გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16477-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე – ა(ა)იპ ,,თ----–---------------------“
წარმომადგენელი - თე-----------–-–---–ი, თა-------------ა
მოპასუხე - შპს ,ა-–--“
წარმომადგენელი - ვლ----------–------ე
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. მოპასუხე შპს ,,ა-–--ს“ ხელშეკრულების დარღვევისა და დისკრიმინაციული ქმედების გამო მოსარჩელე ა(ა)იპ ,,თ----–----------------------“ სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2019 წლის 24 ა-----–- ა(ა)ი.პ "თ----–---------------------"-ს და შპს "ა-–--"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად შპს "ა-–--მ" აიღო ვალდებულება დაებეჭდა და საკუთრებაში გადაეცა დამკვეთისთვის ანუ ა(ა)ი.პ "თ----–----------------------თვის” სარეკლამო მასალა და განეთავსებინა მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ სარეკლამო კონსტრუქციაზე, ხოლო თავის მხრივ, ა(ა)ი.პ "თ----–---------------------მ" აიღო ვალდებულება შპს "ა-–--"-სთვის გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, განთავსების მომსახურებაზე, გაფორმდა დანართი #1, რომლითაც განისაზღვრა მომსახურების პირობები (სარეკლამო კონსტრუქციის მდებარეობა, სარეკლამო კონსტრუქციის რაოდენობა, გვერდების რაოდენობა ზომა, სარეკლამო მომსახურების ვადა) და ღირებულებები. ანგარიშსწორება განხორციელდა დანართ #2-ში მოცემული გადახდის გრაფიკის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. რეკლამის განთავსების პერიოდი განისაზღვრა 05.050.2019-დან 05.06.2019-მდე. 2019 წლის 30 ა-----–- ა(ა)იპ "თ----–---------------------მ" შპს "ა-–--ს" გადაუგზავნა სარეკლამო კონსტრუქციების ვიზუალები, რომლებიც შეიცავდა სოციალური კამპანიის ხასიათის მქონე მესიჯებს, რის შემდგომაც შპს "ა-–--" დაუკავშირდა მოსარჩელეს და უთხრა, რომ მათ მიერ ვერ მოხდებოდა სოციალური კამპანიის შემცველი სარეკლამო ვიზუალების განთავსება, ვინაიდან ისინი არ ავრცელებდნენ, სოციალური ხასიათის სარეკლამო ვიზუალებს. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს "ა-–--"-ს ჰქონდა ინფორმაცია მოსარჩელის სარეკლამო ვიზუალების სოციალური ხასიათის შესახებ და მათ არ გამოუთქვამთ არანაირი პრეტენზია. არც ხელშეკრულებაში არ ყოფილა გაწერილი სარეკლამო ვიზუალების შესახებ რაიმე მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის გაგზავნილი სარეკლამო ვიზუალები წინააღმდეგობაში მოვიდოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში. ხოლო ხელშეკრულების 4.2.4. პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ შეზღუდვა ან/და აკრძალვა არ ვრცელდებოდა მოსარჩელის მიერ გაგზავნილ სარეკლამო ვიზუალებზე. რაც ნიშნავს, რომ შპს "ა-–--მ" ყოველგვარი დასაბუთებისა და ხელშეკრულების პირობების უგულებელყოფით განაცხადა უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გაგზავნილი სარეკლამო ვიზუალები ეხებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლოს საერთაშორისო დღისადმი, 17 მაისისადმი მიძღვნილ სოციალური ხასიათის მესიჯებს. მოცემული კი გახდა მოპასუხის მხრიდან, ხელშეკრულების დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული ნიშნით დარღვევის საფუძველი. მოსარჩელემ ვერ შეძლო 17 მაისს (ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) განეთავსებინა სოციალური ხასიათის შემცველი სარეკლამო ვიზუალები, რომლებიც გმობდა ჰომოფობიას და საზოგადოებას მოუწოდებდა თანასწორობისკენ. შესაბამისად მსგავს პირობებში მყოფ პირებთან შედარებით, იგი მოექცა უარეს მდგომარეობაში. მოპასუხემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განუცხადა მოსარჩელეს უარი და რამდენადაც მოპასუხე, სარეკლამო ბაზარზე წარმოდგენილია მონოპოლიური მდგომარეობით, წაართვა შესაძლებლობა ესარგებლა და გაევრცელებინა 17 მაისთან დაკავშირებული სოციალური ხასიათის შემცველი სარეკლამო ვიზუალები. მოსარჩელის უკან არის გაერთიანებული ბევრი ადამიანი რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ დღეს მათი სათქმელი გამოთქმულიყო ხმამაღლა და მოსარჩელის აღნიშნული დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მათ მიიღეს სწორედ მორალური ტრამვა, რაც ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ა-–--მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 319-ე მუხლების მითითება უმართებულოა. სსსკ-ის 319-ე მუხლი ეხება ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულ იქნა (და ხელშეკრულების დადებაზე უარის ფაქტი არ ფიქსირდება) ამ მუხლის დარღვევას ადგილი ვერ ექნებოდა. ასევე, არამართებულია მითითება სსსკ-ის 316-ე და 317-ე მუხლებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მუხლების საფუძველზე კრედიტორს შეუძლია, მოსთხოვოს მოვალეს იმის შესრულება, რაც ამ უკანასკნელმა იკისრა საკუთარ თავზე. მხარეთა შორის შეთანხმებული იყო გადამდები დაავადებების შესახებ სარეკლამო კამპანიის ჩატარება, შესაბამისად, კრედიტორი, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შეთანხმებული სარეკლამო ბანერების განთავსება. ის გარემოება, რომ სარჩელზე თანდართული სარეკლამო ზედაპირის განთავსება არ იყო შეთანხმებული მხარეთა შორის, დასტურდება თავად მოსარჩელის 2019 წლის 03 მაისის ელექტრონული შეტყობინებით (სარჩელის მე-40 გვერდი), სადაც მოსარჩელე თავად უთითებს მხარეთა შორის დადებული, სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების 3.4. პუნქტზე, რომლის თანახმადაც "სარეკლამო ზედაპირის ცვლილებაზე მხარეები თანხმდებიან დამატებით. დამატებითი შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს". ეს ნორმა ეხება ზუსტად იმ შემთხვევას, როდესაც თანხმდება სარეკლამო კამპანია და შემდგომ იგი იცვლება, ასეთი შეცვლა კი მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით შეიძლება მოხდეს. თავად მოსარჩელის მიერ ამ სახელშეკრულებო ნორმაზე მითითება წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ შეთანხმებული იყო სხვა სარეკლამო შინაარსი და წარმოდგენილ იქნა სხვა. გარდა ამისა, სრულიად ალოგიკური იქნებოდა წარმოდგენილ სარეკლამო ზედაპირის განთავსებაზე შეთანხმება და შემდგომ მის გავრცელებაზე უარის თქმა.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ (შეთანხმებულისაგან განსხვავებული თემატიკის) ანტიჰომოფობიური სარეკლამო ზედაპირების განთავსებას, როგორც მოპასუხემ მისსავე წერილში მიუთითა, აღნიშნული სარეკლამო ზედაპირის განთავსება შეუძლებელი გახდა მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, არსებობდა არსებითი რისკი (საფრთხე), რომ მსგავსი სარეკლამო ზედაპირების განთავსება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებზე და მეტროსადგურის ბაქანზე გახდებოდა მომეტებული აგრესიისა და ვანდალური ქმედებების საფუძველი. ასეთ ვანდალიზმს კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეკლამო მედიუმების გაჩერება, ბაქანი სპეციფიურობის გათვალისწინებით, შეეძლო მნიშვნელოვანი რისკი შეექმნა იმ ადამიანებისათვის რომლებიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით სარგებლობენ, აგრეთვე თავად ამ ინფრასტრუქტურისათვის. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შპს ა-–---სთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული სარეკლამო თემატიკა, შედარებით უსაფრთხო მედიუმების შერჩევის ან/და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების შემუშავების შესაძლებლობის განხილვა ვერ განხორციელდებოდა ხელშეკრულების დადების დროს. ამდენად, მოცემულ პირობებში არსებობდა შესაბამისი სარეკლამო ზედაპირის განთავსებაზე უარის გონივრული და ობიექტური საფუძველი. ასევე დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. გარდა იმისა, რომ მისი მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს (დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობის გამო), ასევე დაუსაბუთებელია ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაშიც კი მორალური ზიანის არსებობის ფაქტიც. არ დასტურდება მოსარჩელის რაიმე სახის მორალური ზიანი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასთან, აგრეთვე სრულიად დაუსაბუთებელია მოთხოვნილი თანხის ოდენობის წარმოშობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 24 ა-----–-, ა(ა)იპ ,,თ----–---------------------ს“ და შპს ,,ა-–--ს“ შორის გაფორმდა სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება დაებეჭდა და საკუთრებაში გადაეცა დამკვეთისთვის სარეკლამო მასალა და განეთავსებინა მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ სარეკლამო კონსტრუქციაზე, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადაეხადა შემსრულებლისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, განთავსების მომსახურებაზე გაფორმდა დანართი #1, რომლითაც განისაზღვრა მომსახურების პირობები (სარეკლამო კონსტრუქციის მდებარეობა, სარეკლამო კონსტრუქციების რაოდენობა, გვერდების რაოდენობა ზომა, სარეკლამო მომსახურების ვადა) და ღირებულებები.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი უფლებამოსილი იყო დამკვეთისათვის მოეთხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება დათქმულ ვადაში და პირობებით. ამასთან, მოეთხოვა დამკვეთისთვის ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით განეხორციელებინა სარეკლამო მომსახურების ღირებულების გადახდა.
ხელშეკრულების დანართი #1-ით და დანართი #2-ით განისაზღვრა სარეკლამო კონსტრუქციების მდებარეობა, ტიპი, ნომერი, გვერდების რაოდენობა, ზომები და ფართობები, ამასთან, მომსახურების ტიპი და პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 24 ა-----–-- სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);
- დანართი #1, დანართი #2 (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ ,,თ----–----------------------“ მიერ, 2019 წლის 24 ა-----–-- ხელშეკრულების ფარგლებში სრულად იქნა შესრულებული ფულადი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 03 მაისის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილი (ს.ფ. 41);
- 2019 წლის 22 მაისის წერილი (ს.ფ. 42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოპასუხე შპს ,,ა-–--მ“ უარი განაცხადა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარეკლამო შინაარსის სარეკლამო ზედაპირის განთავსება დაკავშირებული იყო ვანდალიზმის მომატებულ (აშკარა) საფრთხესთან, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს გახდიდა შესაბამისი რეკლამის გავრცელებას.
მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისათვის სრულად იქნა გადახდილი თანხა დაბრუნებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 03 მაისის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილი (ს.ფ. 41);
- 2019 წლის 22 მაისის წერილი (ს.ფ. 42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მოპასუხე კომპანიის მხრიდან სქესობრივი უმცირესობის მიმართ გამოვლენილი განსხვავებული მოპყრობიდან გამომდინარე და მიუთითებს, რომ რადგან მოსარჩელის სარეკლამო ვიზუალები ეხებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას, ამიტომ განაცხადა მოპასუხემ დაუსაბუთებელი უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. დასახელებული ნორმის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს ის დათქმა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია კანონის წინაშე, რაც შეეხება ნორმაში ჩამოთვლილ განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი არ არის ამომწურავი და სადავოობისას სწორედ ზემოხსენებული დათქმიდან გამომდინარე, ფართო განმარტებას საჭიროებენ, ანუ ნებისმიერი, მათ შორის ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ევროსასამართლოს პრაქტიკა: საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს.
დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97) უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05). კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რამეთუ ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაცის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.07.2017 წლის გადაწყვეტილება, საქმე #ას-319-302-2017).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის შესაბამისად, სარჩლის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სარეკლამო ვიზუალების შინაარსი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო დამატებითი შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარისთვის ცნობილი იყო შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი თავიდანვე და მის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მოპასუხემ აპელირება გააკეთა მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის კონკრეტიკა არ მომხდარა, მოსარჩელემ მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ ბანერები შეეხებოდა სოციალური თანასწორობის იდეას, რაზეც მიუთითებს, მოსარჩელის 2019 წლის 03 მაისის ელექტრონულ ფოსტაზე მიწერილი წერილი, სადაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დამკვეთის (მოსარჩელის) მხრიდან მოხდა თანხის გადახდა. შემსრულებლისთვის, ანუ მოპასუხისთვის წინასწარ იყო შეთანხმებული ბანერზე განთავსებული რეკლამების თემატიკა და მესიჯების შინაარსი, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდებოდა თანასწორობაზე და სოციალური თანასწორობის იდეაზე. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიის ქმედებაში, რაც გამოიხატა ხელშეკრულების პირობის შესრულებაზე უარის თქმასა და მოსარჩელისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებაში, არ შეინიშნება დისკრიმინაციის ნიშნები, ვინაიდან ხელშეკრულებაზე უარის თქმა პირველ რიგში მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და მის უზრუნველყოფას, ვინაიდან საზოგადოებრივი გადაადგილების თუ სხვა საჯარო ადგილებში იმ სახის შინაარსის ბანერების გაკვრა, რაც მოსარჩელე ორგანიზაციას ჰქონდა მითითებულ თავის სარეკლამო ვიზუალებში უცილობლად გამოიწვევდა საზოგადოების აგრესიას და საფრთხეს შეუქმნიდა მოსახლეობას და ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.
ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მხარეთა უფლება-მოვალეობები უნდა განიმარტოს თითოეული მათგანის კერძო ავტონომიის ფარგლებში, თუმცა ისეთ შემთხვევებში, როცა ერთ-ერთი მხარე ფლობს აშკარა უპირატესობას მეორესთან მიმართებით, რაც ძირითადად საბაზრო ძალაუფლებაში ვლინდება, სუსტი მხარის ინტერესები პრიორიტეტული ხდება და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ ექცევა, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია მხარეთა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. სასამართლოს მითითებით, მართალია, ერთი მხარის კანონით დაცული ინტერესი არ უნდა იყოს პრიმატი და არ მიენიჭოს უპირატესობა მეორე მხარის ინტერესთან შედარებით, თუმცა, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, რთულია იმის განსაზღვრა, სად გაავლოს ზღვარი სასამართლომ ორმხრივ ინტერესს შორის.
მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, ნათელია რომ მოსარჩელე მხარის მხრიდან მიეთითა კონკრეტული ფაქტები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, საქმეზე ერთვის ხელშეკრულება, უდავოა მოსარჩელე მხარის მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი და უდავოა მოპასუხე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება უარის თქმის ფაქტი - ვიზუალების ზუსტი შინაარსის გაცნობის შემდგომ. ნათელია, რომ ხელშეკრულებაზე უარი გამოწვეულია სარეკლამო ბანერების შინაარსობრივი ნაწილის გაცნობის შემდგომ. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბანერებზე განთავსებული სხვა პოლიტიკური შინაარსის ვიზუალები, (სხვა პირთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში), რომელიც ასევე შესაძლოა გამოეწვია კონკრეტული ფენის უკმაყოფილება და მათი შინაარსიც ესთეტიური თვალსაზრისით საკამათოა, თუმცა განსხვავებით განსახილველი შემთხვევისა ხელშეკრულება მოპასუხე მხარის მიერ შესრულდა. აღნიშნულზე მითითებით მოსარჩელე მხარე სწორედ განსხვავებულ, დისკრიმინაციულ მოპყრობაზე ამახვილებს ყურადღებას.
აქვე, სასამართლო განხილვის ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ სარეკლამო ბანერების სფეროში ბანერების კუთვნილების კუთხით ყველაზე ფართო დაფარვის ზონა უკავია.
მოსარჩელის მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარემ მხოლოდ სიტყვიერად მიუთითა, რომ სარეკლამო ბანერების შინაარსი გამოიწვევდა მოსახელობის მხრიდან აგრესიას და დაზიანდებოდა ინფრასტრუქტურა და მესამე პირები. სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ მოპასუხის ვარაუდი, რომელის დასადასტურებლადაც საქმეზე არაფერი იქნა წარმოდგენილი, ვერ გახდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის ლეგიტიმური საფუძველი. ასევე, ვარაუდი რომელსაც ემყარება მოპასუხე მხარე სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო. მოპასუხე მხოლოდ საზოგადოებრივი აგრესიის ფონის მისეული შეფასებით ვერ ჩააყენებს განსხვავებულ პირობებში ხელშეკრულების რომელიმე მხარეს.
შესაბამისად, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნული დავის სამართლებრივი ანალიზის მიზნებისთვის, მიუთითებს, რომ ადგილი აქვს მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელე მხარის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 03 მაისის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილი (ს.ფ. 41);
- 2019 წლის 22 მაისის წერილი (ს.ფ. 42);
- სარეკლამო ბილბორდების სურათები (ს.ფ. 107-113);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ,,თ----–----------------------“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლები.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომლმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სასამართლომ განმარტავს, რომ მოცემული ურთიერთობის თავისებურების გათვალსწინებით, არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ
იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. სასამართლოს განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები არ იძლევა მორალური ზიანის ლეგალურ დეფინიციას. „მორალური ზიანის“ ცნების განსაზღვრისთვის სასურველია გავაანალიზოთ ევროპის წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც მორალური ზიანი განისაზღვრება, როგორც „ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვა“. ტერმინი „ტანჯვა“ განსაზღვრავს, რომ მორალური ზიანის მიმყენებლის მოქმედებამ აუცილებლად უნდა ჰპოვოს ასახვა დაზარალებულის შეგნებაში, მისი უარყოფითი ფსიქიკური რეაქციის გამოწვევაში. საქართველოს უზენაესის სასამართლოს განმარტებით: „მორალური ზიანი არის ის განცდა თუ ფიზიკური ტკივილი, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული განიცდის. ტკივილისა და სულიერი ტანჯვის აღქმა და გათვითცნობიერება არ უკავშირდება პირის ქმედუნარიანობას (სრულწლოვნების ასაკს) და იგი ასაკობრივი თავისებურებების გამო (პრესტიჟის, პიროვნების თვითდამკვიდრების გამახვილებული გრძნობა და სხვ.) შესაძლოა უფრო მეტი სიმწვავით განიცადოს მოზარდმა, რომლის ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.”მორალური ზიანის დაკისრებას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1. ზიანის მიყენებამდე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა (რესტიტუცია); 2. განცდილი ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურება (კომპენსაცია). თუმცა სადავოა, თუ რამდენად შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი თანხის გადახდევინებით, როცა მორალური ზიანის რესტიტუცია გამორიცხულია, ვინაიდან ტანჯვა, რომელიც ადამიანს მიადგა ამოუშლელია მისი სულიერი აგებულებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოთხოვნის სუბიექტს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს ფიზიკურ პირს. შესაბამისად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას განიცადოს ის სულიერი ტკივილები და ჰქონდეს ის მტანჯველი განცდები, რისი შეგრძნების უნარიც, მხოლოდ ცოცხალ ადამიანს გააჩნია და რაც წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს. სასამართლოს მიხედულებით, მოსარჩელე ორგანიზაცია ვერანაირად ვერ განიცდიდა ფიზიკურ ან/და ზნეობრივ ტანჯვას, მას ვერ ექნებოდა ფსიქიკური განცდები, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მოთხოვნის სუბიექტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ ,,თ----–----------------------“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე ა(ა)იპ ,,თ----–----------------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, ე, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ა(ა)იპ ,,თ----–----------------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე