გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4078-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - გ-------------------–---–ი
მოპასუხეები:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ს--------------–---–ი
2. საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ა----------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ-------------------–---–ისთვის 1999-2004 წლებში მუშაობის პერიოდის საქართველოს პროკურატურაში წოდებით მუშაობის პერიოდად ჩათვლა;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო კომპენსაციის თანხის გადაანგარიშება იმგვარად, რომ დანიშნულ კომპენსაციას - 310 ლარს ყოველთვიურად დაემატოს 250 ლარი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1973-1975 წლებში (2 წელი) გაიარა სამხედრო სამსახური, 1975-1994 წლებში და 1997-1999 წლებში (20 წელი და 6 თვე) მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ხოლო 1999-2004 წლებში (5 წელი) - პროკურატურის ორგანოებში. კერძოდ, 1999 წელს ა-----ის პოლიციიდან გადავიდა ა-----ის რაიონულ პროკურატურაში, სადაც გამომძიებლად მუშაობდა 2004 წლის ბოლომდე, ა-----ის რაიონული პროკურატურის გაუქმებამდე. ამასთან, ვინაიდან პროკურატურაში მუშაობის 15 წლიანი სტაჟი არ გააჩნდა, იგი პოლიციიდან გავიდა პენსიაზე 2005 წელს, 22 წლის და 6 თვის სტაჟით.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 11 თებერვალს შეუსრულდა 65 წელი და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაცია გადაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ნაცვლად 560 ლარისა დაენიშნა 310 ლარის ოდენობით, იმ საფუძვლით, რომ პროკურატურაში მუშაობის პერიოდი არ ჩაეთვალა წოდებით ნამსახურობად.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნეს. მათი მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გ-------------------–---–მა 2019 წლის 4 თებერვლის №0---------- განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 7 თებერვალს მოამზადა საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის გ-------------------------------–---–ის ნამსახურობის ნუსხა. ნამსახურობის ნუსხის თანახმად, გ-------------------–---–მა პროკურატურაში შრომითი საქმიანობა დაიწყო 1999 წელს. კერძოდ, ის 1999 წლის 12 ივლისიდან (ბრძ. №-----) 2004 წლის 2 აგვისტომდე (ბრძ. №------------) მუშაობდა ა-----ის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე. 2004 წლის 2 აგვისტოდან (ბრძ. №------------) 2004 წლის 4 ნოემბრამდე (ბრძ. №--------) იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში და დროებით დაკისრებული ჰქონდა ა-----ის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობა. საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის №-------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი გ-------------------–---–ი დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე ნუსხის მიხედვით, გ-------------------–---–ს პროკურატურაში მუშაობის პერიოდში წოდება არ მინიჭებია.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 8 თებერვლის №1------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონულ განყოფილებაში განსახილველად გადაიგზავნა გ-------------------–---–ის განცხადება, ნამსახურობის ნუსხა და პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------------------–---–ის 2019 წლის 4 თებერვლის №0---------- განცხადება (ს.ფ. 74);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2019 წლის 7 თებერვალს მომზადებული ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 75);
- ამონაწერი საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს №--- ბრძანებიდან (----- (ს.ფ. 76);
- საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 8 თებერვლის №1------ წერილი (ს.ფ. 73);
- საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის №--- ბრძანება §--- (ს.ფ. 77).
3.2. გ-------------------–---–მა 2019 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების ა-----ის რაიონულ განყოფილებას და პროკურატურიდან მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება.
სსიპ სოციალური მომსახურების ა-----ის რაიონული განყოფილების 2019 წლის 6 მარტის №0----------- წერილით გ-------------------–---–ს წერილის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში, პროკურატურის ორგანოებში მუშაობის პერიოდში მისთვის სპეციალური წოდების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის დამატებით წარდგენა დაევალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------------------–---–ის 2019 წლის 13 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 117);
- სსიპ სოციალური მომსახურების ა-----ის რაიონული განყოფილების 2019 წლის 6 მარტის №0----------- წერილი (ს.ფ. 115-116).
3.3. გ-------------------–---–მა 2019 წლის 17 აპრილის №0---------- განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა წინა წლებში დაშვებული იმ ხარვეზის გასწორება, რომლითაც პროკურატურაში მუშაობის დაწყების წელს წოდება არ მიენიჭა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 24 აპრილის №1------- წერილით გ-------------------–---–ს ეცნობა, რომ ვინაიდან „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში არ არის ნახსენები პროკურატურის „ყოფილი“ თანამშრომელი, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------------------–---–ის 2019 წლის 17 აპრილის №0---------- განცხადება (ს.ფ. 79-80);
- საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 24 აპრილის №1------- წერილი (ს.ფ. 78).
3.4. სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის ინფორმაციით, გ-------------------–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, წელთა ნამსახურობის საფუძვლით დაენიშნა 2005 წლის 1 იანვრიდან. სახელმწიფო კომპენსაციის (სამხედრო პენსიის) გაანგარიშება განხორციელდა ყოველთვიური თანამდებობრივი, სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის სარგოების ჯამის (114.16 ლარი) 56%-ით, რომელსაც დაემატა დანამატი 28 ლარი და შეადგინა 91.93 ლარი (114.16X56%+28=91,93).
2013 წლის 1 აპრილიდან, გაანგარიშების წესის ცვლილებიდან გამომდინარე, გ-------------------–---–ისათვის დანიშნული გასაცემლის ოდენობა გადაანგარიშდა რამდენჯერმე და 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 310 ლარი. ამავე პერიოდისათვის იგი იღებდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიას თვეში 22 ლარს.
სახელმწიფო კომპენსაციის საქმეში განთავსებული დოკუმენტების (გაანგარიშება) შესაბამისად, გ-------------------–---–ი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნილია 1999 წლის 12 ივლისიდან და ნამსახურობის სტაჟში არ არის გათვალისწინებული 1999-2004 წლამდე პერიოდში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობის წლები. გ-------------------–---–ის წოდებას წარმოადგენდა პოლიციის კაპიტანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (ს.ფ. 163);
- გაანგარიშება (ს.ფ. 164-166);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონული განყოფილების 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 128);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონული განყოფილების 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 127);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონული განყოფილების 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 125);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონული განყოფილების 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 123);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონული განყოფილების 2019 წლის 28 მაისის №0------------ ცნობა (ს.ფ. 16);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის №0------- წერილი (ს.ფ. 182-183).
3.5. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-------- წერილის თანახმად, ა-----ის რაიონული პროკურატურის ყოფილი გამომძიებლის გ-------------------–---–ის სახელფასო ბარათებით შრომის ანაზღაურება შედგებოდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსგან და საკლასო წოდების დანამატი არ ფიქსირდებოდა. ამასთან, თანამდებობრივი სარგო წლების მიხედვით განსაზღვრული იყო შემდეგი ოდენობით: 1999 წელი - 31.26 ლარი, 2001 წელი - 140 ლარი, 2002 წელი - 140 ლარი, 2003 წელი - 435 ლარი, 2004 წელი - 435 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-------- წერილი (ს.ფ. 192).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); სადავო პერიოდში მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში, გ-------------------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს პროკურატურაში 1999-2004 წლებში მუშაობის პერიოდის სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდად ჩათვლა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის თანხის გადაანგარიშება იმგვარად, რომ დანიშნულ კომპენსაციას - 310 ლარს ყოველთვიურად დაემატოს 250 ლარი. აღნიშნული კი გამორიცხავს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რამდენადაც ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის წარდგენა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ და მით უფრო, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან, მათ შორის, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-------------------–---–ი გარკვეული წლები მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებსა და პროკურატურის სისტემაში. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტებით უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტა.
6.3. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეული იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი; გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და ოდენობის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანონით პირის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას.
სასამართლო კვლავ მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ-------------------–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს 2005 წლის 1 იანვრიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის გამო. მის წოდებას წარმოადგენდა პოლიციის კაპიტანი. ასევე, დადგენილია, რომ 2019 წელს გადაანგარიშდა მისი სახელმწიფო კომპენსაცია, თუმცა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის ნამსახურობის პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული 1999-2004 წლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობის პერიოდი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურის მიერ 2019 წლის 7 თებერვალს მომზადებული გ-------------------–---–ის ნამსახურობის ნუსხით დგინდება, რომ გ-------------------–---–ი1999 წლის 12 ივლისიდან (ბრძ. №-----) 2004 წლის 2 აგვისტომდე (ბრძ. №------------) მუშაობდა ა-----ის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე, 2004 წლის 2 აგვისტოდან (ბრძ. №------------) 2004 წლის 4 ნოემბრამდე (ბრძ. №--------) იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში და დროებით დაკისრებული ჰქონდა ა-----ის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობა. საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის №-------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი გ-------------------–---–ი დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე ნუსხის მიხედვით, გ-------------------–---–ს პროკურატურაში მუშაობის პერიოდში წოდება არ მინიჭებია. შესაბამისად, სახელფასო ბარათებით შრომის ანაზღაურება შედგებოდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსგან და საკლასო წოდების დანამატი არ ფიქსირდებოდა.
ამდენად, მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელე 1999 წლის 12 ივლისიდან 2004 წლის 4 ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში, წოდების გარეშე. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდი ვერ იქნება გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის წელთა საერთო ნამსახურობაში.
სასამართლო დამატებით მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ 1999 წელს - მოსარჩელის პროკურატურის ორგანოებში დასაქმების დროს მითითებული ნორმა ჩამოყალიბებული იყო შემდეგი სახით: პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს, დაკავებული თანამდებობების, სამეცნიერო ხარისხის, კვალიფიკაციისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად, ენიჭებათ საკლასო წოდებები. საკლასო წოდების მქონე პირებს ეძლევათ თანამდებობრივი ხელფასის დანამატი; ხოლო 2004 წელს - მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროს: პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს, დაკავებული თანამდებობის, სამეცნიერო ხარისხის, კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
ხსენებული ნორმა ცხადყოფს, რომ 1999-2004 წლებში გ-------------------–---–ის პროკურატურაში მუშაობის დროს წოდების მინიჭება ხდებოდა მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან წოდების მინიჭება არ ხდებოდა ავტომატურად და ამავე დროს, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება გ-------------------–---–ისთვის წოდების მინიჭების ფაქტი, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ განაცხადს პროკურატურის სისტემაში მუშაობის პერიოდში მისთვის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, არ არსებობს გ-------------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე