გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310118002375172
№3-160/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ქრი--------------–-–---–ი
წარმომადგენელი - მე------------ე
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
წარმომადგენელი - ნი-------------–--ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქრი--------------–-–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
- „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქრი--------------–-–---–ის დაჯარიმების, უნებრთვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის №-- დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 2 მარტის №----- ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ქრი--------------–-–---–ი ცხოვრობს ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა №---ში. ის არის მარტოხელა დედა და ჰყავს 2 შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. 2012 წელს მოსარჩელემ საცხოვრებელ სახლზე გამოჭრა ფანჯრის მცირე ზომის ღიობი, რათა შეექმნა ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები ოჯახის წევრთათვის, ოთახში შესულიყო ჰაერი და სინათლე. აღნიშნული ქმედება გამომდინარეობდა შვილების აუცილებელი ინტერესებიდან და ღიობი არ ლახავს სხვა პირთა ინტერესებს.
ამასთან დაკავშირებით, წლების მანძილზე არც ერთ მეზობელს არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა, ამჟამად ერთ-ერთი მეზობლის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც უსაფუძვლო საჩივრებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას, ეს ყოველივე კი ემსახურება, მოსარჩელის შევიწროვების მიზანს.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების პროცესში გასათვალისწინებელი პროცედურების მიუხედავად, მოპასუხე მხარემ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, საკითხი იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ფანჯრის მცირე ზომის ღიობის გამოჭრა და რა მძიმე შედეგი შეეძლო გამოეწვია ქრი--------------–-–---–ის ოჯახის წევრთათვის უჰაერო და ბნელ სივრცეში ცხოვრებას, არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ გამოყენებული საჯარიმო სანქციით უფრო მეტი ზიანი მიაყენა მხარის მატერიალურ მდგომარეობას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ყ)ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი.
მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები არ ავალდებულებდა მას, მიეღო მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურისგან. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტების მიზნობრიობა და კანონშესაბამისობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
სადავო აქტში მითითებულია, რომ ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ქრი--------------–-–---–ი დაეჯარიმებინა 3 000 ლარით და დაედგინა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება.
აღსანიშნავია, რომ ქრი--------------–-–---–ი უძრავი ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენს 2012 წლიდან, ხოლო, ფანჯრის ღიობი გამოჭრილია მანამდე, დაახლოებით 6 წლის წინ, დარღვევა არ არის დენადი ხასიათის და მშენებლობა დღეის მდგომარეობით არ მიმდინარეობს. შესაბამისად, შეუძლებელია 2012 წელს დასრულებული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის გათვალისწინება, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საკითხი და ადმინისტრაციული სახდელი მოსარჩელეს დაედო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 5 ოქტომბრის №--- მითითების საფუძველზე, დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ქრი--------------–-–---–ის მიმართ, რომელმაც ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ფანჯრის ღიობების მოაწყო შესაბამისი ნებართვის გარეშე. მოსარჩელეს განესაზღვრა 7 დღის ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და ღიობების ამოვსებისთის. №--- მითითება იმავე დღეს ჩაბარდა ქრი--------------–-–---–ს. 2017 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა, 5 ოქტომბრის №--- მითითების პირობების შემოწმება და დადგინდა, რომ ობიექტი არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში.
ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის №-- დადგენილების საფუძველზე, ქრი--------------–-–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, დაჯარიმდა 3000 ლარით, დაევალა უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დადგენილად მიიჩნევს, რომ ქრი--------------–-–---–ის მიერ ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა №---ში განხორციელდა მშენებლობა, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა, რაც მხარეს არ გააჩნდა.
ქრი--------------–-–---–მა ჩაიდინა სამშენებლო სამართალდარღვევა, რამდენადაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოსარჩელე დაეჯარიმებინა 3 000 ლარით და დაედგინა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრით.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ქრი--------------–-–---–ის თანასაკუთრებაში, სხვა დანარჩენ ორ პირთან (ვე----------–--–-----ე და ნა----–---------–-–---–ი) ირიცხება ქალაქ ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N2--ში მდებარე 628.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, 221.46 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0--2-.3-.0---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის 14.06.2012 წლისა და 15.10.2015 წლის ამონაწერები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2017 წლის 14 სექტემბერს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N2--ში არსებული ამხანაგობა ,,იმედის“ წევრებმა და აცნობეს იმის თაობაზე, რომ შა-–----ს ქუჩა N2--ში მცხოვრები ქრი--------------–-–---–ის მიერ, ამხანაგობის წევრთა ეზოს მხარეს უნებართვოდ მიმდინარეობდა ფანჯრის ღიობის გამოჭრის და კონდიციონერის განთავსების სამუშაოები.
ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს შედგენილი №--- მითითებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შა-–----ს ქუჩა N2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ფანჯრის ღიობების გამოჭრის სამუშაოები აწარმოა სახლის თანამესაკუთრემ, ქრი--------------–-–---–მა, სათანადო ნებართვის გარეშე, რომელსაც დაევალა მშენებლობის შეჩერება და 7 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ფანჯრის ღიობების ამოვსება.
ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა ქრი--------------–-–---–ის მიერ, 2017 წლის 5 ოქტომბრის №--- მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, ქრი--------------–-–---–მა ობიექტი არ მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 5 ოქტომბრის №--- მითითება;
- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის შემოწმების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 12 იანვარს მიღებული იქნა N-- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქრი--------------–-–---–ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე’’, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქრი--------------–-–---–ი დაჯარიმდა 3 000 ლარით და დაევალა, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის N-- დადგენილება;
3.1.4. ქრი--------------–-–---–მა ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის N-- დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქრი--------------–-–---–ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2018 წლის 9 თებერვალს გაიმართა ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქრი--------------–-–---–მა და მისმა წარმომადგენელმა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 2 მარტის №----- ბრძანებით ქრი--------------–-–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 2 მარტის №----- ბრძანება;
3.1.5. ქრი--------------–-–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
-,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქრი--------------–-–---–ის დაჯარიმების, უნებრთვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის №-- დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 2 მარტის N----- ბრძანების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქრი--------------–-–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №-- დადგენილება `მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
აღნიშნული კანონის მე-15-ე მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტით, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.
ამავე კანონის 1-ლი მუხლით, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს: ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა; ბ)უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა; გ)პროდუქტის გადაადგილების და ბაზარზე განთავსების პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
დ)მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;
ე)რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა; ვ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა; ზ)საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროებში; თ)სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით; ი)სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ქრი--------------–-–---–ის თანასაკუთრებაში სხვა დანარჩენ ორ პირთან (ვე----------–--–-----ე და ნა----–---------–-–---–ი) ერთად ირიცხება ქალაქ ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N2--ში მდებარე 62-.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, 221.46 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0--2-.3-.0---
2017 წლის 14 სექტემბერს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N26-ში არსებული ამხანაგობა ,,იმედის“ წევრებმა და აცნობეს იმის თაობაზე, რომ შა-–----ს ქუჩა N2--ში მცხოვრები ქრი--------------–-–---–ის მიერ, ამხანაგობის წევრთა ეზოს მხარეს უნებართვოდ მიმდინარეობდა სახლის კედელზე ფანჯრის ღიობის გამოჭრისა და კონდიციონერის განთავსების სამუშაოები.
ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე გასვლით დადგენილად მიიჩნია, რომ შა-–----ს №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლის კედელზე, ქრი--------------–-–---–მა უნებართვოდ ღიობის გამოჭრის სამუშაოები.
აღნიშნულის გამო, ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს ქრი--------------–-–---–ის სახელზე შესდგა №--- მითითება, რომლითაც დაევალა მშენებლობის შეჩერება, 7 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ღიობების ამოვსება.
ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა ქრი--------------–-–---–ის მიერ, 2017 წლის 5 ოქტომბრის №--- მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, ობიექტი არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში.
ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 12 იანვარს მიიღო N-- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქრი--------------–-–---–ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქრი--------------–-–---–ი დაჯარიმდა 3 000 ლარით.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილი და დადასტურებულია, რომ ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ფანჯრის ღიობების გამოჭრის სამუშაოები განახორციელა, ქრი--------------–-–---–მა.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 5 ოქტომბრის №--- მითითებაში, რომლითაც გამოვლენილი დარღვევების ნებაყოფლობითი გამოსწორებისათვის ქრი--------------–-–---–ს განესაზღვრა 7 დღის ვადა, აღნიშნულია, რომ სწორედ მან განახორციელა უნებართვოდ, ფანჯრის ღიობების გამოჭრის სამუშაოები.
ქრი--------------–-–---–ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 9 თებერვალს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმის თანახმად, განხილვაში მონაწილეობდა ქრი--------------–-–---–ი, ასევე მისი წარმომადგენელი, რომელიც მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრები, ფანჯრის ღიობების გამოჭრის მიზანს კი წარმოადგენდა უჰაერო და უსინათლო სივრცის აღმოფხვრა ამ პირთათვის. ამასთან, ის მიუთითებდა, რომ ღიობი კედელში განთავსებული იყო დაახლოებით 5-6 წლის წინ. ქრი--------------–-–---–ს ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის N-- დადგენილება იმ მხრივ მიაჩნდა უკანონოდ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია ის გარემოება, თუ როდის მოხდა სადავო ღიობის განთავსება, რომ ეს არ ლახავდა სხვა პირთა ინტერესებს და რა მძიმე შედეგი შეეძლო გამოეწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთათვის, უჰაერო და ბნელ სივრცეში ცხოვრებას.
სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა, ზედამხედველობის სამსახურის მუშაკმა, დავით ორაგველიძემ დაადასტურა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში, ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართეს ქალაქ ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N26-ში არსებული ამხანაგობა ,,იმედის“ წევრებმა და მოითხოვეს შა-–----ს ქუჩა N2--ში მცხოვრები ქრი--------------–-–---–ის მიერ თავის საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ღიობის გამოჭრასა და კონდიციონერის განთავსებაზე რეაგირების განხორციელება. ადგილზე გასვლით დადგინდა, რომ ღიობი გამოჭრილი იყო მეზობლების შენობების მხარეს, რაც იწვევდა მათ უკმაყოფილებას.
მოწმის სახით დაკითხულმა, ნანა გოგიტიძემ განმარტა, რომ ის არის ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N26-ში არსებული ამხანაგობა ,,იმედის“ თავმჯდომარე. ქრი--------------–-–---–ი ცხოვრობს მეზობლად, შა-–----ს ქუჩა N2--ში, რომელმაც თავის საცხოვრებელ სახელზე, ეზოს მხარეს დაახლოებით 4-5 წლის წინ გამოჭრა ღიობი, თავდაპირველად განათავსა ერთი კონდიციონერი, შემდგომ კი გადაწყვიტა მეორე კონდიციონერის ჩასმაც, რასაც მოჰყვა მეზობლების უკმაყოფილება, ქრი--------------–-–---–ი ამასთან დაკავშირებით კონფლიქტში შევიდა და უხეშად ესაუბრა მეზობლებს.
საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, აშკარად მოჩანს კედელზე გამოჭრილი ღიობი.
ერთმნიშვნელოვნად დადგენილია ის გარემოებაც, რომ ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N2--ში მდებარე სახლის კედელზე ღიობის გამოჭრის შესახებ არ არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა და დღეის მდგომარეობითაც საცხოვრებელ სახლის კედელი არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში, ღიობები არ არის ამოვსებული.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მიხედვით, მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია არის, მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;
ამავე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება-აღჭურვა, ხოლო შენობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე. მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ასეთ ორგანოს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის დროისათვის წარმოადგენდა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური.
უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ქრი--------------–-–---–ს მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აწარმოა ქ. ბათუმში, შა-–----ს ქუჩა N2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის მიერ გაცემული თანხმობა არ გააჩნდა და ასეთნაირად ნაწარმოები მშენებლობა, უნებართვოდ შესრულებულად მიიჩნევა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითების პირობები ქრი--------------–-–---–ის მიერ შესრულებული არ იყო, კერძოდ, დაწესებულ ვადაში ობიექტი არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში და ფანჯრის ღიობები არ იყო ამოვსებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ ქრი--------------–-–---–ის მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგანაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის შემადგენლობის მომცველი ქმედება ქრი--------------–-–---–ის მიერ ჩადენილი იქნა იმ მომენტიდან, როდესაც მან უფლებამოსილ ორგანოს არ აცნობა საცხოვრებელი სახლის კედელზე ღიობის გამოჭრის შესახებ და თანხმობის გარეშე აწარმოა ამგვარი სამშენებლო საქმიანობა, რაც გამოვლენილი იქნა ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2017 წლის 5 ოქტომბერს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სახის სამშენებლო სამართალდარღვევა დენადი, განგრძობადი ხასიათისაა და გრძელდებოდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის გამოვლენამდე, რა დროსაც სამართალდამრღვევს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ქრი--------------–-–---–ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გასულია და მას აღარ უნდა დაკისრებოდა ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრულია სახდელის დადების ვადები დენადი დადაცდომებისათვის, კერძოდ, როცა სამართალდარღვევა დენადია, პირს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა, მისი გამოვლენის დღიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით, ანუ მთლიანობაში ზედამხედველობის სამსახურს სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად გააჩნია 4 თვის ვადა.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების აღნიშნული წესები, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქრი--------------–-–---–ის მიმართ, დაცულია.
6.6. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კანონის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;
სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ქრი--------------–-–---–ი დაეჯარიმებინა 3 000 ლარით და მიეღო გადაწყვეტილება, უკანონო მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ.
6.7. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის №-- დადგენილება - ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქრი--------------–-–---–ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ და და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 2 მარტის N----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა. განსახილველ შემთხვევაში ქრი--------------–-–---–ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქრი--------------–-–---–ის დაჯარიმების თაობაზე, 2018 წლის 12 იანვრის №-- დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა ქრი--------------–-–---–ის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.
სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი ქრი--------------–-–---–ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.
6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის №-- დადგენილება - ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქრი--------------–-–---–ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 2 მარტის N----- ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე ქრი--------------–-–---–ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი ნაწილი, 50 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ, ხოლო დარჩენილი ნაწილის, 50 ლარის გადახდა გადაევადა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ქრი--------------–-–---–ი არის მარტოხელა მშობელი, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილი და და, რაც მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რო არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, ქრი--------------–-–---–ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქრი--------------–-–---–ის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 50 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
3. მოსარჩელე მხარე, ქრი--------------–-–---–ი გათავისუფლდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 50 ლარის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე