გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21576-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე ნა---------------–---–-
წარმომადგენელი მე--------------, მი-–--------------
მოპასუხე ნ------------–---–ი
მოპასუხე სა--------–---–----
წარმომადგენელი ლა–------------
დავის საგანი თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ------------–---–--ათვის მოსარჩელე ნა---------------–---–-ს სასარგებლოდ 2436.6 აშშ დოლარისა და 230. 56 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. ნ------------–---–-- მიერ, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისში, მ---–------------------- ს/კ N0-.1--1-----.---, 2017 წლის 08 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ნ------------–---–-- აღრიცხვა.
2007 წლის 21 ივნისს „ვ-–---------------------------“ და ვ-–--–---–----ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 21 ივნისს „ვ-–---------------------------“ და ნ----------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნა---------------–---–- თავდებად დაუდგა და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ვ-–--–---–----ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ვ-–---------------------------“ მიმართ.
2007 წლის 21 ივნისს „ვ-–---------------------------“ და ვ-–--–---–----ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 21 ივნისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება „ვ-–---------------------------“ და ნ------------–---–ს შორის, რომლის მიხედვითაც ნ------------–---–ი თავდებად დაუდგა და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ვ-–--–---–----ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ვ-–---------------------------“ მიმართ.
2007 წლის 01 დეკემბერს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, „ვ-–---------------------------“ მოთხოვნის უფლებები, რომლებიც გამომდინარეობდა ვ-–--–---–----სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან და ამ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებიდან, საკუთრებაში გადასცა შპს „მ-----------------------------–------------ს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ----------------–---–ს შპს „მ-----------------------------–------------“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 1157.85 აშშ დოლარი, სარგებელი 57.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 293.32 აშშ დოლარი. სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 230.56 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო იძულებითი აღსრულება.
სს „კ--------------“(ყოფილი შპს „მ-----------------------------–------------“) მიერ 2019 წლის 14 თებერვლის ცნობის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ცნობის გაცემის დრომდე ვ-–--–---–----ს სესხზე შესული თანხა ჯამში შეადგენს - 1122.45 აშშ დოლარს, ასევე ამ საქმეზე გადახდილია 230.56 ლარი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, ის ასრულებდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, ჯამში გადახდილი აქვს 2436.6 აშშ დოლარი.
ნ------------–---–ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 25 აგვისტოს დარეგისტირირდა უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, მ---–------------------5, ს/კ N0-.1--1-----.--- მესაკუთრედ. 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მან უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადასცა შვილს სა--------–---–----ს. 2017 წლის 06 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით, სა--------–---–----მ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუბრუნა ნ------------–---–ს, ხოლო 2017 წლის 08 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ნ------------–---–მა უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადასცა სა--------–---–----ს. დასაჩუქრებული სა--------–---–---- დაბადებულია 2003 წელს, ის არის 13 წლის, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა მიზნად ისახავდა ვალდებულების თავიდან აცილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ნ------------–---–მა და სა--------–---–----მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნები. (83-91). 2.1. ნ------------–---–ი სადავოდ ხდის კრედიტორის წინაშე ვ-–--–---–----ს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებას კრედიტორთან. 2.2. მოპასუხე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. 2.3. ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილ გარიგებას წარმოადგენს და ის გამოხატავს გამჩუქებლის რეალურ ნებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2007 წლის 21 ივნისს „ვ-–---------------------------“ და ვ-–--–---–----ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 21 ივნისს „ვ-–---------------------------“ და ნ----------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნა---------------–---–- თავდებად დაუდგა და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ვ-–--–---–----ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ვ-–---------------------------“ მიმართ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება(ს.ფ. 4).
თავდებობის განცხადება (ს.ფ. 24).
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23).
3.2.2. 2007 წლის 21 ივნისს „ვ-–---------------------------“ და ვ-–--–---–----ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 21 ივნისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება „ვ-–---------------------------“ და ნ--- დ---–-–---–ს (თ------–---–-) შორის, რომლის მიხედვითაც ნ------------–---–ი თავდებად დაუდგა და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ვ-–--–---–----ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ვ-–---------------------------“ მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უარყოფს თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებას, ვ-–--–---–----ს სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს თავდებობის განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც დადასტურებულია თავდები პირის ნ--- დ---–-–---–ის (თ------–---–ის) ხელმოწერით. მოპასუხეს რომელიც სადავოდ ხდის ამ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერის არარსებობას, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მას წარმოუდგენია, მხოლოდ ზეპირი განმარტებით, ამ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
ამდენად, მოპასუხე ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის ვ-–--–---–----ს მიერ „ვ-–---------------------------“ წინაშე სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ----------------–---–ს შპს „მ-----------------------------–------------“ („ვ-–---------------------------“ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 1157.85 აშშ დოლარი, სარგებელი 57.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 293.32 აშშ დოლარი. სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 230.56 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო იძულებითი აღსრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს
2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-33).
სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 34-35).
წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 36-38).
3.2.4. ნ----------------–---–მა, სს „კ--------------“(ყოფილი შპს „მ-----------------------------–------------“) სასარგებლოდ 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში გადაიხადა 2057.28 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5).
ცნობა (ს.ფ. 39).
3.2.5. სს „კ--------------“(ყოფილი შპს „მ-----------------------------–------------“) მიერ 2019 წლის 14 თებერვლის ცნობის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ცნობის გაცემის დრომდე ვ-–--–---–----ს სესხზე შესული თანხა ჯამში შეადგენს - 1122.45 აშშ დოლარს, ასევე ამ საქმეზე გადახდილია 230.56 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
2019 წლის 14 თებერვლის ცნობა (ს.ფ. 40).
3.2.6. ნ------------–---–ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 25 აგვისტოს დარეგისტირირდა უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, მ---–------------------5, ს/კ N0-.1--1-----.--- მესაკუთრედ.
2016 წლის 31 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მან უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადასცა შვილს სა--------–---–----ს. 2017 წლის 06 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით, სა--------–---–----მ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუბრუნა ნ------------–---–ს, ხოლო 2017 წლის 08 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ნ------------–---–მა უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადასცა სა--------–---–----ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 49-50).
2016 წლის 31 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 51-52).
2017 წლის 6 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 53-54).
2017 წლის 08 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 55-56).
დაბადების მოწმობა (ს.ფ. 57).
3.2.7. სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე, არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასარჩელო ხანდაზულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონი სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს, ანუ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავის უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, რადგან დავა ეხება სოლიდარული მოვალის მიერ უკუმოთხოვნის უფლებას სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დაწყების დრო უკავშირდება კრედიტორის წინაშე ვალდებულების სრულად შესრულების მომენტს. ბოლო გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ განხორციელდა 2017 წლის იანვარში და ბოლომდე კრედიტორის წინაშე ვალდებულება არ შესრულებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე, 896-ე,473-ე, 905-ე, 316-ე, 317-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ნ------------–---–--ათვის თანხის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
6.1.2. სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----------------–---–მა და მოპასუხე ნ--- თ------–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ვ-–--–---–----ს ვალდებულებების შესრულებაზე, კრედიტორის „ვ-–---------------------------“ წინაშე, რაც მსესხებელს ეკისრებოდა 2007 წლის 21 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლი ადგენს ერთ-ერთი მოვალის უკუმოთხოვნის უფლებას სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შესრულებისას, თუმცა ამ უფლების არსებობას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსხვავებულად არის მოწესრიგებული აღნიშნული საკითხი ან კანონით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
6.1.5. სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ მუხლის ნორმა ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონისმიერ გადასვლას თავდებზე ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ძირითადი მოთხოვნა თავდებზე გადადის ავტომატურად (კანონის ძალით) და დამატებითი შეთანხმება ან ცალმხრივი ნების გამოვლენა არ მოითხოვება. ძირითადი მოთხოვნა გადადის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო კრედიტორის ხელში (სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლი). შესაბამისად, ძირითად მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები იკავებს კრედიტორის ადგილს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლით გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 473-ე მუხლისაგან განსხვავებული შემთხვევა, რა დროსაც სოლიდარულ მოვალეს უკუმოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ ძირითადი მოვალის (მსესხებლის) მიმართ, ვინაიდან თავდებობის შემთხვევაში ადგილი აქვს სხვა პირის ვალდებულების უზრუნველყოფას, ნორმის მიზანია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე თავდების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა მისთვის ძირითადი მოვალის მიმართ კრედიტორის უფლებების მინიჭებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–---–ს არ ეკისრება მოსარჩელის წინაშე კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარული ვალდებულების შესრულების გამო, თანხის გადახდის ვალდებულება.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე გამჩუქებლის საკუთრების უფლების დაბრუნების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი გულისხმობს იურიდიული ინტერესების არსებობას სასამართლო გადაწყვეტილებით ასეთ აღიარებასთან მიმართებაში. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. აღნიშნული ნორმის მიხედვით იურიდიული ინტერესის არსებობა არსებითად უკავშირდება სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობას. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება, თანხის დაკისრების თაობაზე მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე ვალდებულება არ წარმოშობია, მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი მოპასუხის მიერ კუთვნილი ქონების განკარგვის თაობაზე დადებული გარიგების ბათილად ცნობის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე სა--------–---–----ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, მ---–------------------- ს/კ N0-.1--1-----.---, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნა---------------–---–-ს სარჩელი მოპასუხეების ნ------------–---–--ა და ს---------–---–---ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია