე;
მოპასუხე - ზუ-------------–--ლი (არ მიუღია მონაწილეობა);
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
წარმომადგენელი - ზვ------------ნი;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა,;
ნაწილი II (აღწერილობითი)
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ზუ-------------–--ლს (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 200--–-–----------------–ს დაბადებული მა-------------–--ლის (პ/ნ 1----------) მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნაწილში, კერძოდ, მა------------–--ლმა აღნიშნული მოქმედებები განახორციელოს მამის თანხმობის გარეშე;
1.2. მოპასუხე ზუ-------------–--ლს (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის - 200--–-–----------------–ს დაბადებული მა-------------–--ლის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 03 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს სრულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მას ჩაბარდა სარჩელი, სადაც მითითებულია მოსარჩელის მოთხოვნა, მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ასევე გადაეცა სარჩელზე დართული მტკიცებულებები, რომლებითაც მოსარჩელე ადასტურებს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაგებელის წარმოსადგენად მას მიეცა გონივრული ვადა), მოპასუხეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ წარმოუდგენია შესაგებელი. სასამართლოსათვის ასევე უცნობია, იყო თუ არა შესაგებელის წარმოუდგენლობის მიზეზი რაიმე დაუძლეველი ძალა ან/და სხვა მოვლენა (საპატიო მიზეზი);
2.2. მოპასუხეს ასევე ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი (საჯარო პუბლიკაცია), თუმცა ის არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე. სასამართლოსთვის აგრეთვე უცნობია მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ (სასამართლოში ბოლო მომენტამდე არ შემოსულა რამე განცხადება/შუამდგომლობა მოპასუხის მხრიდან);
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
3.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ჩაბმული იყო საქმის განხილვაში 1.1 სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში (მშობლის უფლების შეზღუდვა), მხარეთა საერთო შვილის ინტერესების დაცვისა და წარმოდგენისათვის. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია შესაგებელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს მოთხოვნილია, შედის არასრუწლოვანის საუკეთესო ინტერესებში. ასევე განმარტა, რომ ალიმენტის დაკისრებაც პასუხობს ბავშვის საუკეთეო ინტერესებს, ვინაიდან ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს თავისი არასრულწლოვანი შვილი;
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მხარეთა ახსნ-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. მხარეები 2005 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (დამ. იხ. განქორწინების #1---------- მოწმობა);
4.1.2. ქორწინების პერიოდში, კერძოდ, 200--–-–----------------–ს, მათ შეეძინათ საერთო შვილი მა------------–--ლი (დამ. იხ. დაბადების #1---------- მოწმობა);
4.1.3. მხარეები განქორწინდნენ 2015 წლის 23 ივნისს (დამ. იხ. განქორწინების #1---------- მოწმობა, აქტის ჩანაწერია #3---------);
4.1.4. მოსარჩელე და მისი შვილი 2015 წლიდან ცხოვრობენ გერმანიაში;
4.1.5. მოპასუხე უარს აცხადებს, გასცეს თანხმობა იმაზე, რომ შვილმა მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და შეძლოს საქართველოში როგორც შემოსვლა, ისე გასვლა;
4.1.6. მოპასუხე არ მონაწილეობს შვილის რჩენისა და აღზრდის საქმეში;
4.1.7. მხარეთა შვილი მა------------–--ლი არის საქართველოს მოქალაქე (დამ. იხ. დაბადების #1---------- მოწმობა);
4.1.8. ბავშვის პასპორტის მოქმედების ვადა გასულია;
4.2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოციალური სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის #3----------------- დასკვნის მიხედვით:
4.2.1. მოსარჩელე თავის ქალიშვილთან ერთად 01.07.2015 წლიდან ცხოვრობ-------------–--ში ნაქირავებ ბინაში. ამ პერიოდიდან მარიამი რეგულარულად დადის სკოლაში. თავიდან მარიამი დადიოდა გ----------–დის საბაზისო სკოლის მე-4 კლასში და განმეორებით გაიარა მე-4 კლასი, გერმანული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო;
4.2.2. მას შემდეგ მარიამმა შეისწავლა ენა და დააგროვა საკმარისი სიტყვების მარაგი, მე-5 კლასიდან მარიამი გადავიდა ერვინ ფიშერის ინტეგრირებულ საჯარო სკოლაში, სადაც მარიამი აქტიურად ესწრება მე-7 კლასის გაკვეთილებს და აქვს კარგი შედეგები. მარიამი კარგად შეეწყო თანაკლასელებს და ავტორიტეტით სარგებლობს მათ შორის. მე-6 კლასიდან მარიამი განსაკუთრებით დაუმეგობრდა რამდენიმე თანაკლასელ გოგონას და ხშირად ერთად ატარებენ თავისუფალ დროს. სკოლის გარდა მარიამი დადის ფორტეპიანოზე თავისუფლ დროს ატარებს ძაღლთან, აგრეთვე დედასთან და ნათესავ ბავშვებთან ერთად. მარიამი გ----------–დში თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში;
4.2.3. ამჟამად ოლ---------–--ლი უმუშევარია. 2019 წლის დეკემბრიდან ის სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 13:00 საათამდე დადის ენის კურსებზე. უწყებებთან/სამსახურებთან/ ორგანიზაციებთან საკომუნიკაციოდ, არასაკმარისი გერმანული ენის ცოდნის გამო, მას კვლავ სჭირდება დახმარება. თავისუფალ დროს მას დახმარებას უწევს თავისი ქალიშვილი. ოჯახის შემოსავალი ამჟამად არის სოციალური (უმუშევართა) დახმარება, რომელსაც იღებს დედა გასტრონომში ოთხ წლიანი მუშაობის საფუძველზე. საცხოვრებელი ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. მარიამს აქვს საკუთარი კეთილმოწყობილი ოთახი და სამეცადინო კუთხე. მოსარჩელე და მისი ქალიშვილი ხშირად ატარებენ დროს ერთად, სეირნობენ, ამზადებენ საჭმელს, ერთად მიირთმევენ, ერთად აკეთებენ სხვადასხვა საქმეს;
4.3. სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
4.3.1. სადავო გარემოებები დადგენილი არ ყოფილა, რადგან მხარეებს არ უდავიათ რომელიმე გარემოების თაობაზე;
ნაწილი III (სამოტივაციო)
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფიგურანტთა განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს;
6. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ნორმატიული აქტებით:
(ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით;
(ბ)„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (შემდეგ - "კონვენცია") მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით, 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით;
(გ) „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის (შემდეგ - "პაქტი") 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით;
(დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - "სსკ") 1197-ე მუხლით, 1198-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილები, მე-3 და მე-6 ნაწილებით, 1199-ე მუხლით, 1200-ე მუხლით, 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1205-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 1212-ე-1214-ე, 1218-ე მუხლებით და 1234-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით;
(ე) საქართველოს კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" (შემდეგ - პასპორტის გაცემის კანონი") 201 მუხლის მე-2 პუნქტით, 202 მუხლის 1-ლი და მე-8 პუნქტებით, ასევე 81 პუნქტების "ე" ქვეპუნქტით;
7. სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში:
7.1.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში;
- კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია;
- სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;
- იმავე კოდექსის 1999-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს;
- იმავე კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს;
- სსკ-ის 1205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად;
- "პასპორტის გაცემის კანონის" 201 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით;
- იმავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი;
- იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე;
- იმავე მუხლის 81 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
› ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ბავშვს (იქნება ეს, - მისი აღზრდა, მშობლებთან თუ ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობა, მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თუ მშობლის უფლებების შეზღუდვა) უნდა წყდებოდეს ბავშვის „საუკეთესო ინტერესების“ პოზიციიდან გამომდინარე. ეს არის სამართლებრივი და სოციალური ქცევის სტანდარტი, რომლის პრიმატი დადგენილია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებში, რომელთა მონაწილეა საქართველო, ისე შიდა ეროვნულ საკანონმდებლო აქტებით;
› საქართველოს უზენაესი კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე უფლება აქვს თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში. "თვისუფლად შემოსვლის უფლება" გულისხმობს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში მოქალაქეობის სახელმწიფოში დაბრუნების/შემოსვლის შესაძლებლობას. ეს უფლება თანაბრად ეხება როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით;
› ამდენად, მშობლებს (არც ერთ მათგანს) უფლება არა აქვთ შეზღუდონო ბავშვის უფლება დაბრუნდეს საქართველოში. ამის საწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), თამამად შეიძლება შეფასდეს, როგორც მშობლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება და შვილის (არასრულწლოვანის) საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - "ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე - ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს";
› მოცემულ შემთხვევაში ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად გფრ-ში, ინტეგრირებულია იქაურ სოციალურ და კულტურულ გარემოში, ამავდროულად, ის არის საქართველო მოქალაქე, საქართველოში ჰყავს ნათესავები და არ მოიძებნება რამე არგუმენტი, რომელიც აუკრძალავს ბავშვს საქართველოს დაბრუნებას, ხოლო შემდეგ კი გასვლას საქართველოდან;
› საქართველოს მოქალაქის საქართველოში შემოსვლის, საქართველოდან გასვლის და პირადობის დადასტურების ძირითადი მოწმობაა - საქართველოს მოქალაქის პასპორტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დოკუმენტის გარეშე შეუძლებელი, რომ საქართველოს მოქალაქემ შეძლოს საქართველოდან გასვლა და დაბრუნება. "პასპორტის გაცემის კანონის" 204 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი;
ამდენად, მხარეების შვილს უნდა მიეცეს უფლება, რომ მამის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე შემოვიდეს საქართველოში და დატოვოს მისი საზღვრები, მათ შორის, წავიდეს (დაბრუნდეს) თავისი ფაქტობრივი ყოფნის ქვეყანაში;
7.2. ალიმენტის ნაწილში:
7.2.1. როგორც ზემოთ აღინიშნა, მშობლების მხრიდან თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას მნიშვნელოვანია დაცული იყოს ბავშვის "საუკეთესო ინტერესების" პრინციპი;
- კონვენციის 27-ე მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, (1) მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე და (2) მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები;
- პაქტის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა;
- სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
- სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;
- იმავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით;
- იმავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში;
- იმავე კოდექსის 1234-ე მუხლის 1-2 ნაწილის თანახმად, (1) იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან და (2) ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან;
› სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: „...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა“ (იხ. სუს 27.06.2011წ. გადაწყვეტილება ას-58-49-2011). ალიმენტი უნდა იყოს გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ „...სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ – საარსებო მინიმუმს“;
› განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი, მისთვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის შესაბამისობაზე, ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, რომელმაც არ წარმოადგინა შესაგებელი, შესაბამისად, მან საწინააღმდეგო პოზიცია, ფაქტები და მტკიცებულებები არ წარმოუდგენია;
› სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია თავისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად, მიმართოს ყველა ლეგალური გზას, რათა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ უზრუნველყოს მისი და მისი შვილის საარსებო მოთხოვნების დაკმაყოფილება;
› ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია არჩინოს თავისი შვილი, მის სრულწლოვანებამდე. სახეზე არ არსებობს ამ ვალდებულების შემაფერხებელი არც ერთი გარემოება. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა არის გონივრული და ბავშვის საარსებო საჭიროებების მინიმუმთან ახლოს. ამიტომ, ალიმენტის სახით მოპასუხეს შვილის რჩენისათვის უნდა განესაზღვროს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის ვალდებულება;
ამდენად, მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა 100 ლარის ოდენობით თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენის მიზნით;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;
7.2. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;
7.3. სსსკ-ის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
7.4. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
7.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
· მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან (იგი ექცევა სსკ-ის მეხუთე წიგნის - „საოჯახო სამართალი“ -რეგულირების სფეროში). მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა, ამ კატეგორიის დავები ექცევა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად სამოქალაქო საქმედ;
· ალიმენტის დაკისრების ნაწილში დავის საგნის ღირებულებაა (სარჩელის ფასი) 1200 (100X12) ლარი, რომლის 1.5% -ს შეადგენს 18 ლარი, თუმცა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50 ლარს, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. რაც შეეხება მშობლის უფლების შეზღუდვას, სსსკ-ის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი ასეთი კატეგორიის მოთხოვნებზე არ გადაიხდება, რა იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს 2019 წლის 03 ივნისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო მისი გადახდა ასევე მოპასუხეს უნდა დაესკიროს;
ნაწილი IV (სარეზოლუციო)
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ოლ---------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. მოპასუხე ზუ-------------–--ლს (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 200--–-–----------------–ს დაბადებული მა-------------–--ლის (პ/ნ 1----------) მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნაწილში, კერძოდ, მა------------–--ლს შეუძლია აღნიშნული მოქმედებები განახორციელოს მამის თანხმობის გარეშე;
3. მოპასუხე ზუ-------------–--ლს (პ/ნ 1----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 200--–-–----------------–ს დაბადებული მა-------------–--ლის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 03 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე;
4. მოპასუხე ზუ-------------–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
5. მოპასუხე ზუ-------------–--ლის მოსარჩელე ოლ---------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან. სააპელაციო საჩივარი შეტანა უნდა მოხდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. #113), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);
მოსამართლე /დევი დევიძე/