განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2018
საქმის ნომერი
330310016001576621
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001576621

საქმე №3ბ/2057-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

11 იანვარი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;

წარმომადგენელი- ნ-----–-----–--------–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჭ------ ს-----------ე;

წარმომადგენელი - ნ------------ე;

 

დავის საგანი - მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 დაეკისროს მოპასუხეს ჭ------ ს-----------ის სასარგებლოდ 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისამდე მიუღებული კომპენსაციის ანაზღაურება თვეში 1 000 ლარის, ჯამში 30 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ჭ------ ს-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან (2014 წლის 19 სექტემბრის განცხადების საფუძველზე) 2016 წლის ივნისის თვემდე მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1 ჯ------– ს-----------ე არის ჭ------ ს-----------ის შვილი.

 

ჯ------– ჭ------ს ძე ს-----------ე, როგორც გვარდიელი, შესაბამისი თანამდებობით და ხელფასით, პოლკში ჩაირიცხა 1-----–-–----------–-----ან ქ. ჩ---–----–---–-ს სახელობის ს/ნ 5---- მეთაურის 1992 წლის 01 ივლისის №36 ბრძანებით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2-------) 1----–-–---------სს დაბადებული ჯ------– ჭ------ს ძე ს-----------ე გამოცხადდა გარდაცვლილად და მის გარდაცვალების დღედ მიჩნეული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, ვინაიდან სასამართლომ ვერ დაადგინა ჯ------– ს-----------ის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ზუსტი თარიღი.

 

1----–-–---------სს დაბადებული ჯ------– ს-----------ის გარდაცვალების მოწმობაში მის გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2----–-–---------------ლი.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე ჭ------ ს-----------ეს მის 2014 წლის 19 სექტემბრის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი ჯ------– ს-----------ის გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების თარიღად 2014 წლის 20 თებერვლის აღნიშვნისა და გარდაცვალების ადგილის მიუთითებლობის გამო და განემარტა, რომ არსებული ხარვეზის პირობებში ვერ გაიცემოდა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჭ------ ს-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 02 ოქტომბრის №4876/19-1 წერილი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ჭ------ ს-----------ის რეგისტრაციაში გატარება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა. (საქმე №3/6418-15). ( (საქმე №3/6418-15) (ს.ფ.127-136))

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 02 მაისის №2592/02-03/14-05-02 ცნობის თანახმად, მოქალაქე ჭ------ ს-----------ე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2016 წლის 21 ივნისიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრი. (ს.ფ. 122).

 

დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით, ჭ------ ს-----------ეს კომპენსაციის თანხა ჩაერიცხა 2016 წლის 18 ივლისს, 1224 ლარის ოდენობით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 01 ივლისის №5956/02-02-23/03-02 წერილის თანახმად, ჯ------- ს-----------ეს (ჯ------– ს-----------ის ძმას) უარი ეთქვა 2016 წლის 20 ივნისის №ს-7831/02-02-51 განცხადების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2014 წლიდან მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ( ს.ფ.6, 12).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომისუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული /გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

ამავე საკანონდებლო აქტის 27-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პროცედურები, კერძოდ: 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

 

კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე ჭ------ ს-----------ეს 2014 წლის 19 სექტემბრის №ს-5890 განცხადებაზე (ითხოვდა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსს და შესაბამისი მოწმობის გაცემას) დაუდგინდა ხარვეზი ჯ------– ს-----------ის გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების თარიღად 2014 წლის 20 თებერვლის აღნიშვნისა და გარდაცვალების ადგილის მიუთითებლობის გამო და განემარტა, რომ არსებული ხარვეზის პირობებში ვერ გაიცემოდა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი ცნობა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის (საქმე №3/6418-15) ჭ------ ს-----------ის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის წერილი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჭ------ ს-----------ეს უნდა მინიჭებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის №ს-5890 წერილის უკანონობა დადგენილი იქნა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის (საქმე №3/6418-15) გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ჭ------ ს-----------ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უდავოდ ეკისრება ჭ------ ს-----------ეს უკანონო აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან, რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის საკითხს, სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს.

 

სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების და გარემოებების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჭ------ ს-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან (2014 წლის 19 სექტემბრის განცხადების საფუძველზე) 2016 წლის ივნისის თვემდე მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურება.

 

6. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

6.1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით უნდა ემსჯელა და დაედგინა, დადგა თუ არა ზიანი, ზიანი მიყენებული იქნა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მარლთსაწინააღმდეგო მოქმედებით, რაც სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული.

 

მხოლოდ ის გარემოება, რომ 2015 წლის 26 ოქტომბერის გადაწყვეტილებით ჭ------ ს-----------ე ცნობილ იყო ომში დაღუპულის ოჯახის წევრად, არ ნიშნავს, რომ მის მიერ სამსახურში შეტანილი საბუთები, რომელის დაკმაყოფილებაზეც უარი უთხრა სამსახურმა, იყო სრულყოფილი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ სამსახურში წარდგენილი გაურკვეველი საბუთებისა, ის საერთო ჯამში არ პასუხობდა დადგენილ მოთხოვნებს - კერძოდ წარდგენილი არ იყო - სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, ხოლო გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს დადგენილებაში და გარდაცვალების მოწმობაში 2----–-–---------------ლია მითითებული, პერიოდი როცა არ მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები საქართველოში.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური

ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არა სახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ,,ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს”.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული/გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომისუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული /გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

ამავე საკანონდებლო აქტის 27-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პროცედურები, კერძოდ: 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა; 2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის

2 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე ჭ------ ს-----------ეს 2014 წლის 19 სექტემბრის №ს-5890 განცხადებაზე (ითხოვდა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსს და შესაბამისი მოწმობის გაცემას) დაუდგინდა ხარვეზი ჯ------– ს-----------ის გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების თარიღად 2014 წლის 20 თებერვლის აღნიშვნისა და გარდაცვალების ადგილის მიუთითებლობის გამო და განემარტა, რომ არსებული ხარვეზის პირობებში ვერ გაიცემოდა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი ცნობა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის (საქმე №3/6418-15) ჭ------ ს-----------ის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის წერილი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჭ------ ს-----------ეს უნდა მინიჭებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსი.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის №ს-5890 წერილის უკანონობა დადგენილი იქნა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის (საქმე №3/6418-15) გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ჭ------ ს-----------ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ჭ------ ს-----------ის მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უდავოდ ეკისრება ჭ------ ს-----------ეს უკანონო აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან, რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის საკითხს, სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

აქვე, მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს ადვოკატისათვის გადახდილი თანხის 1250 ლარის დაკისრებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის და ასევე, ადვოკატისა და ჭ------ ს-----------ის შვილის (რომელიც სხდომას დარბაზიდან აკვირდებოდა) სასამართლოში გადაადგილებასთან დაკავშირებულ ხარჯს ჯამში 150 ლარს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების, ასევე თავად ამ მომსახურების უდავოდ გაწევის ფაქტიდან, ასევე ადვოკატის ქალაქ თბილისში გადაადგილების ფაქტიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლების გათვალისწინებით, აპელანტს უნდა დაეკისროს ჭ------ ს-----------ის სასარგებლოდ მის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1250 ლარის ანაზღაურება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ადვოკატის (და არა ჭ------ ს-----------ის შვილის) გადაადგილების ხარჯის ანაზღაურება 75 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ჭ------ ს-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით თბილისის სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ადვოკატის გადაადგილების ხარჯის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -