გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6330-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე ზა-------------------
წარმომადგენელი ნა------------------, მა-------–-----------, სე--------------------
მოპასუხე ნი----------------
წარმომადგენელი და-------–-------–---–-
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ-------------------თვის მოსარჩელე ზა-------------------ს სასარგებლოდ 281 753,97 ევროს ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
1.2.მოპასუხე ნ-------------------თვის მოსარჩელე ზა-------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 0.3% გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2012 წლის 08 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N11, რომლის თანახმად, გამსესხებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებულება და მოპასუხეს გადასცა სესხის სახით 281 753.97 ევრო. აღნიშნული თანხა უნაღდო ანგარიშსწორების წესით მსესხებელს ჩაერიცხა, 5 ეტაპად: 2012 წლის 25 თებერვალს 34 000 ევრო; 2. 2012 წლის 22 თებერვალს - 33 600 ევრო; 3. 2012 წლის 24 თებერვალს 81 676 ევრო; 4. 2012 წლის 01 მარტს - 57 950 ევრო; 5. 2012 წლის 20 მარტს - 74 527.97 ევრო.
სესხის თანხები 2012 წელს მთლიანად გადარიცხულია „ს--------“ ბანკიდან, რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა „ღ-------–------------------------“ ბანკი.
სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 08 თებერვალს. ამ ვადაში ნასესხები თანხა არ არის დაბრუნებული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ტომი მე-2, ს.ფ. 9-22). სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს შორის არ არსებობს, საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე ნ----------------ის ხელმოწერა გაყალბებულია. ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში მოპასუხე რ------ში არ იმყოფებოდა, ის საქართველოში იყო და ზა------------------- მას არ უნახავს. მოპასუხე სადავოდ ხდის თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებსაც და აღნიშნავს, რომ ისინი არ არის გაცემული სათანადო ფორმით და არ არის დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ.
რეალურად მოსარჩელემ ტექნიკური დამხმარება აღმოუჩინა ნი----------------ს რ------იდან მისი ოჯახის მეგობრების მიერ შეგროვილი თანხის გადარიცხვაში. ამ თანხებს მოსარჩელეს გადასცემდა ბ---------–--- ეტაპობრივად. ისინი ყოველ ეტაპზე ხვდებოდნენ ბანკთან, მოპასუხის მეუღლე მოსარჩელეს გადასცემდა თანხას და ახორციელებდა გადარიცხვებს ნ----------------ის ოჯახის წევრების სახელზე. ყველა გადარიცხული თანხა ეკუთვნოდა მოპასუხის ოჯახს და ეს თანხა ვერ იქნებოდა ზა-------------------ს, მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
მოსარჩელე არის ნ----------------ის ოჯახის შორეული ნათესავი, რომელიც განსაკუთრებით დაუახლოვდა მოპასუხეს. ის ჩართული იყო პარტია „დ--------------–-----------------------------------–---“ სხვადასხვა აქტივობებშიც და სარგებლობდა ნ----------------ის ნდობით. მოპასუხის ოჯახი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებოდა მოსარჩელეს. წლების განმავლობაში ეხმარებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ვითარებაში, მათ შორის ფინანსურადაც, რადგან მას რაიმე არსებითი ფინანსური შემოსავლის წყარო არ გააჩნდა.
ნ----------------ის პარტიის „დ--------------–-------------------------------------–---“ წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა და 2011 წლის 26 მაისის ღამის მოვლენების შემდეგ, მოპასუხის ოჯახს შეექმნა პრობლემები. სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული მოპასუხის მეუღლე ბ---------–---, რომელმაც მოასწრო ქვეყნის დატოვება. ამ ვითარებაში მოპასუხის ოჯახი განიხილავდა შესაძლებლობას, რომ უკიდურეს შემთხვევაში წასულიყო საქართველოდან. სწორედ ამიტომ, მოპასუხის ოჯახის მეგობრებმა და ახლობლებმა, რომელთა უმეტესი ნაწილი ცხოვრობს და საქმიანობს რ------------------–-აში, გადაწყვიტეს ფინანსურად დახმარებოდნენ ძებნაში მყოფ ბ---------–---ს და მთლიანად ოჯახს. ამ მიზნით, ბ---------–--- 2012 წლის თებერვალ-მარტში იმყოფებოდა რ------------------–-აში და მეგობრებისა და ოჯახის ახლობლებისაგან მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, ჯამში, დაახლოებით 500 000 ევროზე მეტი ოდენობით. თანხის შეგროვებისა და ბ---------–-----თვის გადაცემის პროცესს ორგანიზებას უწევდა ოჯახის ახლობელი გ-----–--–-------- რ------ში მოღვაწე ექიმი ანესთეზიოლოგი, რომელიც პირადად დაეხმარა ბ---------–---ს დაახლოებით 200 000 ევროს ფარგლებში, მისი მეშვეობით მიაწოდეს თანხა მოპასუხის მეუღლეს ოჯახის სხვა მეგობრებმაც. სხვადასხვა გარემოებების გამო, პრობლემა იყო ამ თანხის რ------------------–-იდან გატანა/გადარიცხვა, რადგან ბ---------–---ს არ ჰქონდა რ------ის მოქალაქეობა, ხოლო არარეზიდენტი პირისათვის ანგარიშის გახსნა და თანხების გადარიცხვა პრობლემას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ოფიციალურად ძებნაში მყოფ ბ---------–---ს არ სურდა მნიშვნელოვანი მოცულობის თანხების გადარიცხვა მისი სახელი დაფიქსირებულიყო რ-------------------აში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
სწორედ ამ დროს რ------ში იმყოფებოდა მოსარჩელე ზა-------------------, რომელიც რ------ის მოქალაქეა, მისგან ცნობილი იყო, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ერთ-ერთი ბანკის პარტნიორთან, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლო დახმარებოდა თანხის გადარიცხვაში. ასეთი ტექნიკური დახმარება მოსარჩელეს არაერთხელ გაუწევია, მათ შორის პარტიის საჭიროებისთვისაც, რადგან ის ოჯახის ნდობით სარგებლობდა.
მოპასუხემ განმარტა, რომ სადავოდ ხდის მითითებას იმ გადახდებზე, რაც სარჩელშია აღწერილი, რადგან სხვა გადახდებთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია. ასევე დაადასტურა, რომ ზ--------------------ას მეშვეობით მართლაც ჰქონდა ადგილი მოპასუხის ოჯახის კუთვნილი თანხების რ------იდან ერთ-ერთ ე---------– ბანკში გადარიცხვას, თუმცა ეს თანხები არ ეკუთვნოდა ზა-------------------ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზა-------------------სა და ნი----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობაში, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დადასტურდეს რელევანტური მტკიცებულებებით. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მოპასუხე სადავოდ ხდის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით ხელშეკრულებაზე მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა გაყალბებულია. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: 2012 წლის 08 თებერვლით დათარიღებულ რუსულენოვან სესხის ხელშეკრულება N11-ზე ნ----------------ის სახელით ხელმოწერა ეკუთვნის (შესრულებულია) თუ არა ნ----------------ის მიერ და არის თუ არა 2012 წლის 08 თებერვალს რუსულენოვან სესხის ხელშეკრულებაზე ნ----------------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა და ნ----------------ის მიერ წარმოდგენილი რუსულენოვანი ხელმოწერები ურთიერთიდენტური და შესრულებული ერთი და იგივე პირის მიერ (ტომი მე-2, ს.ფ. 112-118).
ექსპერტიზის დასკვნით, პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ რუსულ ენაზე შედგენილ N11 სესხის ხელშეკრულებაზე 08.02.2012 წლის თარიღით, მეორე გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, მარჯვენა მხარეს, გრაფაში „Заемщик“ შესრულებულია არა ნ----------------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
მეორე შეკითხვაზე პასუხი ექსპერტმა ვერ გასცა, რადგან მან ვერ დაადგინა, ხელშეკრულებაზე დაფიქსირებული ხელმოწერისა და შედარებითი კვლევისათვის წარმოდგენილი ნ----------------ის რუსულენოვანი ხელმოწერის ნიმუშები შესრულებულია თუ არა ერთი და იგივე პირის მიერ. მიზეზად ექსპერტმა მიუთითა, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა და შესადარებელი მასალა განსხვავებული ტრანსკრიფციისა და არ შეიცავენ ერთნაირ წერით ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ექსპერტის მიერ შედარდა ხელშეკრულებაზე დაფიქსირებული ხელმოწერა და ნ----------------ის ქართულენოვანი ხელმოწერა. ხელშეკრულებაზე მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია რუსულ ენაზე, დასკვნის მიხედვით, კი რუსულენოვანი ხელმოწერების იდენტურობა დადგენილი არ არის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არ დგინდება ხელშეკრულებაზე ნ----------------ის ხელმოწერის (გაყალბება) არარსებობა.
წერილობით გაფორმებული სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობის უარსაყოფად მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ის იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად ხელშეკრულებას ხელს ვერ მოაწერდა. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია 2012 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, რომლის მიხედვით, დგინდება, რომ მოპასუხეს 2012 წლის 01 თებერვლის შედეგ, საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. მოპასუხის ამ განმარტების საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებაზე მხარეებს ერთდროულად არ მოუწერიათ ხელი. გამსესხებლის მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულება გაეგზავნა მსესხებელს ხელმოსაწერად. ამასთან, მიუთითა, რომ ხელშეკრულება წერილობით შედგენილია უფრო ადრე, ვიდრე მასში დაფიქსირებული თარიღი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, მოპასუხის საქართველოში ყოფნა, არ ადასტურებს ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის არარსებობას, რადგან ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია არათანმყოფ პირთანაც. ასევე საყურადღებოა, ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში სესხის თანხად დაფიქსირებული თანხის ჩარიცხვა მსესხებლის საბანკო ანგარიშზე განხორცილდა 5 ეტაპად, ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში და პირველ გადარიცხვამდე მოსარჩელის ბანკს წარედგინა სესხის ხელშეკრულების ასლი, რომელიც ყველა გადარიცხვის შემთხვევაში მიეთითა თანხის გადარიცხვის საფუძვლად. (ტომი 1, ს.ფ. 183-184).
3.2.2. ზა-------------------მ ნი----------------ს საბანკო ანგარიშსწორების გზით გადაურიცხა თანხა 5 ეტაპად:
2012 წლის 25 თებერვალს 34 000 ევრო;
2012 წლის 22 თებერვალს - 33 600 ევრო;
2012 წლის 24 თებერვალს 81 676 ევრო;
2012 წლის 01 მარტს - 57 950 ევრო;
2012 წლის 20 მარტს - 74 527.97 ევრო.
SWIFT-შეტყობინებების შესაბამის გრაფაში, კერძოდ, ფულის გადაგზავნის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია 2012 წლის 08 თებერვლის N11 სესხის ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
SWIFT-შეტყობინებები (ს.ფ. 21-35).
საჯარო სააქციო საზოგადოება „მ----------“ წერილი (ს.ფ. 37-38).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 626-ე, 365-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადებასა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას-სესხის სახით თანხის მოპასუხისათვის გაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მოსარჩელეს ეკისრება აღნიშნულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი. სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. დასახელებული ნორმისა და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო თანხის ჩარიცხვის საფუძველია მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც, რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემაში გამოიხატება ხელშეკრულების დადება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების მიზნებისათვის მოპასუხისათვის თანხის 281 753.97 ევროს ოდენობით გადაცემის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გადარიცხვის დოკუმენტებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი). მოპასუხემ კი მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა უარყოს თანხის გადაცემის ფაქტი ან დაადასტუროს გადაცემის ფაქტი, მაგრამ გამორიცხოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ვალდებულების არსებობა ამ შესრულების მიმართ. იმ პირობებში, თუ დადასტურდება მოსარჩელის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, იგულისხმება, რომ არსებობს მოპასუხისაგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო თუ მითითებული თანხის გადაცემით არ წარმოშობილა მისი დაბრუნების ვალდებულება, მოპასუხემ აღნიშნული ფაქტი სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.
ამ შემთხვევაში, მოპასუხე ადასტურებს თანხის გაცემის ფაქტს, მაგრამ გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულების გამოსარიცხად მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს და მოსარჩელემ ტექნიკური დამხმარება აღმოუჩინა ნი----------------ს რ------იდან მისი ოჯახის მეგობრების მიერ შეგროვილი თანხის გადარიცხვაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელისაგან მიღებულ თანხაზე მისი საკუთრების უფლებას. ამ შემთხვევაში, საპირისპირო მტკიცების ტვირთი, რომლითაც გამოირიცხებოდა სადავო თანხაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხის მხარეზეა, რომელიც სადავო თანხის მოსარჩელის პირად ანგარიშზე მოხვედრის გარემოებას იმით ხსნის, რომ მოსარჩელემ ტექნიკური დამხმარება აღმოუჩინა ნი----------------ს, რ------იდან მისი ოჯახის მეგობრების მიერ შეგროვილი თანხის გადარიცხვაში.
მოპასუხის მითითებულ პოზიციას, მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი პრეზუმფციის გაქარწყლების საფუძვლად სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დადასტურდეს რელევანტური მტკიცებულებებით. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მოპასუხე სადავო თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ზა-------------------ს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ამ ოდენობის თანხების სესხად გაცემის საშუალება არ ჰქონდა. მოსარჩელე ვერ ადასტურებს რა გზით აღმოჩნდა მის ანგარიშზე თანხა, მაშინ როდესაც მოპასუხე მოწმეთა ჩვენებებით ადასტურებს ამ თანხის კუთვნილებას. მიმღებს ნი----------------ს რამდენიმე წლის განმავლობაში მოსარჩელისაგან მიღებული თანხა არ აუთვისებია.
მოპასუხე შესაგებელში მითითებულ გარემოებას სადავო თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით, ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა განმარტებებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს მოპასუხის ოჯახის ახლობლებმა, ფინანსური დახმარების მიზნით, გადაწყვიტეს თანხების მობილიზება და აღნიშნული თანხა გადასცეს მის მეუღლეს, რომელიც მოსარჩელის მეშვეობით უნდა ჩარიცხულიყო მოპასუხის საბანკო ანგარიშზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მოწმეები გარდა ბ---------–------ თავად აღნიშნავენ, რომ მოპასუხის ოჯახისათვის განკუთვნილი თანხის მოსარჩელის ანგარიშზე შეტანის უშუალო მონაწილეებს არ წარმოადგენენ და ეს ინფორმაცია მოპასუხის ოჯახისაგან მიიღეს. მოპასუხის მეუღლის ბ------ ბ-–---- ჩვენების მიხედვით, სადავო თანხა, რომელიც ზა-------------------ს ანგარიშიდან ირიცხებოდა მოპასუხის ანგარიშზე, იყო მისგან გადაცემული თანხა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება თანხის კუთვნილების დასადასტურებლად რელევანტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი), იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის განმარტებიდან და მოწმის ჩვენებიდანაც დგინდება, რომ თანხა მოსარჩელეს გადაეცემოდა ხელზე, წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამსესხებლის ქონებრივ მდგომარეობასთან, ასევე მოსარჩელის ანგარიშზე ასახული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე მითითება, ვერ აქარწყლებს მოსარჩელისადმი სადავო თანხების კუთვნილების პრეზუმფციას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებშიც სრულად იქნებოდა ასახული მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობა. მსესხებლის მიერ მიღებული თანხის განკარგვა, მის ნებაზეა დამოკიდებული, რის გამოც ის გარემოება, რომ მსესხებელს რამდენიმე წლის განმავლობაში არ აუთვისებია მოსარჩელისაგან მიღებული თანხა, არ ადასტურებს ამ თანხების მოპასუხისადმი კუთვნილებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც, მოპასუხე მოწმეთა ჩვენებებით ვერ აქარწყლებს მხარეთა შორის ზეპირი სასესხო ურთიერთობის არსებობის პრეზუმფციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 თებერვლამდე. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დასაშვებია ზეპირი სესხის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც, ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების დადება დასტურდება, მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტით, რადგან ამ შემთხვევაში, მოპასუხის განმარტებას, სადავო თანხის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობის გამოსარიცხად, სასამართლო არ იზიარებს.
ამდენად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ზა-------------------მ მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა ფულადი თანხა 281 753.97 ევრო.
ზეპირი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ნი----------------ს მოსარჩელის წინაშე წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, შეთანხებულ ვადაში არ დაუბრუნა ნასესხები თანხა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 281 753.97 ევრო და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელ სესხის თანხაზე ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.3%-ს დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შედეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება არაჯეროვნად შესრულებად.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დროში არ ასრულებს.
სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან სასესხო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად პირგასამტეხლოზე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შესახებ წერილობითი შეთანხმების არარსებობის პირობებში, მსესხებელს, რომელმაც დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, არ ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდევინება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (47,73%) 1431.9 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზა-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.დაეკისროს მოპასუხე ნი----------------ს მოსარჩელე ზა-------------------ს სასარგებლოდ 281 753.97 ევროს ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე ნი----------------ს მოსარჩელე ზა-------------------ს სასარგებლოდ 1431.9 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია