გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/16703-17
330210017001981737
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მხარეები:
მოსარჩელე - მ----------------
წარმომადგენლები: - მ-------------, მ-----------–---–-
მოპასუხე -სსიპ ,,ი-–---------–-–----------------------“
წარმომადგენლები: პ---–---------, თ------------–---, მ----------------–---–-
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა განაცდური ხელფასის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა აღიარებული იქნეს უვადო შრომით ურთიერთობად;
1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნას მოპასუხის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვით და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში მასწავლებლის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა 2016 წლის 24 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე თვეში 768 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე 2007 წლის 19 ნოემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით, მიწვეული იყო სსიპ ,,ი-–---------–-–----------------------ს“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში საბაკალავრო მასწავლებლის თანამდებობაზე და მასთან ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ყოველ სემესტრში კითხულობდა ლექციებს.
2016 წლის 24 ივლისიდან მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელემ 2017 წლის 16 მარტს მოითხოვა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება და შესაბამისი საფუძვლით მითითება. მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მხარეთა შორის ამოიწურა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2007 წლის 19 ნოემბრიდან 2016 წლის 23 ივლისის ჩათვლით შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რის გამოც მათ შორის არსებობდა უვადო, ანუ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომით ხელშეკრულება, რაც შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, ვერ შეწყდებოდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
უნივერსიტეტში მოსარჩელის მოწვევა მოხდა 2007 წლის 19 ნოემბრიდან, სალექციო კურსების ჩასატარებლად საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ მასწავლებლად. მოსარჩელის მოწვევა ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ზოგიერთი სემესტრის გამოტოვებით და იგი არ იყო უნივერსიტეტში საშტატო თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომელი. შესაბამისად, მასთან შრომითი ხელშეკრულება იდებოდა კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად. გარდა ამისა, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1 პრიმა - 1 ტერცია პუნქტების მოქმედება ვრცელდება ამ ცვლილების (4.07.2013) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან ცვლილების ამოქმედების შემდეგ დადებული შრომითი ხელშეკრულებები, არ იძლევა მხარეთა შორის უვადო შრომითი ურთიერთობის არსებობის სამართლებრივ საფუძველს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეს 2017 წლის 16 მარტს, N35/1087 წერილით ეცნობა დასაბუთებული პასუხი მის გათავისუფლებაზე, რასაც მოსარჩელე გაეცნო თუმცა მისი სარჩელი დათარიღებულია 2017 წლის 23 ივნისით. შესაბამისად, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის რეგულაციის შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება დაეწყო ზემოაღნიშნული გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 2007 წლიდან 2016 წლის ივლისამდე მიწვეული იყო სსიპ ,,ი-–---------–-–----------------------ს“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში საბაკალავრო მასწავლებლის თანამდებობაზე და მასთან ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ყოველ სემესტრში კითხულობდა ლექციებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ-ები: 58-114);
- ილისა სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობა (ს.ფ. 23);
მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2016 წლის 24 ივლისიდან, მხარეთა შორის დადებული ბოლო 2016 წლის 14 მარტის შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მათ შორის შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობდა. მოსარჩელემ 2016 წლის 09 ნოემბერს მოითხოვა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება და შესაბამისი საფუძვლით მითითება. მოპასუხის 2017 წლის 06 იანვრის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა მასთან შრომითი ხელშეკრულების გაუგრძელებლობის საფუძვლები. ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხის მიერ 2017 წლის 16 მარტს კიდევ ერთხელ გაეგზავნა წერილობითი დასაბუთება მოსარჩელის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2016 წლის 14 მარტის შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ-ები: 111-114);
- მოსარჩელის 2016 წლის 09 ნოემბრის წერილი (ს.ფ.156);
- მოპასუხის 2017 წლის 06 იანვრის წერილი (ს.ფ.157);
- 2017 წლის 3 მარტის წერილი (ს.ფ.-ები: 35, 162);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ სარჩელი ხანდაზმულია (სამართლებრივი შეფასება იხ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ-ები: 58-114);
- 2016 წლის 14 მარტის შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ-ები: 111-114);
- მოსარჩელის 2016 წლის 09 ნოემბრის წერილი (ს.ფ.156);
- მოპასუხის 2017 წლის 06 იანვრის წერილი (ს.ფ.157);
- მოპასუხის 2017 წლის 16 მარტის წერილობითი დასაბუთება(ს.ფ. 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლით, შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1.მათ ერთ–ერთ ძირითად მიზნად და ვალდებულებად აღიარონ დასაქმების მაქსიმალურად შესაძლო მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით; 2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის უფლება გამოიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით; 3. შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმების უფასო სამსახურები ყველა მუშაკისათვის; 4. უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შესაბამისი პროფესიული ორიენტაციის საშუალებებს, პროფესიულ მომზადებასა და რეალიზაციას.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს: a) ანაზღაურებას, რომელიც ყველა მშრომელს უზრუნველყოფს სულ მცირე: i) სამართლიანი ხელფასითა და ტოლფასოვანი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურებით რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის ქმნის შრომის ისეთი პირობების გარანტიას, რომელიც მამაკაცის შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაძლებლობას; ii) მასა და მის ოჯახს ღირსეული არსებობის შესაძლებლობებით, წინამდებარე პაქტის დებულებათა შესაბამისად. b) უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობებს; c) თითოეულისათვის უფრო მაღალი სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად; d) დასვენების, თავისუფალი დროის ქონის და სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, აგრეთვე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას ისევე, როგორც ანაზღაურებას საზოგადოებრივი უქმე დღეებისათვის.
ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გარანტირებულია შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმები. კერძოდ, შეთანხმების 227-228-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და მის მიმართ გლობალური მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად, რაც მოიაზრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით აღიარებული ღირსეული შრომითი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას; საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით აიღო ვალდებულება შექმნას შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა. ასოცირების ხელშეკრულება ზოგადი პრინციპის დონეზე აზუსტებს ამგვარი პოლიტიკის შემუშავების მეთოდოლოგიასა და სისტემას და ის ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოს, გასწიოს სისტემატური და განგრძობადი მცდელობები, შრომითი ურთიერთობების დაცვის მაღალი დონის მისაღწევად და მიღწეულის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
5.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობით დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებელის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების დასაბუთების მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 9 ნოემბერს, ხოლო 2017 წლის 15 მარტის განცხადებით მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ჩაბარება.
მოპასუხეს, მოსარჩელისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში (2017 წლის 17 ნოემბერს) არ გადაუცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობით დასაბუთება და ასეთი დოკუმენტი გადასცა ჯერ 2017 წლის 6 იანვარს, ხოლო სულ ბოლოს - 2017 წლის 16 მარტს.
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 23 ივნისს, რა დროსაც 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის 30 დღიანი ვადა უკვე მოწურული იყო.
ამდენად, ვინაიდან მოპასუხე სარჩელს არ ცნობს მათ შორის ხანდაზმულობის საფუძვლით, და მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.4. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც სარჩელის ხანდაზმულობა, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს იმ გარემოებებზე, რომლებიც სარჩელის საფუძვლიანობას უკავშირდება.
6. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. მ----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მოსარჩელე, მ----------------ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი