განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2018
საქმის ნომერი
010141318700050470
ინსტანცია
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050470

საქმე №აგ/33-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ რ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–--------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

 

რ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ-----------–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით:

 

რ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

 

რ-----------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით რ-----------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და რ-----------–---–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი, აგრეთვე - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 3 იანვრიდან - 2015 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

 

რ-----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

2018 წლის 9 იანვარს მსჯავრდებულ რ-----------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს---–--------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ-----------–---–ის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა და მათი შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ რ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–--------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ რ-----------–---–ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული რ-----------–---–ი უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით.

 

იმავდროულად, მსჯავრდებულ რ-----------–---–ს უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

აგრეთვე, მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით რ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, რ-----------–---–ს 3 (სამი) წლით ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მიუხედავად აკრძალვისა, 2015 წლის 3 იანვარს მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან რ-----------–---–ი უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს, ჩამორთმეული უფლებები, რაც თავის მხრივ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, რ-----------–---–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ-----------–---–ისთვის მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელს - ჯარიმას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, როგორც თბილისის სააღსრულებო ბიუროდან და შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილებით ირკვევა, აღნიშნული ჯარიმები რ-----------–---–ს გადახდილი აქვს, შესაბამისად, პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული დამატებითი სასჯელებისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენებში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–--------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებული რ-----------–---–ი გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები;

 

მსჯავრდებული რ-----------–---–ი გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მიხედვით, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ნ. ბარბაქაძე