გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2019
საქმის ნომერი
010310018002664726
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310018002664726

№3-527/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – ზაზა ნაჭყებია

წარმომადგენელი – პაატა ბოლქვაძე

მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – ვახტანგ გედენიძე

მოპასუხე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

წარმომადგენელი – ნუნუკა ჯანელიძე

მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი – მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს გაცემის დავალდებულება, მორალური ზიანის ანაზრაურება, სამუშაოზე აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. სასარჩელო მოთხოვნა:

ზაზა ნაჭყებიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

- დაევალოთ მოპასუხეებს, ზაზა ნაჭყებიას სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში გაუცემელი თანამდებობრივი სარგოს გადახდა, ყოველთვიური 1 650 ლარის ანგარიშით, სამუშაოზე აღდგენამდე;

- მოპასუხეებისათვის ზაზა ნაჭყებიას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 20 000 (ოცი ათასი) ლარის დაკისრება;

- ზაზა ნაჭყებიას აღდგენა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის, ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

 

2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2013 წლის მაისის თვეში, აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ზაზა ნაჭყებიას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, საქართველოს სსკ 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით.

აჭარის ა.რ. პროკურატურის შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინების საფუძველზე, ზაზა ნაჭყებია გადაყენებული იქნა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

სისხლის სამართლის საქმის 4 წლიანი განხილვის შემდგომ, 2017 წლის 26 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც ზაზა ნაჭყებია გამართლდა და უფლება მიეცა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა. ამავდროულად, სასამართლომ ცალკე განჩინებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინება, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

აღნიშნულის შემდგომ, ზაზა ნაჭყებიამ მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. 2018 წლის 6 სექტემბრის №25/16434 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 იანვრის №289 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 1-ელი თებერვლიდან მიმდინარეობდა არასამეწარმეოა (არაკომერციული) იურიდიული პირის - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა ნაცდურის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და ამგვარი პრეტენზია უნდა წარდგენილიყო, პროკურატურისადმი.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია, ზაზა ნაჭყებია აღადგინოს სამსახურში იმავე თანამდებობაზე ან იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე. ამავდროულად, მერია ვალდებულია, მას აუნაზღაუროს მიუღებელი ხელფასი.

მოსარჩელე მხარეს უკანონო მსჯავრდების გამო მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი, რისთვისაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა ეკისრება, სახელმწიფოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხვილი იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

მოსარჩელე ზაზა ნაჭყებია 2013 წლიდან დღემდე იბრძვის სამართლიანობის აღდგენისთვის, იგი ძლიერ განიცდიდა უკანონო მსჯავრდებას, მიაჩნდა, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, რაც დადასტურდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით.

უკანონო ბრალდების გამო შეილახა ზაზა ნაჭყებიას ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ნერვიულობის გამო იგი დაავადდა შაქრიანი დიაბეტით, რის გამოც იმყოფება სისტემატური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. 2013 წლის ივნისის თვიდან, ის დღემდე უმუშევერია და ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს, რომლის ოდენობაც შეადგენდა, ყოველთვიურად 1650 ლარს.

მოსარჩელე ზაზა ნაჭყებია მხოლოდ და მხოლოდ დროებით, საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე იყო გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და შესაბამისად, მერია ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ აღედგინა იგი სამუშაოზე, რაც არ განახორციელა. ამდენად, მითითებული ბრალეული ქმედების შედეგად სახეზეა, იძულებითი განაცდური ხელფასი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი და დასაბუთებულია, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ზაზა ნაჭყებიასთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღარება, ამასთნ, იგი აღდგენილ უნდა იქნას სამუშაოზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

ზაზა ნაჭყებიას მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო, 10 000 ლარის ოდენობით და ყადაღა დაედო ზაზა ნაჭყებიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით, ზაზა ნაჭყებია გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევისას არსებობდა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები მისი გამოყენებისათვის, რის გამოც მოსარჩელის ყოფა არ უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა და დადასტურება უნდა მოხდეს საქმეში დაცული ყველა მტკიცებულების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება, მიუხედავად, ზიანის მიმყენებლის ბრალისა.

მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა, მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის დასტურად ვერ იქნება გაზიარებული საქმეში წარმოდგენილი ცნობა, ფორმა NIV-100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რამდენადაც, იგი გაცემულია 2018 წლის 4 სექტემბერს, ხოლო, ზაზა ნაჭყებიას მიმართ საბოლოო განაჩენი დადგა, 2018 წლის ივლისის თვეში.

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯიდან. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები.

მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მატერიალურ ზიანს, 105 600 ლარის ოდენობით, როგორც მიუღებელ ხელფასს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისის შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა, განაცდური შრომითი გასამრჯელო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, რომელიც 2017 წლის 26 ივნისის გამამართლებელი განაჩენის განუყოფელი ნაწილია, გაუქმდა 2013 წლის 7 ივნისის განჩინება ზაზა ნაჭყებიას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, რაც კანონიერ ძალაში იქნა შესული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით.

შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიმართ, თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში მიყენებული ნაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, უსაფუძვლოა, რამდენადაც მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს არ განეკუთვნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.2. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს სისხლის სამართლის 92-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრალეული ქმედება, რამდენადაც ამგვარი ქმედება პროკურატურის მხრიდან მომდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერია არ უხდიდა ხელფასს იურიდიული პირის დირექტორს, ზაზა ნაჭყებიას, მას ხელფასს უხდიდა თავად - ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო. მერია უფლებამოსილია, საფუძვლის მითითების გარეშეც გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და იძულებითი განაცდური ხელფასის მოთხოვნის უფლება პირს იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუკი დავის შედეგად იგი აღსდგება თანამდებობაზე. თუმცა, ამგვარი გარემოებები ამ შემთხვევაში ობიექტური საფუძვლით, კერძოდ, საწარმოს ლიკვიდაციის პროცესიდან გამომდინარე, არ არის სახეზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, ამ თვალსაზრისითაც უსაფუძვლოა.

 

2.3.მოპასუხე მხარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (წარმომადგენელი) სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თვითმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის №241 განკარგულებით დაფუძნდა, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო.

თვითმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 31 იანვრის №19 განკარგულებით, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა - ზაზა ნაჭყებია.

2013 წლის მაისის თვეში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ზაზა ნაჭყებიას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის №241 განკარგულება;

- ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 31 იანვრის №19 განკარგულება;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით, ზაზა ნაჭყებია (პ/№61001025561) გადაყენებული იქნა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 11 ივნისის №01/61 განკარგულებით, ცნობად იქნა მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინება, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ზაზა ნაჭყებიას ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, შრომითი ურთიერთობების დროებითი შეჩერების პერიოდში, ზაზა ნაჭყებია ჩამოშორებულ იქნა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს საქმიანობისაგან და სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულება დაეკისრა დირექტორის მოადგილეს - ნუკრი ცინცაძეს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 16 სექტემბრის №554 ბრძანებით, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა - გიორგი ჩხეიძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 11 ივნისის №01/61 განკარგულება;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინება;

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 16 სექტემბრის №554 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 იანვრის №289 ბრძანებით, 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი (წარმოება).

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ლიკვიდატორად განისაზღვრა/დაინიშნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი, ბადრი ფარტენაძე (პ/N61002001331).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 იანვრის №289 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №1-684/13 განაჩენით, ბრალდებული ზაზა ნაჭყებია ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა. ზაზა ნაჭყებიას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ ,ზაზა ნაჭყებიას (პ/ნ 61001025561) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №3, ბინა № 19-ის 10 000 ლარის ღირებულების წილს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის №1/ბ-441-2017წ. განაჩენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №1-684/13 განაჩენი დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №1-684/13 განაჩენი;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის №1/ბ-441-2017წ. განაჩენი;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 2018 წლის 7 აგვისტოს, ზაზა ნაჭყებიამ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, თანამდებობაზე აღდგენისა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 სექტემბრის №25/16434 წერილით ზაზა ნაჭყებიას ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 იანვრის №289 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან მიმდინარეობდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი, რის გამოც შეუძლებელი იყო ზაზა ნაჭყებიას თანამდებობაზე აღდგენა. რაც შეეხებოდა მოთხოვნას, განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით, აღნიშნული მოთხოვნა უნდა წარდგენილიყო, საქართველოს პროკურატურისადმი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზაზა ნაჭყებიას 2018 წლის 7 აგვისტოს განცხადება;

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 სექტემბრის №25/16434 წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ზაზა ნაჭყებიას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

6.3. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს;

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება, ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამართლებელი განაჩენი, რომლითაც დგინდება პირის უდანაშაულობა, წარმოადგენს პირის მარეაბილიტირებელ, უპირობო გარემოებას.

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით. სასამართლო მიიჩნევს, არ შეიძლება აღნიშნული ნორმა განიმარტოს ისე, რომ პირს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა, რამდენადაც ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ, ადამიანის და ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი ან/და შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ არ ასრებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რა დროსაც აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს, დამდგარი შედეგისათვის. ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს ზიანის ანაზღაურების საფუძველიც.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეების მიმართ წარდგენილი პროკურორის ბრალდება და ამასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, რასაც პირდაპირი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოება გაგრძელდა 4 წლის განმავლობაში, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, ამასთან, ამას მოჰყვა შრომით უფლებებში მისი შეზღუდვა და ასევე, განცდილი მორალური ზიანი.

მოსარჩელე ზაზა ნაჭყებიას სისხლისსამართლებრივი დევნის და სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობის ეტაპზე არ ჰქონდა დაკავებულ პოზიციაზე საქმიანობის განხორციელების უფლება, რადგანაც ის გადაყენებული იქნა თანამდებობიდან.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა დიდხანს, 4 წლამდე დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსარჩელის მიმართ და ამ პერიოდის განმავლობაში, უკანონო ბრალდების გამო შეილახა ზაზა ნაჭყებიას ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ის განიცდიდა მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს და ნერვიულობის გამო დაავადდა შაქრიანი დიაბეტით, რის გამოც იმყოფება სისტემატური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ამასთან, 2013 წლის ივნისის თვიდან, დღემდე უმუშევერია და ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს, რომლის ოდენობაც შეადგენდა ყოველთვიურად 1650 ლარს.

 

6.5. ზაზა ნაჭყებიას სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მხარეს მიაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი, გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის მარეაბილიტირებელი უფლების წარმოშობასთან ერთად, ამ მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენი №1-684/13 საქმეზე, რომლითაც ბრალდებული ზაზა ნაჭყებია ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა, ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ ასეთ შემთხვევაში ზაზა ნაჭყებია უფლებამოსილია, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების რეალიზაციის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოითხოვოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოცემულ შემთხვევაში, ზაზა ნაჭყებიას მიმართ უკანონოდ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებად და უკანონო გადაწყვეტილებად მიჩნეული უნდა იქნას, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პროცედურები, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული პროკურატურის მიერ, სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მის მიმართ ბრალის წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევა, ქონების დაყადაღება და სხვა, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით დადასტურებული იქნა, ზაზა ნაჭყებიას უდანაშაულობა, რაც გულისხმობს მისი უფლებების აღდგენას, ანუ მის რეაბილიტაციას.

როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ეს უფლება გადმოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა ეს ზოგადი ხასიათის ნორმაა, ხოლო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა მას ეძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, გირაოს ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, ზაზა ნაჭყებიას მიმართ მატერიალური ზიანი გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით, რაც მისი ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით იქნა გამოწვეული.

დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ზაზა ნაჭყებია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროს მუშაობდა, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე, მისი თვიური გასამრჯელო კი შეადგენდა, 1650 ლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით, ზაზა ნაჭყებია მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლით გადაყენებული იქნა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 11 ივნისის №01/61 განკარგულებით, ცნობად იქნა მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინება, ზაზა ნაჭყებია ჩამოშორებულ იქნა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის საქმიანობისაგან და შეუწყდა გასამრჯელოც.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №1-684/13 განაჩენით, ბრალდებული ზაზა ნაჭყებია ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 იანვრის №289 ბრძანებით, 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი (წარმოება) და დაინიშნა ლიკვიდატორი.

2018 წლის 7 აგვისტოს, ზაზა ნაჭყებიამ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, თანამდებობაზე აღდგენისა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, ხოლო მერიის 2018 წლის 6 სექტემბრის №25/16434 წერილით მას ეცნობა, რომ მიმდინარეობდა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი, რის გამოც შეუძლებელი იყო ზაზა ნაჭყებიას თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, უნდა მიემართა პროკურატურისათვის.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, რაც გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ხელფასის მიუღებლობით, საფუძვლიანი და დასაბუთებულია მისი სამუშაოდან გადაყენებიდან, იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ დაიწყებოდა ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი (წარმოება), რამდენადაც, ზაზა ნაჭყებიას დაკავებული პოზიციიდან გადაუყენებლობის შემთხვევაშიც, საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების პროცესი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიწვევდა, მის გათავისუფლებას და ლიკვიდატორის დანიშვნას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 31 მარტის №224 ბრძანებით დამტკიცებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს წესდების (მერის 2015 წლის 24.12. №1074 ბრძანებით შეტანილი ცვლილებით) მე-12 მუხლის თანახმად, სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლით არის განსაზღვრული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.

11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ზაზა ნაჭყებიას მიმართ ზიანი ვეღარ დადგებოდა, მის მიმართ არსებული უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო, მით უმეტეს, ამ დროისათვის უკვე დამდგარი იყო ზაზა ნაჭყებიას გამამართლებელი, 2017 წლის 26 ივნისის №1-684/13 განაჩენი.

ზაზა ნაჭყებია ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის საქმიანობისაგან ჩამოშორებისა და გასამრჯელოს მიღების შეწყვეტიდან, 2013 წლის 11 ივნისისიდან, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან, ანუ 2018 წლის 1-ლი თებერვლამდე პერიოდი შეადგენს, 4 წელს, 7 თვეს და 20 დღეს. იმ გაანგარიშებით, რომ ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური ხელფასი წარმოადგენდა 1650 ლარს, მითითებული პერიოდის მიუღებელი ხელფასის ოდენობა შეადგენს, 91695 (ოთხმოცდათერთმეტიათას ექვსასოთხმოცდათხუთმეტი) ლარს.

სასამართლო განმარტავს, რომ ხელფასი წარმოადგენს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ამასთან დაკავშირებით, მისი სამუშაოდან გადაყენების გამო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზრაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ სესრულებულიყო.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზაზა ნაჭყებიას სარჩელი მატერიალური ზიანის, კერძოდ, მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა.რ. პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე ზაზა ნაჭყებიას სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, 91695 (ოთხმოცდათერთმეტიათას ექვსასოთხმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

რაც შეეხება მოსარჩელეების მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში აჭარის ა.რ. პროკურატურასთან ერთად, თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიჩნევას, სასამართლო განმარტავს, რომ ეს სამინისტრო არც მატერიალური და არც მორალური ზიანის მხრივ განსახილველ დავაში მოპასუხე მხარედ ვერ ჩაითვლება, რამდენადაც, სახელმწიფოს იმ ორგანოს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანისათვის, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც ამ შემთხვევაში აჭარის ა.რ. პროკურატურაა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამართლებრივად უსაფუძვლოა.

რაც შეეხება მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში აჭარის ა.რ. პროკურატურასთან ერთად, თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიჩნევას, სასამართლო განმარტავს, რომ ეს საჯარო დაწესებულებები არც მატერიალური და არც მორალური ზიანის მხრივ განსახილველ დავაში მოპასუხე მხარედ ვერ ჩაითვლებიან, რამდენადაც, სახელმწიფოს იმ ორგანოს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს უკანონოდ ჩატარებული სისხლის სამართლებრივი დევნის საპროცესო მოქმედებებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანისათვის, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორაგნო, რომელიც ამ შემთხვევაში აჭარის ა.რ. პროკურატურაა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამართლებრივად უსაფუძვლოა.

 

6.7. სასამართლო არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ (ზიანის ანაზღაურების ისეთი ფორმა, როცა შესაძლებელი არ არის ზიანის ანაზღაურება კომპენსაციის ან რესტიტუციის გზით) ფუნქციას შეადგენს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა ხანგრძლივი დროსი განმავლობაში წარმოადგენს მის მიმართ მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა.

მართალია მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით არ ჰქონია შერჩეული მკაცრი ღონისძიება და მის მიმართ გამოყენებული იყო გირაო, თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ხანგრძლივ ვადას, რაც აღემატება ოთხ წელს და რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებენ ნეგატიურ და მძიმე განცდებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე,მართალია, ამა თუ იმ ფორმით სისხლის სამართლებრივი დევნა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ ბრალდებული პირი გონივრულ ფარგლებში მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეებს და ნეგატიურ განცდებს. იგივეს თქმა არ შეიძლება პირზე, რომელიც უკანონოდ იდევნება. ის არ არის ვალდებული, ითმინოს ამასთან დაკავშირებული შეზღუდვები და დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ უკანონოდ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ნეგატიურად აისახა ზაზა ნაჭყებიას პატივზე, შეილახა მისი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამაც სულიერი ტანჯვა მიაყენა მას.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულ შესაბამისად მიაჩნია ზაზა ნაჭყებიასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება, 1000 ლარის ოდენობით.

 

6.8. სასამართლო მოსარჩელე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ზაზა ნაჭყებიას ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის, ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, აღნიშნავს შემდეგს:

მოსარჩელე ზაზა ნაჭყებია თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 30 სექტემბრის №241 განკარგულებით, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით არის განსაზღვრული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.

2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.

4. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.

ამდენად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის უფლებამოსილების, მისი დანიშვნის, ასევე, უფლებამოსილების შეწყვეტის, ანუ გათავისუფლების საკითხი რეგულირდება კერძო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნევს, რომ ზაზა ნაჭყებიას სარჩელი, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, განსახილველად განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამ შემთხვევაში არსებობს საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის საფუძველი.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს და სამართლურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელის უფლების დარღვევა თავისი არსითა განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამდენად კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა არა მარტო საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები), არამედ დავის საგანი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოსაწესრიგებელი სამართალურთიერთობიდან უნდა მომდინარეობდეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავა აღნიშნული ნაწილი შეეხება, ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე იურიდიული პირის დამფუძნებლის მიერ ნათქვამი უარის კანონიერებას.

სასამართლო მიიჩნევს, სარჩელის ეს ნაწილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნას, რამდენადაც ის არ გამომდინარეობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის საფუძველი განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას. სარჩელის საფუძველი განაპირობებს დავის განსჯადობასაც.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზაზა ნაჭყებიას ეს მოთხოვნა და ამ მიმართებით მოპასუხესთან წარმოშობილი დავა გამომდინარეობს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ამდენად სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო კოდექსის ნორმები, სადავო სამართალურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ იგი კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობას წარმოადგენს, ამდენად, მოცემული დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძვლეზე სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

კანონის დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ამ ნაწილის განხილვა განსჯადობის წესით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.

ზაზა ნაჭყებიას სარჩელი ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში უნდა გამოეყოს ადმინისტრაციულ საქმეს და განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში მხარეები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ო) ქვეპუნქტისა და უ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე, 331-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზაზა ნაჭყებიას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

აჭარის ა.რ. პროკურატურას დაევალოს, ზაზა ნაჭყებიასთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდის მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს სახით, 2013 წლის 11 ივნისიდან, 2018 წლის 1-ელ თებერვლამდე პერიოდის (4 წელი, 7 თვე და 17 დღე) დასაბეგრი ხელფასის (ანუ, დაბეგრვის თანხის გამოკლებით), 91 695 (ოთხმოცდათერთმეტი ათას ექვსასოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით; ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურება, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. ზაზა ნაჭყებიას სარჩელი ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ან ამავე თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში გამოეყოს საქმეს და განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.

3. გამოყოფილი საქმე აღირიცხოს სამოქალაქო საქმის შესაბამისი ნომრით.

4. სარჩელის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე ეცნობოს მოსარჩელე მხარეს.

5. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო.

6. გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ საჩივრდება.

7. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30).

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე