გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210019003187689
N2-3079/2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 მარტი 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ალ-----------------ე
წარმომადგენელი - თე----------ძე
მოპასუხე - შპს „მწ------------------ი“
წარმომადგენელი - ალ------------ვა, ლე----------–--ე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „მწ------------------ის“ დირექტორის 2019 წლის 17 აგვისტოს ბრძანება N07, ალ-----------------ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
1.2. შპს „მწ------------------ს“ ალ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის გადახდა, ყოველთვიური ხელფასის 610.9 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
მოსარჩელის პოზიცია:
2019 წლის 15 ივნისს შპს „მწ------------------სა“ და ალ-----------------ეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელე დაინიშნა შპს „მწ------------------ის“ მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე. მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა ხელზე ასაღები 610.9 ლარის ოდენობით. 2019 წლის 17 აგვისტოს, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ბრძანებაში მითითებული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი-დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანება გამოცემული იქნა შრომის კანონმდებლობის დარღვევით და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ არც ერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამსახური არ გაუცდენია. ასევე, არ დასტურდება სტუმრების კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტები. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტა და გაანთავისუფლა უკანონოდ.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. წარმომადგენლის განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა რამოდენიმე საფუძვლით. კერძოდ, მოსარჩელის მიერ, მზარეულის დამხმარის ფუნქციების განხორციელებისას, უხეშად ირღვეოდა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, მოსარჩელე არ იცავდა მინიმალურ სტანდარტებს საკვების მომზადების პროცესში, რის გამოც ადგილი ჰქონდა როგორც სტუმრების, ისე თანამშრომლების საკვებით მოწამვლის ფაქტებს. საკვები იყო უგემური, არ აკმაყოფილებდა ტურისტების მოთხოვნებს და სასტუმროში დადგენილ სტანდარტებს, რის გამოც სტუმრები იძულებული იყვნენ საკვებისთვის სხვაგან წასულიყვნენ. ამავე დროს მოსარჩელემ გააცდინა სამუშაო, არ გამოცხადდა დადგენილ დროს, რის გამოც უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესი, რას გახდა მისი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 15 ივნისს, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა შპს „მწ------------------ში“ მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე. მისი ხელფასი თვეში შეადგენდა 610.9 ლარს. შრომითი ხელშეკრულება მოქმედებდა 2020 წლის 30 მაისამდე. ალ-----------------ის ფუნქციაში შედიოდა გასამზადებელი საკვებისათვის ინგრედიენტების დამზადება, მას საკვების მომზადების პროცესთან შეხება არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შრომითი ხელშეკრულება N07
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. შპს „მწ------------------ის“ დირექტორის 2019 წლის 17 აგვისტოს N07 ბრძანების საფუძველზე ალ-----------------ე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 17 აგვისტოს N07 ბრძანება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სადავო ბრძანების თანახმად, ალ-----------------ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. ბრძანებას, ასევე, საფუძვლად დაედო, შპს „მწ------------------ის“ თანამშრომლების და მენეჯერის განცხადებები, რომლებიც განმარტავდნენ, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოსარჩელემ სადავოდ გახადა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერება. იგი მიიჩნევს, რომ განთავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებები, კერძოდ: სამუშაოს გაცდენა და უხარისხო საკვების დამზადება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მოპასუხე არ დაეთანხმა ამ პოზიციას. იგი მიიჩნევს, რომ ბრძანებაში მითითებულ გარემოებებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მოსარჩელე ამზადებდა უხარისხო საკვებს, რის გამოც სასტუმროში დაფიქსირდა თანამშრომლების და სტუმრების კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტები. ამასთან, მომზადებული საკვები იყო უგემური და არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტს.
მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისას შეფასდეს მხოლოდის ფაქტები, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
3.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესიდან განსხვავებით, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. შესაბამისად, თუ ყოფილი დასაქმებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ გაანთავისუფლეს, ამ ფაქტის გაქარწყლება დამსაქმებლის ვალდებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე №ას-194-185-2016) შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებებშიც (2015წლის 18მარტი საქმე №ას-1276-1216-2014, 2015 წლის 23 მარტი საქმე №ას-122- 114-2015).
დადგენილია, რომ სადავო ბრძანება გამოიცა ორი განსხვავებული ფაქტობრივი საფუძვლით: 1) ალ-----------------ის არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე გამოუცხადებლობა და 2) უხარისხო/უგემური საკვების მომზადება. პირველ შემთხვევაში, ქმედება გათვალისწინებულია „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ) ქვეპუნქტით (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, ხოლო მეორე შემთხვევაში - 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტით (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა). მოსარჩელის მიერ შედავებულია ბრძანების გამოცემის ორივე საფუძველი.
შრომით სამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთი განაწილების პრინციპის დაცვით, მოსარჩელემ მიუთითა გასაჩივრებული ბრძანების უკანონობის შესახებ და სადავო გახადა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ორივე საფუძველი. ამდენად, მოპასუხის-დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების მტკიცება ანუ ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ბრძანების საფუძვლად მითითებული ვერც ერთი გარემოება, შესაბამისად, ვერ მოახდინა საკუთარი პროცესუალური ვალდებულების-მტკიცების ტვირთის რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 17 აგვისტოს N07 ბრძანება
3.2.3. როგორც აღინიშნა, სადავო ბრძანების საფუძველია ალ-----------------ის მიერ 2019 წლის 15 და 16 აგვისტოს სამუშაოზე გამოუცხადებლობა. მოპასუხე განმარტავდა, რომ მოსარჩელემ გააცდინა სამუშაო მითითებულ დღეებში და ამით დაარღვია შრომის შინაგანაწესი. თუმცა, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ალ-----------------ის მხრიდან სამუშაოზე გამოუცხადებლობის ფაქტი. პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სამუშაო დღეები დამსაქმებლის მიერ ანაზღაურებული იქნა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ოდენობით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა სამუშაოზე, გაცდენილი დღეების ანაზღაურების ფაქტი ადასტურებს, რომ დამსაქმებელს არ ჰქონდა გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის მიზეზი. ეს გარემოება, კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მოსარჩელის ქმედების შეფასებაზე, დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაციაზე.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს გაცდენის ფაქტი, მისი დადასტურების შემთხვევაშიც, უნდა შეფასდეს განთავისუფლების სამართლებრივ ჭრილში და დადგინდეს არსებობს თუ არა ქმედების უხეშ დარღვევად მიჩნევისათვის საკმარისი საფუძველი. ბუნებრივია, სამუშაოს გაცდენა ავტომატურად ვერ გახდება განთავისუფლების კანონიერი საფუძველი. შეფასების საგანია, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების უხეშ დარღვევად ორი სამუშაო დღის გაცდენა, როცა არაა გამოკვლეული გაცდენის ობიექტური მიზეზი და არ არსებობს შრომის შინაგანაწესი, რომელიც 37-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების ნაწილს შეადგენდეს, თუ განთავისუფლება ხდება 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტზე მითითებით.
ამდენად, პირველ რიგში, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ ობიექტურად ვერ დაადასტურა ჰქონდა თუ არა გაცდენას ადგილი და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება განთავისუფლების შესახებ მიიღო სათანადო კვლევისა და ქმედების შეფასების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2019 წლის 17 აგვისტოს N07 ბრძანება
-მოწმეთა ჩვენება
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.4. სადავო ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია შპს „მწ------------------ის“ დირექტორისადმი მენეჯერ ირინა მოქიას 2019 წლის 12 აგვისტოს მიმართვა, რომლის თანახმად: „სტუმრები კაფეში არც საუზმეს და არც სადილს არ უკვეთავდნენ და მიდიოდნენ სხვაგან საჭმელად. ასევე, სასტუმროს თანამშრომლებისაგან არის უკმაყოფილება და შენიშვნები საჭმლის ხარისხზე. მზარეულის მიერ შედგენილი მენიუ არ არის საინტერესო და მიმზიდველი სტუმრებისათვის და ვერ ვხედავ იმნიციატივას მზარეულისაგან და დამხმარესაგან, რომ სამზარეულოს მუშაობის პროცესი გააუმჯობესონ“.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიმართვის ავტორი აქცენტს აკეთებს დასაქმებულის მხრიდან კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობაზე მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. დასაქმებულის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება სასამართლო კვლევის საგანი ვერ ვერ გახდება, ვინაიდან, აღნიშნული მთლიანად წარმოადგენს დამსაქმებლის დისკრეციის სფეროს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფუძვლით დასაქმებულის განთავისუფლებას კანონით დადგენილი პროცედურა და წესი გააჩნია. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა უგულვებელყო კანონით დადგენილი პროცედურა და დასაქმებული გაანთავისუფლა არა „ვ“ ქვეპუნქტის, არამედ „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რასაც სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 11 აგვისტოს მიმართვა
- მოწმეთა ჩვენება
3.2.5. სადავო ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია დაწესებულების თანამშრომელთა 2019 წლის 11 აგვისტოს მიმართვა დირექტორისადმი, რომლის თანახმად: „ივლისის და აგვისტოს თვეში სამზარეულოდან მოწოდებული საკვები იყო უგემური და პერსონალი რჩებოდა მშიერი, დაფიქსირებული იყო ფაღარათის რამოდენიმე შემთხვევაც“.
პროცესზე მოწმედ დაკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ კვებითი ინტოქსიკაციის და ფაღარათის შემთხვევები, მართლაც, დაფიქსირდა მითითებულ პერიოდში. თითქმის ყველა მოწმემ აღნიშნული დაუკავშირა სამზარეულოში მომზადებულ უხარისხო საკვებს. თუმცა, შეკითხვას, მოხდა თუ არა ამ შემთხვევების სამედიცინო დაფიქსირება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ან ექიმთან ვიზიტის გზით, ყველა მათგანმა უარყოფითი პასუხი გასცა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ პერიოდში რაიმე სახის კვებითი ინტოქსიკაციის არსებობას დაწესებულებაში და მით უფრო ამ ფაქტის კავშირს სასტუმროში მომზადებულ საკვებთან. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე, თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი იყო არა საკვების მომზადებაზე, არამედ, კერძის ინგრედიენტების დამზადებაზე. სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ალ-----------------ის სამსახურეობრივი მოვალეობა შემოიფარგლებოდა მზარეულის ტექნიკური დახმარებით და საკვების მომზადების პროცესს თავად არ უძღვებოდა. ამდენად, ინტოქსიკაციის ფაქტების დადასტურების შემთხვევაშიც - კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევისა და დადგენის გარეშე, მოსარჩელისათვის ამ ფაქტების შერაცხვა, არამართლზომიერია.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოპასუხის მტკიცება უნდა მოიცავდეს დამაჯერებელ, არგუმენტირებულ და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ ფაქტებისა და გარემოებების აღწერას, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს დასაქმებულის განთავისუფლების მართლზომიერებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის პოზიცია იყო არადამაჯერებელი, ლოგიკურ და თანმიმდევრულ მსჯელობას და სათანადო მტკიცებულებებს მოკლებული და ხშირ შემთხვევაში ცვალებადი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დასძლია საკუთარი მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ბრძანება არის კანონიერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2019 წლის 11 აგვისტოს მიმართვა
-მოწმეთა ჩვენება
-სხდომის ოქმი
3.2.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმის განხილვის დროისათვის შპს „მწ------------------ში“ აღარ არსებობს მზარეულის დამხმარის პოზიცია. შტატი გაუქმდა დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით, რომლითაც ცვლილება შევიდა მოპასუხის საშტატო ნუსხაში და იგი განისაზღვრა 4 საშტატო ერთეულით, მათ შორის: 1-დირექტორი, 1-მთავარი ბუღალტერი, 1-სასტუმროს დირექტორი და 1-დამლაგებელი.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და სარწმუნოდ მიაჩნია მის მიერ მითითებული არგუმენტი შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დადგენილია, რომ შპს „მწ------------------ი“ წარმოადგენს სეზონურ მოთხოვნაზე გათვლილ სასტუმროს, იგი განთავსებულია ქალაქის ცენტრალური რაიონიდან მოშორებით და ძირითადად დატვირთულია და მუშაობს ზაფხულის სეზონში. ასევე, გასაზიარებელია ის პოზიცია, რომ 2019 წლის ზაფხულის სეზონი იყო მუშაობის პირველი წელი, რის გამოც თავდაპირველი გათვლა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სტრუქტურასა და თანამშრომელთა რიცხოვნობაზე იყო მცდარი, ხოლო წარმოდგენილი ნუსხა სასტუმროს ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტს უზრუნველყოფს. ამდენად, საშტატო ნუსხის შემცირება ობიექტური და დაწესებულების საჭიროებაზე მორგებული ქმედებაა და არა დასაქმებულის აღდგენისადმი ხელოვნული წინაღობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბრძანება N17/1 20.10.2019წ
-მოწმეთა ჩვენება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „მწ------------------ის“ დირექტორის 2019 წლის 17 აგვისტოს N07 ბრძანება ალ-----------------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ამასთან, ვინაიდან, მითითებული თანამდებობა უკვე აღარ არსებოს, მოპასუხეს უარი უნდა ეთქვას თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე. ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ-----------------ის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია, შრომის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ შრომის უფლება ადამიანის სოციალურ უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
ევროპის სოციალურ ქარტიის 24-ე მუხლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები, ასევე, აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს „დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სათანადო საფუძვლები, სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და თანაბარზომიერი ჩადენილი დარღვევისადმი (სუსგ. საქმეზე #ას-1027-981-2013 24.01.14წ.).
6.2. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების კვლევისას, სასამართლომ დაადგინა, რომ ალ-----------------ის განთავისუფლების საფუძვლად მითითებულ არც ერთ გარემოებას არ აქვს ვარგისი სამართლებრივი საფუძველი და სადავო ბრძანება არის უკანონო.
კერძოდ, დადგენილია, რომ სადავო ბრძანება გამოიცა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა არის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად სადავო ბრძანებაში მითითებულია დასაქმებულის მიერ ორი სამუშაო დღის გაცდენა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და ვერ მიიჩნია სარწმუნოდ ბრძანებაში მითითებული გარემოება, ვინაიდან, ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელემ მიიღო ე.წ. გაცდენილი დღეების ჩათვლით, რაც აბათილებს მოსაზრებას, რომ ფაქტს ადგილი ჰქონდა.
სასამართლოსთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავად ფაქტი, მისი დადასტურების შემთხვევაშიც, არ შეიძლება ჩაითვალოს „უხეშ დარღვევად“ და გახდეს დასაქმებულის მყისიერად განთავისუფლების საფუძველი. ცხადია, რომ სამუშაოს გაცდენა შესაძლოა შეფასდეს „უხეშ დარღვევად“, თუ დამსაქმებლის საქმიანობას ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და ამ ზიანის გამოსწორება შეუძლებელი ან მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ, ამაზე უთითებს, შრომის კოდექსის 37ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის განმარტებისას უზენაესი სასამართლო და ხაზს უსვამს პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპის გამოყენების აუცილებლობაზე, რომლის თანახმად კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ზომა, ზღვარი, რომლის მიღმა დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთთანამშრომლობა წარმოუდგენელია. სამსახურიდან განთავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული და დამსაქმებლის ინტერესი გაანთავისუფლოს დასაქმებული განპირობებულია გარდაუვალი მიზეზებით.
ამდენად, სამუშაოს გაცდენის ფაქტის დადასტურებაც ვერ გახდება სადავო ბრძანების კანონიერად მიჩნევის საფუძველი. სასამართლო მიუთითებს, რომ სამუშაოს გაცდენა რა თქმა უნდა არის დისციპლინური გადაცდომა, მაგრამ სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ უხეში დისციპლინური გადაცდომა მინიმუმ განმეორების შემთხვევაში, ან/და უკვე ამ დისციპლინური გადაცდომისათვის სახდელდადებული დასაქმებულის მიმართ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამავე კოდექსის მე-13 მუხლით შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა. ცხადია, რომ სამუშაო განრიგი შრომის შინაგანაწესის ნაწილია და მისი დაუცველობა იწვევს შრომის შინაგანაწესის დარღვევას. ეს უკანასკნელი კი იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, თუ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელს არ გააჩნდა შრომის შინაგანაწესი, შესაბამისად, არც მისი დარღვევის შემთხვევაში - დასაქმებულის უპირობოდ განთავისუფლების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ სახეზეა დასაქმებულის განთავისუფლება არასათანადო, არამართლზომიერი და ფორმალური საფუძვლით, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის კვლევის და ობიექტური მიზეზის დადგენის გარეშე. სახეზეა უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლების-შრომის უფლების უგულვებელყოფა და სოციალური გარანტიებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება.
6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველს, რომელიც გამომდინარეობს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან და ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შემთხვევაში.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს, ვინაიდან, მომზადებული საკვები იყო უგემური და სტუმრები სხვაგან სადილობდნენ. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება დამსაქმებლის დისკრეციის სფეროა. დამსაქმებელი უფლებამოსილია ჩათვალოს პირი პროფესიული თვალსაზრისით შეუფერებლად. თუმცა, აღნიშნავს, რომ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულის განთავისუფლება პროცედურულად განსაზღვრულია ამავე კოდექსის 38-ე მუხლში და ითვალისწინებს შესაბამის ნაბიჯებს, რომელთა დაცვა კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. ესაა, ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას აძლევს დასაქმებულს იზრუნოს საკუთარ პროფესიულ დასაქმებაზე განთავისუფლების შემდეგ, რადგან, მუხლი ითვალისწინებს მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ წინასწარ გაფრთხილებას. ამავე დროს, მუხლით გათვალისწინებულია კომპენსაციის ოდენობა იმის მიხედვით, თუ რამდენად ადრე მოხდება დასაქმებულის გაფრთხილება.
მოცემულ შემთხვევაში, არაა დაცული კანონით განსაზღვრული პროცედურა, რის გამოც ამ საფუძვლით ალექსანდრე გოგუაძის განთავისუფლება უკანონოა.
სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასტუმროს სტუმრების მოწამვლის ფაქტებისა და ამ ფაქტებთან მოსარჩელის კავშირის შესახებ. პირველ რიგში, სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასტუმროში კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებს, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამავე დროს არც რაიმე მიზეზობრივი კავშირი დგინდება შესაძლო შემთხვევებსა და მოსარჩელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შორის. ამ კავშირის დადგენის გარეშე, კი, შეუძლებელია დადგინდეს ბრალი და შეერაცხოს იგი მოსარჩელეს.
6.4. საქართველოს შრომის კანონმდებლობა აღიარებს უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის უფლებრივი რესტიტუციის ვალდებულებას. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. აღნიშნული მუხლის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა. მუხლის მიზანია უკანონოდ განთავისუფლებულის აღდგენა საკუთარ უფლებებში. ნორმა იძლევა უფლებრივი რესტიტუციის სამ თანმიმდევრულ ვარიანტს, რომლის თითოეული საფეხურის გამორიცხვა, იწვევს მომდევნო საფეხურზე გადასვლას.
მოცემულ შემთხვევაში შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, პირველ რიგში განხილული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებული პირის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა.
დადგენილია, რომ მოცემული მომენტისათვის შპს „მწ------------------ის“ საშტატო ნუსხაში მზარეულის დამხმარის თანამდებობა არ ირიცხება და ამ თანამდებობის გაუქმება მოხდა ობიექტური საფუძვლებით (იხ. პუნქტი 3.2.6.). ამდენად, იგივე თანამდებობაზე პირის აღდგენა შეუძლებელია.
საქართველოს კანონმდებლობა განიხილავს აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, უკანონოდ განთავისუფლებულის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხს, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა უნდა მომდინარეობდეს დამსაქმებლის ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობიდან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხე ორგანიზაციის სპეციფიკა და შესაძლებლობა კვლავ დაასაქმოს, სხვა ტოლფას სამუშაოზე განთავისუფლებული თანამშრომელი. სასამართლო კვლევის საგანი უნდა იყო შესაძლებელია თუ არა არსებობდეს ტოლფასი სამუშაო ან პოზიცია, რომელზედაც, ყოფილი დასაქმებული კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარის ფარგლებში შეძლებდა მუშაობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და ყოველგვარი ბუნდოვანება, რომელიც მისი აღსრულების პროცესს შეიძლება სდევდეს თან, ხელს უშლის და აფერხებს მართლმსაჯულების განხორციელებას. ანალოგიურ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს გადაწყვეტილება ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის შესახებ, თუ ბუნდოვანი იქნება კონკრეტული პოზიცია ან საქმიანობა, რომელიც ტოლფას სამუშაოდ უნდა იქნეს განხილული.
მოცემულ შემთხვევაში, ასევე, დადგენილია, რომ ტოლფასი სამუშაო დამსაქმებელის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული არაა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებრივი რესტიტუციის სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაცია სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით.
კომპენსაციის რაოდენობის დადგენა სასამართლოს დისკრეციის სფეროა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ოდენობა დგინდება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კომპენსაციის ოდენობის ნორმატიული განუსაზღვრელობის პირობებში, სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სამართლიანი, მაგრამ ამავე დროს გონივრული კომპენსაციის ოდენობა. იგი ერთის მხრივ უნდა ემსახურებოდეს უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკის რესტიტუციის მიზნებს, ხოლო მეორეს მხრივ რა თქმა უნდა შეუსაბამო მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს დამსაქმებელს. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის სამართლებრივი არსისა და ოდენობის შესახებ უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციამ შეძლებისდგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში (სუსგ Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი და მოქმედებდა 2020 წლის 30 მაისამდე. ამასთან, საშტატო ნუსხა შემცირდა 2019 წლის 20 ოქტომბერს, ობიექტური ფაქტორების. თუმცა, გასათვალისწინებელია თავად დასაქმებულის პროფესია და ის გარემოება, რომ განთავისუფლება მოხდა საკურორტო სეზონის მიწურულს, როცა დამსაქმებლისათვის ახალი სამუშაოს დაწყება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის სახით, ალ-----------------ის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). რაც სასამართლოს აზრით გონივრული, პროპორციული და სამართლიანი რესტიტუცია იქნება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სასამართლომ ბათილად ცნო მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 3000 ლარი კომპენსაციის სახით. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ალ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „მწ------------------ის“ დირექტორის 2019 წლის N07 ბრძანება ალ-----------------ის მზარეულის დამხმარის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;
3. ალ-----------------ეს უარი ეთქვას სამუშაოზე აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე;
4. დაეკისროს შპს „მწ------------------ს“ ალ-----------------ის სასარგებლოდ კომპენსაცია 3000 ლარის ოდენობით;
5. დაეკისროს შპს „მწ------------------ს“ ალ-----------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და 50 სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე