განაჩენი

სისხლის სამართლის 02.02.2018
საქმის ნომერი
190100117002003936
ინსტანცია
თარიღი
02.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117002003936

საქმე №1ბ/71-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

შორენა ყაველაშვილი

 

მსჯავრდებულ ე-–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------–-----იძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ე-–------------ის მიმართ, დაბადებულის: 24.11.1--- წ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, პასპორტის № C---------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა------------------------–----------------------------------------------ში დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ე-–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

ე-–------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად: 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

ე-–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ე-–------------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ქურთუკის ჯიბეში შეინახა 1,5076 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი’’, რასაც თან ატარებდა 2017 წლის 17 ივნისს, 01:10 საათზე, როდესაც იგი ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქ რ-------–----------------------–------ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე; მითითებულ დროს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მიერ პირადი ჩხრეკისას ე-–------------ისგან ამოღებულ იქნა მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მსჯავრდებულ ე-–------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------------–-----იძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია. თუმცა სასამართლომ მას სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მაშინ როდესაც აღნიშნული ქმედებისათვის მინიმალური სანქცია იწყება 8 წლიდან.

აპელანტი ასევე უთითებს, რომ მოსამართლემ კვალიფიკაციის ნაწილში დაუშვა შეცდომა და ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, განაჩენში მიუთითა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, რის გამოც ითხოვს ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ ე-–------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ესენია: ა--------–-----–---–ის პატაკი და მისი გამოკითხვის ოქმი; ე-–------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება; გ------------------ის გამოკითხვის ოქმი; ბ----------–--ის გამოკითხვის ოქმი.

 

აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ კვალიფიკაციის ნაწილში დაუშვა შეცდომა, რადგან განაჩენში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ნაცვლად, მიუთითა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მართალია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად „მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში - ნაწილებად), ხოლო პუნქტი - ქვეპუნქტებად .... თავები შესაძლებელია გაერთიანდეს კარებად (კოდექსში- წიგნებად). კარს (წიგნს) და თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა“, მაგრამ მითითება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტზე და არა „ა“ ქვეპუნქტზე, სამართლებრივად არანაირი გავლენას არ ახდენს მსჯავრდებულ ე-–------------ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, რის გამოც აპელირება აღნიშნულ საკითხზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტის ნაცვლად - „ა“ ქვეპუნქტის მითითება, არ შეიძლება მოიაზრებოდეს როგროც განაჩენში ცვლილების შეტანა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატის აზრით სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საშიშროება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რასაც პალატაც იზიარებს, მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 297-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ე-–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------–-----იძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ე-–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

ე-–------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად: 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

ე-–------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ე-–------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს - 2017 წლის 17 ივნისიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ - 1,5076 გრამი (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში), სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

შ. ყაველაშვილი