გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2577-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4.03.2020 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე დ----- ქ-–----ე
წარმომადგენლები არჩილ ჩოფიკაშვილი
მოპასუხეები ზ---- ფ-------ე
წარმომადგენელი მაია პაიჭაძე
შპს „ტ------------------------–ო“
დავის საგანი ავტოსაგზაო შემთვევით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ---- ფ-------ის და შპს ტ------------------------–ოსათვის“ 1785 ლარის სოლიდარულად დაკისრება;
სარჩელის გარემოებები 2019 წლის 19 ნოემბერს ქ. რუსთავში, ქუჩიშვილის ქუჩაზე ზ---- ფ-------ის კუთვნილ ავტომობილს ფოლცვაგენ პასსატი სახ ნომერი G--------, რომელიც გაჩერებული იდგა და დაეჯახა ტოიოტას მარკის ავტომობილი სახ ნომერი W--------, რომელსაც მართავდა ზ---- ფ-------ე. შეჯახების შედეგად მოსარჩელის ავტომობილს დაუზიანდა ე.წ. პოლი, ფართუკი, მარცხენა ფრთა, საბარგულის კაპოტი, ფარი და ბამპერი. წინა მარჯვენა საბურავი დაეჯახა ბორდიურს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ზ---- ფ-------ეს. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მესაკუთრეა შპს ტ------------------------–ო. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის აღდგენის ხარჯები შეფასებულია 1785 ლარად.
2. მოპასუხეების პოზიცია
ზ---- ფ-------ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:
საზგაო შემთხვევა გამოიწვია მოულოდნელად ჯანმრთელობის გაუარესებამ წნევის მატებამ, რის გამოც დროებით დაებინდა გონება. მანქანის მიტოვება არ უცდია, მისი პატრონს მოსავლისთანავე შესთავაზა ავტომობილის შეკეთება, თუმცა მოსარჩელემ მთელი ავტომობილის საფასურის გადახდა მოსთხოვა, რისი ვალდებულებაც არ გააჩნდა, რადგან დაზიანებების შეკეთება სრულიად შესაძლებელია. ამასთან მზად იყო მანქანის შეკეთებამდე სამგზავრო ხარჯივ გადაეხადა. თუმცა მოსარჩელემ ამ წინადადებებზე უარი თქვა, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგ ორივე ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. მოპასუხის განმარტებით, მას ტ------------------------–ოსგან ავტომობილი დაქირავებული ჰქონდა, რის გამოც საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის გამო შემოსავალი დაკარგა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა აშკარად აღემატება მისი აღდგენისათვის საჭირო თანხას.
შპს ტ------------------------–ოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლების გამო:
იგი არის ტოიოტას მარკის ავტომობილის მესაკუთრე, რომელიც ზ---- ფ-------ისთვის გადაცემული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. საგზაო შემთხვევის შესახებ მათ ზ---- ფ-------ემ დაუყოვნებლივ აცნობა, რის შემდეგ მას გაუწიეს კონსულტაცია, რომ ემოქმედა საპატრულო პოლიციის მითითებით. შპს ტ------------------------–ოს ზიანზე პასუხს არ აგებს, რადგან მძღოლს შემთხვევის დროს არ გადაჰყავდა მგზავრი და არ გადაჰქონდა ტვირთი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 19 ნოემბერს ზ---- ფ-------ემ სატრანსპორტო საშუალების ტოიოტა პასო სახ ნომერი W-------- მართვისას ვერ დაიცვა მოძრაობის უსაფრთხოების წესები და შეეჯახა დ----- ქ-–----ის კუთვნილ ავტომობილს ფოლცვაგენ პასსატი სახ ნომერი G--------.
2019 წლის 19 ნოემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) თანახმად, ზ---- ფ-------ე ცნობილია სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123.1.0 და 126-0-0 მუხლებით (საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება და მე-7-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის საგზაო და სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება). მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარი. სახდელის დაკისრების დადგენილება ზ---- ფ-------ეს არ გაუსაჩივრებია და დაკისრებული ჯარიმა დროულად გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების და საჯარიმო ქვითრის ასლები (ს.ფ. 26-28. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (4.03.2020წ სხდომის ოქმი СD დისკი)
- ჯარიმის გადახდის საგადახდო დავალება (ს.ფ. 70. ტომი 1)
3.1.2. სატრანსპორტო საშუალების ტოიოტა პასო სახ ნომერი W-------- მესაკუთრეა შპს ტ------------------------–ო, რომელსაც ზ---- ფ-------ისათვის ავტომობილი გადაცემული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მოპასუხე ზ---- ფ-------ის განმარტებები (4.03.2020წ სხდომის ოქმი СD დისკი)
- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 49. ტომი 1)
- შესაგებლები (ს.ფ. 59-64, 81-84. ტომი 1 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოლცვაგენ პასსატი სახ ნომერი G--------.
აღდგენის ხარჯები შეადგენს 1785 ლარს, რაც განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნით.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, 1995 წელს დამზადებულ მსუბუქი ავტომობილი „VOLKSWAGEN PASSAT-ზე სახ ნომერი G-------- , საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------- მიყენებული ზარალის ოდენობა საბაზრო ფასების და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებიტ, საორიენტაციოდ შეადგენს 1785 ლარს.
დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩატარებულია დ----- ქ-–----ის მოთხოვნით შემდეგი კითხვით - განისაზღვროს მუსბუქი ავტომობილისათვის ფოლცვაგენ პასსატი სახ ნომერი G-------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა.
დასკვნის თანახმად, დაზიანებული ავტომობილის შემდეგი დეტალები:
უკანა მარცხენა ფრთა, უკანა პანელი და საბარგულის ფსკერი., უკანა ბამპერი, უკანა მარცხენა მაშუქი, საბარგულის მარცხენა მაშუქი, პანელის შინა მოპირკეთება, ფრთის საჰაერო, საბარგულის შიდა ქეჩა, უკანა განივი ძელი. შესასრულებელია სათუნუქე, სამღებრო სამუშაოები, უკანა საქარე და მარცხენა მინის მოხსნა/დაყენება, დაშლა/აწყობა. ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა, მეორადი დეტალებისა და სარემონტო სამუშაოების საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 350+1350=1700 ლარს. თანხის ოდენობა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის იზრდება 5%-ით და შეადგენს 1785 ლარს.
მოსარჩელე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოითხოვს მოპასუხისათვის 1785 ლარის დაკისრებას. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელე ავტომობილის აღსადგენად გადაჭარბებულად მაღალ თანხას მოითხოვს. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხისგან განსხვავებული ოდენობის თანხით ავტომობილის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ გარემოების მტკიცების ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ეს ნორმა დავის მონაწილე მხარეს აკისრებს საპროცესო მოვალეობას, რომ დაამტკიცოს ის გარემოებები, რაც მისთვის ხელსაყრელია.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლითაც შეფასებულია ავტომობილის დაზიანებების აღმოფხვრისთვის ხარჯები. ამდენად, მოპასუხემ სათანადოდ ვერ უარყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში მითითებული ხარჯების ოდენობა. შესაბამისად, დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯები უნდა განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნით და შეადგენს 1785 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ექსპერტიზის დასკვნის ასლი (ს.ფ. 38-47. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (04.03.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თანხის გადახდა უნდა დაკისროს ზ---- ფ-------ეს, ხოლო შპს ტ------------------------–ოს მძღოლისთვის ავტომობილი გადაცემული ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობაში სახელშეკრულებო შეთანხმებით, რის გამოც მას სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე არ ეკისრება ზიანის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 999-ე, 820-ე, 832-ე, 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 998-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლები. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველია დელიქტური ქმედება, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რადგან დავის საგანია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სპეციალურად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ პირის პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის არსებობის ფაქტი. პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ ზიანი მიყენებულია მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ამ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.
მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა ზ---- ფ-------ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (სატრანსპორტო საშუალების მართვის დადგენილი წესის დარღვევით), ავტომობილის შეკეთების ხარჯია 1785 ლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს ზ---- ფ-------ეს.
მოპასუხე შპს ტ------------------------–ო, რომელიც არის ზ---- ფ-------ის სარგებლობაში არსებული ავტომობილის მესაკუთრე, სარჩელს უარყოფს იმ საფუძვლით, რომ მან მძღოლს ქირავნობის ხელშეკრულებით გადასცა ავტომობილი საგზაო შემთხვევამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიხედვით, 1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა:
ა ) ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრს ეს ტვირთი თან მიაქვს;
ბ ) ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული ნივთი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს.
4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
ამ შემთხვევაში მოსარჩელემ მოთხოვნა ერთობლივად წაუყენა როგორც ზიანის უშუალო მიმყენებელს, ისე იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, რომლის ექსპლოატაციასაც მოჰყვა მოსარჩელის ავტომობილის დაზიანება. საქმეში სადაო საკითხია, ზიანის უშუალო მიმყენებელთან ერთად უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეს.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების წესს. ამ ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზეა კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც _ ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები). მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გათვალისწინებულია ორი შემთხვევა, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს ეკისრება მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
999-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამ ნორმის ბოლო წინადადების მიხედვით, ეს წესი არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის (მესაკუთრის) მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან (მესაკუთრისაგან).
ამდენად, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ეკისრება მოსარგებლეს. მაგრამ, მფლობელი (მესაკუთრე) ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი.
999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადება აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2010 წლის 15 ივლისის განჩინებაში საქმეზე №ას-39-38-10, განმარტავს, რომ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა გავითვალისწინოთ ორი გარემოება, რომლის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს და არა მოსარგებლეს, თუ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას. კერძოდ, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ორივე შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ მიყენებული ზიანისა და თვით ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს და არა მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელის არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებაში“.
ავტოავარიით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში დელიქტური ვალდებულების ზოგადი შემთხვევისაგან განსხვავებულია სამართალდარღვევის საგანი, რადგან ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა და მისი ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება სპეციალურად არის მოწესრიგებული 999-ე მუხლით და დელიქტური ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესისგან ერთგვარად განსხვავებულ წესს ადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტირებული მესაკუთრის მიმართ.
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს (სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელის პასუხისმგებლობას) საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი, 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება საქმე №ას-504-481-2016)
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია საგამონაკლისო შემთხვევები, როცა სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, ამავე დროს ეს ნორმა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა საფუძვლით ჰქონდა მფლობელს სარგებლობა მოპოვებული.
ამდენად, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივ მოსარგებლეს რა საფუძვლით აქვს მოპოვებული სარგებლობის უფლება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებაში საქმეზე №ას-594-562-2015 მსგავს საქმეზე განმარტა, რომ „მტკიცების საგანში შემავალ ფაქტს წარმოადგენს არა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (რომელსაც კანონი მფლობელის სტატუსით მოიხსენებს) ბრალეულობა უშუალოდ ქმედებაში, არამედ, მისი ბრალის გამომრიცხავი გარემოების არსებობა მომეტებული საფრთხის წყაროს მესამე პირისათვის გადაცემაში, თავის მხრივ, ამ გარემოების დადასტურების ვალდებულება, უშუალოდ საფრთხის წყაროს მესაკუთრეს ეკისრება“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება ფაქტობრივად გასხვისებულია ან სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე აქვს მიღებული (მაგ. ლიზინგის, ქირავნობის ხელშეკრულების) იმ პირს, რომელმაც ავტომობილის მართვის დროს გამოიწვია ზიანი, იურიდიული მესაკუთრე პასუხს არ აგებს ზიანისათვის.
„მესაკუთრემ სამართლებრივი საფუძვლით გადასცა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი დამქირავებელს (სსკ-ის 531-ე მუხლი) [განსახილველ შემთხვევაში, ლიზინგის ხელშეკრულებით], ხოლო ამ უკანასკნელმა, მართალია, დაარღვია გაქირავებული ნივთის ქვექირავნობით გადაცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი და გამქირავებლის თანხმობის გარეშე, გააქირავა ავტომანქანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია დაზარალებული მძღოლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე ნივთის მესაკუთრისა და დამქირავებლის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, არც ავტომანქანის მესაკუთრეს და არც დამქირავებელს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ მიუყენებიათ ზიანი დაზარალებული მძღოლისათვის, შესაბამისად, თუკი არ არსებობს წინაპირობა, რომ ნივთის მესაკუთრე და დამქირავებელი მოქმედებდნენ, რათა ზიანი მიეყენებინათ დაზარალებული მძღოლისათვის, არ არსებობს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის შედეგადაც დგება ზიანი, მაშასადამე, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა იმ პირისაგან, რომელსაც არ განუხორციელებია ქმედება და არ წარმოიშვება ასეთი პირის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრისა და დამქირავებლის დელიქტური მოქმედება არ არსებობს, შესაბამისად, ისინი ვერ აირიდებდნენ იმ ინციდენტს, რომელსაც მათთან არ აქვს კავშირი, რაც, მათ მიმართ, დაზარალებულის მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გამორიცხავს...“ საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პასუხისმგებელ პირთა წრეზე და განმარტა, რომ „საგზაო ინციდენტი გამოწვეული იყო მართვის უფლების არმქონე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით. ამ უკანასკნელის ხელთ ავტომანქანა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღმოჩნდა მეგობრისაგან, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე არამართლზომიერად ჰქონდა მამისგან (მფლობელისაგან) მიღებული დაქირავებული ავტომანქანა. ავტომანქანის მფლობელმა, თავისი მოქმედებით, ხელი შეუწყო ზიანის დადგომას, როდესაც დაქირავებული მანქანა, სიტყვიერი შეთანხმებით, გადასცა თავის შვილს, ამ უკანასკნელმა კი მეგობარს - მართვის უფლების არმქონე მძღოლს. შესაბამისად, ნივთის მესაკუთრისა და დამქირავებლის კავშირი დელიქტთან გამორიცხულია... სსკ-ის 992-ე და 998-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლებელია განხილული იქნეს ავტომანქანის მფლობელის [დამქირავებელი], მისი შვილისა და სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ; ავტომანქანის მესაკუთრისა და დამქირავებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა გამოირიცხოს შესაბამისი წინაპირობების არარსებობის გამო (იხ. სუსგ №ას-906-856-2015, 12 ნოემბერი, 2015 წელი).
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ---- ფ-------ეს, რომლის უშუალო ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომობილი ნაქირავები ჰქონდა მეორე მოპასუხის შპს ტ------------------------–ოსაგან. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ ნორმის მიხედვით, მხარეთა ახსნა-განმარტება არის ერთერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ გარემოების დადგენა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი პრინციპების დაცვით. ამ ნორმის მიხედვით, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოპასუხეებმა წერილობით შესაგებლებში აღნიშნეს, რომ ზ---- ფ-------ის სარგებლობაში მყოფილი ავტომობილი მას გადაცემული ჰქონდა მესაკუთრის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების მტკიცება მხარეთა განმარტებების საფუძველზე დასაშვებია, რადგან არც მოსარჩელეს მიუთითებია ამ გარემოების საწინააღმდეგო არსებითი შედავება და არ მოუთხოვია ქირავნობის შესახებ წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა.
საქმეში მნიშვნელოვანი სადაო საკითხია მოპასუხეთა პასუხისმგებლობის სოლიდარულ ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ეს ნორმა და 999-ე მუხლი არ გამორიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და მოსარგებლის საერთო პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დაზარალებულს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მესაკუთრეს), რომელიც ზიანზე პასუხისმგებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, ისე იმ პირს, რომლის არამართლზომიერმა ქმედებამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის დროს გამოიწვია ზიანი. ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება (992-ე მუხლი). ამ გარემოებების გამო სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულების ერთიანობა, რაც ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელის და მოსარგებლის სოლიდარულ ვალდებულება გამომდინარეობს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ შინაარსიდან, რომ თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამ ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების გამომყებელი პირი მფლობელის (მესაკუთრის) ნაცვლად აგებს პასუხს ზიანისათვის. ამავე ნორმის ბოლო წინადადების მიხედვით, ეს წესი არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნორმის ბოლო წინადადების მიზანი არ არის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას ბრალეულად მოქმედი პირი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და ზიანზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება ის პირი, რომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია სატრანსპორტო შემთხვევა და მისი პასუხისმგებლობა 992-ე მუხლის საფუძველზეა წარმოშობილი. ამდენად, 992-ე, 998-ე და 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია.
დაზარალებულს 999-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს მოთხოვნა წარუდგინოს როგორც უშუალოდ ზიანის მიმყენებელს, ასევე სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. თითოეულს დამოუკიდებლად ზიანის ანაზღაურება არ ეკისრება, რადგან დაზარალებულს უფლება აქვს ნივთის დაზიანებით მიყენებული ზიანი ერთხელ აინაზღაუროს, ხოლო რადგან მას უფლება აქვს ორივე პირს წარუდგინოს მოთხოვნა ერთი საფუძვლით - მისი კუთვნილი ნივთის დაზიანების გამო, მოპასუხეების პასუხისმგებლობა საერთოა, სოლიდარულია. მსგავს საკითხზე განმარტებები ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში. იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი . სუსგ-ებები: №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი; №ას-81-71-2011, 18 აპრილი, 2011 წელი; №ას-95-90-2013, 14 ივნისი, 2013 წელი). 2018 წლის 9 მარტის განჩინება საქმეზე №ას-1453-1373-2017 .
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე შპს ტ------------------------–ო მოსარჩელის ავტომობილის დაზიანებისათვის პასუხისმგებელი არ არის, რადგან მან ავტომობილი მძღოლს სარგებლობაში გადასცა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიხედვით, ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ ნორმის მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივ ფლობელობაში. სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო ანუ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა პირის მიერ მომეტებული საფართხის წყაროს ექსპლოატაცია შესაძლებელი გახდა იურიდიული მფლობელის მიერ გამოჩენილი დაუდევრობის შედეგად. ასეთი გარემოება სახეზე არ არის იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებელეს სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული სარგებლობის უფლება (მაგალითად ლიზინგის, ქირავნობის, თხოვების საფუძველზე). მოცემულ შემთხვევაში სახეზე ავტომობილის იურიდიული მფლობელსა და მისი მოსარგებლეს - მძღოლს შორის არსებული ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გამორიცხავს შპს ტ------------------------–ოსათვის ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დაკისრებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელისათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მხოლოდ მოპასუხე ზ---- ფ-------ეს, რადგან მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის, ექსპერტიზის ჩატარების საფასური 121 ლარი და შსს მომსახურების სააგენტოდან ინფორმაციის მიღების საფასური 22 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ ევაკუატორით ავტომობილის ტრანსპორტირების ხარჯი საპროცესო ხარჯს არ წარმოადგენს, იგი არის ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანი, მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო დაზარალებულის მიერ გაწეული ხარჯი, რომლის დაკისრება სარჩელით მოსარჩელეს არ მოუთხოვია, რადგან მან მოითხოვა 1785 ლარის დაკისრება, რაც ზუსტად ის თანხაა, რაც ექსპერტიზის დასკვნით ავტომობილის აღდგენისათვის არის საჭირო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ----- ქ-–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ზ---- ფ-------ეს დაეკისროს დ----- ქ-–----ისათვის 1785 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შპს ტ------------------------–ოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ;
2. ზ---- ფ-------ეს დაეკისროს დ----- ქ-–----ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, ექსპერტიზის საფასურის 121 ლარის და სსიპ მომსახურების სააგენტოდან ინფორმაციის მისაღებად გაწეული ხარჯის 21 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი