გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2019
საქმის ნომერი
030210018002384339
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210018002384339

N 2/410-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალინაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე:შოთა სირაძე

სხდომისმდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: შპს „ფ---–---- ფ------“,წარმომადგენელი: ფ------ ბ------,მოპასუხე:თ----- ა---–---,დავისსაგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე თ----- ა---–---ს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა მასზე დარიცხული საკომისიოს ჩათვლით 798 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 432 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 2100 ლარი, სულ ჯამში 3330 ლარი

1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.3. მოპასუხე თ----- ა---–---ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N676451, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაცემულ იქნა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 700 ლარი, სესხის ვადა - 30 დღე, სესხზე დარიცხული საკომისიო (სარგებელი) - 98 ლარი. სესხზე და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების თარიღი: 2016 წლის 20 იანვარი. მოპასუხეს სესხის თანხა 700 ლარი მის საბანკო ანგარიშზე სს „თ----- ბ---–-“ გადაერიცხა მოსარჩელისგან 2015 წლის 21 დეკემბერს. მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 3330 ლარის.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ფ------ ბ------მ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოპასუხე თ----- ა---–---ს მოსარჩლის სასარგებლოდ დაეკისროს 3330 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 700 ლარი, მიუღებელი შემოსავალის მხოლოდ ნაწილი - 432 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღზე 2100. ასევე ითხოვს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის დაკისრებას მოპასუხისათის.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ფ------ ბ------მ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიქცევა აღსასრულებლად

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე თ----- ა---–---მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ცნო სესხის ძირი თანხა 700 ლარი და საკომისიო 98 ლარი. არ ცნო მიუღებელი შემოსავალი - 432 ლარი იმ საფუძვლით, რომ არ იცის საიდან მოდის და ასევე არ ცნო მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2100 ლარი იმ საფუძვლით, რომ წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა.

 

მოპასუხე ასევე, არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაში მიქცევას, ვინაიდან არ შეუძლია აღნიშნული თანხის გადახდა.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N676451, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაცემულ იქნა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 700 ლარი, სესხის ვადა - 30 დღე, სესხზე დარიცხული საკომისიო (სარგებელი) - 98 ლარი. სესხზე და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების თარიღი: 2016 წლის 20 იანვარი. მოპასუხეს სესხის თანხა 700 ლარი მის საბანკო ანგარიშზე სს „თ----- ბ---–-“ გადაერიცხა მოსარჩელისგან 2015 წლის 21 დეკემბერს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოებით, სესხის ხელშეკრულება N676451, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

3.2. მოპასუხეს სესხის თანხა 700 ლარი მის საბანკო ანგარიშზე სს „თ----- ბ---–-“ გადაერიცხა მოსარჩელისგან 2015 წლის 21 დეკემბერს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებით, სს „თ----- ბ-----“ 2015 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო დავალება N676451, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N676451 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 2100 ლარის მოცულობა და მიუღებელი შემოსავლის სახით - 432 ლარის ანაზღაურება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე თ----- ა---–---ს შპს „ფ---–---- ფ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1230 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 700 ლარი, სარგებელი - 98 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 432 ლარი. ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრებიდან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე თ----- ა---–---ზე გასცა სესხი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე თ----- ა---–---მ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, N676451 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1230 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 700 ლარი, სარგებელი - 98 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 432 ლარი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ: სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში და რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ახალი მსესხებლისათვის თანხის გაცემის შედეგად. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას და მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

აქედან გამომდინარე მოპასუხე თ----- ა---–---ს უნდა დაეკისროს N767451 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით 432 ლარის გადახდა (მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, მხოლოდ ნაწილი).

7.4. რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც მოპასუხემ არ ცნო, მხარეები ვერ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, თვით ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება, ე.ი სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება - მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის თუ შეწყვეტისკენ. მხარეთა თანასწორობა და კერძო ნების ავტონომიურობა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფუნდამენტალური პრინციპებია. სწორედ, ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტები, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დებენ ხელშეკრულებებს და განსაზღვრავენ ამ ხელშეკრულებათა შინაარსს. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელიც თუმცა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის კანონით, მაგრამ, არ ეწინააღმდეგება მას. მიუხედავად, თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმპერატიულ ნორმებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ხელშეკრულების დადებისა თუ მისი შინაარსის განსაზღვრისას. ხელშეკრულების დადებისას, კანონის ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ეხება გარიგების ფორმას. ხელშეკრულება, შეიძლება დაიდოს ზეპირი, მარტივი წერილობითი, ან რთული წერილობითი ფორმით. ფორმის თაობაზე, თანხმდებიან მხარეები. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით პირდაპირაა დადგენილი შესაბამისი ფორმა.

კანონით განსაზღვრული ფორმის დაწესებას, სხვადასხვა საფუძველი აქვს. ამ მხრივ, საყურადღებოა: ა) გაფრთხილების ფუნქცია - ნების გამომვლენი დაცული უნდა იქნეს გარიგების დადებაზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისაგან; ბ)სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. ფორმის დაცვის (მაგ. წერილობითი ფორმის) დაცვის შედეგად, ცხადი ხდება რა სახით და რა შინაარსით დაიდო ხელშეკრულება. გ) იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია, ფორმის დაცვის შედეგად, შესაძლებელია დოკუმენტის შემდგენის იდენტიფიცირება. ასევე, ნების გამოვლენის მიმღებს, შეუძლია იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მიერაა გამოვლენილი ნება და რომ ნების გამოვლენა ნამდვილია. ამასთან, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ხელმოწერების შედეგად, იმის გარკვევა და ვარაუდის დაშვება, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერ პირს გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინაარსი და ეთანხმება მას. დ) ინფორმაციის მიწოდება და კონსულდტაციის გაწევის ფუნქცია. წერილობით ფორმას (განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებში), აქვს აქვს დატვირთვა, მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

სწორედ, ხსენებული მიზნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით კანონით დადგენილი ფორმის დაცვა აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ გარიგება ჩაითვალოს ნამდვილად. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ხელშეკრულება ძალაში შედის, მხოლოდ, ამ ფორმის შესახებ, მოთხოვნის შესრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება, თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები, მოქცეულია სამართლებრივ ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას, კანონის იმპერატიული მოთხოვნების გარდა, რომელთა დაცვაც მხარეებს ევალებათ და რომლებიც უპირობოდ ვრცელდება შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, კანონმდებელი მხარეებს სთვაზობს სამართლებრივ დანაწესებს, რომელთა საკანონმდებლო ძალა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. აღნიშნული ნორმები, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები პირდაპირ განსაზღვრავენ მათ საკუთარ ხელშეკრულებაში. საკართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი ასეთი პირობაა - შეთანნხმება პირგასამტეხლოს თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლოს სახით, ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. როგორც უკვე ითქვა, იმისთვის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეს მოეთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული შეთანხმებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ცალსახად და პირდაპირ ადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე, მხარეთა შეთანხმების წერილობით ფორმით გაფორმების ვალდებულებას. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმისთვის, რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, ჩაითვალოს ნამდვილად, საჭიროა, ეს შეთანხმება დაიდოს წერილობითი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია მხარეთა ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ აქ გათვალისწინებულია მარტივი წერილობით ფორმა, რომელიც არ მოითხოვს, დამატებით სანოტარო წესით დამოწმებას. წერილობითი ფორმის შემთხვევაში, ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია გარიგების წარმოშობისკენ, გამოვლენილი უნდა იყოს ანბანური-ასო ნიშნებით.

 

აღნიშნული მუხლის ანალიზი, გვაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქროთ, წერილობითი ფორმის დაცვა, გულისხმობს, დოკუმენტის შედგენას, რომელზე დასმული იქნება მხარეთა ხელმოწერები. ამ ფორმით, დაცულია კანონნმდებლის მიზნები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც, დაადგინა კანონით გათვალისწინებული ფორმის სავალდებულოობა.

 

დოკუმენტის შედგენა შეუძლიათ მხარეებს, ასევე - მესამე პირებს, როგორც ხელნაწერი, ასევე, ნაბეჭდი სახით. აუცილებელია, ამ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერების დასმა. ხელმოწერას რამდენიმე დატვირთვა აქვს 1) მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ შინაარს და ასრულებენ საკუთარი ნების გამოვლენას; 2) ხელმოწერით ვლინდება ხელისმომწერის ვინაობა და დოკუმეტი დაცულია სხვა პირთა მიერ გაყალბებისგან. საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ წერილობითი ფორმა გულისხმობს, დოკუმენტის არსებობას, რომელზეც დასმულია მხარეთა ხელმოწერები.

 

მოცემულ შემთხვევაზე სახეზეა მართვის ელექტრონული საშუალებით, ელექტრონულად, ტექსტური ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან პირგასამტეხლოს თაობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დადასტურებული მხარეთა ხელმოწერით. ამდენად, განსახილველი შეთანხმება ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდქსის 418-ე მუხლით, პირგასამტეხელოზე შეთანხმებისთვის დადგენილი წერილობითი ფორმის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, აზრი ეკარგება საქართველოს 68-ე მუხლის მიზნებს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადებული ხელშეკრულებით მიუღწეველია ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც, კანონმდებელმა დაადგინა წერილობითი ფორმა. დარღვეულია დადებული ხელშეკრულების სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. სადავოა და მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმოდგენილი ხელშეკრულების ავთენტურობას. ასევე, ხელშეკრულება ვერ ადასტურებს მხარეთა იდენტურობას. რაც გულისხმობს იმას, რომ დაუდგენელია ეჭვი, პირგასამტეხლოს თაობაზე თანხმობის გამომხატველი პირი არის თუ არა მოპასუხე თამარ კორშია და ნამდვილად ის გაეცნო თუ არა, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, იმ პირობებში, რომცა დაუზუზსტებელი რჩება, გარემოება, პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმების თაობაზე, გაურკვეველია, რამდენად იყო ინფორმირებული მოპასუხე თ----- ა---–---საკუთარ ვალდებულებაზე, გადაეხადა პირგასამტეხლო. მით უმეტეს, შეუძლებელია მსჯელობა, აღნიშნული ფორმით დადებული გარიგების გამაფრთხილებელ ეფექტზე.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დგინდება, რომ მხარეები, პირგსამტეხლოს თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაცვით, არ შეთანხმებულან. რამაც გამოიწვია აღნიშნული ხელშეკრულების სრული შეუსაბამობა, როგორც სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, ასევე, საკანონმდებლო მიზნებთან. ამდენად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ ხელშეკრულებაში შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, უნდა ჩაითვალოს ბათილად.

 

საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ შეთანხმებულან. ხოლო, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ მხარეს დაეკისროს პირგასამტეხლო, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება. პირგასამტეხლოს დაკისრების სხვა საფუძვლებს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - პირგასმტეხლოს დაკისრების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე თ----- ა---–---ს მოსარჩელე შპს ,,ფ---–---- ფ------ს’’ სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6,5 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფინანას“, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 12 ლარი. მასვე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციონაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ემუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ფ---–---- ფ------“-ს სარჩელი, მოპასუხე თ----- ა---–---ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. მოპასუხე თ----- ა---–---ს შპს „ფ---–---- ფ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1230 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 700 ლარი, სარგებელი - 98 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 432 ლარი.

 

3. მოსარჩელე ფ---–---- ფ----- დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 50 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 21.08.2017წ., საგადასახადო დავალება: N005, რეფერენსი:5740133372, სახაზინო კოდი: 300423150).

 

მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფ-----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 12 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 21.08.2017წ., საგადასახადო დავალება: N005, რეფერენსი: 5740133372, სახაზინო კოდი: 300423150).

 

მოპასუხე თ----- ა---–---ს მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 6,5 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 31,5 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვითფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე