განაჩენი

სისხლის სამართლის 09.02.2018
საქმის ნომერი
330100117002150276
ინსტანცია
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002150276

საქმე #1ბ/44-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------------------–ის

მსჯავრდებულის: ზ--------–-----ს

ადვოკატის: ი--------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ--------–-----ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ზ--------–-----ს, დაბადებულის 1964 წლის 7 მარტს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–-------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 2731 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ--------–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ--------–-----ს ასევე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, ზ--------–-----, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ამფეტამინი და მეტამფეტამინი მოხმარების გამო.

 

2017 წლის 12 სექტემბერს, ზ--------–-----ს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ,,ამფეტამინისა’’ და ,,მეტამფეტამინის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

2017 წლის 12 სექტემბერს, ზ--------–-----ს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ასევე დაუდგინა ნარკოტიკული საშუალების - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

 

ზ--------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ( სამი ათასი) ლარი.

ზ--------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სრულად შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და ზ--------–-----ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

ზ--------–-----ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ--------–-----მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------ემ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ზ--------–-----ს მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, დაცვის მხარემ მოითხოვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასთან დაკავშირებული ყველა იძულებითი ღონისძიებისაგან ზ--------–-----ს სრულად გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზ--------–-----ს მიმართ, ნაცვლად ჯარიმისა, სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის (სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით) განსაზღვრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ზ--------–-----ს მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. აღნიშნული კვალიფიკაციით მსჯავრდებულ ზ--------–-----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე შალვა მასურაშვილის გამოკითხვის ოქმით, ზ--------–-----ს გამოკითხვის ოქმებით, ზ--------–-----ს ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის #70----- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ--------–-----მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ზ--------–-----ს გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად, ზ--------–-----მ ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი’’ (მარიხუანა) მოიხმარა 2017 წლის 9 სექტემბერს, ხოლო ,,ამფეტამინი’’ და ,,მეტამფეტამინი’’ - 2017 წლის 10-11 სექტემბერს. საქმეში არსებული, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ ზ--------–-----მ მოიხმარა როგორც ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი’’ (მარიხუანა), ისე ,,ამფეტამინი’’ და ,,მეტამფეტამინი’’. შესაბამისად, სააპელაციო პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ--------–-----ს მიერ ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ----–----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ზ--------–-----ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ზ--------–-----ს მიმართ გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზ--------–-----ს მიმართ, ნაცვლად ჯარიმისა, სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის (სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით) განსაზღვრის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას ვერ დაეთანხმება. დაცვის მხარე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს ზ--------–-----ს მძიმე ეკონომიკურ პირობებზე, რომ მას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და დანაზოგი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი წესით დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზ--------–-----ს მიმართ დანიშნული სასჯელის სახესა და ზომას, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ--------–-----სათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ--------–-----ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენში ზ--------–-----ს მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ--------–-----ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენში ზ--------–-----ს მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

მსჯავრდებული ზ--------–----- გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან;

 

ზ--------–----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ზ--------–-----ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე