გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310019002850656
№3-68/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – ნი-------------–--ე
მოპასუხე – შპს ,,ს-----“
წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ს-----ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა დავალიანების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 26.88 ლარის გადახდის დაკისრება.
2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
შპს ,,ს-----ს“ წარმომადგენელმა, მო---------------------------–---–-–--მ 2018 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ალ---------- გრ----------ის ქუჩა N--ში მდებარე ობიექტის წინ, მაგიდებისა და სკამების განთავსებისათვის თანხმობის გაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „ს-----ს“ მიეცა უფლება 2018 წლის 20 ივნისიდან, 2018 წლის 20 ოქტომბრამდე, მოთხოვნილ მისამართზე მაგიდებისა და სკამების განთავსებასთან დაკავშირებით. იმავე წერილით განისაზღვრა, გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის საფასური და მოპასუხეს განემარტა, რომ საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის N-------- წერილით შპს „ს-----ს“ წარმომადგენელს, მო---------------------------–---–-–--ს ეცნობა, რომ ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის N- დადგენილების შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის შედეგად გააჩნია დავალიანება, 26.88 ლარის ოდენობით და მისი გადახდის მიზნით განესაზღვრა ერთი კვირის ვადა.
მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც დავალიანება შეადგენს 26.88 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
მოპასუხე (წარმომადგენელი) არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „ს-----ს“ წარმომადგენელმა, მო---------------------------–---–-–--მ 2018 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ალ---------- გრ----------ის ქუჩა N--ში მდებარე ობიექტის წინ, მაგიდებისა და სკამების განთავსებისათვის თანხმობის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს-----ს“ წარმომადგენლის, მო---------------------------–---–-–--ს განცხადება;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „ს-----ს“ მიეცა უფლება, 2018 წლის 20 ივნისიდან, 2018 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, მოთხოვნილ მისამართზე მაგიდებისა და სკამების განთავსებასთან დაკავშირებით.
წერილის მე-2-ე პუნქტით დადგინდა გარე ვაჭრობის უფლების საფასური - თვეში 12 ლარის ოდენობით, ხოლო მოთხოვნილი პერიოდისათვის, 48 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.2.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის N-------- წერილით შპს „ს-----ს“ ეცნობა, რომ ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის N- დადგენილების შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობისათვის დავალიანება შეადგენს, 26.88 ლარს.
აქედან 24 ლარი არის გარე ვაჭრობის უფლების საფასური, ხოლო 2.88 ლარი - პირგასამტეხლო. ამავე წერილით დავალიანების გადახდისათვის განესაზღვრა ერთი კვირის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2018 წ. 25.12. N-------- წერილი;
-მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 14 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში, შპს „ს-----ს“ მიმართ, დავალიანების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 26.88 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, დავალიანების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 26.88 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილის საფუძველზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ს-----ს“ წარმომადგენლის, მო---------------------------–---–-–--ს განცხადება, მხარეთა შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა. წერილი ჩაბარდა შპს „ს-----ს“ წარმომადგენელს, რითაც ის დაეთანხმა მასში ასახულ პირობებს, შესაბამისად, თავისი შინაარსით მითითებული წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
6.2. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უიმისოდ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის”.
აღნიშნული კანონის მე-121 მუხლის შეასაბამისად, ,,მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს”.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილება არეგულირებს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების, ასევე ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს.
დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, გარე ვაჭრობა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებზე. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო.
დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ამოღებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების ამოცანებია ქალაქის იერსახის დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქალაქის მოსახლეობის ინტერსების დაცვა, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება, რაც უკავშირდება აღმასრულებელი ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანო თავის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას დასახელებული წესის მიხედვით განახორციელებს სახელშეკრულებო ურთიერთობის სახით, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე ან მიცემაზე უარის თქმის თაობაზე გამოიცემა წერილობითი თანხმობისა და სახელშეკრულებო პირობების ფორმით. ამ წესით არის გაცემული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.
მოსარჩელე მხარე სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების სახით მოითხოვს თავისი სარჩელით მოპასუხისაგან თანხის ანაზღაურებას.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.5. სასამართლოს იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს „ს-----ს“ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას გარე ვაჭრობის უფლების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე, ხოლო მიმდინარე თვეში, გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
შპს „ს-----ს“ დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მიუმართავს.
6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილით გათვალისწინებულ იქნა მხარეთა პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევისათვის.
კერძოდ, წერილის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები, მათ შორის პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმა განმარტავს, თუ რა შეიძლება იყოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ზიანი; კერძოდ, იმისთვის, რომ კრედიტორმა შეძლოს ზიანის გამო დავა, სახეზე უნდა იყოს შემდეგი პირობები: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა და უშუალოდ ასეთი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ცნება, რომლის თანახმად ის არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია, ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქცია, ის კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა და არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე.
6.8. დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უფლება მოქმედებდა, 2018 წლის 20 ივნისიდან, 2018 წლის 20 ოქტომბრამდე.
სასამართლო საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის N-------- წერილის საფუძველზე დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს „ს-----ს“ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რაც წარმოიშვა გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის შედეგად და შეადგენს- 26.88 ლარს.
6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 ივნისის N-------- წერილით განსაზღვრულია არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობის გამო შპს „ს-----ს“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარმოეშვა გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა შპს „ს-----ს“ მიმართ საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს „ს-----ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
6.10. კანონის დასახელებული ნორმებისა და დადგენილ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლის მქონეა, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარეს, შპს „ს-----ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 26 (ოცდაექვსი) ლარისა და 88 (ოთხმოცდარვა) თეთრის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სსკ-ის მე-14-ე მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ბ)უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს; გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 251-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
მოპასუხე შპს „ს-----ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 26 (ოცდაექვსი) ლარისა და 88 (ოთხმოცდარვა) თეთრის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „ს-----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარეგებლოდ, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე