გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.03.2020
საქმის ნომერი
330210019003297239
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210019003297239

№2/29423-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივნები - თეონა როსტომაშვილი, მარიამ სილაგაძე

 

მოსარჩელე - კა--------------ი

წარმომადგენელი - თე------------ე

 

მოპასუხე - შპს „ტა----------ი“

წარმომადგენელი - ნე-----------------ძე

 

დავის საგანი - სამედიცინო დაწესებულაბაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ტა----------ს“ მოსარჩელე კა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1169 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე შპს „ტა----------ს“ მოსარჩელე კა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 9 ნოემბერს სტომატოლოგიური მომსახურეობით სარგებლობის მიზნით მოსარჩელე ეწვია კლინიკა შპს „ტა----------ს“. კა--------------ს შპს „ტა----------ის“ თანამშრომლის მიერ კბილის ექსტრაქციამდე არ ჩატარებია ვიზიორენტგენელოგიური კვლევა და არ მომხდარა წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება ექსტრაქციასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ კბილის ამოღებასა და ბუტაფორიულ დამუშავებაში გადაიხადა 50 ლარი.

 

კბილის ექსტრაქციის შემდეგ მოსარჩელემ სამკურნალოდ მიმართა შპს „ავერსის კლინიკას“, რომელშიც მას ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები და გასწია დამატებითი ხარჯებიც. იმისათვის, რომ მოსარჩელეს ამოღებული კბილის ადგილზე ჩაესვა იმპლანტი ან/და გვირგვინი აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პროფესიული წმენდა. ამგვარ მომსახურებაში გადახდილია დამატებით 60 ლარი. მოსარჩელემ კბილის ექსტრაქციის შემდგომი მკურნალობის მიზნით ისარგებლა შპს „ბატერიოფაგის ანალიტიკური სადიაგნოსტიკო ცენტრი დიაგნოზი 90“-ის მომსახურებით და მას აუღეს რამდენიმე სახის ანალიზი, რომელიც აუცილებელი იყო გვირგვინის ჩასმის ან აღდგენისათვის. ხსენებულ მომსახურებაში გადახდილია 103 ლარი.

 

მოსარჩელე სოციალურად დაუცველ პირთა სიაში ირიცხება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ტა----------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის მოტივით, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სხვა პირებისაგან მიღებული მომსახურება მოპასუხის ბრალეულობის გამო მოხდა თუ არა.

 

2.2. მოპასუხის მოსაზრებით მორალური ზიანის არსებობისათვის სავალდებულო სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი არ არის დადასტურებული მოსარჩელის მიერ, რის გამოც ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელე კა--------------ს კლინიკა შპს „ტა----------ში“ (ჩაუტარდა) გაეწია სამედიცინო მომსახურება - კბილის ექსტრაქცია, რაშიც გადაიხადა 50 ლარი.

 

3.1.2. კბილის ექსტაქციამდე მოსარჩელეს არ ჩატარებია ვიზიორენტგენელოგიური კვლევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის განცხადება (ს.ფ. გვ. 23);

- სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი (ს.ფ. გვ. 26-27);

- ფორმა N220ა (ს.ფ. გვ. 28-33);

- თა----------–-–---–-ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. გვ. 34-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.3. შპს „ტა----------ის“ მიერ არ მომხდარა წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება კა--------------ისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი (ს.ფ. გვ. 26-27);

- ირ---–------------ს წერილი (ს.ფ. გვ. 36-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.4. კა--------------მა სამკურნალოდ მიმართა შპს „ავერსის კლინიკას“, რომელშიც მას ჩაუტარდა: მცირე მოცულობითი ფრანგმენტული 3დ კონუსურ-სხივური ტომოგრაფია; განმეორებით დანტალური რადიოვიზიოგრაფიის, დანტალური ვიზიოგრაფიისა და ენდოდონტიური მკურნალობა; ცირკონის ოქსიდზე დამზადებული გვირგვინის გადაკვრა, რაშიც მან გასწია დამატებითი ხარჯები.

 

3.1.5. ამოღებული კბილის ადგილზე იმპლანტის ჩასასმელად კა--------------ს ჩაუტარდა პროფესიული წმენდა.

 

3.1.6. კა--------------მა ისარგებლა შპს „ბაქტერიოფაგის ანალიტიკური სადიაგნოსტიკო ცენტრი დიაგნოზი 90“-ის მომსახურებით და მას აუღეს რამდენიმე სახის ანალიზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ავ---------–-----ს“ წერილები (ს.ფ. გვ. 39-41);

- ჩეკები და გადახდის დამადასტურებლი ქვითრის დედნები (ს.ფ. გვ. 42-46; 53-58);

- სისხლის და ბაქტერიოლოგიური ანალიზები (ს.ფ. გვ. 47-49);

- კოაგულიგრამა (ს.ფ. გვ. 49-50);

- ხელწერილი (ს.ფ. გვ. 51);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ კა--------------ს:

 

- შპს „ტა----------ში“ გაწეული სამედიცინო მომსახურება - კბილის ექსტრაქცია ჩაუტარდა არაჯეროვნად.

 

- შპს „ტა----------ში“ არაჯეროვნად გაწეული სამედიცინო მომსახურების გამო გასწია დამატებითი ხარჯები.

 

- შპს „ტა----------ში“ არაჯეროვნად გაწეული სამედიცინო მომსახურების გამო მიადგა ჯანმრთელობის ზიანი, რასაც შესაძლოა გამოწვია სულიერი ტანჯვა ან/და ტკივილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის განცხადება (ს.ფ. გვ. 23);

- სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი (ს.ფ. გვ. 26-27);

- ფორმა N220ა (ს.ფ. გვ. 28-33);

- თა----------–-–---–-ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. გვ. 34-35);

- სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი (ს.ფ. გვ. 26-27);

- ირ---–------------ს წერილი (ს.ფ. გვ. 36-37);

- შპს „ავ---------–-----ს“ წერილები (ს.ფ. გვ. 39-41);

- ჩეკები და გადახდის დამადასტურებლი ქვითრის დედნები (ს.ფ. გვ. 42-46; 53-58);

- სისხლის და ბაქტერიოლოგიური ანალიზები (ს.ფ. გვ. 47-49);

- კოაგულიგრამა (ს.ფ. გვ. 49-50);

- ხელწერილი (ს.ფ. გვ. 51);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი არ კმაყოფილდება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შინაარსში შემავალი ელემენტები თავდაპირველად - სრულად უნდა იქნეს წარმოდგენილი და შემდგომ დადასტურებული სარჩელის ფარგლებში.

 

ხსენებული კონტექსტიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს განმარტოს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1322-2018, 04 აპრილი, 2019წ).

 

მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

 

მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1322-2018, 04 აპრილი, 2019წ).

 

სასარჩელო მოთხოვნა მხარეს იმგვარად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რომ მან შეძლოს მატერიალურსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ელემენტებით დადგენილი ფაქტების დადასტურება. ამ ურთიერთგადაჯაჭვული სისტემის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის თავის მხრივ, სარჩელში გადმოცემული და აღწერილი ფაქტები უნდა იძლეოდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. პირის სადავოდ ქცეული უფლების შეფასება ითვალისწინებს, როგორც პროცესუალურ, ისე მატერიალურ სამართლებრივ ასპექტებს. საპროცესო წესრიგი, დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციით, უზრუნველყოფს კანონიერების რეჟიმის განხორციელებას სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით. საპროცესო უფლებების რეალიზაციის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო სამართალწარმოების სუბიექტები თავისუფალნი არიან საპროცესო მოქმედებების არჩევანში მანამ, სანამ მათი თავისუფლება არ არღვევს კანონის ნორმებს ან არ ზღუდავს სხვა პირის ინტერესებს. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს ფაქტებზე მხარის საპროცესო ბატონობას, ამავდროულად ზღუდავს მას ვალდებულებით, დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც წარმოადგენს სამართალწარმოების წესის მნიშვნელოვან ელემენტს. ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი მყარი სასამართლო პრაქტიკით. არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ „......ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016). ამდენად, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტარქტული შემადგენლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე დადგენილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, ადგილი აქვს ნორმის შემადგენლობის ნიშნების მისადაგებას (სუბსუმცია) დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. „.....მოსარჩელის ახსნა-განმარტებები მაშინ არის გამართული (დასაბუთებული), თუ მასში დასახელებული ფაქტები და გარემოებები შესაბამის სამართლებრივ (სამოქალაქო კოდექსის) ნორმასთან ერთად ქმნის იმის საფუძველს, რომ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშვას მოსარჩელე პირს, ანუ დაფუძნდეს მის პიროვნებასთან და მის კონკრეტულ საქმესთან მიმართებით....“. საპროცესო წესრიგი უზრუნველყოფს მხარეთა ავტონომიას და შესაძლებლობას ანიჭებს მათ, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. ,,...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, თბილისი, 2016 წელი, გვ. 3, ეთერ ჩაჩანიძის თარგმანი, ხელმისაწვდომია ასევე ). ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციის წინაპირობებს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ნორმის დისპოზიციის შესატყვისი წინაპირობები არ არის ანდა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია მოთხოვნის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში (მოსარჩელის სტადია) (იხ. სუსგ საქმეზე №ას-155-145-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი). ამავდროულად, ფაქტების მითითების ვალდებულება უზრუნველყოფს მხარეთა პროცესუალური შესაძლებლობების თანასწორობას. შეჯიბრებითობის პრინციპის მნიშვნელოვანის კომპონენტია საქმის წარმოების განჭვრეტადობა, რადგან გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელობის ეფექტის გამომწვევი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შინაარსი. მოპასუხე ასევე სარგებლობს პროცესუალური უფლებით, დაეთანხმოს ან სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და აღნიშნული წესრიგის დარღვევა ზღუდავს მეორე მხარის შესაძლებლობას, განჭვრიტოს და შეაფასოს საპროცესო ოპონირების სამართლებრივი პერსპექტივა. ჩვენს შემთხვევაში, სასამართლომ შეამოწმა სადავო გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ არის ფორმალურად გამართული, იგი არ შეიცავს თანმიმდევრულ, დამაჯერებელ, ლოგიკურ დასაბუთებას იმ ფაქტების თაობაზე, რომლებსაც ემყარება მოსარჩელეთა მოთხოვნა, სარჩელის დასაბუთება შემოფარგლულია არა ფაქტებითა და მათი კონკრეტიკით, არამედ, სამართლებრივი შეფასებებით.

 

6.3. მოსარჩელის რიგით პირველი სასარჩელო მოთხოვნაა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება,. სარჩელის ამ ნაწილში გადაწყვეტის მოტივად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დელიქტური სამართლის ნორმებზე. თუმცა სასამართლოს მიჩნია, რომ საქმეში გადმოცემული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოყენებულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო ზიანის და არა დელიქტური სამართლის ნორმები.

 

მხარეები ვალდებული არ არიან მიუთითონ კანონის მუხლები მათი პოზიციების დასაცავად, ხოლო სასამართლო შეზღუდული არ არის ისარგებლოს მითითებულისაგან განსხვავებული ნორმებით. სასამართლო, როგორც ნორმის შემფარდებელი პირი თავად წყვეტს სადავო საკითხი რომელი კანონით იქნეს და კანონის რომელი მუხლით გადაწყვეტილი, თუნდაც არ არსებობდეს ურთიერთობის გადაწყვეტისათვის აუცილებელი სპეციალურ ნორმები.

 

6.4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პაციენტის უფლებების დაცვის საბაზისო პრინციპები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების (მათი მუშაკების) შესატყვისი ვალდებულებები აღიარებულია საერთაშორისო აქტებით და ეროვნული კანონმდებლობით. ამავდროულად, ეროვნული სამართლებრივი სისტემა განსაზღვრავს რეგულაციებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დეფექტურ სამედიცინო მომსახურებასთან და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უფლების დაცვის შესაბამის გარანტიებს.

 

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის ან სიკვდილისათვის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომელიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების დარღვევით.

 

პაციენტის უფლება, როგორც სამედიცინო სფეროში „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით გარანტირებული სამართლებრივი კატეგორია, მოიცავს დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის - უფლებას, მიიღოს კვალიფიციური და სამედიცინო სტანდარტების შესატყვისი მომსახურება და უფლებას, იყოს ინფორმირებული მის მიმართ განსახორციელებელი სამკურნალო ღონისძიებების შესახებ. სარჩელი სწორედ ამ უფლებათა დარღვევის მოტივით არის აღძრული.

 

6.5. მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურება უნდა შეფასდეს ნარდობად. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შინაარსი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის მიხედვით, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დადგენილია, რომ მენარდემ ნაკლის აღმოფხვრის მიზნით გასწია დამატებითი სამუშაოები, თუმცა, ასევე დადგენილია, რომ ნაკლის გამოსწორების მიზანი და შესაბამისი შედეგი მიღწეული ვერ იქნა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაცია ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის.

 

სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სკ-ის) 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 395.1. მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ. 11.06.2012, Nას-630-593-2012).

 

სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს დარღვევისას (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია - მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე (სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016).

 

6.6. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის 09.11.2018წ. დაიდო სამედიცინო მომსახურების შესახებ გარიგება (რომლისთვისაც რაიმე სპეციალური ფორმის დაცვა საჭირო არ არის). პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შპს „ტა----------ს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ მოწესრიგებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მოიცავს, როგორც ნარდობის ისე მომსახურების ხელშეკრულების ელემენტებს, ვინაიდან შესასრულებელი სამუშაოს შედეგი იყო სპეციალური ცოდნის გამოყენებით დაზიანებული კბილის ამოღება (ექსტრაქცია), ანუ შესრულებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო. ასევე, მხარეთა ორიენტირები მიმართულია როგორც შედეგზე ასევე, პროცესზე - დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად პაციენტის გამოჯანმრთელების ან მდგომარეობის შემამსუბუქებელი მიზნობრიობით ჩატარებული მოქმედებათა ჯაჭვი უნდა შეიკრას.

 

ტ. ჭრელაშვილის (მოსარჩელის მკურნალი ექიმი) მიერ სსიპ „სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოსადმი“ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით დადგენილია (რაც სადავოდ მოსარჩელესაც არ გაუხდია და რომც გაეხადა სარჩელის ფაქტობრივ მოცემულობაში უნდა ასახულიყო ამგვარი გარემოება, რაც ასევე არ მომხდარა), რომ შემსრულებელმა პაციენტს განუმარტა, რომ 022 კბილი ჰქონდა გადატეხილი, კბილს აღენიშნებოდა მორყევის მაღალი ხარისხი, ლორწოვანი ჰიპერემიული, სისხლმდენი და ჰიპერტრიდიული იყო. მოსარჩელეს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო გადატეხილი ფესვის თეორიული აღდგენაც კი. ერთადერთი რაც შესაძლებელი იყო უნდა მომხდარიყო კბილის ექსტრაქცია (ამოღება) (იხ. ახსნა-განმარტება საქმეში ს.ფ. გვ. 34-35).

 

საქმის მასალებით აგრეთვე, დადგენილია ისიც, რომ ექიმის მიერ არ მოხდა კბილის ექსტრაქციამდე ვიზიორენტგენელოგიური კვლევა და პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა არ მიღებულა (იხ. ს.ფ. გვ. 20), რაც თავისთავად სამედიცინო სფეროში ითვლება პროცედურულ დარღვევად, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ კბილის ამოღება მოხდა მოსარჩელესთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების გარეშე და რომ ექსტრაქციის, როგორც მკურნალობის ერთადერთ შედეგად მიჩნევა - არასწორი იყო. ანუ, სასამარლომ მხარის ნება გამოხატულად და დადგენილად მიიჩნია კბილის ექსტაქციის მიმართ, ვინაიდან მისი თანხვედრი სურვილის შესაბამისად განხორციელდა კბილის ამოღება. საქმეში რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლითაც ექიმის მიერ იძულების გზით, ზეპირი ინფორმირების გარეშე განხორციელდა დაზიანებული კბილის ამოღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი (მაგ. ჯანმრთელი კბილის ამოღება, შემდგომი ტკივილები, გართულებები) გამოიწვია დადასტურებული არ არის საქმის მასალებით.

 

მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილების კვალობაზე უნდა დაედასტურებინა: მომსახურება, რაც მოპასუხისაგან მიიღო არასრულფასოვანი და არაჯეროვანი იყო; ასეთი ქმედების შედეგად დამდგარი ან/და გამოწვეული ზიანის აღმოფხვრას დასჭირდა მის მიერ შემდგომში განხორციელებული სამედიცინო მანიპულაციები, ანალიზები და სხვა სახის მომსახურების მიღება. მითითებულის მტკიცება საქმის მასალების მიხედვით არ განხორციელებულა. ამ კონკრეტულ დავაში მოსარჩელეა ვალდებული დაადასტუროს არასწორად განხორციელებულ ექსტაქციასა და შემდგომში მიღებულ მომსახურებებს შორის პირდაპირი, ერთმნიშვნელოვანი, მიზეზშედეგობრივი მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

 

სასამართლო მოსარჩელის მიერ ექსტრაქციის შემდგომ მიღებული სამედიცინო მომსახურების საჭიროებასა და კბილის არასწორად ამოღებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენისას სარგებლობს „რომ არა“ ტესტით. conditio sine qua non - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა. სასამართლო თვლის, რომ ზიანი საერთოდ არ დადასტურებულა

 

მოსარჩელის მთავარი პრეტენზია, რისთვისაც მან ავერსის კლინიკას მიმართა იყო ამოღებული კბილის ადგილზე არსებული სიცარიელის, როგორც ესთეტიური ჩივილი. ნებისმიერი საღად მოაზროვნე, საშუალო გონივრული შესაძლებლობის მქონე პირისთვისაც მარტივი მისახვედრია, რომ კბილის ამოღება ავტომატურად არ ნიშნავს მის ადგილზე სხვა კბილის ან ინპლანტის ჩადგმას. ამოღებული კბილის გამო ცარიელი ადგილი კბილთა წყობაში (იმპლანტის ჩაუსმელობის შემთხვევაში), რომ შესაძლოა არაესთეტიური აღმოჩნდეს მოსარჩელისათვის წინასწარ სავარაუდო უნდა ყოფილიყო.

 

მოსარჩელის მიერ ნამდვილად წერილობითი მტკიცებულებით დადასტურდა სხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღების ფაქტი, თუმცა თავად ზიანის არსებობისა და მასთან მიზეზობრივ კავშირში არსებული ხარჯების არსებობის დაუდასტურებლობა მოსარჩელისათვის სასურველი შედეგს მომტანი ვერ გახდება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ესთეტიური ჩივილის არსებობის დროიდან უკვე ღებულობდა იურიდიულ კონსულტაციას, რაც სასამართლოს აფიქრებინებს, რომ მან მიიღო საკმარისი სამართლებრივი მხარდაჭერა. ასეთ ვითარებაში, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის გზით არასწორად შესრულებულ სამედიცინო მანიპულაციასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირის დადასტურება ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა მომჩივანისათვის. ამგვარი მტკიცებულების არსებობის გარეშე კი შეუძლებელია მოსარჩელის რიგით პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.7. „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-5 მუხლი: (საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2002 წლის 27 სექტემბერს #1677-I დადგენილებით) „...ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, ასევე შედეგებისა და საფრთხის შესახებ...’’.

 

ზემოხსენებული კონვენციის განმარტებითი ბარათი, შესაბამის მუხლთან მიმართებით:

 

33-ე პუნქტი: „...წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს პაციენტის ნდობა ექიმისადმი. ნდობის ფაქტორი ასევე განაპირობებს ექიმის ვალდებულებას თავისი პაციენტის მიმართ. ამ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ელემენტია პაციენტის უფლებების პატივისცემა. ის წარმოშობს და ამყარებს მათ შორის ურთიერთნდობას...“.

 

34-ე პუნქტი: „...აღნიშნული მუხლი ეძღვნება თანხმობას და საერთაშორისო დონეზე ადასტურებს საყოველთაოდ აღიარებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს იძულებით ჩარევას, მისი თანხმობის გარეშე. ამგვარად, ადამიანს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გასცეს და გამოითხოვოს თანხმობა. ეს წესი ხაზს უსვამს პაციენტის ავტონომიას პროფესიონალ სამედიცინო სფეროს მუშაკებთან ურთიერთობაში და ზღუდავს პატერნალისტიკურ მიდგომებს, რომლის პირობებში პაციენტის მოთხოვნები შესაძლებელია იყოს იგნორირებული...„ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 1994 წლის 28-30 მარტს ქ. ამსტერდამში ჩატარებულ კონფერენციაზე, მიიღო დეკლარაცია „პაციენტთა უფლებების პრინციპები ევროპაში: ზოგადი საფუძვლები“, რომლის 2.2. პუნქტი განსაზღვრავს: „...პაციენტებს უფლება აქვთ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კონკრეტული სამედიცინო მონაცემების ჩათვლით; განზრახული სამედიცინო ჩარევების, თითოეული ჩარევის შესაძლო რისკისა და მოსალოდნელი ეფექტის შესახებ; დაგეგმილი ჩარევის ალტერნატივების შესახებ, მათ გამოყენებაზე უარის თქმის შედეგების ჩათვლით; დიაგნოზის, პროგნოზისა და სამკურნალო პროცესის მიმდინარეობის შესახებ...’’. 3.1. პუნქტი: „...პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის აუცილებელი წინაპირობაა...’’.

 

ინფორმაციაზე პაციენტის უფლების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებულია ასევე ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ - ,,პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს, რომ: „...პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია...’’. ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვნების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში - პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. პაციენტის ავტონომიის პრინციპი გაანალიზებულია როგორც ევროპული სამართლის წყაროების, ისევე ეროვნული კანონმდებლობის მიერ, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობას დაქვემდებარებული პირის გარანტიებს, მიიღოს ამომწურავი და ინდივიდუალურად მორგებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის და მკურნალობის შესახებ. ცალკეული ინდივიდის შესაძლებლობა, თავისუფლად და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელსაც იგი მიიჩნევს მისთვის უფრო სასიკეთოდ, წარმოადგენს ინდივიდუალურობის და პიროვნების ღირსების შემადგენელ ელემენტს. ამგვარად, პაციენტის უფლებებისადმი პატივისცემის მოთხოვნები განაპირობებს ხელშეუხებლობის გარანტიას და გულისხმობს პაციენტის უფლებას, ინფორმირებული არჩევანის პირობებში თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან მიმართებით და ამით უზრუნველყოს თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის კონტროლი.

 

„ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის ფარგლებში ამ უფლების დაცვის ფართო კონცეფცია უზრუნველყოფს მკურნალობას დაქვემდებარებული ცალკეული ინდივიდის ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებას მის სხეულზე. სამედიცინო ჩარევა შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ ამომწურავი და აღქმადი ფორმით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე - გაანალიზებული თანხმობის შემდეგ, რაც გამორიცხავს სამედიცინო დაწესებულების თვითნებურ და პატერნალისტიკურ მიდგომებს. აღნიშნული გარანტიები ვრცელდება სამედიცინო ხასიათის შემცველ ყველა სახის ჩარევაზე, მათ შორისაა: დიაგნოზი, მკურნალობის შინაარსი და მიმართულება, შესაძლო რისკები და გვერდითი მოვლენები და ა.შ..

 

პაციენტის პერსპექტივიდან დავის სამართლებრივი ფორმულარი მოიცავს ორ მნიშვნელოვან ასპექტს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, რამდენად უზრუნველყო მოპასუხემ მოსარჩელის ხელმისაწვდომობა შინაარსობრივად სრულყოფილ და აღქმად ინფორმაციაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, იყო თუ არა დაგეგმილი მკურნალობის შეცვლა - განსახილველ შემთხვევაში ოპერაციისას სხვა მასალის გამოყენება გამოწვეული სამედიცინო აუცილებლობით, რომელიც გამორიცხავდა ოპერაციამდე, მისი მიმდინარეობისას ან მის შემდგომ მაინც დაინტერესებული პირის ინფორმირების შესაძლებლობას.

 

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სამკურნალო დაწესებულება თავისუფლდება ინფორმირების ვალდებულებისაგან, კერძოდ, როდესაც პაციენტისათვის შესაბამისი ცნობების მიწოდება, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიწვევს ძლიერ ნერვულ სტრესს, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს და გააუარესოს მისი ჯანმრთელობა. მაგ. ინგლისის უმაღლესი სასამართლო 1957 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში (Case „Bolam vs Friern Hospital Managment Committe’’) დაეყრდნო სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზოგად აღიარებულ პრაქტიკას და აღნიშნა: „...ინფორმირების ვალდებულება შესაძლებელია, არ განხორციელდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საშიშროებიდან გამომდინარე, თუ იგი მტკივნეულად აღიქვამს ამგვარი ინფორმაციის მიწოდებას...’’.

 

მსგავს მიდგომას ამკვიდრებს ასევე გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც „...ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების ქვეშ მოიაზრებს სუბიექტის უფლებას „იცოდეს ან არ იცოდეს თავისი ჯანმრთელობისთან დაკავშირებული მონაცემები’’. გერმანიის ნიდერზაქსენის მიწის უმაღლესმა სასამართლომ დამატებით დააკონკრეტა ინდივიდის ეს უფლება და 2003 წლის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის „არ ცოდნის უფლება’’ ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების ნეგატიურ განზომილებად განმარტა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების მიზანია, დაიცვას ცალკეული ინდივიდი ინფორმაციისაგან, რომლის ცოდნამაც მის ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს...’’.

 

ამგვარად, სამედიცინო სამართლით აღიარებული სტანდარტი გამორიცხავს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას, თუკი ინფორმაციის გამჟღავნება არ განხორციელდა ზემოთ მითითებული საფუძვლით, თუკი ექიმი მოქმედებდა მედიცინაში ზოგადად დამკვიდრებული და აღიარებული პრაქტიკის შესატყვისად. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის შესაგებელი არ არის წარმოდგენილი ამ შინაარსით, მოპასუხე არ დაყრდნობია ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების გამორიცხვის უფლებას ზემოთ მითითებულ კონტექსტში, შესაბამისად, სასამართლო კვლევის საგანი ვერ გახდება ამ საფუძვლიდან გამომდინარე ინფორმაციის მიუწოდებლობის საკითხი.

 

6.7.1. „პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. არც საერთაშორისო პრაქტიკა და არც ეროვნული კანონმდებლობა არ აწესებს ინფორმირების ღონისძიების სპეციალურ ფორმებს, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები თავისუფალნი არიან არჩევანში, საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისი პროცედურები (მაგ. პაციენტთან მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად ჩატარებული გასაუბრება; წერილობითი ფორმით ინფორმირება და ა.შ.). ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც მიმდინარეობს მისი ინფორმირება, ან - ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად. ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად.

 

ზემოხსენებული საკანონმდებლო რეგულაციიდან გამომდინარე წერილობითი ინფორმირებული თანხმობისა და ვიზიორენტგენელოგიური კვლევის არარსებობის ფაქტთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ ფორმალური გაგებით დარღვეულია ნორმატიული რეგულირების სფერო, თუმცა მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ზეპირსიტყვიერი ინფორმირების არარსებობის ფაქტი. ამასთან, ვინაიდან კბილის ექსტრაქცია ერთადერთი შედეგი იყო მოსარჩელისათვის და იგი ჯეროვნად განხორციელდა - ხსენებული ფაქტები მკურნალი ექიმის დისციპლინარული დევნის საფუძველი შესაძლოა გახდეს, მაგრამ ვერ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების შერაცხვისათვის საჭირო კონსტრუქციას (ვინაიდან ამგვარმა ქმედებამ რა ზიანი გამოიწვია ვერ იქნა დადასტურებული).

 

6.8 რიგით მეორე სასარჩელო მოთხოვნის განხილვისათვის სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ინფორმირებული თანხმობისა და ვიზიორენტგენელოგიური კვლევის არარსებობა შესაძლოა გახდეს თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბოლო წინადადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

6.9 მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი თავისთავად ანიჭებს უფლებას დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე – მკურნალობის პროცესში. ეს სულიერი ტანჯვა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ, მკურნალობის მიუხედავადაც, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად ან/და აღენიშნება გადატანილი დაზიანებების კვალი. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლა, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის უშუალო შედეგია.

 

,,ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანი სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ აღნიშნულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში (იხ., სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი, პ-62, 64, 65).

 

ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა მორალური ზიანის ანაზღაურების სკ-ის 413-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქცია, კერძოდ, აღნიშნა, რომ „მორალური ზიანის ანაზღაურებას (სკ-ის 413-ე მუხლი) აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პირის დარღვეული უფლებების ხასიათს, ამ დარღვევის ნეგატიურ როლს პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე და ა.შ. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, მუდმივად მოუწევს სმენადობის აპარატის დახმარებით ცხოვრება და მოღვაწეობა, სასამართლოს აძლევს იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ პირველი მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა გამოუსწორებელი, მუდმივად ასატანი ზიანი, რასაც შედეგად მისი ბუნებრივად მოსალოდნელი სულიერი ტანჯვა და ძლიერი ემოციური სტრესი მოჰყვა (იხ., სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი, პ-66, 67; იხ. შეადარე სუსგ №ას-669-2019, 11 ივლისი 2019 წელი).

 

მორალური ზიანის ანაზღაურების კონტექსტში მხარე ყურადღებას ამახვილებდა სახის წინა ნაწილში მდებარე კბილის ამოღებით მიღებულ არაესთეტიურ ხასიათზე, რაც ვერ გახდება მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.10. საქმის განხილვის დროს მხარეთა მიერ მითითებულია საქმისათვის უმნიშვნელო გარემოებების შესახებ, რაზეც სასამართლო დამატებით ყურადღებას აღარ მიაქცევს,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)

 

7. სსსკ-ის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კა--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების გაგზავნას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი